მთავარი,სიახლეები

ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის პროექტი მაისამდე უნდა მომზადდეს – 587 000 ლარად

14.01.2023 • 1830
ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის პროექტი მაისამდე უნდა მომზადდეს – 587 000 ლარად

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 587 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „აჭარკაპმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს.

სწორედ დეტალური პროექტირების შემდეგ დადგინდება, რა თანხა იქნება საჭირო ახალი სივრცის მოსაწყობად ჩაქვის დასახლებაში. ამის შემდეგ სამმართველო ტენდერს, უკვე მშენებლობაზე გამოაცხადებს.

ხელშეკრულებას თან ახლავს ესკიზი, რომლის მიხედვითაც:

  • „ძაღლების თავშესაფარი აღიქმება, როგორც ძაღლის ორი თათი. თითოეული თათი [ანუ თითოეული განყოფილება] თავისი დანიშნულებებისა და ფუნქციების მიხედვით შედგება ხუთი ძირითადი და ორი დამხმარე შენობა ნაგებობებისგან. ჯამში ორივე თათი შედგება 10 ძირითადი და ოთხი დამხმარე შენობა ნაგებობებით. ძაღლსაშენის მიმდებარედ განთავსებულია ძაღლების საწვრთნელი [სათამაშო] მოედანი. შენობა-ნაგებობები მიგვაჩნია იყოს მსუბუქი კონსტრუქციის. ჯამში ორივე განყოფილებაში შეგვეძლება განვათავსოთ 180-მდე ვოლიერი [ოთახი];
  • რაც შეეხება დამხმარე ნაგებობეს: დამხმარე ნაგებობებში განთავსდებილი უნდა იტოს ყველა საჭირო ოთახი, რომელსაც მოითხოვს თანამედროვე სტანდარტები და ნორმატივები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ობიექტის მაღალხარისხიან ფუნქციონირებას.
  • გრაფიკულ ესკიზე [რენდერი] მაგალითისთვის წარმოდგენილია იპოდრომის ტერიტორია, რომელზეც დაახლოებითი ზომებით განლაგებულია ძირითადი შენობა-ნაგებობები და სივრცეები თავისი დანიშნულებების მიხედვით: ადმინისტრაციული შენობა, დახურული მანეჟი, ტრიბუნა [საშუალოდ 200 ადამიანზე], არენა, ცხენების თავლა, ცხენსაბანი, საწყობი. თავლა გათვალისწინებულია დაახლოებით 30 ცხენზე…“

ჩაქვის დასახლებაში ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობის გეგმა ესკიზიდან

ხელშეკრულების მიხედვით:

  • „პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის პაკეტი დასრულებისთანავე, მიმწოდებლის მიერ შეტანილ უნდა იქნას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებებშიც [შესათანხმებელი მასალის ჩამონათვალი უნდა დაზუსტდეს კონკრეტულ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში].
  • პროექტის მომზადების ეტაპზე, თუ წარმოიშვა გარემოება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან უკვე გათვალისწინებული საჭიროებს ცვლილებას, შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ახალი გარემოება ან შეტანილი იქნას ცვლილება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას დამატებით წერილობით განუსაზღვროს მიმწოდებელს დამატებითი დავალება, პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით.
  • პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“.

ბათუმში, ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა ქალაქის მერიამ რამდენიმე წლის წინ დააანონსა, 2021 წელს კი, კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა [ხოლო ხელშეკრულება ამჯერად შპს „აჭარკაპმშენთან“ 587 ათას ლარზე გააფორმა].

ამავე თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: