მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

21.08.2025 •
რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.

რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან?

„ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.

„ჩემთვის ეს არის მიუღებელი!

ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, არა?! მოსწონს ამ კაცს რუსები და რა გავაკეთო. მან ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა და როგორც მოხდა“, – ამბობს მურაზ რომელაშვილი „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე ვესაუბრეთ ლია ჩლაჩიძესაც, ერგნეთის ომის მუზეუმის დამაარსებელს, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა სახლ-კარი გადაუწვეს.

„არ ვიცი რა ვთქვა, თავზარდამცემი იყო ეს ჩემთვის, როცა ვნახე საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუ და წუხელვე მივწერე.

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარეა უკვე მესამედ თუ მეოთხედ. ყოველთვის ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მაგრამ ასე ღიად პრორუსული განცხადებები აქამდე არ მომისმენია. ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ალბათ კიდევ უნდა საკრებულოს თავმჯდომარეობა და თავს აწონებს პატრონებს.

თუ ასეთი განწყობა აქვს რუსების მიმართ, რომ „მშვიდობისმყოფელები“ დაუძახოს, მე რაღა ვთქვა მაშინ, როდესაც 9 აგვისტოს სახლში დავბრუნდი და დაფერფლილი დამხვდა სახლ-კარი, ყველაფერი. ზუსტად ეს მივწერე დავით რაზმაძეს წუხელ, მაშინ ჩემი სახლი და მთელი სოფელი რომ გადაწვეს რუსებმა, ისინი „მიშას ხულიგნები“ იყვნენ თუ რუსი „მშვიდობისმყოფელები“-მეთქი.

გაუგონარია ეს. აღშფოთებული ვარ“, – გვითხრა ლია ჩლაჩიძემ.

მისი თქმით, გორის საკრებულოს თავმჯდომარე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა რუსული ნარატივების გავრცელებაში.

„ამ ბოლო დროს, ძალიან დაიწყო „ქართული ოცნების“ ნარატივების გაჟღერება სხვადასხვა ფორმით და ეს მე არ მომწონდა. დღეს გამოუქვეყნეს უამრავი რაღაც, რაც მანამდეც უთქვამს თურმე და ესეც დავალება იყო „ოცნების“ თუ რა იყო, არ ვიცი.

მეც ვიყავი „ოცნების“ წევრი თავის დროზე, მაგრამ ბევრი დარტყმა მივიღე მათგან, როგორც მორალურად, ასევე სხვა მხრივ, რადგან ვხედავდი მათ პრორუსულ განწყობებს და წამოვედი მათგან.

დავით რაზმაძე არ არის მართალი. როგორ შეიძლება ამაზე არ გქონდეს ადეკვატური პასუხი, გორელი იქნები თუ სამტრედიელი, არ აქვს მნიშვნელობა.

ლია ჩლაჩიძე

ევროპის ყველა სასამართლომ გაამართლა საქართველო და თქვეს, რომ ომი დაიწყო რუსებმა. ჩვენ რატომ ვიდანაშაულებთ თავს, წულუკიანის კომისიის არ იყოს, არ ვიცი.

როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ მთელი მსოფლიო ოკუპანტს ეძახის რუსეთს და შენ „მშვიდობისმყოფელი“ ეძახო.

წნევამ ამიწია, ეს რომ წავიკითხე. როგორ შეიძლება გმირების გაუფასურება.

მე ეროვნულ მუზეუმში საპატიო ადგილზე მაქვს ანწუხელიძის სურათი და ცრემლებით ვყვები ამ კაცის გმირობის ამბავს. როგორ შეიძლება ანწუხელიძე გამოიყვანო დამნაშავედ ამ ომში.

არ შეიძლება ამის მშვიდად ყურება. ესენი უნდა წავიდნენ, წაშავდნენ. როგორმე უნდა მოიყაროს ერთად თავი ეროვნულმა ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს მომავალს არ დაუკარგავენ.

აი, ასეთი ხალხი კი, 50 წლით კიდევ უკან გვხევენ“, – ამბობს ლია ჩლაჩიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა გორის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ბექა ქორჩილავას.

გორის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია ამ განცხადებების გამო, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.

„ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარისგან. რასაც იძახის ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა  ჩინოვნიკები, იმას ახმოვანებენ დღეს გორის მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელია დავით რაზმაძე, რომელიც 2008 წლის ომში ადანაშაულებს ჩვენს სამხედროებს, ჩვენს გმირებს, ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს.

ეს არის სამარცხვინო რამ და გორელების შეურაცხყოფაა.

ამიტომ, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავიწყეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროცედურული საკითხები, დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის საკრებულო მალე დაასრულებს მუშაობას, პროცედურულად მაინც შესაძლებელია თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაწყება.

„შემდეგ სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია იმსჯელებს, ანუ პროცედურულად შესაძლებელია. „ქართული ოცნების“ პირობებში, ძნელია, ზოგადად, სამართალს მიაღწიო, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ გორმა და გორელებმა.

ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოები აქვს დალეული.

მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, რაზმაძემაც შეცვალა „პლასტინკა“, როგორც იტყვიან და გახდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

2017 წლიდან გორის საკრებულოს წევრი ვარ და ეს კაცი მუდმივად იყო დაკავებული წინა ხელისუფლების ლანძღვით და ზოგადად, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ამ ადამიანის მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის.

ლანძღავდა ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ჰქონდა დიდი განცხადებები, „ევროკავშირი დაინგრესო“ ამბობდა და ზოგადად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე არ იყო.

მე შინდისიდან ვარ. ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ აგვისტოს კვირეულზე ამოდიან სოფელ შინდისში, იქ მოჩვენებითად ცრემლებს ღვრიან და იქიდან, მემორიალიდანვე განცხადებას აკეთებენ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყო ომი.

ეს არის სამარცხვინო და მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ადამიანმა და დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.

ასეთი ადამიანები არიან დღეს „ქართული ოცნების“ სახეები იმ ქალაქში, სადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ათობით რუსული ბომბი ჩამოცვივდა“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

დღეს, 21 აგვისტოს, გორში საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ საპროტესტო აქცია იგეგმება გორის საკრებულოსთან.

„მოგიწოდებთ! ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტებს, დღეს ყველას გელოდებით გორში! ეს არ არის მხოლოდ გორის სირცხვილი ეს ყველაფერი საქართველოს ღირსებაზე გადის! მნიშვნელოვანია რომ საჭირო და დროული პასუხი გაეცეს ამ არარაობას!“ – ნათქვამია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

დღეს, 21 აგვისტოს, „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელმაც თქვა, რომ მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი არასწორადაა გაშუქებული და „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია, რომელიც ომის კორესპონდენტის, სკოტ ანდერსონის მომზადებულია, ცილისწამებაა. ამავე დროს, რაზმაძემ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა, რომ ომის პროვოცირებაში სააკაშვილი დაადანაშაულა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე 2023 წელსაც მოექცა მედიის ფოკუსში. რაზმაძემ მაშინ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, თქვა, რომ „მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს“ და „ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს, მოუნდება იქით [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] გააგრძელოს ქეიფი, ილოცოს … არ შეიძლება!“

რაზმაძის განცხადება ფაქტობრივად მიემართებოდა რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თამაზ გინტურის მკვლელობას – 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა.

ამავე თემაზე:

რა (არ) თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ NYT-თან ინტერვიუში რუსეთზე და ევროკავშირზე?

______________

მთავარი ფოტო: ლია ჩლაჩიძე/ფეისბუქის გვერდიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: