„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული.
ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ.
მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ დღეში შენობის დაცლა მოგვთხოვა“- გვიყვება ოთო გვრიტიშვილი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენელი.
„ბათუმელები“ ოთოს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და მისი დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა.
„ვიზალიბერალიზაცია თუ დავკარგეთ, გარდა იმისა, რომ ადამიანები დაკარგავენ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, დავკარგავთ პიროვნული განვითარების შესაძლებლობასაც.
ახლა, ევროპისგან ჩამოშორება, 50 წლით კიდევ უკან დაგვხევს და თაობები დავკარგავთ განვითარების შესაძლებლობას.
ამ საპროტესტო აქციებმა ისიც აჩვენა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილმა თურმე თანაგრძნობის უნარი დაკარგა.
თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით, ეს კიდევ ერთხელ გააჩენს კითხვის ნიშნებს ჩვენს იდენტობაზე. გამოდის, არ ვყოფილვართ ისეთები, რაც წიგნებში გვიწერია, არც რუსთაველის გმირები ვყოფილვართ და არც არავინ. უბრალოდ, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
მისი აზრით, ბოლო პროცესებმა ასევე კარგად აჩვენა, თუ ვინ იბრძვის ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფოსთვის და ვინ – პირადი ინტერესებისთვის.
„თავიდან ძალიან ბევრი ადამიანი იდგა ქუჩაში, მერე კი ყველამ დავინახეთ, რომ ბევრი ჩაეხსნა ამ პროცესს. ვიღაცას არ უნდა ფინანსური კეთილდღეობაზე უარის თქმა და განერიდა.
ცალკე „ქართული ოცნება“ ეწევა პროპაგანდას, რომ თითქოს მშვიდობას იცავს.
გორის სოფლებშიც კი სჯერა ამის ხალხს. მათ ფიზიკურად განიცადეს ომის საფრთხე და მესმის, მაგრამ მეორე ვარიანტიცაა, გლეხებთან როცა მიდიან, ისევ იმ ძველ ამბებზე ელაპარაკებიან, – „ეგ ვაშლი რომ გაგქონდათ, ხილი რომ გაგქონდათ რუსეთში, ხომ კარგი იყო?!“ – იმ დროს ახსენებენ. ალბათ ამიტომაც იმუშავა იქ პროპაგანდამ, ომის თემამ და რუსულმა ნარატივებმა, სამწუხაროდ.
ამიტომ, ხშირად უნდა შევხვდეთ ამ ადამიანებს და პირისპირ ველაპარაკოთ, რადგან შავი რომ შავია, ხშირად ამის დამტკიცებაც კი გვიწევს, ისე არიან პროპაგანდით გაჟღენთილი.
„მშვიდობა უნდა იყოს“ გასაგებია, მაგრამ რის ფასად და როგორ, ეს არის გასარკვევი.
ამიტომ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და დრო არ უნდა დავიშუროთ ხალხთან შესახვედრად. განსაკუთრებით რაიონებში, სოფლებში უნდა ვიაროთ. ქალაქში კიდე სხვა სიტუაციაა, შედარებით“-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
მისი თქმით, ხალხი უსმენს გავლენიან, ცნობად ადამიანებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ასეთი ადამიანები ხშირად გავლენ რეგიონებში და დაელაპარაკებიან ხალხს იმაზე, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მიიღწევა ევროპასთან ყოფნით და არა რუსეთის გავლენის ქვეშ.
„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელია, სრული ანტისანიტარია იყო. ეყარა ნაგავი და საპირფარეშოდ იყო ქცეული.
ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდებისთვის განვითარების კერად ვაქციეთ.
600 ათასი ევრო გრანტი მოვიპოვეთ და დავიწყეთ პროექტების კეთება მერიასთან ერთად.
ამ დაფინანსებით ფაქტობრივად შეიცვალა ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა. გორის ციხის გარშემო გაკეთდა ბილიკი, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია რუსთაველის მემორიალს, გაკეთდა ეთნოგრაფიული მუზეუმის სახელოსნოები და კიდევ ბევრი რამ“ – გვეუბნება ოთო გვრიტიშვილი.
მისი თქმით, გორი არ არის ის ქალაქი, რომელსაც მხოლოდ სტალინის სახელით უნდა იცნობდნენ.
„ეს ქალაქი სხვა, ღირსეულ ადამიანებთან და სხვა კულტურასთან უნდა ასოცირდებოდეს. მაგალითად იაკობ გოგებაშვილთან, რომელიც აქედან იყო, მერაბ ბერძენიშვილთან, რომელიც გორშია დაბადებული და გაზრდილი. აქ ცხოვრობდა ვაჟა, აქ სწავლობდა და მოღვაწეობდა კირიონ მეორე და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამ ხალხით უნდა პოზიციონირებდეს გორი და არა სტალინით მემკვიდრეობით.
ევროკავშირის გაკეთებულმა საქმემ ეს ქალაქი შემოქმედებით რუკაზე სხვანაირად გამოაჩინა და ეს არის ჩვენი, ახალგაზრდა ფოტოგრაფების და იმ სივრცის დამსახურებაც.
დამოუკიდებელი საგამოფენო დარბაზი გვაქვს, რომლის მსგავსი მეორე შეიძლება არ იყოს ქვეყანაში და ახლა, ამ ყველაფერს გვართმევს მერია. ანუ ის, რისი შესაძლებლობაც მოგვცა ევროპამ, გვართმევს გორის მერია, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს ჩვენი აქტიურობა და იმის თქმა, რომ „ნაომარი ქალაქი, ბოდიშს არ იხდის“- ამბობს ოთო.
ინსტალაცია – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“, ახალგაზრდა აქტივისტებმა გასულ წელს, გორის ხელოვნების სახლში გამოფინეს იმის საპასუხოდ, როცა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილმა გორში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.
„იმდენად უარყოფითი ემოცია მოჰყვა ამას ადგილობრივ მოსახლეობაში, რომ მათ პარტიულ მომხრეებშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია. ტაშიც კი არ დაუკრეს ამ შეხვედრაზე მყოფმა ხალხმა და აქა-იქ გაისმა მხოლოდ ხმა.
ჩვენ ამ ინსტალაციით ვუპასუხეთ ბოდიშის მოხდას. რა თქმა უნდა ეს არ მოეწონა „ქართულ ოცნებას“ და მესამე დღეს მერიამ მოგვწერა წერილი, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდათ სივრცე და სამ დღეში უნდა დაგვეცალა ის შენობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და ფუნქციურად დავტვირთეთ“-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
ახლა საქმე სასამართლოშია და გორის ფოტოგრაფთა კლუბი დავას განაგრძობს იმ შენობის შესანარჩუნებლად, რომელიც გორის მერიას წლებია სანაგვედ ჰქონდა ქცეული.
ოთო მიიჩნევს, რომ შენობის წართმევის კიდევ ერთი მოტივი ახალგაზრდა ფოტოგრაფების და აქტივისტების წინააღმდეგობა იყო რუსული კანონის გამოც.
„ჩვენ ვიყავით იმ სარჩელის ხელმომწერებიც, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა და ბუნებრივია მონიშნული ვიყავით („ოცნების“ მიერ) და ველოდით კიდეც, რომ ეს მოხდებოდა.
გველაპარაკებიან რაღაც გეების ქორწინებაზე და ათას სისულელეზე. თავიდან მართლა ყველას გვეცინებოდა ამ ყველაფერზე, მაგრამ რეალურად, პრობლემაა ის, რომ სიტყვას დააკარგინეს საერთოდ ფასი, ღირსებას დააკარგინეს ფასი, მშვიდობას დააკარგინეს ფასი და ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მეგობრები და ნაცნობები, ოჯახის წევრებიც კი გადაკიდეს ერთმანეთს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში და უფრო მეტი ფული იშოვონ.
იმდენად გადავგვარდით, რომ მზია ამაღლობელის ამბავზეც კი მათი მომხრეები გაიძახოდნენ – „დასაჭერია, აბა რა“. ქალს კაცმა ხელის დარტყმაზე როგორ უნდა უჩივლო? აი, ასეთი რაღაცის ნორმალიზებას ეწევიან.
საკუთარი ოჯახის წევრები რომ დააბეზღა ერთმა კომუნისტმა, ასეთი ხალხი მივიღეთ ხელისუფლებაში. მეტი გადაგვარება რა გინდა. ევროპის დაკარგვაზეც აღარ არის უკვე საქმე, ადამიანური ღირსების დაკარგვაზეა საუბარი“ – ამბობს ოთო.
მისი თქმით, ბრძოლა, რომელსაც დღეს ვხედავთ ქუჩებში, არ უნდა გაჩერდეს.
„ქუჩა იქნება, შენობა თუ სხვა სივრცე, ყველგან, ყველგან უნდა გაგრძელდეს ბრძოლა.
ხალხში უნდა გავიდეთ, პირდაპირი მნიშვნელობით და ველაპარაკოთ სხვა ადამიანებს ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე.
თუმცა დღეს, ისეთ სამყაროში ვართ, რომ მარტო არაფერი გამოდის და გარედანაც გჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ გვჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკა. უნდა ვაჩვენოთ ყველას, როგორ ძალადობს სისტემა ხალხზე, ახალისებს მოძალადეებს და ღირსებით ორდენებით აჯილდოებს.
ამიტომ ძალიან სწორი იყო პოლიციელების და მოსამართლეების დასანქცირება რაღაც დონეზე, მაგრამ თუ ეს პროტესტი გაჩერდა, თუნდაც ერთი დღით, ჩათვალეთ, რომ მთელი ეს 265-დღიანი ბრძოლა წყალში ჩაიყრება და ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ.
ავტორიტარიზმი გვაქვს უკვე ქვეყანაში და თუ ეს პროტესტი გადატეხეს, მერე შეიძლება კიდევ 20 წელი დარჩნენ ხელისუფლებაში“ – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, უკვე ისტორიაა და მას რუსეთის მეხოტბეები, სხვანაირად ვერ გადაწერენ.
„ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ერთი ან ორი მემატიანე აღწერდა ისტორიას. საბედნიეროდ, ციფრული მეხსიერების ეპოქაში ვართ და სულ რომ გადაწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები და წიგნები, ფაქტებს ვერაფერს უზამენ.
საბჭოთა კავშირმაც კი ვერ წაშალა სრულად ის წინააღმდეგობა, რასაც საქართველოს გასაბჭოების პერიოდში დააწყდა და ვერც დღევანდელ წინააღმდეგობას წაშლიან. ყველას ნამოქმედარი და ნათქვამი იწერება ციფრულ ისტორიაში“-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
ამავე თემაზე:
„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი






