მთავარი,სიახლეები

შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ

20.08.2025
შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ

რუსეთის ФСБ-მ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მანქანამ, რომელიც „მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული“.

„მანქანა უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსში“, – აცხადებს ФСБ-ე. რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საქართველოდან შეტანილი ბომბით უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა.

ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მხოლოდ მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს“.

რატომ დასჭირდა რუსეთს საქართველოს ამ კონტექსტში მოხსენიება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი შაიშმელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ФСБ-ს ამ განცხადებას?

ჩვენ, როდესაც თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტში, გამომდინარე ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან, ვმსჯელობდით რაღაც ტიპის საფრთხეებზე, სცენარებზე, რომელიც რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა ჩვენ წინააღმდეგ, რაღაც ტიპის სამხედრო პროვოკაციისთვის მათ შორის, პრეტექსტად, სულ ტრიალებდა ერთი სცენარი, როდესაც რუსები ბრალს გვდებენ ტერორისტული საქმიანობის ან ირიბ მხარდაჭერაში ან ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში და ასე შემდეგ.

თავის დროზე, იცით, რომ პანკისის ხეობასთან მიმართებით პერიოდულად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა ამ ტიპის განცხადებებს და იმუქრებოდნენ წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით. ერთხელ განახორციელეს კიდევაც.

შევარდნაძის პერიოდი იყო მაშინ, 11 სექტემბერი დაემთხვა და მაშინაც პუტინმა ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენა – ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საერთო ჩარჩოში ჩასვა.

პუტინი იყო პირველი, ვინც მაშინ პრეზიდენტ ბუშს დაურეკა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. შედეგად მოხდა ის, რომ ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობა და სხვადასხვა ტიპის სეპარატისტული მოძრაობა, მთლიანად მონათლა ტერორიზმად და ასე გადატეხა ეს წინააღმდეგობა.

აქედან მოყოლებული, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა არ გამქრალა ამ ნაწილში.

ახლა, უბრალოდ, ცვლადი არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსულ ინტერესებს ატარებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და ამავე დროს რაღაცნაირად სიმპატაიზერია რუსეთის ომისა უკრაინაში, სხვადასხვა მიზეზის გამო.

ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადება გვესმის, აქ შემოდის ორი ვარიანტი. ერთი ის, რომ რუსებს არ მოუხსნიათ დღის წესრიგიდან საქართველოს წინააღმდეგ ამ ფორმით ზეწოლის განხორციელების სცენარები, მაგრამ არა მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ზეწოლისთვის სჭირდებოდეთ. უფრო მგონია მეორე ვარიანტი, როცა რუსეთი ამ ძველი სცენარით ცდილობს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას.

ანუ, რაღაც ტიპის კოორდინაცია არსებობს მოსკოვსა და თბილისს შორის იმისათვის, რომ გაამყარონ „ქართული ოცნების“ მთავარი ნარატივი იმის თაობაზე, რომ „არსებობენ ძალები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ“.

  • პროპაგანდის გასაძლიერებლად სჭირდებათ მხოლოდ?

მგონი ეს ასეა. ვფიქრობ, ამით „ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება. იმიტომ, რომ ამით მართლა ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საქართველოში.

წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ლარსის გამშვები პუნქტი გადალახა მანქანამ, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებლით. გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტერიტორიას, საფრთხეს ვუქმნით მეზობელს, რომელიც ომშია ჩართული. შესაბამისად, ამ მეზობელს ხელ-ფეხი ეხსნება იმისთვის, რომ გითხრას – შენ თუ ვერ აკონტროლებ რაღაცას, მაშინ თვითონ გააკონტროლებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებამ გამიჩინა განცდა, რომ ჩვენ ვნახავთ განვითარებას ამ ამბების.

მაშინ გამოდის, გაძლიერდება ნარატივი იმის თაობაზე, რომ, თითქოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უნდოდა ვიღაცას იმისთვის, რომ რუსეთისთვის შეექმნა პრობლემა და ის, რომ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო მეორე ფრონტში.

  • როცა ამბობენ, მანქანა „უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით“, რომელ ქვეყნებს გულისხმობენ თქვენი აზრით. რამდენად მოიაზრება ამათში ვთქვათ იგივე აზერბაიჯანი, რომელიც აღარ ავლენს ბოლო პერიოდში რუსეთის მიმართ სიმპათიას?

ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი კოორდინირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ისინი ვერ გაბედავენ სომხეთის და აზერბაიჯანის ღიად დადანაშაულებას ამ საკითხში. იმიტომ, რომ ეს ძალიან ურთულებს მათ ადგილზე საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს. ვიცით, რომ მათ ისედაც ძალიან შეზღუდული აქვთ საგარეო პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა და ორად ორი ქვეყანაა სამეზობლოში, ვისთანაც რაღაც ურთიერთობები შემორჩათ, ხომ?!

„ოცნებას“ აწყობს, რომ ეს დაუკავშირდეს რომელიმე დასავლურ ქვეყანას, რომელსაც ზღვის გავლით უნდა შემოეტანა ტვირთი საქართველოდან და გაეტანა ლარსის გამშვებ პუნქტზე.

„ოცნებას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდება, რომ ეს იყოს დასავლეთი, დასავლური ქვეყანა და შეიძლება არც კი დაასახელონ, კონკრეტულად რომელი.

მაგრამ, თუ ეს ყველაფერი რუსებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე გააკეთეს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემდგომ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ.

  • რა შეიძლება იყოს ეს?

მიზანი შეიძლება რუსეთს ჰქონდეს ბევრი. მაგალითად, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ 2004 წელს ითხოვდნენ, მაშინ, როცა რუსული ბაზები გადიოდა ქვეყნიდან. მაშინ ეს არ გამოვიდა. ამიტომ შემდგომი ზეწოლის ფორმა შეიძლება იყოს ეს, რომ ადგილზე გააჩინონ რაღაც ტიპის წარმომადგენლობა, რუსი ოფიცრების შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საზღვრის კონტროლში, ან „ანტიტერორისტულ ოპერაციაში“.

შეიძლება იყოს კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმა, როგორიც არის რომელიმე რეგიონის დაკავება სამხედრო გზით.

ამ ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე მოიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი. 

„ოცნება“ უბრალოდ გვატყუებს ახლა, რომ თითქოს, თვითონ არიან უსაფრთხოების გარანტია. უბრალოდ, უახლოეს პერიოდში, ანუ სანამ რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული, რაღაც ტიპის სამხედრო მანევრებს არ ველოდები, მაგრამ მოთხოვნები, სხვადასხვა ფორმით ზეწოლა შეიძლება იყოს.

  • 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ზახაროვამ თქვა, რომ ელოდებიან საქართველო-აფხაზეთი – დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის სამართლებრივი დოკუმენტის გაფორმებას, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებს ძალის გამოუყენებლობას ამ რეგიონებზე. ფიქრობთ, რომ ამ პროცესის ზეწოლისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ თუნდაც ეს ბოლო განცხადება?

რუსეთს მთელი ასორტიმენტი აქვს ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი არეალი, სადაც ისინი შეიძლება მოქმედებდნენ.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თბილისში შეიქმნა წულუკიანის კომისია, რომელიც ღიად სდებს ბრალს საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამით ამყარებს რუსულ ნარატივს, რ საბაბითაც მათ დაიწყეს ინტერვენცია 2008 წელს.

წულუკიანის კომისიით რუსეთის ინტერვენციას ვამართლებთ, რადგან ინტერვენციის შედეგი იყო არა მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. და თუ ეს აღიარება იქნება ლეგიტიმური, ანუ შენივე ე.წ. პარლამენტის დასკვნით გამყარებული, მაშინ შემდეგი ნაბიჯია ის, რომ ამ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ შენ უნდა გააფორმო ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება.

გიორგი შაიშმელაშვილი

ეს ლოგიკა აქვს რუსეთს 2008 წლიდან მოყოლებული. ჟენევაში ყოველდღე აყენებდნენ იმ საკითხს. იმის გამო, რომ ჩვენ ჟენევაში ასე თუ ისე მყარად ვიყავით, გვყავდა იქ პარტნიორები, დასავლელი მეგობრები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ამ პოზიციას, რუსეთი ამ ზეწოლას ვერ ახორციელებდა ჩვენზე.

დღეს კი, როდესაც ქვეყანა დაუცველია, ზურგს აქცევს დასავლელ პარტნიორებს, თვითონვე ამყარებს რუსეთის ამ ნარატივს კომისიის დასკვნით… რუსებისთვის ბუნებრივი გაგრძელება იქნება გააძლიერონ ჟენევაში ჩვენზე ზეწოლა.

მათ იციან, რომ ისეთივე ენთუზიაზმით ვეღარ დაგვიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩატეხილია ხიდები ამჟამად და არავინ მოიკლავს თავს ჟენევაში ჩვენ დასაცავად.

ეროვნული ინტერესების მთელი კასკადი დგას დარტყმის ქვეშ წულუკიანის კომისიის შექმნით და თუ „ოცნება“ აპირებს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და აშკარაა, რომ აპირებს, მაშინ მას სჭირდება ძლიერი მოკავშირე და ეს მოკავშირე ირიბი მხარდამჭერი ვეღარ იქნება. დიპლომატიური კავშირები ვერ აღდგება იმ დროს, როცა ტერიტორიული პრობლემები ღია ჭრილობად გვაწევს – ქვეყანაში არის ოკუპაცია.

ამიტომ, „ოცნებას“ ჩასატარებელი აქვს რაღაც ღონისძიება, რის შედეგადაც ტერიტორიული პრობლემების საკითხი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით – ერთი შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რომელიც ალბათ ძალიან გაუჭირდებათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ იდეასაც დატესტავენ.

მაშინ შემდეგი სატყუარა იქნება, ის ქიმერა, რომელსაც ჰქვია კონფედერაცია აფხაზეთს-ცხინვალსა და თბილისს შორის. ამ იდეაზე ჯერ საჯაროდ არ ლაპარაკობს „ოცნება“, მაგრამ მგონია, რომ შემდეგი სატყუარა, რომელსაც საზოგადოებას შემოუგდებენ, იქნება ეს.

  • ეს ხომ ქართული სახელმწიფოს ღალატი გამოდის?

თავისთავად. ამის შედეგად საქართველოს მოუწევს თავის საგარეო არჩევანზე საბოლოოდ უარის თქვას, ანუ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ის მთლიანად ჩამოეკიდევა რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

ჩვენ დავკარგავთ საგარეო პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები იქნება მოსკოვში და როცა რუსეთი მოისურვებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას მაშინ ჩამოშლის.

  • დღეს საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის წინაშე, შეიძლება ამას მიჰყვეს კანდიდატის სტატუსიც. ევროსაბჭომაც კი დასვა საქართველოს გაძევების საკითხი… რა ელის ამ ქვეყანას, როგორ გადარჩება? 

ამიტომაც არის „ქართული ოცნების“ გასტუმრება აუცილებელი. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ ეგზისტენციალური საკითხია ჩვენთვის, ყველასთვის.

ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, იდენტობის, დამოუკიდებლობის საკითხი. თუ ამას ვერ შევძლებთ, პროექტი, რომელსაც ერქვა დამოუკიდებელი სახელმწიფო, უბრალოდ, დაამთავრებს არსებობას.

ადამიანის უფლებები ბევრ ქვეყანაში იზღუდება, მაგრამ ღიად ანტიდასავლურ რიტორიკაში დიქტატორული რეჟიმებიც კი არ ერთვებიან, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ დღეს ღიად არის ჩართული ამაში.

ჩემი აზრით, იმაზე მეტი განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს განზრახვა არის ფორმალურ, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში შესვლა რუსეთთან. ეს ნიშნავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას.

ფორმალურ ურთიერთობებში შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ნიშნავს იმას, რომ შენ ირიბად აღიარებ ამ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: