„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე.
ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ არც გამაფრთხილებელი ნიშნებია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის უბედური შემთხვევის პირველი ფაქტი. აქ გვითხრეს, რომ ამ გადასასვლელმა უკვე ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლო წლებში.

8 აპრილს, ბარცხანაში ლიანდაგზე გადასვლისას მატარებელი მოზარდს დაეჯახა. აქ დათუნას მოსაგონებლად ახლა ყვავილები ალაგია
მატარებლის ლიანდაგი, რომელიც დასახლებულ პუნქტსა და სკოლას შორის გადის, შემოსაზღვრული არ არის. სკოლაში ასობით ბავშვი სწავლობს, რომლებიც თითქმის ყოველდღე გადადიან ლიანდაგზე, რომლის ირგვლივ, უსაფრთხოების არცერთი ნორმა არ არის დაცული.
აქ არც შუქნიშანი დგას, არც გამაფრთხილებელი წარწერებია, რომელიც ბავშვებს ან თუნდაც მოზარდებს შეახსენებს, რომ ლიანდაგზე გადასვლისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან აქ მატარებელი მოძრაობს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, არც „საქართველოს რკინიგზას“ და არც ბათუმის მერიას, უსაფრთხოების ზომები არ მიუღიათ.

ლიანგადი ბარცხანაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„უდიდესი ტრაგედიაა.
მერამდენე შემთხვევაა უკვე, როცა ამ ლიანდაგზე ადამიანი იღუპება. ნუთუ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები არაფრად ვღირვართ ამ ქვეყნისთვის, ამ ხელისუფლებისთვის, რომ ეს გადასასვლელი მოგვიწესრიგონ.
ორი წლის წინ ტურისტი ქალი მოკლა აქ მატარებელმა, ერთ ბავშვს ფეხი მოაჭრა და კიდევ იყო არაერთი შემთხვევა, დაღუპვის და ადამიანის დასახიჩრების.
ვითხოვთ, რომ გაკეთდეს ლიანდაგზე უსაფრთხო გადასასვლელი.
„ვწუხვართ“ და „სამწუხაროა“ – ეს გვესმის მხოლოდ. არანაირი პასუხისმგებლობა არავისგან. კეთილი ინებონ და მიიღონ შესაბამისი ზომები, ვისაც ამის მოწესრიგება ეხება“- ამბობს ნონა ფარტენაძე.

ლიანდაგი არ არის შემოსაზღვრული, არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნულები, არ არის დაცული უსაფრთხოება.
ამავე უბანში ცხოვრობს ლევან ცერცვაძეც. სახიფათო ლიანდაგის გადაკვეთა მის 14 წლის შვილსაც თითქმის ყოველდღე უწევს.
„რაც ეს ფაქტი მოხდა, ამის შემდეგ მარტო ვეღარ ვუშვებ.
ეს არ არის პირველი და ხედავთ, რომ აქვე საჯარო სკოლაა, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს და შეიძლება კიდევ მოხდეს ასეთი შემთხვევა.
აქ თუ რაიმე პრევენცია არ მოხდა უსაფრთხოების, სადაც არის სკოლა და სწავლობენ ჩვენი პატარები, დაცული ვერ იქნებიან ჩვენი შვილები.
მილიონი ვარიანტი შეიძლება გააკეთონ. არსებობს ამის გამოცდილება და შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება“ – ამბობს ლევან ფარტენაძე.
ლიანდაგზე მოსახლეობას ხის ფიცრები აქვს დაგებული, რომელიც უკვე დაზიანებული და დამპალია.

