დღეს, 20 აგვისტოს, აქტივისტი თამარ კურატიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2000 ლარით დააჯარიმა.
სამოქალაქო აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს.
6 აგვისტოს საღამოს, იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გაჩნდა მზია ამაღლობელის სტენსილი – „სილა რეჟიმს“.
შსს-მ გარე სათვალთვალო კამერები ამოიღო და ასე დაადგინა სტენსილის ავტორი.
თამარ კურატიშვილმა დღეს არ უარყო, რომ სტენსილი მისი გაკეთებული იყო, თუმცა იქვე განმარტა, რომ რაც გააკეთა, ყველაფერი ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.
სასამართლოზე თამარ კურატიშვილი მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა და თქვა, რომ სტენსილები ნამდვილად მან გააკეთა, თუმცა მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
„სილა რეჟიმს“ – ეს სტენსილები არის ჩემი გაკეთებული. მე მიმაჩნია, რომ ეს ჯდება ჩემი გამოხატვის თავისუფლებაში. ეს წარწერები გაკეთდა 6 აგვისტოს, იმ დღეს როცა მზია ამაღლობელს განაჩენი გამოუტანეს. ეს სტენსილები იყო ბრაზი, რომლის გამოხატვაც მინდოდა.
მე ვარ აქტივისტი და ჩემი აქტივისტობის განმავლობაში ყოველთვის ვჯდებოდი კანონის ფარგლებში, ოღონდ კანონის, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.
მე წარწერები გავაკეთე იმ შენობის ღობეზე, სადაც დააკავეს მზია ამაღლობელი“, – თქვა თამარ კურატიშვილმა სასამართლო სხდომაზე.
შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ და თენგიზ კვირკველიამ სასამართლოზე მოიტანეს ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ აკეთებს აქტივისტი წარწერებს.
თენგიზ კვირკველიამ თქვა, რომ ამ სტენსილების შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო, შემდეგ დასქრინა და ოქმი შეადგინა.
თუმცა საქმის მასალების მიხედვით ჩანს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული სტენსილის ფოტოები ვინმე დანო დუმბაძემ დასქრინა და არა პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ.
„იკვეთება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაული“, – თქვა თეა ლაღაძემ და აქტივისტის დაჯარიმება მოითხოვა. მანვე თავის დასაბუთებაში სცადა მტკიცება, რომ აქტივისტის მიერ სტენსილის გაკეთება პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„პოლიციის დისკრედიტაცია არ ყოფილა ჩემი მიზანი, არასდროს მიცდია. არ ვეთანხმები ამ ბრალდებას. მეორეც, ვამბობ, რომ ჩემი გაკეთებულია ეს სტენსილები და მე არ უარვყოფ ამას, მაგრამ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.
მინდოდა რომ ეს გზავნილი – „სილა რეჟიმს“ დარჩენილიყო იმ შენობის ფასადზე, სადაც უსამართლობა მოხდა მზია ამაღლობელის მისამართით.
რაც შეეხება ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ დაწყებულია დევნა შინაარსის გამო და არა ფორმის. ებრძვიან სტენსილების შინაარსს.
რამდენი სტენსილია ბათუმის ქუჩებში? ქალბატონო მოსამართლევ, საინტერესო იქნება სტატისტიკის ნახვა, განყოფილებებიდან რამდენი მოგმართავთ იმ წარწერების გამო აი, კედლებზე რომ წერია – „გიორგი სად ხარ? „მეტალიკა“, „ნათია მიყვარხარ“.
როცა კონკრეტული შინაარსი ენიჭება ამ სტენსილებს, მხოლოდ მაშინ იწყება დევნა,“ – თქვა თამარ კურატიშვილმა საკუთარ სასამართლოზე.
„თუ იდენტიფიცირება ვერ მოხდა, როგორ მივმართავთ. ქმედებაა დარღვევა და არა შინაარსი,“- განმარტა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.
მოსამართლემ საბოლოოდ შსს-ს პოზიცია გაიზიარა და თამარ კურატიშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

„სილა რეჟიმს“






