მთავარი,სიახლეები

ცათამბჯენების მშენებლები ირწმუნებიან, რომ მოგება მინიმალური აქვთ

02.11.2023 • 2616
ცათამბჯენების მშენებლები ირწმუნებიან, რომ მოგება მინიმალური აქვთ

მასშტაბური სამშენებლო პროექტების ნებართვების მისაღებად ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციები სავარაუდო ხარჯებსა და მოგებასაც მოიცავს, რომელიც პროექტმა მშენებელს უნდა მოუტანოს.

პროექტების ეკონომიკურ გათვლებს თუ გადავხედავთ, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მოგებასთან დაკავშირებული ციფრები ხშირად შემცირებულია, რეალურად კი 1 კვ.მეტრი უძრავი ქონების ფასი ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ ფასად იყიდება. მიუხედავად ამისა, იმ გათვლებითაც კი, რასაც კომპანიები  მერიას სთავაზობენ, წინასწარ ნავარაუდევი მოგება რამდენიმე მილიონია.

„ბათუმელებმა“ საკრებულოს ბოლო სხდომაზე დამტკიცებული სამშენებლო პროექტების კონცეფციებში მოცემული ეკონომიკური გათვლები შეისწავლა. მშენებლობა კომერციულად მომგებიან ადგილზეა – ქალაქის ცენტრში და ზღვასთან ახლოს.

შპს „ბლექ სი თაუერი“ და „ცენტრალ სითი ლაინი“ ორი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავენ ბათუმში, იუსტიციის სახლთან ახლოს. ეს ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული ადგილია თავისი მდებარეობის გამო – ახლოსაა ზღვასთან და ახალ ბულვართან.

ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, აქ აშენებულ თაუერებში 1.კვ მეტრის ფასი 1500-2500 დოლარია, სიმაღლისა და ხედის მიხედვით.

კომპანიებმა ბათუმის მერიას ერთობლივი დოკუმენტით მიმართეს და როგორც კონცეფციის დამტკიცება, ასევე პროექტების K2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვეს. დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთი ოთხ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მითითებულია ისიც, რომ ამ ადგილის ნაწილის სამშენებლოდ გამოსათავისუფლებლად „ხრუშოვკის ტიპის“ სახლის დემონტაჟს გეგმავენ.

დაგეგმილი პროექტების მშენებლობისთვის კომპანიები K2 კოეფიციენტის გაზრდას 4.6-დან 17.0-მდე ითხოვენ. მშენებლობა გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარე 4194 კვ.მეტრ ფართობზე იგეგმება.

მერიაში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით, გორგილაძის #113-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს მრავალფუნქციური კომპლექსი – საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები. შენობა 46-სართულიანი იქნება და 700 ერთეულ ბინას გააერთიანებს. მოაწყობენ 120 აპარტამენტს და 7 კომერციულ ფართობს.

ფიროსმანის #10-ში კი დაგეგმილია 50-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა, 450 ბინა და 1 კომერციული ფართობი.

გორგილაძის #113-ში დაგეგმილი 49-სართულიანი თაუერის ეკონომიკური ეფექტიანობის გათვლების მიხედვით, კომპანია ვარაუდობს, რომ მშენებლობის ხარჯი 87 მილიონ 705 000 ლარი იქნება, მიღებული შემოსავალი კი – 91 მილიონ 380 000 ლარი, სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის – 3 მილიონ  675 000.

აქ ერთი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ:

კომპანიის ინფორმაციით, შენობაში საცხოვრებელი ფართობი 30 000  კვ.მეტრი იქნება. კვ.მეტრის ღირებულებად 2500 ლარი მიუთითეს – დღეს არსებული კურსით 920  დოლარი. 920 დოლარად ზღვის ზოლში მხოლოდ მეათე სართულამდე ბინებს ყიდიან, მე-11 სართულიდან კი ფასი თითქმის გაორმაგებულია.

კომპანია წერს, რომ საცხოვრებელი ფართობის ფასი ჯამში 75  მილიონი ლარი იქნება, ეს მისი ვარაუდია. რეალური საბაზრო ფასების გათვალისწინებით კი, ეს თანხა, დიდი ალბათობით, მკვეთრად მაღალი იქნება მომავალში, როცა მშენებლობა დასრულდება. ან თუნდაც მაშინ, როცა გაყიდვა დაწყება. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ეს საძირკვლის ჩაყრის დღიდანაც შესაძლებელია.

შენობაში კომპანია კომერციული ფართობის სახით 5000 კვ. მეტრის გაყიდვას გეგმავს. მერიაში წარდგენილი გათვლებით  1 კვ. მეტრის ფასი 2800 ლარი იქნება – 1000 დოლარზე ოდნავ მეტი. ამ ფასად კომერციული ფართობი „ჭაობის დასახლებაშიც“ კი არ იყიდება.

შესაბამისად, ამ ფართობიდან კომპანია 14 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.

კომპანია გაასხვისებს ასევე 119 ერთეულ ავტოსადგომს, ჯამში 2 მილიონ 380 000 ლარად.

საბოლოოდ, მთლიანი შემოსავლის სახით 91 მილიონ 380 000 ლარის ამოღება ივარაუდეს. ხარჯი კი ასე გადაანაწილეს:

შპს „ცენტრალ სითი ლაინი“ მშენებლობას ფიროსმანის #10-ში გეგმავს. კომპანიას 50-სართულიანი თაუერის აშენება სურს, დამატებით ერთი მიწისქვედა სართულით. გათვლების მიხედვით, ამ თაუერში საცხოვრებელი ფართობი 26 900 კვ.მეტრ – 1.კვ.მეტრის ფასი 2500 ლარი [922 დოლარი]. ამ ფართობის მთლიანი ღირებულება კი 67 მილიონ 250 000 ლარი იქნება – ასეთია კომპანიის გათვლა მერიაში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით.

კომერციული ფართობის სახით კომპანია 680 კვ.მეტრის გაყიდვას გეგმავს. კვ.მეტრის ღირებულებად 2800 ლარი მიუთითა, ფართობის საერთო ღირებულებად კი – 1 მილიონ 904 000 ლარი.

კომპანია გეგმავს ასევე 97 ავტოსადგომის ადგილის გაყიდვას – საერთო ჯამში 1 მილიონ 940 000 ლარად.

საბოლოო შეფასებაში, კომპანია თავის გათვლებში წერს, რომ სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის 3 მილიონ 646 500 ლარია, ხოლო მოგება გადასახადების გარეშე – 2 მილიონ 376 530 ლარი.

შპს „ბლექ სი თაუერის“ 76 პროცენტს ბიზნესმენი ლევან ხიმშიაშვილი ფლობს, 24 პროცენტი კი ზურა ხიმშიაშვილს ეკუთვნის.

შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ 50 პროცენტის მფლობელი და დირექტორი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა. დარჩენილ 50 პროცენტს კი გიორგი ზოიძე ფლობს [სავარაუდოდ, ის ბიზნესმენ ჯუმბერ ზოიძის შვილია].

დაგეგმილი პროექტების სავარაუდო რენდერები

ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩის, ადლიის ქუჩისა და ამავე სახლობის ჩიხს შორის შპს „ტემპო ჰოლდინგი“ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 24 ოქტომბერს დაამტკიცა.

კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას 9.0-მდე ითხოვდა. კომპანია ორ 17-სართულიან კორპუსს ააშენებს, მათ შორის ერთი მიწისქვედა სართულით. სამშენებლო ფართობი 4 687 კვ. მეტია.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის საცხოვრებელი ფართობი 27 784,2  კვ.მეტრია. 1 კვ.მეტრის ღირებულება 1300 ლარი [480 დოლარი], ხოლო მთლიანი საცხოვრებელი ფართობის ღირებულება – 36 119 460. სხვა ფართობები კომპანიამ ასე გადაანაწილა:

 

პროექტის რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: