მთავარი,სიახლეები

ერთი კაცის აქცია გურჯაანში – თორნიკეს პროტესტი სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ

10.04.2025
ერთი კაცის აქცია გურჯაანში – თორნიკეს პროტესტი სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ

„პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში მოქალაქეების და მედიის თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ეთიკური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მოქალაქეების ხმაა და „ბათუმელები“, რომელიც არის მზიას დაფუძნებული, ყოველთვის იყო არა მარტო ბათუმელების, არამედ საქართველოს ხმა. ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის ხმაც იყო ტერორის წინააღმდეგ ყველა ხელისუფლების დროს. დიდი მადლობა მზიას და დიდი მადლობა „ბათუმელებს“ – გვითხრა თორნიკე თევზაძემ ინტერვიუს დაწყებამდე.

თორნიკე თევზაძე უცხო ენების სპეციალისტია და ბოლო ორი თვეა ჯიუტად მართავს ერთკაციან საპროტესტო აქციებს გურჯაანის მერიის შენობის წინ საპროტესტო ბანერზე წარწერით – „არა სიღარიბეს! არა უსამართლობას! არა მონობას! იბრძოლეთ ღირსეული ქვეყნისთვის და ცხოვრებისთვის!“

თორნიკე თევზაძე ამ ფორმით უერთდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეების ორ მთავარ მოთხოვნას – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ასევე, თორნიკე სიღარიბის დაძლევას ითხოვს, რაც, მისი თქმით, რეგიონებში კიდევ უფრო ხილულია.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე თევზაძის ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თორნიკემ გურჯაანში ცხოვრება ამჯობინა.

  • გვიამბეთ თქვენს შესახებ: რამდენი წლის ხართ, პროფესიით ვინ ხართ, სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ?

 უცხო ენების მასწავლებელი ვარ. ჩემი ონლაინ კურსები მაქვს, თურქულ და ფრანგულ ენებს ვასწავლი. 15 წლიდან ვარ აქტიური მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე ორგანიზაციის წევრი. ყოველთვის ჩემი ნებით დავდიოდი აქციებზე, 2007-2012 წლებშიც და ახლაც. ჩემი პროტესტი ყოველთვის იყო უსამართლობის, სიღარიბის და მოქალაქეების ჩაგვრის წინააღმდეგ.

  • თუ გახსოვთ თქვენი პირველი გამოცდილება საპროტესტო აქციაზე? როდის იყო ეს, რას უკავშირდებოდა აქცია და რას ითხოვდით?

2007 წლის 7 ნოემბერი იყო. დარბევის დროს გავედი. რაღაც ნაწილში მეც მოვყევი. კრიტიკული აზრის გამო ადამიანებს დევნიდნენ და ატერორებდნენ. მახსოვს, რომ სკოლიდან, ბოლო გაკვეთილიდან წავედი აქციაზე გაბრაზებული, რადგან დავინახე, რომ იქ ადამიანებს სცემდნენ პროტესტის გამო. მე-10 კლასში ვიყავი.

15 წლის თორნიკეს პროტესტიც იყო ძალადობის წინააღმდეგ.

თუ ძალადობის წინააღმდეგ არ ავიმაღლეთ ხმა და არ გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი, თუ არ გავუწიეთ წინააღმდეგობა მოძალადეს, მაშინ ის მთელ ქვეყანას დაიპყრობს და დაგვიმონებს.

დიქტატორები და ავტორიტარები იკვებებიან ადამიანების შიშით.

თუ ჩვენ შევშინდით და დავუშვით, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში მოქალაქეზე იძალადონ უსამართლოდ, მისი კრიტიკული აზრის, პროტესტის გამო, თუ ჩვენს უფლებას არ დავიცავთ, ვიცხოვრებთ მონობაში და როგორც მოქალაქეები აღარ ვიარსებებთ, იმიტომ, რომ მოქალაქეობა ნიშნავს შეგეძლოს შენი აზრის გამოთქმა ნებისმიერ თემაზე სიტყვიერად და ნიშნავს შეგეძლო დაუპირისპირდე მოძალადეს, რომელიც კანონის სახელით ძალადობს.

საქართველოში ხშირად არის ხოლმე, მაშინაც და დღესაც, ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს კანონებია… ამას სინამდვილეში კანონის ძალით ძალადობა ჰქვია. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეს. თუ კანონი არ იცავს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, მაშინ ეს კანონი უნდა გაუქმდეს და ეს კანონი არ უნდა მოქმედებდეს ქვეყანაში.

ჰიტლერიც არჩევნებით და კანონებით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომაც, კანონებითაც შეიძლება დიქტატურისა და ავტორიტარიზმის დამყარება ქვეყანაში.

  • თქვენ გურჯაანში მართავთ ხოლმე საპროტესტო აქციებს. როგორც ვიცით, ძირითადად ერთკაციანი აქციები გაქვთ. რამდენი ხანია, რაც გამოდიხართ და საპროტესტო აქციებს მართავთ?

პროტესტის დაახლოებით პირველი ერთი თვე თბილისში ვიყავი. მეც მოვყევი რამდენიმე დარბევასა და ტერორში. ამ ყველაფერმა ჩემ თავზე, ჩემ თვალწინ გაიარა, ტელევიზიით არ მაქვს ნანახი. იყო ღამისთევები, იგივე პირველი დარბევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მეც დამარბიეს, როცა სრულიად მშვიდობიანად ვიდექი. სრულიად მშვიდობიან მოქალაქეს მომდევდა სპეცრაზმი.

შეიძლება გაჩერდე ადამიანი, როცა პოლიციელი თუ სპეცრაზმი მოგდევს, მაგრამ მათ ეტყობოდათ, რომ ჩემი ცემა უნდოდათ, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს, მშვიდობიანად ვიდექი. რომ არ გავქცეულიყავი, მეც ისევე მცემდნენ, როგორც სხვა მოქალაქეებს სცემეს და ციხეშიც შეიძლება მოვხვედრილიყავი, მე უბრალოდ გადარჩენილი ვარ.

ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი გურჯაანში და გურჯაანიდან აქციებზე დავდიოდი თელავში ერთი თვე, თვე-ნახევარი. მე არ ვიცნობდი იქ არავის, არც გურჯაანში ვიცნობდი აქტივისტებს, მაგრამ ფეისბუქში ვნახე განცხადება და თელავში ვუერთდებოდი აქციებს.

ბოლო ორი თვეა თითქმის ყოველდღე გურჯაანის მერიასთან ვდგავარ. თელავიდან მოვდიოდი, სადაც ვიჩხუბეთ, იმიტომ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სპონტანურად გადავწყვიტე, რომ დავმდგარიყავი გურჯაანის მერიასთან და აქაც დამეწყო პროტესტი და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვდგავარ.

  • რა არის თქვენი მოთხოვნები?

მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა, რომლებიც ფაქტობრივად ჩემ თვალწინ დააკავეს. მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდა ბიჭები და ასევე მზია. მეორე მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და არა ტერორის ქვეშ და მოსყიდვით, რაც რეგიონებში განსაკუთრებულად დიდი პრობლემაა, რადგან აქ არის სიღარიბე.

ბანერზეც მიწერია. სიღარიბესაც ვაპროტესტებ და მისი დაძლევა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ხმების ყიდვა სწორედ სიღარიბესთანაა დაკავშირებული.

ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩემი მთავარი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია, რადგან ევროკავშირი და ევროპა ჩემთვის არის ღირებულებათა სისტემა და ევროპის ისტორია და ამერიკის ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომაც, ჩემთვის ევროპა და ამერიკა არის მოკავშირე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ფრანგულს ვასწავლი და საფრანგეთის მთავარი დევიზია – „სოლიდარობა, თანასწორობა და ძმობა“, რაზეც დგას ევროპული კულტურა და ცივილიზაცია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის, როგორც თავისუფალი სივრცის ნაწილი.

  • რამდენად რთულია გამართო აქცია მარტო ერთმა ადამიანმა? როგორია ხოლმე ამ დროს საზოგადოების რეაქცია? რა გაძლიერებთ ასეთ დროს, რა გაძლევთ მოტივაციას?

პროტესტის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ მეც და ალბათ გურჯაანის მოსახლეობამაც და მერიამაც, იმიტომ, რომ მე არ მახსოვს გურჯაანში ასეთი, ერთკაციანი პროტესტი…

პირველ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მოსყიდულს მეძახდნენ, ეს იყო ჩემი დამცირების ფორმა, ასე ვთქვათ.

ინციდენტებიც იყო. როცა მე ვუსტვენდი, ხმამაღლა ვყვიროდი და ვაპროტესტებდი, გურჯაანის მერიის ტერასიდან გადმომასხეს წყალი, რაც მერე მედიამაც გააშუქა… მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო კამათი და უცბად ამ კამათის დროს გადმომასხეს ცივი წყალი. ეს იყო ძალიან რთული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლიდან აქციებზე დავდივარ და ყველაფერი გამომიცდია. პატარა ქალაქში ვართ, ჩემი უბნის ბოლოშია მერიის შენობა, მაინც ერთმანეთს ვხვდებით. ისედაც, სულ 4-5 მთავარი ქუჩა გვაქვს.

სხვა ინციდენტებიც იყო. ზოგიერთი მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, დიდი ალბათობით, „ოცნების“ მომხრეები და როცა ვუპასუხე მეც სიტყვიერად, ერთ-ერთი მოქალაქე მოვიდა, „ნაცი“ დამიძახა და დამარტყა. ჩემზე ფიზიკური თავდასხმა იყო. პოლიციაც გამოვიძახე, საქმეც იყო აღძრული გურჯაანის პოლიციაში. ესეც ძალიან რთული იყო ჩემთვის ფსიქოლოგიურად. საბოლოოდ მე არ მოვითხოვე ამ ადამიანის დასჯა, იმიტომ, რომ ის არ იყო „ტიტუშკა“ და მე კონკრეტულ მოქალაქეებს არ ვებრძვი…

მახსენდება მესამე შემთხვევა, როცა გურჯაანის მერიის მეორე შენობასთან გადავინაცვლე, ასევე გასაპროტესტებლად, ვუსტვენდი, მქონდა შეძახილები. ერთი მოხუცი მოდიოდა ჩემკენ, რომელმაც დაგდებული ქვა აიღო და ამ დროს, ზევიდან, გურჯაანის მერიის წარმომადგენელი ჩემზე გაბმულად ეძახდა – „ჩაარტყი!“…

  • ამ ყველაფრის ფონზე რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ისევ გახვიდეთ და გამართოთ ერთკაციანი პროტესტი?

იცით, გურჯაანის მერიის პრესსამსახურმა თქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რაზეც გიამბეთ. ამან პირადი ბრაზიც გამიჩინა.

ჩემი მოტივაციაა, როგორც ბავშვობაში: უსამართლობის, სიცრუის, უტიფრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ მოქალაქეები უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებულები. იგივე მზია, იგივე სხვა სინდისის პატიმრები. ესაა ჩემი მოტივაცია პირად ბრაზთან ერთად, იმიტომ, რომ ადამიანები თვალებში გიყურებენ და გეუბნებიან – არ მომხდარა მსგავსი არაფერი, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც წყლის გადმოსხმა და სხვა.

თორნიკე თევზაძე

  • პროტესტის გარდა, როგორც მოქალაქე ჟურნალისტი, ცდილობთ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. უკვე გაქვთ გვერდიც – „გურჯაანის ხმა“. საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერა როდის და რატომ დაიწყეთ?

 გვერდი „გურჯაანის ხმა“ იმ დღეს შევქმენი, როცა პირველად დავდექი გურჯაანის მერიასთან.

ჩემი მიზანი იყო, რომ ჩემი, ერთი კაცის პროტესტი გაეგონათ როგორც გურჯაანში, ისე მთელს საქართველოში.

ყოველ დღე, როდესაც მივდივარ გურჯაანის მერიის შენობისკენ, პირდაპირ ეთერს ვრთავ და ამით ჩემი პროტესტის შესახებ თავს ვახსენებ საზოგადოებას და იმ დღეს რაც არის მნიშვნელოვანი, იმაზე ვესაუბრები.

მეორე მხრივ, რადგან თავდასხმა იყო ჩემზე, პირდაპირ ეთერში ყოფნა თავდაცვის საშუალებაცაა… არ მინდა ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემს ქალაქში, უსაფრთხოების განცდა დამეკარგა. ხშირად ღამე არ გავდივართ ქალაქში, როცა ჩემზე თავდასხმა მახსენდება, თუმცა იმდენი რამე ხდება, ჩემი ამბავი არაფერია. ადამიანები ციხეში არიან.

  • თქვენ ისაუბრეთ თქვენს უსიამოვნო გამოცდილებებზე თქვენი პროტესტის განმავლობაში. გაქვთ საპირისპირო, კარგი გამოცდილება?

გურჯაანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ან თბილისშია, ან საზღვარგარეთ. აქ არიან ძირითადად დარჩენილები ან პენსიონერები, ან სკოლის მოსწავლეები.

მერიის წინ დგომისას ჩემთან ბევრი პენსიონერი მოდის და ასე ვთქვათ, თავის პრობლემებს მიზიარებს. ბევრი მათგანი მხარდაჭერასაც გამოხატავს. ერთმა პენსიონერმა მითხრა, ახალგაზრდა რომ ვიყო შენ გვერდით დავდგებოდიო. ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა მითხრა – ჩემს ოჯახს აშინებენ და არ შემიძლია შენ გვერდით დგომაო.

„გურჯაანის ხმის“ კომენტარებშიც ბევრი მიწერს, რომ გაძლიერდა და ჩემმა პროტესტმა იმედი მისცა.

ბევრი პენსიონერი მოდის ხოლმე და ხელჯოხებით ჩერდებიან. დიდხანს გაჩერება, რა თქმა უნდა, პენსიონერებს არ შეუძლიათ…

როგორც სხვაგან, ისე გურჯაანშიც, სიღარიბეა მთავარი პრობლემა. ჩემს საპროტესტო ბანერზე მიწერია: „არა სიღარიბეს! არა უსამართლობას! არა მონობას!“.

ერთი კაცი მოვიდა და მითხრა – „მე ღარიბი ვარ და შენ ხარ ჩემი ხმა“. სახელი მითხრა და მთხოვა, რომ მისი სახელი არ დავივიწყო.

სკოლის მოსწავლეც მოსულა, რომელსაც უთქვამს, რომ ბუფეტში ძალიან ძვირი ღირს საჭმელი და მას არ შეუძლია ფუნთუშის ყიდვაც კი.

აფხაზეთიდან დევნილი ერთი ქალიც იყო ჩემთან მოსული, რომელიც სახელმწიფოსგან ითხოვდა დახმარებას, მაგრამ რადგან კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მას ძალიან გაუჭირდა ამ დახმარების მიღება…

ჩემთვის ყოველი დღე ახალი პროტესტის დასაწყისია. ხანდახან მგონია, რომ ერთი დღე ერთი საუკუნეა, იმდენად ბევრი რამ ხდება ქვეყანაში. ყოველი ახალი დღე, მგონია, რომ ხელახლა ვიწყებ პროტესტს და ხელახლა ძალა მჭირდება, რომ გავიდე ჩემი უბნის ბოლოში… გურჯაანის მერია ჩემს უბანშია. იქ რომ ვდგავარ, ხშირად მომაძახებენ ხოლმე – „მართალი ხარ!“ და ეს ისე მნიშვნელოვანია!

ქუჩაშიც გავუჩერებივარ და მადლობა უთქვამთ ჩემთვის. ეს მე ძალიან მაძლიერებს.

  • რას ეტყვით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე მდგომ თანამებრძოლებს. რა არის თქვენი სათქმელი გურჯაანიდან?

ერთი მოქალაქის ბრძოლას აქვს დიდი ძალა, ერთ მოქალაქეზე დგას ჰუმანური და სამართლიანი სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ პროტესტის შენარჩუნება. ყველას არ აქვს იმის ძალა, რომ დაუპირისპირდეს ასეთ მოძალადე რეჟიმს, მაგრამ ვინც ვიბრძვით, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთი ადამიანი დგას გარეთ მარტვილშიც, მზისა გაბეშია.

ერთი ადამიანი ვიქნებით, ხუთი, ათი თუ თხუთმეტი, ამ სიბნელესა და ტერორში, ჩვენი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: