„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე.
ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ პუტინის მოთხოვნას ტერიტორიების გაცვლაზე არავინ გაიზიარებს და ეს აბსურდია.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, ტრამპი-პუტინის და შემდეგ უკვე თეთრ სახლში ევროპელი ლიდერების ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რა ჩანს თქვენი აზრით? რაზე შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთი და უკრაინა?
შეთანხმებაზე რა გითხრათ. საუბარი იქნება ალბათ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომლის კონტურებიც გამოჩნდა უკვე. საუბარია ასევე გარანტიებზე, რომელიც შეიძლება მიიღოს უკრაინამ და ეს გარანტიები ნამდვილად არ იქნება ის, რაც პუტინმა შესთავაზა უკრაინას. არ ვიცი, ცინიზმია, ტყუილი, თუ ირონია, როცა პუტინი დაგპირდება, არ დაგესხმები თავსო. როგორ ასრულებს რუსეთი თავის დაპირებებს, ჩვენც კარგად მოგვეხსენება და უკრაინასაც.
ძირითადად სამი ფორმაა, რაც შეიძლება გამოიყენოს დასავლეთმა გარანტიისთვის. ერთია დამკვირვებლები, რომელიც არც თუ ისე ძლიერი ვარიანტია – დამკვირვებლები 2014 წელსაც იყვნენ უკრაინაში და მათი ეფექტიანობა არ იყო მაღალი.
მეორეა – კონტინგენტი, რომელიც გადანაწილებული იქნება საზღვრის გაყოლებაზე. ეს იქნება უცხოელებისგან, დასავლეთის მიერ გამოგზავნილი სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი კონტინგენტი, მას შემაკავებელი ფაქტორი ექნება, ვინაიდან იგივე ბრიტანელი ჯარისკაცის ან ფრანგის სამხედრო მოსამსახურის მოკვლა ადვილად არ გაუვა რუსეთს.
მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება. როგორც ვხვდები, დასავლეთი ცდილობს, ჩინეთმაც მიიღოს მონაწილეობა ამ სამშვიდობო გარანტიებში. სხვათა შორის, თავიდან სწორედ ჩინეთმა შესთავაზა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა იმ პოზიციებზე, რომლებზეც იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინ უკრაინამ უარი თქვა და მოითხოვა 2014 წლის მდგომარეობაზე დაბრუნება.
ვთვლი, რომ მთავარი გარანტორი უკრაინისთვის მაინც არის თავად უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა, რომელიც უნდა გაძლიერდეს აუცილებლად.
- თუ შემუშავდება ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ამ შემთხვევაში რა ხდება? მსგავს მოდელს აქამდე თუ უმუშავია რომელიმე ქვეყნისთვის? ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ძირითადი როლი ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ.
დეტალების გარეშე ძნელია საუბარი, თუმცა ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთი აიღებს თავის თავზე – ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ დასავლეთი – უკრაინისთვის გარანტირებულად დახმარებას. ფაქტობრივად, უკრაინა იღებს იმ დახმარებას, რაც გათვალისწინებულია მე-5 მუხლით, ისე, რომ ფორმალურად არ არის ნატოს წევრი.
ეს ჩვეულებრივი და მიღებული შეთანხმებაა: თუ დაესხმება ვინმე რომელიმე მოკავშირეს, ხელშეკრულების მონაწილეს, წევრი ქვეყნები მას ეხმარებიან. რუსეთსაც აქვს მსგავსი ორგანიზაცია – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, მაგრამ არ სრულდება მისი პირობები – ეს სომხეთმა ყველაზე კარგად იცის.
- ამბობთ, რომ ყველაზე დიდი შანსია ცეცხლის შეწყვეტაზე შედგეს შეთანხმება. ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, ტრამპი აღარ ახსენებს ცეცხლის შეწყვეტას, იგი ლაპარაკობს იმაზე, რომ აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას მოვაწყობ და დასრულდება ეს ომიო.
ტრამპის გამონათქვამებს ვერ შევაფასებ: დღეს ერთს იძახის, ხვალ – მეორეს. უფრო საყურადღებოა ის, თუ რას გააკეთებს.
ამ მოლაპარაკებებს აქვს თავისი ლოგიკური თანმიმდევრობა, ალგორითმი. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ჯერ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, რათა შემდეგ გაგრძელდეს მოლაპარაკება ნორმალურ ვითარებაში. ცეცხლის შეწყვეტა პირველი ნაბიჯია ამ რთულ მოლაპარაკებებში.
ბევრს მოჰყავს მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი: შეკრიბა ტრამპმა და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელიო, მაგრამ იქ სულ სხვა ვითარება იყო – არ იყო საომარი დაპირისპირება, მოიგო ომი აზერბაიჯანმა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შეხვედრა.
აქ ბრძოლა მიმდინარეობს, ბომბები ფეთქდება და ხალხი იღუპება. აქ ნორმალურ მოლაპარაკებაზე, მშვიდობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდება. ამისკენ მიდის ეს გზა. მართლდება ჩემი ეს ვარაუდი. დასავლეთი სწორედ აფასებს დიპლომატიური გზებით ამ ვითარებას – ნებისმიერი მოლაპარაკების წარმატებისთვის აუცილებელია ჯერ ცეცხლის შეწყვეტა.
იმ პირობების შესრულება, რომელიც გააჩნია ამ ეტაპზე რუსეთს ან უკრაინას – არ არის მიღწევადი. არც უკრაინა და არც რუსეთი ერთიმეორის მიერ დასახლებულ მოთხოვნებს არ შეასრულებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მიღწევადია ხანგრძლივი ვადით.
წინა ინტერვიუებში აღვნიშნე და გავიმეორებ: აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს ყარაბაღში: ასე რომ, უკრაინა უნდა გაძლიერდეს და დაელოდოს თავის მომენტს.
- რაც შეეხება ტერიტორიების გაცვლას – რა სამხედრო გათვლებით მოქმედებს პუტინი?
აბსოლუტური სისულელეა, რა უნდა გითხრათ ამაზე? მარტო რუსული ლოგიკა შეიძლება იყოს ასეთი, რომ მოდი, მე შენ წაგართმევ ტერიტორიას, მერე ამ ტერიტორიის ცოტა ნაწილს უკან დაგიბრუნებ და ბევრი მე დამრჩება.
- რის დათმობას აპირებს პუტინი უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორიიდან?
ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ნაწილებზეა საუბარი – ამ ოლქებში დიდი მონაპოვარი ისეც არ გააჩნია რუსეთს.
გაითვალისწინეთ, რომ 2022 წლიდან, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, რუსეთმა დაიკავა 5845 კვადრატულ კილომეტრამდე. ეს, მონაცემები ეფუძნება ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებს და ასევე მარტივად შეიძლება გაიზომოს სამხედრო მოქმედებების რუკებიდან. ეს არის უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 1%.
ამჯერად რუსეთი დაკავებული ტერიტორიის – ამ 1 %-ის მეათედზე ეუბნება უკრაინას, დაგიბრუნებ და სამაგიეროდ მომეცი დანარჩენი ტერიტორიები, რომელიც მე ვერ დავიკავეო. ამ დროს საუბარი ისეთ გამაგრებულ რაიონზე, როგორიცაა კრამატორსკი-სლავიანსკის აგლომერატი.
- ამ ტერიტორიის აღების შანსი რუსებს ისედაც არ აქვთ?
რა შანსი აქვთ? რუსებს კუპიანსკისთან ჰქონდათ წარმატებები: 10 კილომეტრით სიღრმეში შევიდნენ, მაგრამ მარწუხები მოჭრა ახლა ეროვნული გვარდიის პირველმა კორპუსმა, ანუ „აზოვმა“. ეს იყო რუსეთის რეკლამირებული შეტევა, როდესაც 15 კილომეტრზე წაიწიეს წინ ისე, რომ აი ამ გარღვევის სიგანე 1 კილომეტრიც არ იყო. ნებისმიერი სამხედრო თეორიით, გარღვევის სიგანე უნდა იყოს 4-6 კილომეტრი მინიმუმ მაინც, რათა არ მოხდეს ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგზე მთელი ამ გარღვევის ტყვიამფრქვევების, ან მცირე და საშუალო კალიბრის იარაღით სრული გაცხრილვა.
15 კილომეტრზე შესულ ნაწილს, ერთ კილომეტრის სიგანის დერეფნით რა მხარდაჭერა, ან მომარაგება უნდა ჰქონოდა? ეს გამოიყენეს უკრაინელებმა და მოწყვიტეს ეგრევე „რქები“ – გაჭრეს შუაზე ვითომდა რუსეთის წარმატებული მარწუხები.
- პუტინი ასევე ითხოვს დონბასის სრულად დათმობას. აქ რა უპირატესობის მოპოვებაზე აქვთ გათვლა რუსებს?
შემდეგ იწყება სტეპი – ტრიალი მინდორია, სადაც შეტევა გაუადვილდება რუსეთს. ამის გადაცემა რუსებისთვის ნიშნავს, რომ სამხრეთიდან მიადგებიან უკვე ხარკოვს და გაუადვილდებათ სამხედრო მოქმედებები.
აქ გამაგრებული თავდაცვითი რაიონია კრამატორსკი-სლავიანსკი, რომელიც ამ დროისთვის სრულად ფორტიფიცირებულია თავისი დასახლებული პუნქტებით, საინჟინრო მოწყობილობებით, კარგად ორგანიზებული და გატესტილი თავდაცვის კონფიგურაციით. აქვეა გაბატონებული სიმაღლე, რომელსაც შავი მთა ჰქვია, თუ არ ვცდები, საიდანაც სრულად კონტროლდება მისადგომები.
რატომ უნდა „აჩუქოს“ ეს ახლა უკრაინამ რუსეთს?
რუსეთი ამ დროს ამბობს სუმიდან ჯარებს გავიყვანო. სუმში სულ ორიოდე სოფელს აკონტროლებს რუსეთი, შეაჩერეს ისედაც უკრაინელებმა რუსები სუმში. რუსები ასევე ამბობენ, ხარკოვის იმ მცირე ტერიტორიებსაც დავაბრუნებო და სამაგიეროდ მთელ დონბასს ავიღებო. ეს რა ლოგიკაა, ვინ დათანხმდება ამას?
- ეს უბრალოდ პუტინის სურვილებია, რომელიც არანაირი ლოგიკით არ აწყობს ზელენსკის?
ეს პუტინის „ნამიანი სიზმრების“ გამოხატულებაა, მეტი არაფერი.
- რა რეალობის წინაშე აღმოჩნდა პუტინი – აწყობს მას ომის გაგრძელება?
არ ვიცი, პუტინს რა აწყობს, მაგრამ პუტინის ხელისუფლების ყოფნის დროს სულ ომებია – მას აწყობს პერმანენტული დაპირისპირება.
დააკვირდით: ჯერ იყო ჩეჩნეთის მეორე ომი, მერე საქართველო, 2014 წელი – უკრაინა და სირია, შემდეგ 2022 წელი… პუტინს აწყობს ომები, მაგრამ მას ძალა ეფიტება ომის გასაგრძელებლად და საბოლოო გამარჯვებისთვის. ამ ტემპით შეუძლია რუსეთს ომის გაგრძელება დაახლოებით 5-6 წელი: ორი მეტრით წინ წაწევა და ორი მეტრით უკან დახევა, მაგრამ მას ყველაზე მეტად სულის მოთქმა სჭირდება, თუ ის აპირებს, ჰქონდეს მნიშვნელოვანი წარმატება.
იგივე მარკ რუბიოს განცხადებით, ბოლო ერთ თვეში რუსეთმა 20 000 კაცი დაკარგა. აღარ ვახსენებ ეკონომიკურ დანაკარგებს, რომელიც ძალიან დიდია რუსეთისთვის. მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინელების დარტყმების შედეგად 74 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დაკარგული.
ამიტომაც, რუსეთს სჭირდება სულის მოთქმა, მაგრამ არა ომის დასრულება. რუსეთისთვის იდეალური ვარიანტია ცეცხლის შეწყვეტა, რადგანაც ამ შემთხვევაში, ჯარები რჩებიან პოზიციებზე. ეს არ ნიშნავს, რომ უკან წამოვა ამდენი მებრძოლი, ყოფილი სამხედრო, რომლებსაც დაუბრუნდებიან თავიანთ გაუბედურებულ სოფლებს, არც ხელფასი ექნებათ და არც ნორმალური სოციალური დაცვა და კიდევ უფრო დამძიმდება სოციალური ფონი.
ცეცხლის შეწყვეტა მისცემს საშუალებას რუსეთს, რომ მოემზადოს და ხუთი წლის შემდეგ კიდევ გააგრძელოს ან სხვაგან გადაიტანოს, დაიწყოს რაღაც გარკვეული სამხედრო მოქმედებები.
- რამდენად ძლიერდება და იცვლება ამასობაში უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები?
ახლა უფრო დახურულია ეს მონაცემები. ფაქტია, რომ აშშ ეხმარება უკრაინას დასავლეთის ფულით.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა უკვე შეიარაღების 40 %-ის თავად აწარმოებს. ბოლო მიღწევა „ფლამინგოა“, ადგილობრივი წარმოების ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც 3000 კილომეტრამდე მოქმედებს. უკრაინელები ამბობენ, რომ „ფლამინგო“ უკვე გამოიყენეს საბრძოლო მოქმედებებში და ახლა აპირებენ მის სერიოზულ წარმოებას – თვეში 50 ერთეულამდე.
„ფლამინგო“ ფრთოსანი რაკეტაა, „ჭკვიანი“ სისტემებით აღჭურვილი, რომელიც საშუალებას იძლევა თავი აარიდოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაიონებს. ეს რაკეტა უკრაინელებმა დასავლეთის დიდი მხარდაჭერით დაამზადა და მაღალტექნოლოგიურია.
უკრაინელები ასევე ავითარებენ უპილოტო გამანადგურებლების წარმოებას, რაც უპილოტო საფრენი აპარატის, ძირითადად „შაჰედების“ და სადაზვერვო „ორლანების“ წინააღმდეგ გამოიყენება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინელების მხრიდან.
ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა გრძელდება.
ჩემი სუბიექტური აზრით, თუ ტრამპი საერთოდ ჩამოცილდება მოლაპარაკებების პროცესს და მხოლოდ იარაღის გაყიდვით დაკავდება, უკეთესი იქნება. ნაკლებ აურ-დაურევს ვითარებას. ამ მოლპარაკებებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს.
უკრაინა 50%-მდე უნდა ავიდეს თავისი იარაღის წარმოების შესაძლებლობით – ამისთვის ყველა ფაქტორი არსებობს. უკრაინის პრობლემაა დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობასა და ფრონტის ხაზზე: რუსეთისგან განსხვავებით უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, თუმცა შეგუებული არიან იმასაც, რომ ეს ომია და აგრძელებენ ბრძოლას.