ბარცხანაში ლიანდაგი სკოლასა და დასახლებულ პუნქტს შორის გადის.
„აქ შეიძლება ადამიანს ფეხი ჩაუვარდეს ან დაუცურდეს და ის მანევრი ვერ გააკეთოს, რომ დროულად გადავიდეს მეორე მხარეს უსაფრთხოდ და გადაასწროს მატარებელს.
სანამ ბარცხანის ხიდი გაკეთდებოდა, აქ მანქანებიც გადადიოდნენ და იდგა შლაგბაუმიც. იდგა გამაფრთხილებელი ნიშნებიც, მაგრამ რაც ეს ხიდი გაკეთდა, ბარცხანის ტერიტორიას პატრონი აღარ ჰყავს“ – ამბობს ლევანი.
მისი თქმით, როცა მთავრობა ხედავს, რომ არაერთი დაზარალებული და დაღუპულია, მოსახლეობამ რომც არ მიმართოს, თავად უნდა მიიღოს დროული ზომები.
„სანამ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მანამდე ხომ უნდა მისულიყვნენ იმ დასკვნამდე, რომ პრობლემაა აქ. თვითონ ხომ უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომელიც ამოწმებს თუნდაც სკოლის უსაფრთხოებას, რომ ლიანდაგი არის გაშიშვლებული და ბავშვს შეუძლია გადაირბინოს ან უბრალოდ ითამაშოს აქ. მით უმეტეს, რომ აქვე, ლიანდაგის გვერდითაა სათამაშო მოედანი, სტადიონი, რამდენი ბავშვი თამაშობს აქ ზაფხულობით და ყოველდღიურად უწევთ ამ საფრთხის გადალახვა.
შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა.
სასწრაფოდ მისაღებია უსაფრთხოების ზომები“ – ამბობს ლევან ცერცვაძე.

სახიფათო ლიანდაგი ბარცხანაში.
ნატა სულავაც ამ უბანში ცხოვრობს. მას აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს და ამბობს, რომ ისიც ხშირად მოძრაობს ამ გზაზე.
„ამასწინათ გამოიპარა სკოლიდან და ძლივს გადაარჩინა მეზობელმა. არავინაა დაცული და ვითხოვთ, რომ ეს გზა გახდეს უსაფრთხო და დაცული.
ჩვენც გადავდივართ ამ გზაზე უფროსები და ყოფილა შემთხვევა, მეც მომპარვია მატარებელი ისე, რომ ვერ შევამჩნიე, რადგან ზოგჯერ გაძლევს სიგნალს, ზოგჯერ – არა და ძლივს გადავრჩენილვართ.
მე მგონი, საქართველოს ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება, რომ აქ ღობე გაკეთდეს. საშინლად განერვიულებულები ვართ ყველა და შეშინებული. „ვიზიარებ“ და „ვწუხვარ“ არ შველის ამ ამბავს, დაუყოვნებლივ მიიღონ უსაფრთხოების ზომები“ – ამბობს ნატა სულავა.

ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და გზა გახადონ უსაფრთხო.
დაუცველად გრძნობს თავს მარიამ სამნიძეც.
„გადასასვლელი არ გვაქვს. არც ღობეა, არც გამაფრთხილებელი რამ. გადასასვლელი ფიცრები დამპალია, აქ შეიძლება ჩავარდე. ტვირთით მოვდიოდი ამასწინათ და ძლივს გადმოვედი, ძალიან გამიჭირდა. თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისაც ეხება, რომ გაგვიკეთონ უსაფრთხო გადასასვლელი“ – გვეუბნება ის.
„ბათუმელებს“ კიდევ ერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ ბეწვზე გადარჩა ლიანდაგზე გადასვლისას:
„მეც მქონდა შემთხვევა და გადამარჩინეს. ლიანდაგზე რომ გადმოვდიოდი, ვერ დავინახე მატარებელი. ხმაც არ ისმოდა, ისე მოდიოდა. აქვე ბიჭები ისხდნენ ფანჩატურში. დამიძახეს – „ფრთხილად, მატარებელიო“ და ერთი ნაბიჯით გადმოვიწიე უკან, თორემ დიდი შანსი იყო, მეც იგივე დამმართოდა.
ღამით კიდევ უფრო სახიფათოა აქ გადასვლა, შეიძლება ფიცარი ჩაგიტყდეს, ფეხი ჩაგივარდეს და ვეღარ მოასწრო გადმოსვლა.
ამხელა სკოლაა აქ, სკოლასა და მოსახლეობას შორის ლიანდაგი არ უნდა იყოს და თუ არის, უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები და დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება“ – ამბობს შორენა ბარაბაძე.
ბავშვის დაღუპვის დღეს „საქართველოს რკინიგზა“ მხოლოდ სამძიმრით შემოიფარგლა, ბათუმის მერიას კი, ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
ვიდეო: