მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გააჩაღეს ბიზნესი საკუთარი მომხმარებლისთვის – სახეზეა პარალელური ეკონომიკა

20.08.2025
რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გააჩაღეს ბიზნესი საკუთარი მომხმარებლისთვის – სახეზეა პარალელური ეკონომიკა

„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას.

მისი თქმით, რუსული კაპიტალის უკონტროლოდ შემოსვლამ და რეგულაციების არ არსებობამ განაპირობა ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკის“ შექმნა, სადაც ყველა რგოლში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩაბმული.

კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები თავად ქმნიან ბიზნესს, შესაბამისად არიან დამსაქმებლები, ობიექტებზე დასაქმებული ჰყავთ ასევე რუსეთის მოქალაქეები, მათი მომხმარებლების დიდი წილი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე და პროდუქციაც, უმეტეს წილად შემოაქვთ რუსეთიდან.

„ბათუმელები“ ესმა კუნჭულიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ესმა, როგორც ვიცით, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ დიდი ხანია ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესში დამოუკიდებელ კვლევებს ატარებს. რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბათუმის რეალობიდან – როგორი ტურისტული სეზონი აქვს ბათუმ წელს?

„ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ 2010 წლიდან იკვლევს გასტრონომიულ კულტურასა და გასტროტურიზმს. ჩვენი ექსპერტების ბოლო მონაცემებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლიდან საქართველოში ტურიზმი „გადასხვაფერდა“.

მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმისტური ოფიციალური სტატისტიკისა, რეალური სურათი სულ სხვაა და ბევრად რუხი ფერისაა. სახეზეა ინფლაციური წნეხი: საკვები პროდუქტების მკვეთრმა გაძვირებამ გაზარდა, როგორც რესტორნების, ასევე სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ფასები.

შედეგად, გასტროტურიზმი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.

თუ დღეს მთავრობაში მოკალათებული ჩინოვნიკები საქართველოს რეგიონებს ვარდისფერი სათვალის გარეშე მოივლიან, აუცილებლად დაინახავენ სამწუხარო ვითარებას. საკურორტო ზონებში თვალშისაცემად იმატა სასტუმროებსა და რესტორნებზე გამოკრულმა აბრებმა – „ქირავდება“ ანდა „იყიდება“.

მაგალითად, ახალციხეში, რაბათის მიმდებარედ, რამდენიმე სასტუმრო დროებით ან სრულად გაჩერებულია, ბათუმშიც არაერთი დახურული ობიექტია.

მეპატრონეებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ მათი ნაწილი ბაზარზე ვერ უმკლავდება გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ ტურისტულ ნაკადს. რაც მთავარია, ვერ უმკლავდება ე.წ. „კუნძულოვან ეკონომიკას“, რაც 2022 წლიდან ხილულად გაჩნდა ქართულ ბაზარზე.

ესმა კუნჭულია, კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

  • თქვენი დაკვირვებით, რა არის ბათუმში არსებულ ტურისტულ და კვების ობიექტებში მთავარი პრობლემა?

რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მხოლოდ აჭარის ზღვისპირეთის პრობლემა არ არის, თუმცა აქაური მაგალითი ბევრად მკაფიოა. ჩავრთოთ youtube და დავუკვირდეთ რეკლამებს. პირველ 10 წუთში აღმოაჩენთ, რომ აჭარაში ბევრი ლამაზი  გრანდიოზული კორპუსი შენდება და იყიდება და ამ ყველაფერს რეკლამები „რუსულ ენაზე“ ყიდიან… მხოლოდ რამდენიმე სამშენებლო კომპანიის რეკლამა შეგხვდებათ ინგლისურ ენაზე.

იგივე ხდება ინსტაგრამზე. სარეკლამო ტურისტული ვიდეოების 99% რუსულ ენაზეა. მგონი, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, სად გაქრა ევროპელი ტურისტი?

დიახ, ევროპელი ტურისტი გამქრალია. ქუჩებში, სანაპიროზე, რესტორნებში, ყველგან… ამიტომ რამდენადაც არ უნდა გაავარდისფერონ ეკონომიკური თუ ტურისტული სამთავრობო სტატისტიკა, ბათუმის ქუჩებში მოწყენილი სახით დადის რეალობა.

2022-2025 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული ერთგვარი „კუნძულოვანი ეკონომიკა“, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ტურიზმისა და სარესტორნო სექტორებში.

ბათუმში კი კიდევ უფრო ნათლად ჩანს ეს ერთგვარი „ჩაშენებული“ ტურიზმი, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მასშტაბურ მიგრაციას მოჰყვა.

მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, ქართველ გიდებთან ჩატარებული ინტერვიუებისას, ჩანდა ტენდენცია, რომ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. ისინი აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით, იქირავეს სასტუმროები და რესტორნები, გააჩაღეს საკუთარი ბიზნესი თავიანთი მომხმარებლისთვის.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, შექმნეს ერთგვარი სათავისოდ კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა.

