„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს და ევროპის ერთიანობა პუტინისთვის?
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარიგება შედგება რუსეთს და დასავლეთს შორის,“ – ამბობს ანალიტიკოსი.
პოლიტოლოგს ვკითხეთ საქართველოზეც – ამ მოცემულობაში რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე რუსეთს ზურგი აქციეს?
- ბატონო შოთა, რას აჩვენებს თქვენთვის თეთრ სახლში ევროპელი ლიდერების შეხვედრა? ევროპელი ლიდერების გზავნილებიდან რა იყო თქვენთვის ყველაზე საყურადღებო?
გამოიკვეთა ის, რომ ევროპის სურვილია, არ დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდის მიღმა.
თუ გახსოვთ, გაზაფხულზე საუდის არაბეთში უშუალო კონტაქტი შედგა რუსულ და ამერიკულ მხარესთან და ევროპა იყო გარეშე. მაშინ გაჩნდა ეს განცდა, რომ არ არიან მოლაპარაკების მაგიდასთან. მგონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამბობდა თავის დროზე, თუ არ ხარ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხარ მენიუში. დაახლოებით, აი, ამის შიში არსებობს ევროპაში, დასავლეთში – არ დარჩეს მოლაპარაკების მაგიდის მიღმა!
გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით.
გუშინ CNN-თან იყო ფინეთის პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ ფინეთმა ძალიან კარგად იცის, რა არის რუსეთი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთმა გამოიარა დაახლოებით მსგავსი – რუსეთთან ომი, რაც სამ თვეს გრძელდებოდა. განსხვავება ის არის, რომ მაშინ ფინეთი იყო მარტო. დღეს უკრაინას უკან უდგას დასავლეთი, ამ შემთხვევაში დასავლეთ ევროპა, რაც ამ მხრივ მნიშვნელოვანია. მთავარი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ რომ უკრაინა არ არის მარტო.
- ეს იმის ხაზგასმაა, რომ უკრაინის ბედი არ არის დამოკიდებული მხოლოდ აშშ-ზე?
კი, რა თქმა უნდა. ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან: ტრამპს აქვს შედარებით არატრადიციული, მოდი, ესე ვთქვათ, ექსტრაორდინარული და არატრადიციული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მას აქვს უფრო მეტად „ბიზნეს-მაინდიდ“ მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას სჭირდება, რაც შეიძლება მალე დაინახოს შედეგი და შემდეგ ეს შედეგი გაყიდოს, როგორც შიდა აუდიტორიაში, ასევე გარეთ.
ტრამპი ბევრჯერ იმეორებს, რომ მან შეძლო რამდენიმე ცხელ წერტილში, განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც 30 წელია კონფლიქტი მიმდინარეობდა, ამის უცებ დასრულება. მას აქვს იგივე მიზანი უკრაინაში, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს ომი, ან ყოველ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანოს. ამიტომ, ისეთი რაღაცები, როგორიც არის, ვთქვათ, ტერიტორიული საკითხები, ყირიმის საკითხი, აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი და ასე შემდეგ, მისთვის მეორეხარისხოვანია ამ ფონზე.
სწორედ აქ შემოდის ევროპა, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდაზე შემოაქვს ასეთი საკითხები: „რას ვშვრებით ყირიმში? რას ვუშვრებით იმ ბავშვებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინიდან მოიტაცეს და ახლა იმყოფებიან რუსეთში?“ – ეს ჩანდა გუშინდელ გზავნილებში.
ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა არის ის, რომ ევროპამ უფრო მეტად უნდა იტვირთოს თავის თავზე თავდაცვის ხარჯები.
- მაკრონი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად ნიშნავს ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას.
ევროკავშირს აქამდე ჰქონდა ფუფუნება, რომ ყოფილიყო ნატოს ქოლგაში, რომელშიც ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების წილია. ეს საშუალებას აძლევდა ევროკავშირს საკუთარი ფინანსები, მაგალითად, გაეშვა სოციალურ საკითხებზე, ჯანდაცვაზე. ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომაა – დროა, ევროკავშირმა უფრო მეტი ტვირთი აიღოს თავის თავზე და მაქსიმალურად დისტანცირდეს ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხებისგან.
ეს გადაწყობა კი, არ არის მარტივი. ერთ და ორ წელიწადში არ მოხდება ევროპისთვის ეს გადაწყობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყობის პროცესში, როგორღაც ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს ჩართული, როგორც უსაფრთხოების გარანტი.
გუშინდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანსაც, რომ ეს კავშირი არ გაწყდეს ევროპის კონტინენტს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
- ევროპისთვის აშკარაა, რომ აშშ-ს აქტიური ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად რთული იქნება უსაფრთხოების გარანტიების შექმნა იგივე უკრაინისთვის?
რა თქმა უნდა. მასშტაბები, რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს – ფინანსური, ან რასაც თავდაცვაში ხარჯავს, ტექნოლოგიური – იარაღის წარმოების კუთხით და ასე შემდეგ – ამას ვერ დაეწევა ევროკავშირი ასე მარტივად. ამას დასჭირდება დრო.
იგივე თავდაცვითი ფონდის იდეა, რომელიც ევროკავშირმა გააჟღერა, წლებზეა გათვლილი და არა დღეს და ხვალ.
- რას უნდა ელოდეს ამ დროს უკრაინა? ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის თქმით, ტრამპის მზაობა, მიიღოს მონაწილეობა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებში, სრულ თანხმობაშია მსურველთა კოალიციის გეგმებთან.
ამ კუთხით დეტალები ჯერ უცნობია და ნაადრევი იქნება დასკვნების გამოტანა. მე პირადად დასავლეთის ჯარის განლაგება, ან დასავლეთის ჩართულობა სამხედრო თვალსაზრისით კონფლიქტში, ამ ეტაპზე ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია.
მაგალითად, ცეცხლი შეწყდა და სამშვიდობო ძალები განლაგდა უკრაინაში, ვთქვათ, ფრანგული, ბრიტანული სამშვიდობო ძალები, მაგრამ ამ სამშვიდობო ძალებს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის გარეშე ძალიან გაუჭირდება ეფექტური ცეცხლის შეწყვეტის კონტროლი, იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტაში იგულისხმება ისიც, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, ამ სამშვიდობო ძალების ფუნქცია უნდა იყოს ამ ცეცხლის შეწყვეტის აღკვეთა. ამის კონტროლი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო დახმარების გარეშე იქნება ძალიან რთული.
ჯერ ცოტა ნაადრევია რამე კონკრეტულზე საუბარი. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რაზეც არის ლაპარაკი, ესაა გარანტიები უკრაინისთვის დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს, მაგალითად, ტაივანს ამერიკასთან: იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი თავს დაესხმება ტაივანს, ამერიკის შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას იღებს, რომ იარაღს მიაწვდის შეზღუდული რაოდენობით, რაც დასჭირდება ტაივანს თავდაცვისთვის.
- თქვენი დაკვირვებით, ამ შეხვედრების შემდეგ რამდენად გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების პირობა?
ჩემი აზრით, უკრაინისთვის ამ ეტაპზე რთულია ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება. ფაქტია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს უკრაინელები ეფექტურად ვერ აკონტროლებენ, არის ნაწილი, რომელიც რუსეთმა კონსტიტუციით გამოაცხადა თავის ტერიტორიად და რუსეთი ახლა წინაპირობად ასახელებს, ეს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი, ოფიციალურად იქნას აღიარებული რუსეთის ტერიტორიადო. ამაზე უკრაინისთვის დათანხმება არის ძალიან რთული. უკრაინის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ამაზე დათანხმება ფაქტობრივად პოლიტიკური თვითმკვლელობის განაჩენია.
მეორეს მხრივ, ბუნებრივია, უკრაინას ძალიან სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, იმისთვის, რომ ამოისუნთქოს, მოძლიერდეს და დაიწყოს ხელახალი, შესაძლო მომავალი კონტრშეტევისთვის მზადება. ამ ეტაპზე უკრაინისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს არსებული კონფლიქტის გაყინვა, თუმცა ამავდროულად ამ მოცემულობის აღიარება, როგორც ოკუპაციის და არა, როგორც რუსეთის ტერიტორიის. დაახლოებით ისე, რაც გვაქვს საქართველოში: ჩვენც არ გვაქვს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი არღვევს.
- რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ დროს აშშ-ს და ევროპის ერთიანობის დემონსტრირებას?
სწრაფი, ეგრეთ წოდებული ბლიც-კრიგი რუსეთს არ გამოსდის. ამიტომ, მას აქვს გრძელვადიანი გათვლა. გრძელვადიან გათვლაში იგულისხმება ის, რომ ტრანსატლანტიკურ ერთობაში შეიტანოს განხეთქილება. პუტინის მოლოდინია, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლელ პარტნიორებს შორის შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება.
ამას დაემატება ისიც, რომ შეიძლება 3-4-5-წლიანი კონფლიქტით უბრალოდ გადაიღალონ დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, რომლებიც ცოტა შორს არიან რუსეთისგან და ვთქვათ, პირადად, ისტორიულად ეს გამოცდილება არ აქვთ, მაგალითად, ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. საუბარია ქვეყნებზე, ვისთვისაც ასეთი აქტუალური არ არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. პუტინის გათვლით, ხანგრძლივ პერსპექტივაში უკრაინას დაფინანსება შეუმცირდება და იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს. ამიტომაც არ ჩქარობს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას.
მეორეს მხრივ, დასავლეთში ძალიან კარგად ესმით, რა არის პუტინის ტაქტიკა და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, რომ ამას დაუპირისპირონ აი, ეს კოორდინაცია, ერთიანი მოქმედება.
- დასავლეთის გათვლაა, რომ რუსეთის რესურსები იკლებს? ეს ერთიანობა რა გზავნილია პუტინისთვის?
ბუნებრივია, ეს ომი რესურსების გამოფიტვაზეა, მაგრამ ამავდროულად მხარეები ახალ რეალობასაც ერგებიან. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც დრონებში აშკარად უკრაინას ჰქონდა უპირატესობა და მან ამ კუთხით მნიშვნელოვნად დაჩაგრა რუსეთი, მაგრამ როგორც სხვადასხვა ექსპერტი ამბობს, ნელ-ნელა ამ რეალობას მოერგო რუსეთი და რუსეთმაც შეიმუშავა საპასუხო ტაქტიკა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსი ბევრად უფრო დიდი აქვს რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ყველაზე მეტად უკრაინას ახლა რაც უჭირს, ეს არის ადამიანური რესურსი… დასავლეთის მიზანია, რომ პირველ რიგში, სასწრაფოდ ცეცხლი შეწყდეს, ოღონდ ისეთ პირობებზე, რომელიც არ იქნება უკრაინისთვის დანებების ან მარცხის ტოლფასი.
დასავლეთისთვის იმედისმომცემია ამ ერთიანობის დემონსტრირება. საბოლოო ჯამში პუტინს ერთადერთი, რაც ესმის, არის ძალის ენა. პუტინთან საუბარი დათმობით არ ჭრის. ეს ერთიანობა აჩვენებს მზაობას, რომ უფრო მტკიცედ დაუდგნენ უკრაინას.
- საქართველოზეც მინდა გკითხოთ – რას შეიძლება ველოდეთ ჩვენ სამხრეთ კავკასიის ბოლო ტენდენციის გათვალისწინებით, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ზურგი აქციეს რუსეთს?
საქართველოს შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობის მაგივრად ხდება რაღაც სხვა ალტერნატივის შეთავაზება. რუსეთის იმ პრეტენზიას, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს, აშშ, როგორც ჩანს მიიღებს, როგორც მოცემულობას, ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ნატოში წევრობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე საუბარია მოლდოვა-უკრაინის გაყოფაზე ევროკავშირში გაწევრების კუთხით: უკრაინას ბლოკავს უნგრეთი, ასევე სლოვაკეთი, მოლდოვის მიმართ კი, ეს პრეტენზიები არ აქვს ამ ორ ქვეყანას, ამიტომ არის საუბარი, რომ შეიძლება მოლდოვა ცალკე პაკეტში განიხილონ და დაჩქარდეს მოლდოვის საკითხი. ეს ასევე ძალიან ცუდი ნიშანი იქნება საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გადაიწევს სადღაც უკან.
საქართველოსთვის ბუნებრივად მნიშვნელოვანია, რაზე შეთანხმდებიან რუსეთი და უკრაინა. გუშინ მაკრონმა ინტერვიუს დროს ახსენა ჯერ რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოში და მერე უკრაინა. ეს არაა შემთხვევითი და მიუთითებს იმას, რომ „2008 წლის ომის ქეისი“ არსებობს და ეს არსებობს დასავლეთის მეხსიერებაში.
- ელოდებით, რომ შესაძლოა გაიზარდოს რუსეთის ზეწოლა საქართველოზე?
ჩემი აზრით, რუსეთის ურთიერთობას საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებასთან აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რადგანაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები. რაც უნდა პრორუსული იყოს ხელისუფლება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე გაუჭირდება მას საერთაშორისო სამართლით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთან.
საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში ურთიერთობები გაფუჭებული აქვთ და იზოლაციაშია, რუსეთთან ამ ურთიერთობებს ვერ აღადგენენ. რაღაც გაურკვევლობაშია საქართველო.
მე უფრო ველოდები, რომ სომხეთზე იქნება ზეწოლა რუსეთის მხრიდან – სომხეთში მაინც აქვს რუსეთს ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისი გავლენები, გინდაც სამხედრო ბაზის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის უმრავლესობა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, სომხეთის რკინიგზა და ასე შემდეგ. მომავალი წლის ივნისში სომხეთში არჩევნებია. ამიტომაც, რუსეთი უფრო სომხეთზე გააკეთებს აქცენტს, მით უმეტეს, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დროებით მიიღო.
რუსეთი სომხეთში მაქსიმალურად ეცდება ჰიბრიდული ომის ტაქტიკით სათავისოთ შემოატრიალოს ვითარება.
რამდენად წარმატებული იქნება – ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. აქ ირანის ფაქტორიცაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლს თავის საზღვართან დიდად არ მიესალმება, აქ შემოდის შავი ზღვის როლიც – მოგეხსნებათ, უკრაინა შავის ზღვისპირა სახელმწიფოა. თუ უკრაინის უსაფრთხოებაში შემოვიდა დასავლეთი და შავი ზღვა გახდა დასავლეთის უსაფრთხოების სფეროს ნაწილი, საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფერში – საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან, ის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გარიგება შედგება რუსეთს და დასავლეთს შორის.
- მაგრამ შესაძლოა ზანგეზურის დერეფნით აგვიაროან გვერდი, თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ საქართველო უკვე რუსეთის აგენტია?
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანია ფაქტორია, მათ შორის, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც სჭირდება დრო, ასევე, სომხეთმა თურქეთთან უნდა დაალაგოს ურთიერთობები.
საქართველოს კი უკვე რამდენი ხანია აწყობილი აქვს შუა დერეფანი და გასასვლელი შავ ზღვაზე. შესაბამისად, უფრო იოლია უკვე არსებული ინფრასტრუქტურით ისარგებლო.
ასე რომ, საქართველოს ამ რეგიონში როლი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა რამდენად გრძელვადიანია ეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებს, ეს სხვა ამბავია.






