2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.
ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი.
ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში.
დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი.
ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ.
ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის შედეგად თბილისში დაიღუპა [50], მეორე ადგილზეა იმერეთი [45], ხოლო მესამეზე – აჭარა [30].
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ავარიების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზები იყო: მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ა.შ.
გასულ, 2024 წელს საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.
________________
ფოტოზე: 20 აგვისტოს მომხდარი ავტოავარია ქობულეთის ავტობანზე, რომელსაც 4 ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. კადრი ვედეომასალიდან.






