პოლონეთი გეგმავს მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლებას.
პოლონეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველო იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეები მარტივად, ნაკლები ბიუროკრატიით საქმდებიან პოლონეთში.
პოლონურ მედიაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა საქართველოს 47 086 საქართველოს მოქალაქეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთმა და იგივე პირმა წლის განმავლობაში სამსახური გამოიცვალა და განმეორებით მიიღო მუშაობის ნებართვა.
შესაბამისმა უწყებებმა ჯამურად 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღრიცხეს, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში საქართველოს 47 086 მოქალაქე დაასაქმეს.
„დასაქმების პროცესის გართულება გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოს მოძიების მნიშვნელოვნად გართულებას. პოლონელი დამსაქმებლისთვის აღარ ვიქნებით საინტერესო.
იზრდება იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეები დადგებიან არალეგალური დასაქმების რისკის ქვეშ.
გართულებული პროცედურა უფრო დიდ რესურს და დროს მოითხოვს როგორც დამსაქმებლისგან ასევე კანდიდატისგან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა გაფრინდაშვილი, პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. ის აქტიურად ეხმარება საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურის გავლაში.
პოლონეთში დასაქმება 2015 წელს გაადვილდა. მაშინ პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის განკარგულებით, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამარტივდა დასაქმების წესები.
ახლა კი ამ შესაძლებლობას საფრთხე ემუქრება.
როგორც პოლონური მედია წერს, საქართველოს ამოღება იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც მარტივად შეეძლოთ პოლონეთში დასაქმება, უკავშირდება საერთო დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
- რა უპირატესობა აქვს ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს და რას დაკარგავენ
იმისათვის რომ უცხოელი, არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე (შვეიცარიისა და ნორვეგიის მოქალაქეების გამოკლებით) პოლონეთში დასაქმდეს, მას ესაჭიროება სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na Pracę Typu A).
დასაქმების გამარტივებული წესის წყალობით, დამსაქმებელი საშუალოდ 2 კვირის ვადაში აკეთებდა სეზონური სამუშაოს ნებართვას (oświadczenie o powierzeniu wykonywania pracy cudzoziemcowi) პოლონეთში, რომელიც 12-24 თვის განმავლობაში იყო აქტიური.
ამ წესის წყალობით საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ლეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ არ უწევთ წლობით ოჯახების მიტოვება და საჭიროების შემთხვევაში საქართველოშიც მარტივად ბრუნდებიან.
- რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი და რა ვადაში შეიძლება მიიღონ
ახალი კანონპროექტი, რომლითაც 2015 წლის განკარგულებაში ცვლილებები უნდა შევიდეს, პოლონეთის ოჯახის, შრომის და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შემუშავებული ბრძანებაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო ადვილად მიიღებენ ამ ბრძანებას და შესაბამისად, რეგულაციები შეიცვლება.
„ეს ბრძანება თუ შევა ძალაში საქართველოს მოქალაქეები ამოიშლებიან იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც ეკუთვნით გამარტივებული პროცედურები. მომავალში, პოლონეთში მუშაობის დასაწყებად, საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ სრული პროცედურის გავლა, ეს პროცედურები გრძელვადიანია, ძვირი და მოითხოვს უფრო მეტ ბიუროკრატიას.
ჩვენ ჩავითვლებით როგორც მესამე ქვეყნების მოქალაქეები (მაგ.: ინდოეთი, ნეპალი), რომელთათვისაც მოქმედებს მხოლოდ სრული და გრძელი პროცედურები.
ამასთან, ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, აქამდე გაცემულ სეზონური სამუშაოს ნებართვებს რა ბედი ეწევა.
აქამდე გაცემული მუშაობის უფლებები თუ გაუქმდება, შეიძლება დადგეს ხალხი ლეგალური სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე, რამაც ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის დაკარგვა, ბინის დაქირავება გახდეს პრობლემური, ასევე პრობლემა გახდება რეგისტრაცია ადგილობრივ სამოქალაქო რეესტრში, შეუძლებელი იქნება საბანკო მომსახურებით სარგებლობა,“ – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ახალი ცვლილებებით, გამარტივებული წესით სეზონურ სამუშაო ნებართვას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები. ამ სიიდან ამოიღებენ საქართველოს.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ პოლონეთში ლეგალურად მუშაობა მხოლოდ განცხადების საფუძველზე და ასევე აღარ ისარგებლებენ სეზონურ სამუშაოზე უპირატესი წესებით.
პოლონური მედია ავრცელებს შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს კომენტარს. სამინისტრო ასე ხსნის ცვლილებების მოტივს:
„საქართველოში პოლიტიკური ვითარების განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირის დონეზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე მიმდინარე განხილვების ფონზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესი წესების გაუქმება, რომლებიც ეხებოდა დასაქმების უფლებას პოლონეთის ტერიტორიაზე“.
ამასთანავე, სამინისტრო განმარტავს, რომ დაგეგმილი ცვლილება შეამცირებს იმ უცხოელთა რაოდენობას, ვინც მუშაობს პოლონეთში, ისევე როგორც იმ დამსაქმებელთა რაოდენობას, ვინც მათ ასაქმებდა.






