მთავარი,სიახლეები

თურქეთში აქციებზე დაკავებულ 139 ადამიანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

10.04.2025
თურქეთში აქციებზე დაკავებულ 139 ადამიანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ 23 მარტს სტამბოლის მერიასთან საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული 139 პირის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა წარადგინა.

აქციაზე დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც სტუდენტია, ბრალად ედებათ კანონის დარღვევა შეხვედრებისა და დემონსტრაციების შესახებ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქული გამოცემა „ბიანეტის“ ცნობით, ბრალდებაში ნახსენებია დემონსტრაციის აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა სტამბოლში მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა და პოლიცია დემონსტრანტებს დაშლას სთხოვდა, რაც არ შესრულდა.

მიუხედავად აკრძალვისა, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) 19 მარტიდან – მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავეს, ზედიზედ შვიდი ღამის განმავლობაში მართავდა აქციებს მერიის წინ, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტი სხვა ქალაქებშიც იმართებოდა.

პროკურორებმა გარდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, 139 დაკავებულისთვის ასევე მოითხოვეს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1 მუხლის გამოყენება, რომელიც მოიცავს ისეთ ჯარიმებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა.

სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, საპროტესტო აქციებზე 1800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და მათგან 301-ზე დაიწყო გამოძიება.

ადვოკატმა თუბა ტორუნმა, რომელიც დაკავებული სტუდენტების წარმომადგენელია, „ბიანეტთან“ საუბრისას განმარტა, რომ გუბერნატორის მიერ გამოცხადებული საპროტესტო აკრძალვა თავად არის უკანონო, რადგან თურქეთის კონსტიტუციის 34-ე მუხლით გარანტირებულია შეკრების და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე.

_____________________________

მთავარი ფოტო: „ბიანეტი“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: