„წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება სტიკერის გაკვრისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მისი პოლიციის ეზოში შეყვანის ფაქტი“, – წერს გადაწყვეტილებაში მოსამართლე სალიხ შაინიძე. ამ გადაწყვეტილებაში მოსამართლე სიყალბეს აღწერს და აჯარიმებს ჟურნალისტ ქალს, რომელიც ამ სიყალბის მსხვერპლი გახდა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო წესით საჩივრდება?
მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება უჭირს, მაგრამ იმ ვიდეოს აღწერს, რომელიც „მზია ამაღლობელის საქმეში“ ცხადად აჩვენებს შსს მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ სიყალბეს: ჟურნალისტს და მედია მენეჯერს მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სტიკერის „იფიცება საქართველო“ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე გაკვრისთვის აკავებენ. მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი.
თუმცა სტიკერის გაკვრის გამო კანონი არ აძლევს პოლიციელს ვინმეს დაკავების უფლებას. ამიტომაც, მზია ამაღლობელს ოქმში ჩაუწერეს, რომ იგი სტიკერის გაკვრის გამო კი არა, პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. გაყალბებული ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი თითქოს გრიგოლ ბესელიამ კი არა, გოჩა ვანაძემ დააკავა.
პოლიციელებმა ცრუ ჩვენება რომ მისცეს სასამართლოს, ეს ნეიტრალური ვიდეომტკიცებულების გარდა, დადასტურდა პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებითაც: მაგალითად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ. გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს, ირაკლი დგებუაძის მეორე მოადგილე – გიორგი ბჟალავა კი, ჩვენების მიცემისას ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლების ახსნა-განმარტების და მოწმე გოჩა ვანაძის ჩვენების, ასევე ნაწილობრივ ნოდარ ზენაიშვილის და კახაბერ მალაყმაძის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება არ წარმოდგენილა,“ – მოსამართლე არც იმას უარყოფს, რომ სიცრუეში გამოჭერილი პოლიციელების გარდა, სხვა მტკიცებულება სასამართლოში შსს-ს არ წარმოუდგენია.
მოსამართლემ საბოლოოდ ასეთი „გამოსავალი“ იპოვა: „სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება ვერ იქნება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში [11.01.2025წ.] გარემოებათა არაზუსტი მითითება, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა ხდება და განხორციელდა სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე,“ – ვკითხულობთ მოსამართლე სალიხ შაინიძის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში.
გამოდის, რომ მოსამართლისთვის სიყალბე ყოფილა „გარემოებათა არაზუსტი მითითება“. მოსამართლე ამბობს, რომ მან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და არა ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე.
მოსამართლე ამავე გადაწყვეტილებაში ვერ ამბობს: როგორ ენდო მაგალითად, პოლიციელ გოჩა ვანაძეს, როცა მას უთხრა, მზია ამაღლობელი მე დავაკავეო, კადრებში კი, იმავე მოსამართლემ ნახა, რომ მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს?
„როცა მოსამართლე ადგენს ფაქტს, რომ ეს დადასტურებულად ასე მოხდა და სამართლებრივ შეფასებას აკეთებს სრულიად საწინააღმდეგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა თვითნებობა. ამ საკითხს, იმედია, ევროსასამართლო შეისწავლის. სასამართლოს თავისი კომპეტენცია აქვს და, როგორც წესი, არ შედის ეროვნული მოსამართლეების მიერ გაკეთებულ შინაარსობრივ შეფასებაში, თუ ადგილი არ აქვს თვითნებობას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ევროსასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ.
„მზია ამაღლობელის საქმეს“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ადვოკატები რამდენიმე დღეში შეიტანენ.
- რა ხდება
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.