ეს პროცესი 3 წლის წინ ეტაპობრივად დაიწყო – პირველ ეტაპზე, მიგრაციის ტალღამ მკვეთრად გაზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, რასაც ქირის ფასების უპრეცედენტო ზრდა მოჰყვა. თანდათან ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია მაღალსართულიანი სახლებით გადაიჭედა, მყიდველთა 80% კი უცხოელია (უმთავრესად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები).

ეს მხოლოდ ციფრები ხომ არ არის, ამ ციფრების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აქვე აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს. აშკარაა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ვერ უძლებს ამ არასტანდარტულ კონკურენციას და უწევთ ბაზრის დატოვება.

წესით ამას სამთავრობო სექტორიც უნდა განიცდიდეს და ცდილობდეს ვითარების დალაგებას.

  • რუსული კაპიტალი, როგორც ე.წ. კუნძულოვანი ეკონომიკის შემქმნელი – როგორ შეცვალა ამ პარალელურმა ეკონომიკამ სიტუაცია ადგილობრივი ბიზნესისთვის?

როგორც უკვე გითხარით, 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ვიზიტორები, აქტიურად სარგებლობდნენ ადგილობრივი ტურისტული სერვისებით. ბოლო ერთი წელია კი, მათმა ნაწილმა სრული „დამოუკიდებლობა“ მოიპოვა.

ადგილობრივი გიდებისა და კერძო სატრანსპორტო მომსახურების მომწოდებლების ინფორმაციით, მათ სერვისებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ „პარალელური ეკონომიკა“ მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ ბიზნესს, მიზანმიმართულად გაზრდილი ფასები კი მოქალაქეებს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უკონტროლოა.

მაგალითად, ძველ ბათუმში ქართული რესტორნებისა და კაფეების მეპატრონეებმა გვითხრეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული მოქალაქეები, ვინც აქ ცხოვრობს და ტურიზმით არის დაკავებული, მათ „წილის“ სანაცვლოდ სთავაზობენ ტურისტთა მიყვანას ან სხვა შეღავათებს.

აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: როგორ რეაგირებენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ვინ იცავს ადგილობრივი მეწარმის უფლებებს? სამწუხაროდ, არავინ… სახელმწიფო სტრუქტურები თვალს ხუჭავენ ბევრ საკითხზე, რასაც ბოლო პერიოდში აჭარის მთავრობაში მომხდარი შოკისმომგვრელი ამბებიც მოწმობს.

  • რა საფრთხეს შეიცავს ეს ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკა“ ქვეყნისთვის, ადგილობრივი ტურისტული ბაზრისთვის?

ერთი შეხედვით, უცხოური კაპიტალის ტრიალი სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის არ განიხილება „ჩვეულებრივ“ ანდა „ნეიტრალურ“ სახელმწიფოდ.

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის პოლიტიკის შედეგად არის ოკუპირებული, ხოლო რუსეთის კაპიტალზე დაფუძნებული „კუნძულოვანი ეკონომიკა” აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ჰიბრიდული გავლენების შემადგენელ ნაწილად.

ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, ერთ დღეს შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მობრუნდეს, როგორც აქამდე არაერთხელ მობრუნებულა. რუსეთის მთავრობებს სჩვევიათ საქართველოს მიმართ მოულოდნელი რისხვის გადმოფრქვევა და სადამსჯელო მოქმედებები, გავიხსენოთ ქართული ღვინისა თუ სხვა ქართული პროდუქტების ემბარგოები, საქართველოს მოქალაქეების საჩვენებელი დეპორტაციები და ა.შ.

საქართველო ბუნებით ტოლერანტი ქვეყანაა, ჩვენ არ ვუპირისპირდებით ადამიანებს, ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია სავსეა მტრის დანდობის ეპიზოდებით, მაგრამ ჩვენივე ტოლერანტობა არ უნდა გვექცეს ჩვენივე საწინააღმდეგო „იარაღად“. ამას გრძნობს და განიცდის საზოგადოება, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ადამიანები  ხმამაღლა აკრიტიკებენ არსებულ ვითარებას.

და რა უნდა ვქნათ?

აუცილებელია სიტუაციის შესწავლა, მეწარმეების მოსმენა, რეგულაციების დაწესება, სტრატეგიული რისკების გათვლა, გამჭვირვალობის გაზრდა, უცხოური კაპიტალით დაფუძნებული ბიზნესების სრული მონიტორინგი.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადგილობრივი მეწარმეები და მოქალაქეები.

და ბოლოს, ეკონომიკაც და ტურიზმიც ისეთ ქვეყანაში ყვავის, სადაც სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანებს არ აპატიმრებენ.

მე მზია ამაღლობელის ბოლო სამ სასამართლო სხდომას დავესწარი ბათუმში და მინდა კიდევ ერთხელ გავუგზავნო მას ჩემი და ჩემი მეგობრების სიყვარული „ბათუმელების“ გვერდებიდან.

საქართველო, აუცილებლად მალე გახდება წარმატებული ეკონომიკისა და ევროპული სტანდარტების ქვეყანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: