მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც ბავშვი დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ არც გამაფრთხილებელი ნიშნებია.
იქამდე, 15 თებერვალს, ოცნების ქალაქის დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობამ სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღობე მხოლოდ საზეიმო ღონისძიების დღეს იყო დამონტაჟებული.
სკოლიდან მიმავალ კიდევ ერთ 8 წლის ბავშვს კი დაეჯახა ტრაქტორი, რომელიც ასფალტის დაგებაზე მუშაობდა.
კიდევ ერთი სახიფათო ადგილი, რომლის შესახებაც წლებია საუბრობენ ადგილობრივები, ფრიდონ ხალვაშის გამზირია. ეს ქუჩა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია, შესაბამისად, აქ მუდამ ინტენსიური მოძრაობაა.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა
აქ გზაზე რამდენიმე პრობლემაა, მათ შორისაა დაუხაზავი ზებრა გადასასვლელები და გზის საკმაოდ დიდ ნაწილზე ტროტუარის არარსებობა, რაც განსაკუთრებით დიდ პრობლემას ქმნის წვიმის დროს, როცა გზაზე წყლის დიდი გუბეები დგება და სამანქანო გზასა და პირობით ტროტუარს შორის საზღვრები სრულად იშლება.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ქალი ბავშვთან ერთად სამანქანო გზასა და პირობით ტროტუარს შორის
აქ მცხოვრებ ადამიანებს ბევრი შემთხვევა ახსოვთ, როცა ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევამ ადამიანები იმსხვერპლა ან დაასახიჩრა:
„იხოცება ხალხი ლამის ყოველ თვეში ერთხელ, ან სახიჩრდება. აი, ამ ადგილზე კონკრეტულად [გამგეობის მიმდებარედ]. მეტი რა ვიცი, რა შეიძლება კიდევ მოხდეს, რომ რამე შეიცვალოს.
ძალიან ხშირად არის ავარიები. მაგალითად, ერთ ბავშვს ხელი მოაწყვიტა და თურქეთში რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა შარშანწინ, აქ გარდაიცვალა კაცი, კუთხეში.
გადასვლა ძალიან უჭირთ, ზებრა გადასასვლელი სადაც არის იქაც კი, რადგან მანქანები ისე აწყვეტილი მოდიან, ზოგი მოხუცია, ვერ ხვდება, როგორ უნდა გადავიდეს, რაღაც კიდევ უფრო სხვა უნდა მოიფიქრონ, ვიდრე ზებრა გადასასვლელია, მიწისქვეშა გასასვლელი ან გზის ზემოდან გადასასვლელი“– ამბობს რიტა შაინიძე, რომელსაც გამგეობის შენობის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებაზე შევხვდით.
„ვაპირებდი განცხადებით მიმართვას, მაგრამ ვიფიქრე, რომ მოაგვარებდნენ, აქ დაიწყეს ინფრასტრუქტურის გაკეთება, ეს სკვერი მოაწყვეს, მაგალითად, მაგრამ გზის პრობლემა ვერ აღმოიფხვრა“ – გვითხრა მან.

რიტა შაინიძე
რიტას შვილი 11 წლისაა. რიტა ამბობს, რომ მის გამო ძალიან ღელავს, რადგან სკოლის მიმდებარედ ქუჩას ტროტუარი არ აქვს, რის გამოც ბავშვებს პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე უწევთ სიარული:
„ქვემოთ არის სკოლა [შარაბიძეების], რომ ნახოთ ის ადგილი, ტროტუარი საერთოდ არ გააჩნია. მე მეშინია, ხან საიდან შეიძლება დაგეჯახოს მანქანა, ხან – საიდან. მოსწავლეებისთვის არის კატასტროფა. როგორიც არ შეიძლება იყოს სასიარულო გზა, ზუსტად ისეთია. ტროტუარი საერთოდ არ არსებობს. მერე იმდენი ტალახი და გუბეებია, რომ მოერიდონ, უნდა იარონ გზაზე, ჩვეულებრივად შეიძლება მანქანებს შეუვარდნენ პირდაპირ ბორბლებში“ – წუხს რიტა.

გაფუჭებული შუქნიშანი ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 7 შუქნიშანი დამონტაჟდა, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, მათ შორის გზის ახალი საფარის დაგებას და ზებრა გადასასვლელების დახაზვასაც მოიცავდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე 19 399 999 ლარი დახარჯა.
წლებია შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ ფრიდონ ხალვაშის 213 ნომერთან მდებარე გზაჯვარედინზე, რომლის ერთი გზაც სამრეწველო ზონაში უხვევს, მეორე – სოფლისკენ. შესაბამისად, ამ მონაკვეთში ინტენსიურად გადაადგილდებიან სამშენებლო მასალებით დატვირთული ტრაილერები, სოფლისკენ მიმავალი მანქანები და ბათუმი-ახალციხის გზაზე მიმავალი მძღოლები.
ამ ადგილის მიმდებარედ ცხოვრობს თეონა ძაძამია, რომელიც ამბობს, რომ ამ მონაკვეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე სწორედ შუქნიშნისა და უსაფრთხოების ზომების არარსებობაა.
„არის ძალიან დიდი დასახლება და არც შუქნიშანი, არც ზებრა გადასასვლელი, არანაირი მინიშნება… ორი შვილი მყავს, 12 და 16 წლის, მაგრამ ჩემი შვილები კი არა, არც ერთი ბავშვი არ არის დაცული, ყველას შვილი დაუცველია.
მოგმართავთ გულის ტკივილით და მე, როგორც მშობელი მოვითხოვ, რომ დროულად მიიღონ ზომები და გაკეთდეს რაც საჭიროა, საგზაო მინიშნებები იქნება ეს, შუქნიშანი თუ სხვა რამ, რომ ყველას შვილი იყოს დაცული, ძალიან ბევრი საავარიო შემთხვევა დაფიქსირდა უკვე“ – ამბობს თეონა.
მოზარდები გადადიან გზაზე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გზაჯვარედინის მახლობლად.
ნარგიზ ჭაღალიძე თავის 4 წლის შვილთან ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეგვხვდა. მას კიდევ ორი – 5 და 7 წლის შვილები ჰყავს. ნარგიზი ამბობს, რომ ეს გზა პირველ რიგში სწორედ ბავშვებისთვისაა საფრთხისშემცველი:
„ამ სკოლასთან უკვე არის ზებრა გადასასვლელი, მაგრამ მთლიანობაში ამ ქუჩაზე, ზებრა [გადასასვლელი] ხან არის დახატული, ხან არ არის, არც შუქნიშანია, რომ მშვიდად გადახვიდე და უნდა იყოს აუცილებლად. რა თქმა უნდა, გადასასვლელის გამო შიში მაქვს, სანამ მანქანები არ გაიცლება, იქამდე ვერ გავივლი. მანქანების ნაკადი კი არ მთავრდება” – ამბობს ის.

ტროტუარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მხოლოდ მცირე ნაწილზეა. ფოტოზე ჩანს ტროტუარის დასასრული, რომლიდანაც სკოლიდან მომავალ მოსწავლეებს პირდაპირ სამანქანო გზაზე უწევთ გასვლა.
_____________
ამავე თემაზე:
„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე
2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა
„ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში
მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO