მთავარი,სიახლეები

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

27.10.2020 • 2885
„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.

„მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც ინფრასტრუქტურულ ჭრილში, ასევე მათი უფლებების და ზრუნვის ნაწილში.

ამავე დროს, ბათუმს ექნება ახალი სივრცე იპოდრომისთვის და ეს განავითარებს როგორც სარეკრეაციო მიმართულებას ბათუმში, ასევე გახდება ახალი ატრაქცია როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას” სახელს. დარწმუნებული ვარ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ცხოველთა თავშესაფარიც ამ თემატიკით დაიბრენდება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებული იქნება მილიონნახევარი ლარი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებით და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ინკლუზიური პარკის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ველობილიკების მოწყობა, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.

ბათუმში აქამდე მიუსაფარი ცხოველების კასტრაციაზე, ცოფის აცრასა და ბუნებრივ არეალში დაბრუნებაზე ბათუმის ცხოველთა თავშესაფარი „აიბოლიტი“ ზრუნავდა ბათუმის მერიის დაფინანსებით. როგორ იმუშავებს ახალი თავშესაფარი, ამ დეტალებს „ბათუმელები“ მერიაში აზუსტებს.

პროექტი მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოსცა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბათუმში ქალაქში ყველაზე ცნობილი ძაღლის, „კუპატას“ სახელთან დაკავშირებული აქტივობა ანონსდება. 2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა, რაც თვეში 60 ლარია. მერია ამ პროგრამით  ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას აპირებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროგრამა არ დაწყებულა.

________

ფოტო პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მასალიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: