„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე.
„…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების 3-ე მუხლში ნახსენები ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის”, – ნათქვამია 51 დეპუტატის დეკლარაციაში.
„ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული დარტყმა, როცა ქვეყანა გაძევებულია ევროსაბჭოდან, ან როცა ქვეყანას ამით ემუქრებიან,“ – მიიჩნევს გიორგი ბურჯანაძე.
რომელი ქვეყანა გაუძევებია ამ დრომდე ევროსაბჭოს? – „ბათუმელებმა“ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია.
- ბატონო გიორგი, რა გზავნილია საქართველოსთვის დეკლარაცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი ავრცელებს? საუბარია საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესის დაწყებაზე: „რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს,“ – ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ევროსაბჭოში საქართველო გაწევრიანებულია 1999 წლიდან, შევარდნაძის დროს, როცა ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები გაჟღერდა. მას შემდეგ ევროსაბჭოს მეშვეობით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა – უმეტესად ევროსაბჭოს ეგიდით და ფარგლებში არის მიღებული უამრავი სხვადასხვა დოკუმენტი და დეკლარაცია. დემოკრატიაში და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს თუ რამე მიღწევა აქვს, ამაში ევროსაბჭოს ძალიან დიდი დამსახურებაა.
ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, არანაირი პროგრესი და წინსვლა არ გვაქვს. წელს ევროსაბჭომ მიიღო ორი რეზოლუცია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე. ევროსაბჭოს ბევრი მოწოდება ჰქონდა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გაუმჯობესება არ ყოფილა. პირიქით, გაუარესება მიდის
51 დეპუტატის განცხადება სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ თუ არ იქნება გაუმჯობესება, ისინი მზად არიან უფრო მეტად მკაცრი ღონისძიებები მიიღონ, რაც მათ ხელშია. უშუალოდ საპარლამენტო ასამბლეის ხელში არის ის, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ უფლებამოსილების არაღიარება. ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გააკეთონ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ არიან წარმოდგენილი, თუმცა ხვალ და ზეგ მათ კიდევ შეიძლება წარადგინონ წარმომადგენლები. დღევანდელ დეკლარაციაში მითითებულია, რომ რომც მოხდეს ახლიდან წარმოდგენა, ისინი არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ რწმუნებებს და უფლებამოსილებებს საპარლამენტო ასამბლეაში.
ამის გარდა, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები დამატებით საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან განიხილონ შესაძლებლობა: მიმართონ მინისტრთა კომიტეტს, რომ საქართველო გაძევებული იქნას ევროპის საბჭოდან.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში: 26 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია და პირველად ემუქრებიან საქართველოს გაძევებით. ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ ბოლო 26 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ისე გაუარესებული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ასეთი მუქარა არასდროს მოგვისმენია.
- ეს ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს დეპუტატების შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე პერიოდში დემოკრატია ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია დღეს?
კი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ახლა და სწორედ ამის გამო კეთდება პირველად ასეთი განცხადება – ჯერ არ მოუწოდებენ, მაგრამ მათ შეუძლიათ, რეზოლუცია მიიღონ, სადაც ამას ჩაწერენ. ასეთი რამ მიღებულია რუსეთთან მიმართებით – 2022 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი გააძევა. ამას უძღოდა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ასეთი მოწოდება კომიტეტის მიმართ რუსეთის გაძევებაზე. ასე რომ, ამის პრეცედენტი არსებობს.
- რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანა ევროსაბჭოს ამ დრომდე გაუძევებია?
საბერძნეთი გასული საუკუნის 70-იან წლებში. მაშინ საბერძნეთში იყო ხუნტა, რომელიც შემდეგ დამარცხდა და საბერძნეთი დაუბრუნდა დემოკრატიულ რელსებს. საბერძნეთი შემდეგ ევროსაბჭოშიც გაწევრიანდა და ევროკავშირშიც.
- ევროსაბჭოში 46 წევრი სახელმწიფოა, როგორ მიიღება გადაწყვეტილება ქვეყნის გაძევებაზე?
ამ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა კომიტეტი – 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტრთა კომიტეტის ორი-მესამედია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.
51 დეპუტატი, ვინც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, 24 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ აქ არის წარმოდგენილი 4 დიდი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში.
ასე რომ, ეს ძალიან რეპრეზენტატული და დიდი წარმომადგენლობის მქონე განცხადებაა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკლარაციის ავტორი არის „ალდეს“ ლიდერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – იულიან ბულაი, რომელიც იყო საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოქტომბრის არჩევნებზე.
- რა სახის მანიპულაცია იყო „ოცნების“ არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძის პასუხი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მიმართ: „ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ გვაქვს შეჩერებული“?
ეს არის პროპაგანდა. ჯერ ერთი, „ქართულ ოცნებას“ თავისით კი არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უთხრა, რომ ახალი არჩევნები დანიშნეთ და პოლიტპატიმრები გამოუშვით, თორემ შეგიწყვეტთ უფლებამოსილებასო. იმის გამო, რომ მათ არ დანიშნეს არჩევნები და პოლიტპატიმრები არ გამოუშვეს – თითქოს რაღაც ღირსეული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან და თვითონ დატოვეს. რეალურად ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იცოდნენ, საპარლამენტო ასამბლეა აპრილში მათ შეუწყვეტდა უფლებამოსილებას. ამიტომ თვითონვე შეიწყვიტეს ეს უფლებამოსილება.
რაც ამ წერილში წერია, არის, რომ თვითონ ხვალ და ზეგ, აი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სესიის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ხელახლა გააგზავნოს დეპუტატების სია და თქვას, რომ მათი უფლებამოსილება ცანიო. ეს დეკლარაცია სწორედ იმისთვის არის, რომ მომავალში, ხვალ და ზეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რომ სცადოს პოლიტიკურ ჯგუფებთან დღის წესრიგები დაალაგოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, აი ეს თავიდან იქნას აცილებული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ხელთ არსებული ბერკეტი სწორედ ეს არის. ამიტომაც, ისინი ახსენებენ „ქართულ ოცნებას“, რომ თუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება ხვალ და ზეგ, მათ ხელთ არსებულ ყველაზე მძიმე იარაღს „ქართული ოცნების“ მიმართ კვლავ გამოიყენებენ.
- გარდა იმისა, რომ საქართველოს აღარ ჰყავს წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში და „ოცნების“ მთავრობას ვეღარც ეყოლება, ამ დეკლარაციაში საუბარია კიდევ უფრო უარეს შედეგზე – გაძევებაზე.
დიახ, დეპუტატები წერენ ორ რამეს: ერთია ის, რომ თუ ხვალ და ზეგ შენ წარმოადგენ სიას და ეცდები, რომ კიდევ გახდე საპარლამენტო ასამბლეის წევრი – ჩვენ ამას არ ვცნობთ. მეორე საკითხია, რომ ევროსაბჭოდან გაგაძევებთო, ოღონდ ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ საპარლამენტო ასამბლეა ვერ იღებს და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
- როგორ აისახება ეს საქართველოზე, ჩვენზე, მოქალაქეებზე, თუ საქართველოს ევროსაბჭოდან გააძევებენ? გაძევების შემთხვევაში საერთოდ ვეღარ მივმართავთ, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს?
ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული დარტყმა, როცა ქვეყანა გაძევებულია ევროსაბჭოდან, ან როცა ქვეყანას ამით ემუქრებიან. ეს ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ადამიანის უფლებების პრობლემები აქვთ.
თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, ყველა გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო. ასევე, ციხეების მონიტორინგის უფლებამოსილების მქონე ორგანო წამების პრევენციის კომიტეტი, ასევე რასიზმის და შეუწყნარებლობის კომიტეტი, ვენეციის კომისია, კორუფციის საკითხებზე მომუშავე გრეკო და სხვები.
ყველაზე ხელშესახები და პრობლემური ევროსასამართლო იქნება, სადაც გაძევების შემთხვევაში ახალი საქმეები საქართველოდან ვეღარ შევა. გაძევებამდე ევროსასამართლოში შესული საქმეების განხილვას კი, დაასრულებენ, როგორც ეს ხდება რუსეთის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროსაბჭოს ასამბლეაში არ არიან ქართველი დეპუტატები [ასამბლეა ირჩევს ევროსასამართლოს მოსამართლეებს], ასამბლეა ქართველი დეპუტატების გარეშე აირჩევს საქართველოს მიერ წარგზავნილ მოსამართლეს, თუ იგი დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.
- ევროსასამართლოს მოსამართლეებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევს. როცა ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს წარმომადგენლობა ასამბლეაში, როგორ შეარჩევენ მოსამართლეს საქართველოდან?
ლადო ჭანტურიას [მოსამართლე საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში] თუ არ ვცდები, მომავალი წლის იანვარში გასდის ვადა, ამ ეტაპზე ასამბლეიდან ორი გაძევებული ქვეყანა ვართ: საქართველო და აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების გარეშე.
ასევე, ვენეციის კომისიას კი ჰყავს ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნებიც, მაგრამ წევრობა ავტომატურად განაპირობებს იმ ბენეფიტს, რომ შეგიძლია, ამ შემთხვევაში, ამით ისარგებლო.
- თქვენი დაკვირვებით, რაზეა გათვლილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების გზავნილი გაძევებაზე? ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ვხედავთ, რომ არ ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს.
ეს არის გათვლილი იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები. იმის გამო, რომ ვიღაც ამას არ ასრულებს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ თავიანთი საქმე არ უნდა აკეთონ, არ მოუწოდონ და არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები.
შეიძლება, ვიღაც ამას არასერიოზულად უყურებდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ – საერთაშორისო და ადგილობრივი წნეხის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, ერთ დღესაც მოუწევს ყველას შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების კუთხით.
- რეალურად უშვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გააძევონ ევროსაბჭოდან?
მგონია, რომ ეს ნაადრევი ეტაპია, ეს არის პირველადი ეტაპი. გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა კომიტეტი. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ყურადღებით უნდა იქნას მიღებული.
- მაგრამ არაკონსტიტუციური მთავრობა არც იმ პირობებს ასრულებს, რაც უნდა შეესრულებინა აგვისტოს ბოლომდე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად. ამ კუთხით რას ელით?
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროსაბჭო და მას სჭირდება უბრალო უმრავლესობა.
საქართველოს მთავრობას დედლაინი ჰქონდა აგვისტოს ბოლომდე, შემდეგ მომზადდება ანგარიში და სავარაუდოდ ოქტომბერში უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა.






