ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის აშენებაზე 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – ახალი ტენდერი

25.08.2022 • 1788
ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის აშენებაზე 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – ახალი ტენდერი

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად ბათუმის მერიის სამმართველოსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიას დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე, მშენებლობა ევალებოდა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყვიტეს, კომპანიამ კი,  სასამართლოს მიმართა.

ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ მერიის სამმართველომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ამჯერად მხოლოდ „სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“.

პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ კი, სამმართველო ტენდერს მშენებლობაზე ცალკე გამოაცხადებს.

პროექტის მომზადებაზე, 700 ათასი ლარით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კი, გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა მოამზადოს.

„ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე“ ხელშეკრულება მერიის სამმართველოსა და „საბა კონსტრაქშენს“ შორის 2021 წლის 16 ნოემბერს დაიდო, 12 788 480 ლარზე.

სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 11 დეკემბრამდე მთლიანად უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ხელშეკრულება სამმართველომ ხუთ თვეში, 2022 წლის 3 მაისიდან შეწყვიტა.

მერიის სამმართველოს დირექტორის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ

  • „კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის, ანუ, 639 424 ლარის ოდენობით.
  • სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკურმა სამსახურმა განახორციელოს შესაბამისი საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებები.
  • შპს „საბა კონსტრაქშენზე“ დაკისრებული პირგასამტეხლოდან – 639 424 ლარიდან, 319 712 ლარის ანაზღაურება მოხდეს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი თანხა – 319 712 ლარი, აანაზღაუროს კომპანიამ.
  • დაევალოს სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გადააგზავნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესამაბისი მოთხოვნა კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციისათვის.“

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა და შესყიდვების პორტალზე, 24 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანია არა „შავ სიაში“, არამედ „თეთრ სიაშია“.

„თეთრი სია“ შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, ხოლო „შავი სია“ – შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი.

„შავ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს/პრეტენდენტებს, ამ სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება [შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, „საბა კონსტრაქშენს“ 2022 წლის 1-ელ აგვისტოსაც აქვს ხელშეკრულება დადებული მუნიციპალური განვითარების ფონდთან“].

„ბათუმელები“ შეეცადა კომენტარი მიეღო „საბა კონსტრაქშენიდან“, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს [ეს კომპანია ბათუმში ჟიული შარტავს გამზირზე მდებარე ხეივნის რეკონსტრუქციაზეც მუშაობს, სადაც ერთ-ერთი საფეხმავლო ხიდიც უნდა ააშენოს, რომელიც რკინის თაღში გაივლის].

ხომ არ მიმართა კომპანიამ სასამართლოს? – ამ კითხვით მერიის სამმართველოს მივმართეთ. სამმართველოს ასევე ვკითხეთ, თუ გადაუხადეს რაიმე თანხა წინასწარ კომპანიას და ამოღებულია თუ არა პირგასამტეხლო.

„საბა კონსტრაქშენს“ საჩივარი აქვს შეტანილი სასამართლოში. რაც შეეხება საგარანტიოთი გათვალისწინებულ თანხას, გადაიხადეს. ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხულია 319 712 ლარი. ჩვენ შესყიდვების სააგანტოსაც მივმართეთ, რომ შეეყვანათ კომპანია შავ სიაში“ – მოგვწერეს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

„ბათუმელები“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კომპანიის სიაში შეტანისა, თუ სიიდან ამოღების საკითხს, ვერ განიხილავენ.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ძაღლთსაშენის], იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცი მოსაწყობად თავდაპირველად ტენდერი სამმართველომ, 2021 წლის ივლისში, 9 723 999 ლარით გამოაცხადა, თუმცა, ეს ტენდერი არ შედგა.

ამის შემდეგ ხელახალი ტენდერი იმავე წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, თუმცა თანხა თითქმის 6 მილიონით იყო გაზრდილი და 15 985 599  ლარი იყო. ამ ტენდერში გამოავლინეს „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად.

ამ ტენდერისა და ტექნიკური დავალების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: