„ბათუმელები“ კვლავ გიამბობთ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. მათ ნაწილს სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა.
სასამართლო მოქალაქეებს 5 000 ლარის გადახდას აკისრებს და ამისთვის ვადად გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთ კვირას უსაზღვრავს.
დაჯარიმებულთა თქმით, 5 000 ლარის შეგროვება ისედაც დიდი გამოწვევაა მათთვის ამას კიდევ უფრო ართულებს ვადად განსაზღვრული 7 დღე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა ინდირა ებრალიძესაც დააკისრა. ქალი ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააჯარიმეს, როგორც 30-მდე სხვა მოქალაქე.
„ადრე წითელ ჯვარში ვმუშაობდი, შემდეგ საკუთარი ბიზნესი მქონდა და ამ ეტაპზე გაჩერებული ვარ.
ახლა ჩემი საქმე 7 საათიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგომაა.
პროტესტი და ქუჩაში გამოსვლა… 36 წელია და იმის იქეთ კიდევ აღარ ვითვლი, ერთი მუდმივი მტერი გვყავს – რუსეთი. კი ვხედავთ ახლა რაც ხდება და როგორც ხდება. ამაზე თუ ხმა არ ავიმაღლეთ… მე ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო ფეხზე უნდა იდგეს მისი ერთი მუჭა მიწის დასაცავად.
ქვეყნის 20 პროცენტის კი არა, 100 პროცენტის ოკუპაცია მიდის რუსეთის მხრიდან. ამას ან ხედავ, ან მოგწონს. აქ არ არსებობს – „ვერ ვხედავ“. ან მოგწონს, რომ რუსეთი ოკუპანტია და უნდა დაგიპყროს, ან ხედავ ამას და აპროტესტებ“, – გვითხრა საუბრის დასაწყისში ინდირა ებრალიძემ.

ინდირა ებრალიძე. ედო მჟავანაძის ფოტო
მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყანას ჰყავს სინდისის პატიმრები და „საუბარი ზედმეტია სამართლიან სასამართლოზე“, ხელისუფლება ვერავის გააკვირვებს უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმების „დაუსრულებელი ნუსხით“.
„ნებისმიერ მშვიდობიან აქციას პროტესტის თავისი ფორმები აქვს. ჩვენ არ ვნებთ არავის ფიზიკურად. ამას ისინი აკეთებენ – დასისხლიანებული და დასახიჩრებული აქციის მონაწილეები გვყავს, რომელთა რიცხვი იზრდება…
ზებრაზე გადავდიოდით და დაგვაჯარიმეს. ზებრაზე, რომელიც არც მაგისტრალურ გზაზეა და არც იქ, სადაც უწყვეტად მოძრაობენ მანქანები. ჩვენს ქვეყანაში 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის უნარი ალბათ აქვს იმ 86 „ოცნების“ დეპუტატს. თუნდაც მუშაობდეს ადამიანი, ვერ ექნება 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა“, – გვითხრა ინდირამ.
აქციის მონაწილე ფიქრობს, რომ ჯარიმის 5 000 ლარამდე გაზრდით ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შესუსტებას.
„საარსებო მინიმუმის მიხედვით რომ დავითვალოთ 5 000 ლარი, ძალიან დიდი თანხაა… პირობითად ვთქვათ, რომ 1 000 ლარი გაქვს ხელფასი. ამ თანხით ხომ უნდა იარსებო, საჭმელი ჭამო, კომუნალური გადაიხადო და რა გამოდის, რამდენი თვე უნდა იმუშაო, რომ ეს ჯარიმაც გადაიხადო. იცით, რომ ჯარიმის გადახდის ვადა გაქვს [სასამართლო გადაწყვეტილების] ჩაბარებიდან 7 დღე. ჩემთვის ძალიან პრობლემურია ეს ვადა.
ჯარიმას არ გადავიხდიდი, მაგრამ ჩემს სახელზეა კერძო საკუთრება, სადაც ვცხოვრობ და დამიყადაღებენ საბანკო ანგარიშებთან ერთად.
პოსტი დავწერე ფეისბუქზე და სხვების დახმარებით ჯარიმის რაღაც ნაწილი შეგროვებული მაქვს, ნაწილი არ ვიცი, საკუთარი სახსრებით, მეუღლის დახმარებით…
მქონდა ასეთი შემთხვევა, სახელ და გვარებს არ დავასახელებ, რამდენიმე საჯარო მოხელემ დამირეკა და მითხრა, ხელზე რომ მოგიტანო ფული და ანგარიშზე არ ჩაგირიცხოო? შიშის ფაქტორის გამო, რაც ძალიან მძიმეა. საჯაროდაც დავწერე, ასეთ თანხას, ასეთ დახმარებას არ მივიღებ“, – გვითხრა ინდირა ებრალიძემ.
მოქალაქის თქმით, ამ უსამართლო დაჯარიმების მიუხედავად ის არ აპირებს უკან დახევას და კვლავაც შეუერთდება საპროტესტო აქციებს.
„თითქმის ყველა დაჯარიმებულს ვიცნობ, ჩემს გვერდით იდგნენ ისინი და ყველა აგრძელებს აქციაზე დგომას. მე, მაგალითად, 11 მარტს მქონდა სასამართლო პროცესი, 5 000 ლარით დამაჯარიმეს და 7 საათის მაგივრად 6 საათზე მივედი აქციაზე…
ეს ჯარიმა დისკომფორტი ნამდვილად არის, რადგან მარტივი შესაგროვებელი არ არის, მორიდების გრძნობაც მაქვს, რადგან ყველას თავისი გასაჭირი აქვს, უამრავი დაჯარიმებული ვართ და ა.შ., მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციაზე არ გავიდე. გამორიცხულია“, – გვითხრა საუბრის დასასრულს ინდირა ებრალიძემ.
ზებრა გადასასვლელზე გადასვლისთვის დააჯარიმეს თამარ სურმანიძეც, რომელსაც უკვე ჩაბარდა სასამართლო დადგენილება და შესაბამისად, ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრული ერთკვირიანი ვადის ათვლაც დაწყებულია.
თამარი კერძო სექტორში მუშაობს და მისი ხელფასი 1300 ლარია. ამასთან, მან ახლახან, 7 მარტს იქორწინა და ამბობს, რომ ახლად შექმნილი ოჯახის საჭიროებები ისედაც დიდია – „დიდი ქორწილი არ გვქონია. იმიტომ გადავიფიქრეთ, რომ აქციებს მალევე შევერთებოდით. 8-ში უკვე აქციაზე ვიდექით.
ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალდაოჯახებულები ვართ და უნდა ვხარობდეთ ყოველდღიურობით, პირიქით, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს და სადაც ვნახულობთ, ეს არის აქცია.
ჩემი მეუღლე ფიზიკურად მუშაობს და ჩემთან შედარებით უფრო იშვიათად დადის ხოლმე, მაგრამ როცა შეუძლია ყოველთვის ჩემს გვერდით დგას აქციაზე… ყველაფერი გვაქვს გვერდით გადადებული, იმიტომ რომ, მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები და ოჯახური ცხოვრების მომენტმაც თითქოს რაღაცნაირად დროში გადაიწია.
ემოციურად ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. პირველ რიგში მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახა. მოსვენება მაქვს დაკარგული, მაგრამ მაინც არ ვაპირებთ დანებებას“, – გვიყვება თამარ სურმანიძე.
მოქალაქის თქმით, არანაირი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ 5 000 ლარიან ჯარიმას გასწვდეს – „მაშინ ჩემი რამდენიმე თვის ხელფასი უნდა მოვახმარო მხოლოდ ამ ჯარიმის გადახდას და თავად უნდა ვიყო სხვის კმაყოფაზე. ეს ჯარიმა წარმოუდგენლად ბევრ სირთულეს მიქმნის…
ეს თანხა შეიძლება გაცილებით მეტხანს მეყოს საკვებისთვის, ვიდრე ნახევარი წელიწადია, რადგან საკვებში არ ვხარჯავ დიდ თანხას. როგორც გითხარით ახლა დავოჯახდი და სხვა საჭიროებები მაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ თანხა დავზოგო. ვთქვათ, რესტორანში არ ვიარო და სახლში მოვიმზადო საკვები, პროდუქტები ბაზარში შევიძინო და ა.შ.
ინფლაციის დონე ქვეყანაში უზარმაზარია იმ პოლიტიკური პროცესების გამო, რაც სახეზე გვაქვს. ცდილობს მთავრობა რაღაც მაქინაციებით ამის დარეგულირებას, თუმცა აშკარად არ გამოსდის… ჩემი ხელფასი, 1300 ლარი ისედაც არ მყოფნის და ამას დაემატა ახლა ეს ჯარიმაც. თვიდან თვემდე ვალის აღებაც მიწევს, რომ დავიკმაყოფილო მინიმალური საჭიროებები. არ ვსაუბრობ გართობაზე და ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო სხვა კრიტერიუმებზე“, – გვიყვება თამარი.

თამარ სურმანიძე. ედო მჟავანაძის ფოტო
თამარ სურმანიძის თქმით, ჯარიმის გადახდაში ოჯახი ვერ დაეხმარება, მას პენსიონერი მშობლები ჰყავს.
„მამაჩემი ტაქსის მძღოლად მუშაობს, მაგრამ არავის არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდაში დამეხმაროს. შეიძლება დამეხმარონ მიზერულად, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჭიროებებს გადადებენ გვერდით“, – ამბობს მოქალაქე.
მისი თქმით, აქციებზე დგომას ძველებურად გააგრძელებს:
„ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობ იმის საჭიროებას, რომ უნდა ვიდგეთ გარეთ, ყოველდღიურად გავაპროტესტოთ და დავახევინოთ ამ მთავრობას უკან, რომ ქვეყნის რუსიფიკაცია დასრულდეს და გავიმარჯვოთ.
ჩემს მეგობრებში არიან ადამიანები, ვინც ამ რეპრესიების გამო [აქციებზე] უკვე ნაკლებად ჩნდებიან. ისინი, ვინც ძალიან გულანთებული პიროვნებები იყვნენ პროტესტის დასაწყისში, მაგრამ ვეღარ გამოდიან ამ ყველაფრის გამო აქციებზე.
ეს მოსახლეობის რაღაც ნაწილზე რა თქმა უნდა მოქმედებს და სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ ჩაახშონ პროტესტი ამ და სხვა მეთოდებით“, – გვეუბნება თამარი. მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი გადაიხდის თუ არა ამ ჯარიმას.
„მე ჯერ არასდროს არ მქონია, ასე ვთქვათ, კანონთან პრობლემები. არასდროს და არაფერში. ჩემთვის აბსურდია, რომ ზებრაზე გადასვლის გამო ამხელა თანხის გადახდას მაკისრებს სახელმწიფო, რომელიც რეალურად ხელს უნდა მიწყობდეს და მე, როგორც მის მოქალაქეს, მეხმარებოდეს განვითარებასა და ეკონომიკურად გაძლიერებაში.
ჯერ არ გადამიწყვეტია გადავიხდი თუ არა ამ ჯარიმას. ამ დღეებში მივიღებ გადაწყვეტილებას. გუშინ ჩამბარდა დადგენილება და დიდი დრო არც მაქვს ფიქრისთვის… თუ გადავწყვეტ გადახდას, არ ვიცი… როგორ?
სამსახურიდან წამოსვლაც მიწევს პოლიტიკური პროცესების გამო. მინდა, რომ ბოლომდე მივუძღვნა საკუთარი თავი ამ პროტესტს.
ბოლომდე გავიაზრებ რისკებს, რაც ამ ჯარიმის გადაუხდელობას შეიძლება მოჰყვეს და შემდეგ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“, – გვითხრა საუბრის ბოლოს თამარ სურმანიძემ.
______________________
პროევროპული აქციების დაჯარიმებულ მონაწილეთა დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:
#GE38BG0000000162685131 – მიმღები ციალა ქათამიძე
#GE47TB7002743365100007 – მიმღები მალხაზ ჭკადუა
ამავე თემაზე:
„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები






