მთავარი,სიახლეები

საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია კი მტერს საკუთარ რიგებში ეძებს – ზვიად ცეცხლაძე

21.08.2025
საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია კი მტერს საკუთარ რიგებში ეძებს – ზვიად ცეცხლაძე

ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ,

რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?

დღეს, 21 აგვისტოს, 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გავრცელდა.

წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.

წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ერთობის ეტალონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა…

ვხედავთ ოპოზიციის შიგნითვე განსხვავებული აზრი როგორ იდევნება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გაგვაჩნია პოლიტიკური კონსტრუქციულობის კულტურა (რაც ჩვენთვის, პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მაგალითით უნდა ესწავლებინათ).

როგორც მოქალაქეს, მიჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა – შესწევს ძალა ოპოზიციას, რომ შექმნას სიცოცხლისუნარიანი კოალიციური მთავრობა?

ქუჩაში გამოსული, როდესაც ვითხოვდი მთავრობის ცვლილებას, არსებული ხელისუფლების ალტერნატივად წარმომედგინა კოალიციური მთავრობა. მწამდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა მთავრობა აჯობებდა და მწამდა, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაცია აიძულებდა ოპოზიციას, გაერთიანებულიყო (ამ უკანასკნელში კი მძიმედ შევცდი).

მაშინ, როდესაც მთლიანი ოპოზიციის არსებობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოს სუვერენიტეტს კი საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია ახერხებს, რომ მტერი საკუთარ რიგებში ეძიოს – ოთხი ოპოზიციური ცენტრი ორ ნაწილად იყოფა და ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავს, თუმცაღა არც ერთ მათგანს სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.

ამ ორად გაყოფილი ცენტრებიდან ერთ-ერთმა საკუთარი თავი მარტივ მამრავლებადაც კი დაშალა, რომ უფრო მეტნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ თავად ეს მარტივი მამრავლებიც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და კონკრეტული თარიღის თაობაზე ჩხუბობენ.

ჩემთვის, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქისთვის, ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ერთობის არარსებობაშიც თითოეული თქვენგანი სხვას ნებისმიერს დაადანაშაულებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. პასუხისმგებლობა კი ყველას ერთნაირად გეკისრებათ.

მიპასუხეთ ერთ კითხვაზე – ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?

ჩემი ციხეში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ რას იტყვით იმ 19-20 წლის ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან ციხეში, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე?“, – წერს სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: