რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს.
ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა.
დუგინმა ამის შესახებ პროპაგანდისტული რადიო „სპუტნიკის“ ეთერში გუშინ, 14 აპრილს ისაუბრა. გუშინ, საქართველოზე, საბჭოთა კავშირის კონტექსტში კიდევ ერთი პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ილაპარაკა, რომელმაც თქვა, რომ „ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას…“ და „ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“.
პუტინის იდეოლოგი დუგინი, ტრადიციულად, პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და ამბობს, რომ ისინი „გარკვეულწილად გახდნენ ტრამპისტები ან პუტინისტები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფიქრობენ თავად, რადგან სუვერენიტეტი არის ის, რისთვისაც რუსეთი იბრძვის და რისთვისაც დღეს ტრამპის ამერიკამ დაიწყო ბრძოლა“:
„შემდეგი ნაბიჯი არის რუსეთთან დაახლოება… დიდი, სუვერენული ძალების კლუბთან დაახლოება, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. მაგრამ ევროკავშირის არჩევანი საქართველოსთვის არის ევროპული პოლიტიკა და ეს ნიშნავს არჩევანს რუსეთის წინააღმდეგ… ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიქმნა წინაპირობები საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, მეჩვენება, ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება როგორმე რესტრუქტურიზაცია მოვახდინოთ პოსტსაბჭოთა სივრცის, ან ტერიტორიის, თუ გნებავთ, რუსეთის იმპერიის ტერიტორიის“, – ამბობს დუგინი.
პროპაგანდისტის თქმით, „შუალედური, გაურკვეველი, გადაუწყვეტელი „სახელმწიფოების“ არსებობა საფრთხეს უქმნის ყველას რეგიონულ და გლობალურ დონეზე” და სწორედ ამიტომ, გამოდის დუგინი მაკროსახელმწიფოს შექმნის იდეით:
„მაკროსახელმწიფო არის ძალიან კარგი ტერმინი იმისთვის, რომ არ ვთქვათ იმპერია ან უდიდესი ძალა [Великая держава ]“, – განმარტავს ის.
დუგინის თქმით, რუსეთს შეუძლია შესთავაზოს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ამ მაკროსახელმწიფოში გაწევრიანება, მაგრამ საქართველოს გარეშე, რომელიც „ღირსეულ სუვერენულ ქვეყნად იქცა“, გაჩნდება „ახალი ხარვეზები“.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ჩვენ შევთავაზებთ იქ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს შეუერთდეს ამ მაკროსახელმწიფოს, მაგრამ რეალურად, საქართველოს გარეშე ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ რღვევებს შექმნის…
ჩვენ დავსახავთ გეგმას დიდი რუსეთის ან, თუ გნებავთ, ევრაზიული კავშირის ხელახლა შექმნისთვის… მაშინ ეს იქნება კოლექტიური სუვერენიტეტი და ამ ახალი პროექტის, ამ ახალ აღდგენილი მაკროსახელმწიფოს მონაწილე მიიღებს გარანტიებს, რაც უზრუნველყოფს დაცვას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, სუვერენიტეტს.
პროპაგანდისტი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“:
„იმისთვის, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ, მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე უნდა გადავდგათ გარკვეული წინასწარი ნაბიჯები საქართველოს ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ და შეეჩვიონ ამ აზრს, რომ ჩვენ არ ვართ მოწინააღმდეგეები, რომ საქართველოს დაყოფაში მხოლოდ იძულებით მივიღეთ მონაწილეობა, რადგან პროვოცირებული ვიყავით გლობალისტებისა და სააკაშვილის მიერ.
ადრე რომ გვეთქვა, რომ ვუახლოვდებით საქართველოს, მყისვე პროტესტი იქნებოდა, ხალხი სასწრაფოდ გამოვიდოდა ქუჩებში. ახლა მათ უკვე ბევრი რესურსი აკლიათ. ბევრი ინსტიტუტი და ფინანსები ტრამპის თავდასხმის ქვეშაა, ამიტომ სწორედ ახლა არის დრო ამ დაახლოების“, – ამბობს დუგინი.
ამავე თემაზე:
„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე