ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედმიანიჭა.
სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.
Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.
„სასიხარულოა, რომ ბათუმი უკვე მეორედ დასახელდა ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. ბათუმისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ნამდვილად მზარდია ისრაელში. ვიზიტორების რაოდენობა არ წყდება სტენდთან, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი ჩვენი ტურისტული მიმართულების შესახებ. ბუნებრივია, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარაში ისრაელიდან ტურისტებისა და მოგზაურების რაოდენობა,” – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
2019 წელს აჭარაში ისრაელიდან 100 992 ტურისტი ჩამოვიდა. ისრაელი იმ ქვეყნების ხუთეულში შედის, საიდანაც აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის.
კომპანია „კარგო პარსელს“, რომელიც ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობას გეგმავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა.
„ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნულია სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.
კომპანიის განცხადებით, ის კარბამიდის შემოტანას აზერბაიჯანიდან გეგმავს; ბათუმში დასაწყობების ვადა კი, არ გადააჭარბებს ერთ თვეს.
ვინაიდან დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებს გზშ-ს მომზადებას, სამინისტრომ, კომპანიის მიერ წარდგენილ სკოპინგის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ შეწყვიტა და კომპანიას მოსთხოვა სკოპინგის პროცედურა გაიაროს.
სკრინინგით დგინდება, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას, საჭიროა თუ არა გზშ-ის ჩატარება; ხოლო სკოპინგი განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
—
კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა, სამინისტროს ჰქონდა შენიშვნები და „კარგო პარსელს“ გარკვეული დეტალების დაზუსტება მოითხოვა.
კომპანიამ დააზუსტა დეტალები, თუმცა, სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ „კარგო პარსელის“ მიერ სამინისტროში ხელახლა წარდგენილი „სკრინინგის განცხადების ელექტრონული და მატერიალური ვერსიები არ შეესაბამება ერთმანეთს“.
შპს „კარგო პარსელის“ პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, რომ ბათუმის ღია სასაწყობო მეურნეობაში წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, ასევე დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა.
საფრანგეთის ჩრდილოეთით, ნორმანიდიის პატარა სოფელ კიტბეფის მერი ბენუა ჰენარტი სოფლის ტრადიციული შენობა-ნაგებობების, მაღაზიების, საკონდიტროებისა და სავაჭრო დახლების შესანარჩუნებლად იბრძვის.
ევრე, ლუვიე და ლე ნოიბურგი შედარებით დიდი ადმინისტრაციული ერთეულებია, რომელთა შუაგულშიც სოფელი კიტბეფი მდებარეობს და შესაბამისად, იქ გახსნილმა დიდმა სავაჭრო ცენტრებმა ახლომდებარე სოფელ კიტბეფში ძველი, ტრადიციული მაღაზიების, საპარიკმახეროების, საკონდიტროებისა და დისკოკლუბის დახურვა გამოიწვია.
სოფელ კიტბეფში სულ 652 მცხოვრებია, ფუნქციონირებს ერთი, ოთხკლასიანი სკოლა. ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ მერის უპირველესი მოვალეობა მისი ქალაქისა თუ სოფლის ტრადიციული ადგილების შენარჩუნება, მოვლა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაა.
„ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ სოფლის ტრადიციული მაღაზიები, დაწესებულებები შევინარჩუნო. ჩემი, როგორც ხალხის მიერ არჩეული ჩინოვნიკის მოვალეობა საკუთარი სოფლის დახმარებაა, მისი ტრადიციული ადგილების შენარჩუნება, ხალხის ინტერესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უსულო სისტემის ნაწილები გამოვდივართ,“ – ამბობს ბენუა ჰენარტი.
თავიდან მერმა სოფლის ფოსტა მიუერთა მერიას, რომ არ გაუქმებულიყო, შემდეგ ფიზიოთერაპევტი, ექთანი და ექიმი ჩამოიყვანა სოფელში, რომლებსაც კარგად აღჭურვილი შენობა გადასცა, აღადგინა სოფლის ადგილობრივი პურის ქარხანა და თავად სოფლის მცხოვრებლების მიერ 2000 ევროდ გამოსყიდულ ძველ კაფეში დაიწყო მუშაობა ბარმენად.
კიტბეფის ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელმაც ტრადიციული მაღაზიის გასხვისება გადაწყვიტა, მერმა 20 წლით ასესხა 200 000 ევრო – ადგილზე ძველი მაღაზიის შენარჩუნებისთვის. ბენუა ჰენარტი მოხალისეებთან ერთად საკონდიტროებსა და საცხობებს არემონტებს, თავად ამუშავებს პროდუქტების მაღაზიასა და ბარს.
ამჯერად სოფელ კიტბეფის ხორცის მაღაზიებში ყასბების დეფიციტია, რის აღმოფხვრასაც მერი მალე აპირებს, სურს ასევე სტომატოლოგიური კაბინეტი, დანტისტები და საკვირაო ბაზრობაც დაუბრუნოს სოფელს.
კიტბეფის მცხოვრებლებმა ბენუა ჰენარტი მერად ზედიზედ მესამედ აირჩიეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262- ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც ერთ-ერთ ბანკს 20 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დავის საგანი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს ბანკმა სესხის – 20 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა. ეს სესხის ნაშთია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსესხებელთან ბანკმა ორი ხელშეკრულება გააფორმა 2016 წლის 25 აპრილს [28 ათას აშშ დოლარზე] და მეორედ ამავე წლის 7 სექტემბერს [12 877 აშშ დოლარზე]. მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა სესხთან ერთად სიცოცხლის დაზღვევის საფასურს – 8 აშშ დოლარს. მსესხებელი 2018 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვალების შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ სესხის ნაწილი აანაზღაურა, თუმცა დარჩენილი ვალის – 20 ათასი ლარის შესახებ შეტყობინება მემკვიდრეს მიუვიდა.
მოქალაქის საპასუხოდ ბანკმა სასამართლოში განაცხადა, რომ დაზღვევა ლიმიტირებული იყო და ამის შესახებ მოქალაქეს ხელშეკრულების გაფორმების დროს აცნობეს.
„მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე სესხის ხელშკრულება იყო დაზღვეული სს ,,სა.-ში”, 2018 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებით. სადაზღვევო კომპანიამ განიხილა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი და აანაზღაურა ორივე სესხი ავტომატური დაზღვევის ლიმიტის ფარგლებში…“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მსესხებლის მემკვიდრემ მოსამართლე ირმა ტოგონიძეს უთხრა, რომ მსესხებელმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა დაზღვევის ხელშეკრულების ზუსტი შინაარსი, ვინაიდან იგი მხოლოდ ინტერნეტგვერდზე იყო განთავსებული.
„ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ერთ შემთხვევაში, სადავოდ ხდიდა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების ელექტრონულ მატარებელზე-ბანკის ვებგვერდზე განთავსების სახელშეკრულებო დათქმას, მეორე მხრივ – სადავო მუხლის საფუძველზე მიღებული ანაზღაურება მართლზომიერად მიაჩნდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ეს დათქმა (მითითება ხელშეკრულების დრაფტის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსების შესახებ) შეესაბამება სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპს (სკ-ის მ. 319.1) და ჯდება სამართალურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერების სტანდარტში…
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავდა მსესხებლის მთლიან საკრედიტო პორტფელს. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა არა საკრედიტო ხელშეკრულებები, არამედ საკრედიტო დავალიანება,“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
თურქული მედიის ინფორმაციით, დააკავეს იტალიდანსაქართველოს მიმართულებით მიმავალი უცხონომრიანი სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც 2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი მიჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, სატვირთო მანქანას სასუქის ტიპის საქონელი გადაჰქონდა. საეჭვო სიმკვრივის დადგენისთანავე, მანქანა გადაყვანილი იქნა გასაჩხრეკად.
ჩატარებული ჩხრეკისას შემჩნეული იქნა, რომ ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლები რეაგირებდნენ მანქანაში არსებულ ზოგიერთ ტომარაზე. აღნიშნული ტომრები ჩამოღებული იქნა მანქანიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 213 ტომარაში იყო 2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი.
ამოღებული რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მილიონ 220 ათას ლირასშეადგენს.
დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, უცხოელია.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 7 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების [ანაზღაურებადი] რაოდენობა და მათი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა. ამ ბრძანების მიხედვით სტაჟიორთა რაოდენობა წელს, 2019 წელთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი.
ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სსიპ-ებში 2020 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა 456-ით განისაზღვრა, მაშინ როცა, 2019 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა 233 იყო.
მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, სტაჟიორების ანაზღაურება თვეში 400 ლარი იქნება. გამონაკლისია მხოლოდ „სმართ ლოჯიქის“ 8 სტაჟიორი, რომელთა ანაზღაურება თვეში 500 ლარი იქნება.
აღსანიშნავია ასევე, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2019 წელს მხოლოდ 10 სტაჟიორის მიღება შეეძლო, მათი ანაზღაურება 300 ლარი იყო. 2020 წლისთვის კი სტაჟიორთა რაოდენობა 60-ით, ანაზღაურება კი 100 ლარით იზრდება. შესაბამისად, ამ სააგენტოში წელს 70 სტაჟიორი თვეში 400 ლარს მიიღებს.
იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორთა რაოდენობა 2017 წელს 255-ით, ხოლო 2018 წელს 258-ით იყო განსაზღვრული.
[toggle title=”2020 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა და მათი ანაზღაურება ნახეთ აქ“]
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 20 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 4 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 2 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ − რაოდენობა 1 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) − რაოდენობა 8 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარით;
„იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 150 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 56 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით.
[/toggle]
მინისტრის 2020 წლის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით“.
ეს ბრძანება ამოქმედდა 10 თებერვლიდან, თუმცა მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ არ არიან სათანადოდ კვალიფიციური. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ესაუბრა, რომლის ავტორობითაც სულ ახლახან საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შეფასების ანგარიში მომზადდა.
„განსაკუთრებით დეფიციტია დაბალ და საშუალო პერსონალზე, ასევე ფსიქოლოგზე, სოცმუშაკსა და ისეთ სპეციალისტებზე, რომელთა საქმიანობაც თანამედროვე ფსიქიატრიაში აუცილებელია, ეს არის ერგოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, შრომითი თერაპევტი, არტთერაპევტი… ხოლო ვინც გვყავს, მათი კვალიფიკაცია არ არის სათანადო,“ – ამბობს ნანა ზავრადაშვილი.
ფონდმა კვლევის ფარგლებში შეისწავლა საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის 11 სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა (მათგან 3 იყო ფსიქიატრიული განყოფილება ზოგადი პროფილის საავადმყოფოში). კვლევა ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
ქალბატონო ნანა, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები რა ნაწილში გამოვლინდა?
პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ პაციენტებს არ აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები სტაციონარში. ბევრი განყოფილება გასარემონტებელია, აუცილებელია ცვლილებები, რომ გარემო გახდეს თერაპიული და მეგობრული პაციენტისთვის. არ იყოს პაციენტისთვის ღირსების შემლახავი, იყოს მისი პირადი სივრცე დაცული, ჰქონდეს ნივთების შესანახად სათანადო პირობები. კვების სივრცეც და ჰიგიენის დაცვის პირობები იყოს ადეკვატური.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა ის, რომ პაციენტები რეალურად ცხოვრობენ სტაციონარში, მაშინ, როცა მათ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის მიუხედავად, სტაციონარში ყოფნა არ სჭირდებათ. სტაციონარი არის სამკურნალო დაწესებულება და ადამიანი უნდა სარგებლობდეს ამ სერვისით მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით, სანამ ეს მას სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში, რადგანაც მათთვის სხვა მომსახურება არ არსებობს. ეს სტაციონარებში ადგილების დეფიციტსაც წარმოშობს.
რატომ უწევთ ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცხოვრება წლების განმავლობაში?
ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ადამიანებს წასასვლელი არ აქვთ – არ აქვთ სახლი ან ოჯახი/ნათესავები უარს ამბობენ მათ სახლში დაბრუნებაზე, ან აქვთ საცხოვრებელი, მაგრამ მარტოხელები არიან და არ აქვთ საკმარისი უნარები მარტო ცხოვრებისთვის. მათ, რომ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა და სერვისი – ამ ადამიანებს გავწერდით, ასე კი რომ გაწეროს დაწესებულებამ, სად გაუშვას? ქუჩაში ხომ არ გაყრის.
„დღის აქტივობები მწირია, ძირითადად დროს ატარებენ ტელევიზორის ყურებაში.ზოგადი პრობლემაა მობილობაშეზღუდული პაციენტების გადაადგილება და ტუალეტით სარგებლობა, გარემონტებულ დაწესებულებებშიც კი,“ – ამონარიდი კვლევის პრეზენტაციიდან
ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში რა დარღვევები გამოვლინდა?
ბათუმის სამედიცინო დაწესებულების ორი ფსიქიატრიული განყოფილება შევაფასეთ გაზაფხულზე. ამ დროისთვის აქ ერთი განყოფილება გარემონტებული იყო, მეორე – არა. თუმცა ახლა ორივე განყოფილება გარემონტებულია და პაციენტების გარემო ირობებიც გაუმჯობესებულია.
გამოიკვეთა კადრების დეფიციტი (განსაკუთრებით რეგიონებში) და არსებული კადრების ნაკლები პროფესიონალიზმი. არ შეიძლება 30 და მეტ პაციენტს ემსახურებოდეს სამი ადამიანი. უნდა იყოს უფრო მეტი თანამშრომელი, რომ ადეკვატური იყოს მომსახურება, ყურადღებაც მეტი ექცეოდეს ბენეფიციარებს და როცა მათ რაღაც სჭირდებათ, დროულად აღმოუჩინონ დახმარება, დროულად მოემსახურონ.
რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს. მნიშვნელოვანია, რომ ხდებოდეს თანამშრომლების გადამზადება (ჩვენ ამ სასწავლო პროგრამების დეფიციტიც გვაქვს). შეფასებისას გამოვლინდა, რომ ხშირად არ იციან როგორ განმუხტონ დაძაბული სიტუაცია, როგორ მოიქცნენ აგრესიულ სიტუაციებში. პაციენტთა უსაფრთხოების საკითხები ნამდვილად საჭიროებს ამ მხრივ გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროს, როცა პაციენტი არის აგრესიული, აღგზნებული, შტატი მოიქცეს ისე, რომ ნაკლებად გამოიყენოს შემზღუდავი საშუალებები, მათ ნაცვლად კი, გამოიყენოს კონფლიქტის განმუხტვის სხვა ალტერნატიული საშუალებები, ამას სწავლება სჭირდება.
მცირე შტატისა და არაკვალიფიციური კადრების გამო ვლინდება პაციენტების მიმართ უყურადღებობა, პაციენტის თხოვნის უგულებელყოფა, უხეშობა. პაციენტებმა ბათუმში ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ ნაკლებად დააფიქსირეს, თუმცა უყურადღებობა და უხეშობა დაფიქსირდა ყველგან, მათ შორის, ბათუმშიც.
როგორია თქვენი ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები?
პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს ბაზისური სტანდარტი სტაციონარული მომსახურების. არსებობს სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება, რომ განახორციელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება არ ხდება. ამ კვლევის ინსტრუმენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ დავინახოთ სტაციონარული მომსახურების მოცულობა, შინაარსი, რას სთავაზობენ ბენეფიციარებს, როგორ ემსახურებიან, როგორია გარემოპირობები და პროგრამის ბიუჯეტიც იქითკენ უნდა მივმართოთ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს.
რეგიონებში კადრების დეფიციტის აღმოფხვრა –უნდა მოვიზიდოთ სპეციალისტები ამ დარგში, იქნებ უფრო მაღალი ანაზღაურება შევთავაზოთ, უფრო ხანგრძლივი შვებულება და დავაინტერესოთ ისინი. ასევე ხდებოდეს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენერების მომზადება.
ასევე, ამ ეტაპზე ნარკოლოგია და ფსიქიატრია არის ცალ-ცალკე დარგი, ჩვენი რეკომენდაციაა, მოხდეს მათი ინტეგრაცია, რათა კოორდინირებულად იმუშაონ როდესაც პაციენტს აქვს როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების, ისე ფსიქიკური აშლილობის პრობლემა.
ხელი შევუწყოთ, რომ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში განვითარდეს ფსიქიატრიული განყოფილებები, რომ არ იყოს მხოლოდ მონოპროფილური იზოლირებული საავადმყოფოები, არამედ არსებობდეს ფსიქიატრიული განყოფილებები ჩვეულებრივ მულტიპროფილურ საავადმყოფოებში, სადაც ადამიანს ექნება შასაძლებლობა მიიღოს არამარტო ფსიქიატრიული დახმარება, არამედ საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურ/სომატურ ჯანმრთელობაზეც იზრუნოს.
და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში სოციალური სახლები/საცხოვრისები, სადაც სტაციონარიდან გადავლენ ის ადამიანები, რომელთაც არსად აქვთ წასასვლელი, ან ვერ უვლიან საკუთარ თავს მარტო. აჭარაში 2020 წლის იანვრიდან გაიხსნა პირველი ასეთი სახლი (24-ადგილიანი). საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სახლები, წელს კიდევ ორი დაემატება. ეს არის ოჯახური ტიპის 6-ადგილიანი სახლი. აჭარაში ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისში არის სპეცპერსონალი, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, სადილის მომზადებაში, თავის მოვლაში. ეს არის სოციალური საცხოვრებელი და არა საავადმყოფო, აქ ადამიანები ნაკლებად შეზღუდულები არიან და თავისუფლებაც მეტი აქვთ, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას გარესამყაროსთან.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში 6 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8 700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.
„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს.
მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 ათასი ლარი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 323-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რატომ დახარჯა სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი კონკრეტულ პირებზე, თუკი ასევე ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სეზონი არ ჩავარდნილა, როგორც ამას მაღალჩინოსნები აანონსებდნენ? – კითხვებზე პასუხისთვის ისევ „აწარმოე საქართველოშის“ განმარტება ჯერ არ მიგვიღია.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელწიფო უწყებაა, რომლის მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ასევე კერძო სექტორის განვითარება. ამ უწყებას ჩვენ ასევე ვკითხეთ: რის მიხედვით შეარჩიეს ის მეწარმეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან სუბსიდია მიიღეს, ვინ არიან ისინი და როგორ გადანაწილდა ეს ფული რეგიონების მიხედვით?
შენიშვნა: ორგანიზაციამ „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდა ინფორმაცია გაცემული დაფინანსების შესახებ რეგიონების მიხედვით. ამ მონაცემების მიხედვით, აჭარის რეგიონში 39 ბენეფიციარი დაფინანსდა, გურიაში – 22, თბილისში – 27, იმერეთში – 20, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 14, შიდა ქართლში – 2.
აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება.
ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, ბათუმის ბულვარის დირექტორი, განათლების მინისტრი და მისი მოადგილე.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, პარიზში გამოფენაზე უმაღლეს საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე იმყოფებიან. ორივე დეპუტატი გამოფენაზე მიუწვევიათ, თუმცა ბიუჯეტის ფულით. უმაღლეს საბჭოს ვკითხეთ, რა თანხა გამოიყო ამ მოგზაურობისთვის ბიუჯეტიდან, რაზეც გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
როგორც „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში გვეუბნებიან, პარიზში მიწვევით იმყოფება ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძეც. „ელისო ბოლქვაძემ მიიწვია როგორც ვიცი“, – გვითხრეს პრესსამსახურში. ბულვარში მოგვიანებით დააზუსტეს ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე ნამდვილად მიწვევით იმყოფება პარიზში, თუმცა არა გამოფენაზე, არამედ „მიშელ სონის ფონდის მიერ, რადგან 2020 წელს ბათუმში იმართება შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი და ამასთან დაკავშირებით. ხარჯები გაღებულია სამივლინებოდან“, – გვეუბნებიან პრესსამსახურში.
პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაზე წასული საკრებულოს წევრი და სხვა პირები
პარიზში მივლინებით იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. „საფრანგეთის ხელოვანთა საზოგადოების პრეზიდენტის მიერ არის მიწვეული, მივლინებით“, – გვითხრეს მერიაში. უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვეუბნებიან, სამინისტროს დაფინანსებით ანუ სამივლინებო ხარჯებით პარიზში იმყოფებიან მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე. „აკაკი ძნელაძეზე ნაწილობრივ გაცემულია სამივლინებო თანხა, რადგან ის, როგორც მხატვარი, ისე მონაწილეობს ამ გამოფენაში“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.
გამოფენის ამსახველი ფოტოების მიხედვით, პარიზში იმყოფება ბათუმის საკრებულოს წევრი ნერიმან ცინცაძეც, თუმცა როგორც საკრებულოში გვითხრეს, ნერიმან ცინცაძე პარიზში პირადი ხარჯით წავიდა. გამოფენაზეა ასევე მწერალი ბელა ქებურია და მმართველი პარტიის მხარდამჭერი მაია სურმანიძე. ისინი პირადი ხარჯით არიან წასული პარიზში, თუ რომელიმე საბიუჯეტო უწყების მხარდაჭერით, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ. თუმცა მაია სურმანიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლობას უხდის აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ გუდავას – „მადლობა გოგოებო ამ შესანიშნავი ტურისთვის“.
ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ბულვარის დირექტორი გამოფენაზე პარიზში
თამარ გუდავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს გამოფენის მნიშვნელობაზე: „ქართველ ხელოვანთა დელეგაცია აჭარის რეგიონიდან წელს პირველად იქნება წარმოდგენილი პარიზში, არტკაპიტალზე, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტუმარი… ეს მნიშვნელოვანი პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ქ-ნ მაია ხაჯიშვილის უშუალო მხარდაჭერით და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ბ-ნ აკაკი ძნელაძის უშუალო მხარდაჭერით და კოორდინაციით ხორციელდება. საფრანგეთის მხრიდან ამ მეგა პროექტის ხელშემწყობი და ინიციატორი გახლავთ იუნესკოს მშვიდობის არტისტი, სახელოვანი ქართველი მუსიკოსი ქ-ნი ელისო ბოლქვაძე“.
_________________
მთავარი ფოტო: მერი, უმაღლესი საბჭოს წევრები და მინისტრი პარიზში გამოფენაზე
„როგორც რიჟვაძემ უთხრა 2019 წელს ენმ-ს „ჩაო ნაციონალურო მოძრაობაო“, ისე ეტყვის ქართველი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ჩაოს 2020-ის არჩევნებზე, ” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა შავაძემ.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილებს არ შეხვედრია.
აქცია აჭარის მთავრობასთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
7 თებერვალი. რესტორანი „შალე გოდერძი“ ( chalet goderdzi). ამ რესტორანში ფასები ისეთივეა, როგორც ბათუმის ან თბილისის ძვირადღირებულ რესტორანში. საჭმელი – არაფერი განსაკუთრებული, თუმცა არც ცუდი არ არის. მაგალითად, კარბონარა 18 ლარი ღირს, 4 ლარი – ჩაი, 9 ლარი – ფრი.
მეორე ვიზიტზე შეკვეთის მოტანიდან დაახლოებით 30 წუთში შემოდის რესტორნის თანამშრომელი და გვთხოვს რესტორნის დატოვებას იმ მიზეზით, რომ დიდხანს ვაკავებთ „კუპეს“ და რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე არ აქვთ (ჩვენ 3.5 წლის და 11 თვის ბავშვები გვახლდა, რომლებსაც იქ არაფერი დაუზიანებიათ და არავინ შეუწუხებიათ). ამ დროს მთელ “რესტორანში” სულ 1 ან 2 მაგიდაა დაკავებული. ასევე გვითხრეს, რომ წინა დღეს “პატივი გვცეს” – მოგვემსახურნენ, გვაცალეს მშვიდად ჭამა და დღეს დიდხანს არ უნდა შევყოვნდეთ.
ასეთი უტიფარი და უკმეხი დამოკიდებულება კლიენტის მიმართ კვების თუ მომსახურების ობიექტში აქამდე არასდროს მინახავს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მათი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, რაზეც ცალკე უნდა დავაკონკრეტო: ,,ქალბატონმა შავებში” (თანამშრომელი, რომელსაც სხვა დროსაც ასევე მოვიხსენიებ), რომელიც პირველ დღეს პოზიტიური დამოკიდებულებით შეხვდა ჩემს პატარა შვილს, მეორე დღეს თოვლსა და ქარში იგივე ბავშვი გარეთ გამოაგდო.
რესტორნის მეორე თანამშომელმა პირველ დღეს ფოტოსესია გაუმართა ბავშვს (შეთანხმებით) და თავიანთ გვერდზე დადო მისი ფოტო.
მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ სანამ ამ პოსტს დავწერდი, დავუკავშირდი მათ ინსტაგრამის გვერდს, სადაც ჩემი შვილის ფოტო გაავრცელეს და ფოტოს სასწრაფოდ წაშლა მოვითხოვე, დავადანაშაულე ორმაგ სტანდარტებში და ავუხსენი, რომ მინიმუმ სირცხვილია წინა დღეს სტუმარი ბავშვის ფოტო გამოფინო და მეორე დღეს შენმა თანამშრომელმა კარებისკენ მიუთითოს ამავე ბავშვს თანმხლებ სტუმრებთან ერთად.
გვერდის სოციალური მედიის მენეჯერის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ეცადა ამ სამარცხვინო სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვა და ჩვენ შორის გარკვეული კომუნიკაცია შედგა. მომწერა, რომ როგორც გაარკვია ეს „კუპე“ დაჯავშნილი იყო და მათმა თანამშომლებმა სწორედ ამიტომ გვთხოვეს ოპერატიულად გაგვეთავისუფლებინა სივრცე, თუმცა, ცხადია, ეს ასე არ ყოფილა, ჩვენთვის სიტყვა ჯავშანი არავის უხსენებია და აგრესიულად განწყობილი „ქალბატონი შავებში“ ყოველ მეორე სიტყვაში ბავშვებს ახსენებდა: აქ საბავშვო ოთახი კი არ გვაქვს მოწყობილი, არაა ჩვენთან საბავშვო სივრცე – ამგვარი ფორმულირებით.
რესტორნის დატოვების შემდეგ იქ მყოფმა ორმა ადამიანმა, რომლებიც შემდეგ გავიცანი, მითხრეს, რომ ამ კონფლიქტს ესწრებოდა და უემოციოდ ისმენდა რესტორნის მესაკუთრის – ედნარ პაპუნაიშვილის მეუღლე. მე ამ ქალბატონზე და მის მეუღლეზე მანამდე არაფერი მსმენოდა და თავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ის იყო, მაგრამ მყავს ზემოთხსენებული ორი მოწმე, რომლებიც მას იცნობენ და მათი თქმით, იმ მომენტში ეს ქალბატონი იქ იმყოფებოდა.
ყოველ შემთხვევაში, „ქალბატონმა შავებში“ ჩვენთან საუბარი სწორედ იმით დაიწყო, რომ მისი უფროსის გადაწყვეტილებით უნდა დაგვეტოვებინა რესტორანი. ცხადია, მე მას ვთხოვე ,,უფროსთან” შეხვედრა, რომ გამერკვია საქმის ვითარება, მაგრამ „ქალბატონმა შავებში“ არ დააკონკრეტა, ვისგან მიიღო ეს დავალება.
როგორც შემდეგ გავიგე, რესტორნის მფლობელებს აქვთ სასტუმროების, კოტეჯების, სხვადასხვა სპეცტექნიკის, საკვები პუნქტების მთელი მონოპოლია ამ კურორტზე (და არამარტო) და, ცხადია, დიდად თავს არ იღლიან რიგით მომხმარებლებზე ფიქრით.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კურორტის ადმინისტრაციას. მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მთავარი ფოტო: ნინო ზვიადაური შვილთან და მეგობრებთან ერთად გოდერძიზე
_______________
მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე.
სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის – აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს და სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს “AdvancED”-ის და “უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს” მიერ).
სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები. სკოლა „პროგრესი“ გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით.
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო საშუალო და უმაღლეს დაწესებულებებთან, მათ შორის ამერიკის, პოლონეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან და ყოველწლიურად აწყობს გაცვლით პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა: KET, PET, FCE, IELTS, PSAT, SAT, TOEFL ასევე გერმანულ ენაში გოეთეს გამოცდებისთვის.
სკოლის უმთავრესი აქტივი და დასაყრდენია მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული.
სკოლა „პროგრესის“ მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.
„დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.
ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით,“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, საგამოძიებოს სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.
მთავარი ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
სოფიო ტატურაშვილი გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტში სოციალური საქმის სპეციალობაზე სწავლობს [Soziale Arbeit] ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე. სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით გეგმავს, რაც ძირითადად ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობას გულისხმობს, რომლებსაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად სხვა ადამიანის დახმარება ესაჭიროებათ. დასაწყისისთვის ქალთა პრობლემებზე მუშაობა სურს, შემდეგ კი მრავალმხრივი გამოცდილების შესაძენად მოქმედების არეალის გაფართოებას გეგმავს.
სოფიო ტატურაშვილი „ბათუმელებს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გამოცემამ 9 თებერვალს გაავრცელა მასალა ბაღდათში მცხოვრები ცხრაშვილიანი ოჯახის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 1100-ლარიანი სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს, ბავშვები კი მძიმე სოციალური პირობებისა და სკოლაში ბულინგის ფაქტების შემდეგ სკოლაში აღარ დადიან.
სოციალური საქმის მომავალი სპეციალისტი გერმანიაში მოქმედ სოციალურ სისტემასა და მისი მუშაობის მექანიზმებზე საუბრობს, მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნების სისტემებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითადაა მიჩნეული.
სოციალურად დაუცველი ოჯახები გერმანიაში
ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკით გერმანია სოციალური [Sozialstaat] ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ დაცულია ყოველი მოქალაქის ღირსება და უფლებები, ეს დაცულობა კი მუდმივი ყურადღების ქვეშაა. სოციალური სისტემა, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პირველადი სასიცოცხლო საჭიროებების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას: საკვებით, სამოსითა და ადამიანური საცხოვრებლით. დაბალი შემოსავლის მქონედ გერმანიაში მიიჩნევა ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავლის სტაბილური წყარო, ან ადამიანები, რომელთა ფსიქოლოგიური მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სახელმწიფო უზრუნველყოფს ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს.
გერმანიაში მრავალშვილიანად მიიჩნევა სამ და მეტშვილიანი ოჯახი. გერმანიაში დაბადებული ყოველი ბავშვი 18 წლის ჩათვლით იღებს დახმარებას 202 ევროს ოდენობით ყოველთვიურად. თუ ოჯახში არ მუშაობს რომელიმე მშობელი, ან აქვს მწირი შემოსავალი, ოჯახი უზრუნველყოფილია ბინის საფასურით სოციალური ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა, მაგალითად, „Jobcenter” და „Agentur für Arbeit”.
სადაზღვევო სისტემა
გერმანიაში მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს სახელმწიფო ან კერძო დაზღვევა, რისი საშუალებითაც ნებისმიერი კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, გინეკოლოგთან თუ პედიატრთან უფასოა. ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის ყოველთვიური გადასახადიც ხელმისაწვდომი თანხაა გერმანიის ნებისმიერი მოქალაქისთვის.
როდესაც ოჯახი იქმნება, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საერთო ოჯახურ დაზღვევაში [Familienversicherung] ჩართვაა, ამ ტიპის სადაზღვევო გადასახადი დაბალია.
გერმანიაში ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპი სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს, მაღალ, საშუალო თუ მცირეშემოსავლიანს სამედიცინო სერვისებით სარგებლობის თანაბარი პირობა ექმნება. გერმანიაში მცხოვრები ყველა ადამიანი ვალდებულია ჰქონდეს დაზღვევა.
სოფიო ტატურაშვილი, სოციალური საქმის [Soziale Arbeit] სპეციალისტი
ბავშვთა უფლებები და სოციალური სამსახური
სკოლაში სიარული გერმანიაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა. თუ ბავშვი ხშირად აცდენს სკოლას რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო, თუ ეს ჯანმრთელობის პრობლემას არ ეხება, სკოლა ვალდებულია აცნობოს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დამცველ სოციალურ სამსახურს [Jugendamt].
ეს ორგანიზაცია ადგილზე შეისწავლის შიდაოჯახურ პრობლემებს. არკვევს რა მიზეზით არ დადიან ბავშვები სკოლაში. სოციალური სამსახური პარალელურად მუშაობს მშობლებთან.
განსხვავებით საქართველოსგან, საკვების, სამოსის და უსახლკარობის გამო არ აცდენენ გერმანიაში ბავშვები სკოლას. პრობლემა ხშირად ბავშვების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაშია, როცა, მაგალითად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა ჰიგიენას, საკვების მომზადებას, აგრესიას იჩენენ შვილების მიმართ ან არ უწილადებენ საკმარისად სიყვარულს. ბავშვთა უფლებები [Kindeswohl] გერმანულ საზოგადოებაში მკაცრადაა დაცული და ეს მუდმივად განვითარებადი პროცესია.
არანაირი აგრესია ბავშვის მიმართ გამართლებული არ არის. თუკი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მშობლების მხრიდან არ არის გათვალისწინებული და ირღვევა თუნდაც ერთი აუცილებელი პირობა, ოჯახთან ინტენსიურ მუშაობას იწყებს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დამცველი სოციალური სამსახური [Jugendamt].
თავიდან მშობლებთან ინტენსიურ საუბრებს იწყებენ სოციალური ფსიქოლოგები, რომ მშობლებს იმ უნარის განვითარებაში დაეხმარონ, რომლის არარსებობაც ბავშვის განვითარებას უშლის ხელს ან ლახავს მის უფლებებს და ღირსებას. საჭირო უნარების განვითარებაში მშობლებს პროფესიონალთა ჯგუფი ეხმარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ იძენენ საჭირო უნარებს და სკოლას ბავშვი ისევ ხშირად აცდენს, „Jugendamt”-ი იძულებული ხდება, ბავშვი გადასცეს ე.წ. „მზრუნველ ოჯახს“. [Pflegefamilie].
ბულინგი სკოლაში
გერმანიაში ყველა სკოლა ვალდებულია ჰყავდეს სკოლის ფსიქოლოგი, რომელიც ძირითადად ბულინგის საკითხებშია ჩართული. ბულინგის შემთხვევაში სკოლის ფსიქოლოგს მასწავლებელი უკავშირდება, რადგან მიიჩნევა, რომ ეს არის პრობლემა, რასაც მხოლოდ მასწავლებელი ვერ გაუმკლავდება. ბულინგის კონკრეტული შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციაში ჩართულები არიან სკოლის ფსიქოლოგი, კლასის მასწავლებელი, დაბულინგებული და ბულერი ბავშვები. სამწუხაროდ, გერმანულ სკოლებში ბულინგი საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც.
სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ჯგუფები გერმანიაში
გერმანული სოციალური სისტემა [Sozialstaat] სოცმუშაკებზე, სოცფსიქოლოგებსა და სოცმასწავლებლებზე დგას. პროფესიონალთა ჯგუფები ქვეყანაში ეხმარებიან არა მხოლოდ მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახებს, არამედ ზოგადად მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა დედებს, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს, ქალებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიით.
ასეთი ქალები სპეციალურ სახლებში [Frauenhaus] ცხოვრობენ, სადაც ისინი სხვადასხვა მიმართულების სოციალური თანამშრომლების მეთვალყურეობისა და მზრუნველობის პირობებში არიან.
სოცმუშაკები ეხმარებიან ასევე ოჯახებს, რომელთაც რთულად აღსაზრდელი ბავშვები ჰყავთ. ისინი ეხმარებიან ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს თერაპიის სხვადასხვა საშუალებით.
სოციალური სამსახური ასევე ინტენსიურად მუშაობს ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ეძებენ ახალს. ასეთ შემთხვევებში მუშაობა იწყება უმუშევართა მოტივაციის ამაღლებით, ხოლო შემდეგ ერთობლივი მსჯელობით, ერთად იწყებენ პრობლემის გადაჭრას.
აუცილებელი პირობაა, ოჯახი ან ინდივიდი მზად იყოს სოციალური სამსახურის დახმარების მისაღებად
ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახი თუ ცალკეული ინდივიდი მზად იყოს სოციალური სამსახურის დახმარების მისაღებად. თუკი სოცმუშაკთა დახმარებას პირი უგულებელყოფს, დაძალებას და იძულებას ადგილი არ აქვს.
საქართველოსა და გერმანიას შორის ერთი დიდი სხვაობაა. საქართველოში ღარიბები სტიგმატიზებულები არიან. ქართულ საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ სიღარიბე მათი ბრალია და არა სისტემური პრობლემების. თუმცა სახელმწიფო საქართველოში სოციალურად დაუცველებს ხშირად ვერ უზრუნველყოფს ადამიანური საცხოვრებლით, საკვებითა თუ სამოსით, რაც ელემენტარულია. გერმანიაში კი ეს პირველადი საჭიროებები უზრუნველყოფილი აქვთ – თუ ამ პირობებში ვერ ვითარდება ოჯახი, ადამიანი, მართლაც მეტია ამაში მათივე წვლილი, ვიდრე სისტემის. თუმცა ამაზეც უხეშად თითის გაშვერა გერმანულ საზოგადოებაში მიღებული არ არის და ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა.
ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქში ხიდების აფეთქებას ახსენებს გიგი უგულავას ციხეში შებრუნება ბათუმელ ხათუნა სამნიძეს. „რესპუბლიკელების“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის მსგავსი ლიდერების პოლიტიკური ნაბიჯები კრიტიკულ სიტუაციებში იდენტურია. „ივანიშვილი ახლა კედელთანაა,“ – წერდა დღეს ფეისბუქში ხათუნა სამნიძე.
გაგრძელდება თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება [რამდენიმეს წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს] და რა შეიძლება მოიგოს ამით ხელისუფლებამ? – „ბათუმელებმა“ ხათუნა სამნიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ქალბატონო ხათუნა, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ ფეისბუქპოსტში წერთ, რომ „არავინ მისცემს ივანიშვილს ქვეყნის დაზიანების უფლებას…“ რა მოლოდინი გაქვთ?
ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი განცხადება იყო, რომ მათ აინტერესებთ და აღელვებთ ძირითადად სამი საკითხი: სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო რეფორმა და პოლიტიკური რეპრესიები ლიდერების მიმართ. ჩვენი პარტნიორები თვლიან გადამწყვეტად ამ სამ ფაქტორს იმისთვის, რომ პარტნიორობა გაგრძელდეს. ისინი კარგად ხედავენ, რომ ეს საკითხები პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს, გიგი უგულავას დაკავებით პირდაპირ უთხრა დასავლეთს, რომ შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამის უფლებას არავინ არ მისცემს, ამას მოჰყვება კონკრეტული ქმედებები.
რა შეიძლება ამას მოჰყვეს განცხადებების გარდა?
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი იყო ივანიშვილთან სტუმრად და ზუსტად იმ დროს, როცა ელჩი ეცნობოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ივანიშვილმა დააპატიმრა გიგი უგულავა. ფაქტობრივად, მან ჩაუშალა ელჩს ეს მიღება. ივანიშვილმა ამ ნაბიჯით პირდაპირ უთხრა ამერიკას და დასავლელ პარტნიორებს, რომ მას ადარდებს მხოლოდ პირადი უსაფრთხოება და ძალაუფლების შენარჩუნება, აინტერესებს რუსეთის კეთილგანწყობა. ამიტომაც, საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის მისი გადაწყვეტილებები. ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება დასავლეთის მხრიდან, სანქციები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ივანიშვილის ძალაუფლებასაც დაუკავშირდება.
ხომ არ ჩანს, რომ ხელისუფლებას დასავლეთის რეაქცია არ აინტერესებს?
ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პირადი უსაფრთხოება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ის თავს იცავს ამ მეთოდებით. საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც არ დაუტოვებენ ქვეყანას ასე ერთ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით.
საზოგადოებისგან რა რეაქციას ელით?
ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ახსნა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება: როცა რვა წლის შემდეგ დაუბრუნდნენ საქმეს [მოიხადა პატიმრობა] და ისევ ციხეში უშვებ. აქამდე ვინც მკაცრი შეფასებებისგან თავს იკავებდა, მათაც თქვეს დღეს, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. ამ თემას ახსნა არ სჭირდება და არავის სჯერა იმის, რომ დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება. ივანიშვილს ეშინია ახლა ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მუშაობის.
უშვებთ, რომ ლიდერების დაკავებით შესაძლოა მან ოპოზიციის განეიტრალება შეძლოს?
ივანიშვილის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ლიდერი დააკავოს. მისი მიზანია, ლიდერების დევნით დაძაბოს მუხტი წინასაარჩევნოდ, რადგან მშვიდ და სამართლიან არჩევნებში მას მოგების შესაძლებლობა არ აქვს. მეორე მიზანია, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, რომ აი, აქტიურ ადამიანებს აკავებენ და რა აზრი აქვს ბრძოლას, არაფერი იცვლება. ივანიშვილს ასევე სურს, რომ ჩვენ, ოპოზიცია, გადავიდეთ სამართლებრივი რელსებიდან, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრ შეხვედრას ხალხთან, მათ შორის, რეგიონებში, რომ ვუთხრათ ადამიანებს, რა არის ივანიშვილის მიზანი, რომ ვერ გაგვაჩუმებენ…
ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რასაც ახლა ივანიშვილი გადის. ყველაზე კრიტიკულ მომენტში აბაშიძემ ააფეთქა ხიდები, ივანიშვილი ხიდებს წვავს დასავლელ პარტნიორებთან. ის ზურგით დგება საზოგადოებასთან და ფიქრობს, რომ მას შეაშინებს ან გააჩუმებს. ეს არ არის ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერისგან პირველი შემთხვევა, როცა ასე იქცევა და გვინახავს და ვიცით, როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი. ივანიშვილი აგონიაშია.
თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა. რას უნდა ველოდოთ ამ პროცესში რუსეთისგან?
იგივე საინფორმაციო ომი, რომელიც ახლაც აქტიურად მუშაობს, ეკონომიკური ინტერესები, დახურული ხელშეკრულებები, როგორც, მაგალითად, „გაზპრომის“ ხელშეკრულება ამ დრომდე არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი აძლევს ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიებს…
გამოსავალი, ვფიქრობ, ამ ყველაფრიდან არის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება. ჩვენი ამომრჩეველი აჩვენებს მზადყოფნას, რომ მან საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს ბიულეტენზე, თუმცა „გავრილოვის ღამემ“ და შემდეგმა პროცესებმა აჩვენეს, რომ საზოგადოება საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. ნებისმიერი გამოკითხვიდან ჩანს, რომ „ოცნების“ მიმართ ნდობა დღითიდღე იკლებს და ივანიშვილმაც კარგად იცის ეს. ის ხედავს, რომ არათუ პროპორციული საარჩევნო სისტემით, არამედ არსებული უსამართლო სისტემითაც ის ვერ რჩება ხელისუფლებაში, თუ არ გამოიწვია დაპირისპირება და ნიჰილიზმი.
ბათუმის ყინულის სასახლე დროებით არ მუშაობს. როგორც სასახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს. სასახლის სპეციალური მემბრანა თოვლის გამო ხელოვნურად დაუშვეს.
ყინულის სასახლეში აცხადებენ, რომ 10 დღის შიგნით, სასახლე ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.
ბათუმის ყინულის სასახლის მემბრანული ნაგებობა დროებით დაშვებულია / 11.02.2020 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია.
მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში 2019 წლის ბოლოს ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც ამავე წლის დასაწყისში:
გორგილაძის #94-ში, ახალაშენებულ მრავალბინიან სახლში, დღეს სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ დახმარება ადგილზე გაჩენილი ბზარების გამო ითხოვა. „ჩვენი კომპეტენცია არ იყო და საკითხი შესასწავლად მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადავაბარეთ“, – განმარტეს სამაშველო სამსახურში.
გორგილაძის #94-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. სახლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ის მერიას ექსპლუატაციაში მიღებული აქვს.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მერია აპირებს ამ სახლის მდგრადობის შესწავლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთოს. შემდეგ კი მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
უსაფრთხოა თუ არა სახლი ამ კორპუსში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვიდრე მისი მდგრადობის შესახებ დასკვნას სპეციალისტები მოამზადებენ? – ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, მერიის პასუხი არ გვაქვს.
შპს „დარ ბილდინგის“ იურისტის ირაკლი სურმანიძის თქმით, თავადაც ამ სახლში ცხოვრობს და შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ სახლი საცხოვრებლად უსაფრთხოა. მისივე ინფორმაციით, გამოძახება უკავშირდებოდა იმას, რომ სახლის კომერციულ ფართობში ამოცვივდა ე.წ. გრანიტი, რამაც სპეციფიკური ხმაური გამოიწვია:
„იმის გამო ამოცვივდა, რომ არასწორადაა დაგებული, მათ შორის დაშორება არის და გრანიტს სცოდნია ასე. მე თვითონ ვიყავი ჩასული სარდაფში და ბზარის კვალი არსებობს, ასევე მოსული იყო კონსტრუქტორიც. არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ, რატომ გადაწყვიტა მერიამ სამხარაულს დაუკვეთოს დასკვნის მომზადება, ეს მათი გადაწყვეტილებაა. აქ ორი კორპუსია ა და ბ ბლოკი. შეიძლება მათ შორის რაიმე ბზარიც არსებობდეს, რაც გამოწვეულია სიცივით [ ეს ბზარიც არ არის], თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სახლი უსაფრთხოა“, – განაცხადა კომპანიის იურისტმა ირაკლი სურმანიძემ.
ამ სახლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები აქ მცხოვრებლებს ადრეც ჰქონდათ. 2017 წელს სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 40,639.10 ლარის ღირებულების (470,36 გრამი) არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას წიაღის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი – 5 მილიონი ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა კი – 1 მილიონ 200 ლარი. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 30 წელია, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნება მოიპოვოს 859 კილოგრამი ოქრო და სხვა წიაღისეული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის იანვარში დაანონსა, რომ პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდებოდა და უძრავი ქონების პრივატიზების გარდა, შეთავაზებების ნუსხას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები დაემატებოდა.
„პროექტის ფარგლებში წიაღის ეროვნული სააგენტო არანაკლებ 100 საბადოს ელექტრონულ აუქციონზე განათავსებს. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება,“ – აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC). ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება აგრძელებს პრივატიზაციისა და აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემის პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში, ჭიათურასა და სხვა რეგიონებში დაგროვებული გამოცდილება ამ პოლიტიკის სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო 2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული „წიაღის სექტორის სტრატეგია“ სამთო-მოპოვებით სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩავარდნებზე მიუთითებს, რომელთა აღმოუფხვრელად მოპოვების ლიცენზიების გაცემის მასშტაბური ტალღის წამოწყება უკიდურესად საფრთხისშემცველია,“ – აცხადებს EMC-ი.
მიუხედავად ამისა, წიაღის ეროვნულ სააგენტოს ათობით აუქციონი აქვს გამოცხადებული, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე. მათ შორისაა „მერისის საბადოც“.
აუქციონის მიხედვით, „მერისის ოქროს საბადოს“ ლიცენზიის მფლობელს ექნება უფლება, 30 წლის განმავლობაში მოიპოვოს სხვადასხვა კატეგორიის:
[checklist]
ოქრო – 859 კილოგრამი,
ვერცხლი – 18,3 ტონა,
სპილენძი – 130 746 ტონა,
ტყვია – 16 800 ტონა,
თუთია – 14 200 ტონა.
[/checklist]
[toggle title=”მოსაპოვებელი მადანისა და წიაღისეულის ოდენობა ნახეთ აქ“]ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სასარგებლო წიაღისეულის [„მერისის“ ოქრო, სპილენძი, პოლიმეტალური საბადო] მოპოვება:
ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 11 მარტს დღის 12 საათზე დაიწყება და იმავე დღის 18:00 საათზე დასრულდება. აუქციონის პირობის თანახმად, საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელსაც.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის ვადაში სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია, აქედან, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილი ჩატარების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია;
ასევე, ლიცენზიის მიღებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მუდმივად საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება, ხოლო შემდეგ, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მუდმივად საქართველოს არანაკლებ 500 მოქალაქის დასაქმება.
[toggle title=”ლიცენზიის მფლობელის სხვა ვალდებულებები ნახეთ აქ“]
ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები:
ლიცენზიის მიღების შემდგომ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.
ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს 2020 წლის დეტალური გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი განსახორციელებელი შესწავლის სამუშაოების შესახებ, ხოლო დანარჩენ პერიოდზე (მომდევნო წლებში) ყოველი მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის წარდგენის ვადად განესაზღვროს წინა კალენდარული წლის 1 დეკემბერი. ლიცენზიის შესწავლის პერიოდში ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 აპრილისა წარადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში. დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად), საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით;
ვალდებულების შესრულების ვადის გასვლიდან ორი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელებას;
სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 3 000 000 ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;
ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
მარაგების დამტკიცების შემდგომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს, იმ ლიცენზირებული ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნება, რომელიც შესწავლის შედეგებზე დაყრდონობით წარმოადგენს უპერსპექტივო უბანს;
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით;
სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან;
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე და კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართობებზე წიაღით სარგებლობა განახორციელოს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით;
ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
ვალდებულებების შეუსრულებლობა, შესაძლებელია განხილულ იქნეს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია. ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება.
ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება. გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;
დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებული იქნება გაითვალისწინოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების პირობები და პოზიციებიც, მათ შორის, სახელმწიფო ელექტროსისტემის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სხვ. აგრეთვე დაიცვას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები.
[/toggle]
„მერისის საბადოზე“ ლიცენზია 2007 წელსაც იყო გაცემული, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა. საბოლოოდ კი ეს ლიცენზია გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა.
2019 წლის ბოლოს სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერისის საბადოზე შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე ხელახლა გატანას, სავარაუდოდ, 40 წლით და 2,5 მილიონ აშშ დოლარად [საწყისი ფასი] აპირებდნენ. მერისის საბადო წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში იყო:
ფიზიკა-მათემატიკის [მე-6] საჯარო სკოლა. მე-8 კლასი
გამარჯობა, ნატალია!
სულ რამდენიმე დღეა, რაც შენი ამბავი გავიგე და მას შემდეგ მოსვენება დამეკარგა; ძალიან აღვშფოთდი დედაშენის საქციელის გამო. მოულოდნელობის ეფექტს პირველივე ფრაზით მიაღწია: ,„მიშველე, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი…“ თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ ისეთი გულწრფელი დაჟინებით აგრძელებდა, მივხვდი, ხუმრობისგან შორს რომ იყო.
როგორ შეუძლია დედას, ასე იფიქროს შვილზე: „ქე რომ გადაპრანჭვა და ტუჩის აბზუკვა იცის, თავი დაანებოს, თვარა გლახა საქმეს უზამს თავის თავსაც და დებსაც… თვითონაც ჩარჩება, ჩაბერდება ქალიშვილობაში და იმათაც ჩააბერებს!..“ თავდაპირველმა სიბრაზემ რომ გადამიარა, დავფიქრდი, მარტო შენ კი არა, დედაშენიც – პელაგიაც – მსხვერპლია. მისი აზროვნება, მოვლენების აღქმა და შეფასება ადასტურებს ამას.
ალბათ, არაფრით განუგეშებს იმის გაგება, რომ არც სხვებს ულხინთ. დედაშენივით დაიარება დარისპანიც და ეძებს სასიძოს, რომ მოიშოროს ქალიშვილი – ერთი ზედმეტი სარჩენი. რა მტკივნეულია მამისგან ამისთანა სიტყვების მოსმენა: .. დავათრევ ამ ჩემს ქალბატონს ყველგან – ნათესავებში, კეთილებში, დღეობებში, – ეგებ ვისმეს ან მოეწონოს, ან ვინმემ სხვანაირ გუნებაზე თვალი გადაავლოს და გამანთავისუფლოს მაგისაგან… სად არ ვყოფილვარ, ცის კიდე მაქვს მორებული, – არაფერი იქნა!.. ახლა აგერ ერთმა, ჩემი ცოლის ნათესავმა, შემომითვალა, მომიყვანეო… ვიღაც ყმაწვილი ყოლია სახეში – ვაჩვენებო… მიმყავს იქ…ე შვილი
კიდეც დამიბერდა, დამიუშნოვდა!.. დამახინჯებულსა და დაგლახავებულს რომ შეხვდა საბედო, კი აღარ მოჰკიდა ხელი, ქე დეიწუნა..“ ნუთუ შესაძლებელია, გაჭირვებამ ისე გააუზნეოს ადამიანი, ქალიშვილს მხოლოდ სარჩენ ობიექტად მიიჩნევდეს?
თქვენს ამბებს რომ გვიყვებოდა ქართულის მასწავლებელი, ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო ტექსტი მხოლოდ კონკრეტული ეპოქისა და სიდუხჭირის შესახებ. ეს ტექსტი ლოგიკური გამოხატულებაა ჩვენს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული შეხედულებებისა, რომლებიც ჩაგრავს ქალს, უპირატესობას ანიჭებს მამაკაცს. მალალას ამბავი აღგვაშფოთებს, საკუთარს თვალს ვუხუჭავთ. მარტო შორეულ პაკისტანში უხარიათ ვაჟების დაბადება და სწყინთ – გოგონებისა? ალბათ, თქვენს დროს ექოსკოპიას სქესის დადგენა რომ შესძლებოდა, არ ეყოლებოდა შენს ნაცნობ დარისპანს ოთხი ქალიშვილი ან იქნებ არც შენ დაგჭირდებოდა თქმა იმისა, რომ „სიკვდილი სჯობია თქვენს ხელში ყოფნას, სიკვდილი!“
თქვენი ამბებიდან 120 წლის შემდეგაც არ ადგათ ქალებს უკეთესი დღე: გახშირდა ფემიციდი, 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების ანაზღაურება მამაკაცის ანაზღაურებასთან შედარებით 36%-ით ნაკლებია, მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის მხოლოდ 14-15% არის ქალი…
ყოველთვის გვჭირდებოდა, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ცვლილებები, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი იწყება ცვლილებებით გონებაში.
შენ, ნატალია და ყველა სხვა მსხვერპლმა უპირველესად თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას.
მხოლოდ არსებულის გააზრებითა და სწორად შეფასებითაა შესაძლებელი იმ მოქმედებათა დაგეგმვა, რომლებიც დაგიცავს და გაგაძლიერებს. დაფიქრდი, რატომ უნდათ შენს მშობლებს შენი თავიდან მოშორება? რათა სარჩენი მოიშორონ.
ფინანსური დამოკიდებულება იძულებულს ხდის ადამიანს, ემოციურადაც დამორჩილდეს მარჩენალს. რომ არავისზე იყო დამოკიდებული, უნდა ისწავლო, გქონდეს პროფესია, რომელიც გარჩენს და გადაგარჩენს. ფინანსური დამოუკიდებლობა გაგაძლიერებს, ემოციურ-ფსიქოლოგიური სტრესისგანაც დაგიცავს. შენ უნდა ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების, იპოვო საკუთარ თავში ძალა, აიმაღლო ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.
ხანდახან არაფრის თქმა, პასიური პროტესტი, გაჩუმება დანაშაულია, ამავე უსამართლობის წახალისებაა.
უნდა იმოქმედო, უნდა ისწავლო, როგორ იცხოვრო, რათა არ დარჩეს ფარატინა ფურცლად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.
___________
კონკურსის შესახებ:
წერილი მსხვერპლს გამოქვეყნებულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) მიერ ჩატარებული კონკურსის ფარგლებში. ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე წერილების კონკურსი გასულ წლის ბოლოს გამოაცხადა.
კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ აზრებს გაუზიარებდნენ. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია გელა შათირიშვილი, რომელმაც პირველი ადგილი აიღო.
„მოსამართლე თადუმაძემ დაადასტურა ბრალმდებელი თადუმაძის საჩივარი, ასე გამოვიდა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მერაბ ქართველიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძის შესახებ, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – გიგი უგულავა ციხეში შეაბრუნა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება დაუდგინეს.
რას ნიშნავს, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე განიხილავს იმ საქმეს, რომელზეც სახელმწიფო ბრალმდებელი თავად იყო და ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, როცა საქმის განმხილველმა მოსამართლემ უნდა შეაფასოს პროკურორის პოზიცია და ეს პროკურორი თავად იყო, ვიდრე იგი მოსამართლე გახდებოდა?
„ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და ჩნდება განცდა, რომ სამართლებრივ მდგენელის გარდა, შესაძლოა, არსებობდა პოლიტიკური გავლენა“, – მიიჩნევს საია-ს იურისტი მერაბ ქართველიშვილი.
შალვა თადუმაძის პოლიტიკასთან კავშირზე, კონკრეტულად კი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილაციაზე ამახვილებს ყურადღებას „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძეც. დამოუკიდებელი იურისტები თანხმდებიან იმაზე, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან სანდოობას ანგარიში არ გაუწია.
„ამას ჰქვია სამართლებრივი უხერხულობა, ეს არის ალბათ ყველაზე კარგი შეფასება შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებაზე,“ – გვითხრა გურამ იმნაძემ. – „პირდაპირი ვალდებულება არ ჰქონდა შალვა თადუმაძეს, რომ საქმის განხილვა აეცილებინა, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მაღალი სანდოობით უნდა სარგებლობდეს და მინიმალურ ეჭვებსაც არ უნდა აჩენდეს. გონივრული იქნებოდა, თუკი შალვა თადუმაძე დააკმაყოფილებდა აცილების შუამდგომლობას, რაც დაცვის მხარემ დააყენა. მოსამართლე შალვა თადუმაძემ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა“.
შალვა თადუმაძეს თვითაცილებაც შეეძლო.
გურამ იმნაძე
„შალვა თადუმაძის არჩევამდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტი და ეს პირველი საქმეა, სადაც ეს ცხადად გამოჩნდა,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მერაბ ქართველიშვილი.
საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თავად პროკურატურის სტრუქტურაც, სადაც ვერტიკალური მართვის მოდელია და ძალიან რთულია ვინმემ დაიჯეროს ის ამბავი, რომ საჩივარი გიგი უგულავას წინააღმდეგ შალვა თადუმაძის კურაციის გარეშე შევიდა უზენაეს სასამართლოში.
„გენპროკურორობის დროს შალვა თადუმაძე მხარს უჭერდა იმას, რომ გიგი უგულავა სასამართლოს დამნაშავედ მიეჩნია. შესაბამისად, საქმის განმხილველ მოსამართლე შალვა თადუმაძეს წინასწარი განწყობა უკვე შექმნილი ჰქონდა… მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს, ანუ მოსამართლე თადუმაძემ მხარეებს ზეპირად სხდომათა დარბაზში არც კი მოუსმინა. საუბარია საქმეზე, სადაც თავისუფლების აღკვეთას უფარდებ პირს და აბრუნებ ციხეში,“ – ამბობს მერაბ ქართველიშვილი.
EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ყურადღება უნდა მიექცია საქმის „პოლიტიკური წონისთვისაც“. სასამართლოს სისტემაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით კითხვები უჩნდება საია-ს იურისტს, მერაბ ქართველიშვილსაც.
მერაბ ქართველიშვილი
„ეს სარჩელი წელიწადი და სამი თვე იყო შეტანილი და ახლა განიხილეს, როცა პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო სისტემაზე… ევროსასამართლო იმსჯელებს ალბათ, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება,“ – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი.
ხელისუფლების პოზიციაა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს პრაქტიკა, როცა ყოფილი პროკურორები უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები ხდებიან.
„ასეთი შედარებები არ არის სწორი. შალვა თადუმაძე როცა გახდა გენპროკურორი და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აირჩიეს უზენაეს სასამართლოში, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავდა, რადგან შალვა თადუმაძეს არ განუხორციელებია არც ერთი რეფორმა, რაც დაანონსებული ჰქონდა, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. რა გააკეთა მან ისეთი, რის გამოც დაიმსახურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა?“ – კითხულობს საია-ს იურისტი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში, გოგებაშვილის #1-ში, სანაპირო კლუბისა და იახტკლუბის სამშენებლო პროექტი განიხილა. დაგეგმილ პროექტთან ახლოს [სამშენებლო ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურა მდებარეობს. შესაბამისად, კომპანიამ პროექტის შეთანხმებაზე სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. პროექტი პლაჟთან ახლოს ორსართულიანი შენობისა და საცურაო აუზის მოწყობას ითვალისწინებს.
საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, მშენებლობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი 0.5, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე კი – 12,64 მეტრი, აქედან 1.6 მიწის ქვეშ [ნულს ქვემოთ] იქნება.
ახალი იახტკლუბის პროექტი – საბჭოს სხდომაზე წარდგენილი რენდერი
ჯერჯერობით არ ვიცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოს წევრებმა.
აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ ახალი იახტკლუბის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს.
ბათუმის იახტკლუბი შპს „რივიერას“ აჭარის მთავრობამ 20-წლიანი იჯარით და გარკვეული ვალდებულებებით 2017 წლის დეკემბერში 1 ლარად გადასცა. იახტკლუბის განვითარებასთან ერთად, საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „რივიერას“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობა იახტკლუბის მიმდებარე ნაკვეთებზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაეწყო. „რივიერას“ მიმართ ეს და სხვა მოთხოვნები ხელშეკრულებაში, 2019 წლის 18 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით შეიცვალა.
რენდერი
ახალი შეთანხმების მიხედვით, ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება.
ახალი შეთანხმებით „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს:
„2020 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემული ქონების მომიჯნავედ თავისსავე [ამჟამად შპს „ბათუმი რივიერას“] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით – „წინსვლა“ საჯარო სკოლებში ხუთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ჩათვლით, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე, თუმცა წერილობით განმარტებებში აღნიშნულია, რომ „პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები“.
USAID-ისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული, მდგრადი და ინკლუზიური განათლების რეფორმის განხორციელებას დაწყებით განათლებაში.
ორგანიზაცია გვწერს, რომ პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას, ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, „რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარები“.
ახალი პროგრამის ფარგლებში პედაგოგებს, მენტორებსა და სკოლის ადმინისტრაციას ჩაუტარდებათ ტრენინგები.
„შეიქმნება პედაგოგების გადასამზადებელი მასალები, მოხდება მასწავლებლების საკლასო დაკვირვება, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალების მხარდაჭერა. მოსწავლეებისთვის კი, შეიქმნება სასწავლო რესურსები,“ – მოგვწერეს USAID-დან.
პროექტით გათვალისწინებულია მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში. USAID-ის ინფორმაციით, შეიქმნება კითხვის და მათემატიკის კლუბები, „რომლებიც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სწავლის პროცესს“.
ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კი, პროექტი ითვალისწინებს „საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდების“ დანერგვას. ეთნიკური უმცირესობებისთვის I-II კლასებში პრიორიტეტული იქნება მშობლიურ ენაზე კითხვის უნარების განვითარება, III-VI კლასებში კი – ქართულს ისწავლიან, როგორც მეორე ენას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა შექმნის ისეთ სასწავლო რესურსებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოსწავლისთვის“.
როგორც „ბათუმელებს“ მოგვწერეს, პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის კუთხით გადამზადდება დაწყებითი სკოლებისა და სპეციალური განათლების ყველა მასწავლებელი.
USAID-ის ინფორმაციით, ზოგადი განათლების პროგრამა ამ ორგანიზაციის, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება.
USAID-ის პროგრამასთან ითანამშრომლებს რვა უნივერსიტეტი, მათ შორის რეგიონებიდან და პედაგოგებს უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგებით. „USAID-ის პრიორიტეტია ამ ორგანიზაციების გაძლიერება ისე, რომ მომავალში თავად შეძლონ პედაგოგების გადამზადება“.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს ყველა საჯარო სკოლას ექნება შესაძლებლობა, განივითაროს წიგნიერების, მათემატიკური, ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა 2020 წლის იანვარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი. გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით, 15 პირი პასუხისგებაშია მიცემული.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; დღის მეორე ნახევრიდან – დასავლეთის მიმართულების, ზოგან 17-22მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
მთაში – ღამით 7-12, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა;
მაღალ მთაში – ღამით -15-20, დღისით -5-10 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან 17-22მ/წმ-ში, უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, ხილვადობა კარგი.
ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 13-18დმ (4 ბალი),
ზღვის წყლის ტემპერატურა +7 გრადუსი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 13 და 14 თებერვალს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში – თოვა, ზოგან ძლიერი, ზვავსაშიშროება.
ასლან ლორთქიფანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავისი კაბინეტის უფროსად დანიშნა, ეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში დაადასტურეს. ამ დრომდე ასლან ლორთქიფანიძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთავაზება უმაღლეს საბჭოში გადასვლაზე მან პირადად დავით გაბაიძისგან მიიღო.
ასლან ლორთქიფანიძემ „უსაფუძვლო ბრალდება“ უწოდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შეფასებას: „ჭიქაში ქარიშხალი გამოწვეულია იმით, რომ ერთმა კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა ტელევიზიის მართვის ბერკეტები“.
ასლან ლორთქიფანიძე ცოტა ხნის წინ იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატები შეარჩია. საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ არსებობდა დიდი უნდობლობა. პროცესის შესახებ საიამ განაცხადა, რომ კანდიდატები კომისიამ კანონდარღვევით შეარჩია.
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, დაბა ჩაქვის მოსახლეობას წყლის მიწოდება დღის 14:00 საათზე აღუდგება.
კომპანიის განცხადებით, „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით“.
„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და წყალი ადინონ რამდენიმე წუთით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სქემით მინიჭებულ სტატუსს, გარდა პრაქტიკოსისა იმ საგნებში, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ან უმაღლესი განათლების დიპლომით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული იმ საგნების სწავლება, რომლებსაც დამატებით ასწავლიან.
[checklist]
მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
[/checklist]
ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.
ბრძანების მიხედვით, მასწავლებელი არის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, გარდა პრაქტიკოსისა ან დიპლომით აქვს დადასტურებული იმ საგნის სწავლება, რომელსაც ასწავლის.
ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდი UNFPA ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირებას.
ნაადრევი ქორწინება პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და როგორც კვლევები ცხადყოფს, არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირება, გოგოებისთვის სკოლის დამთავრებისა და, ზოგადად, განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ასევე დედობის გადავადება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას.
UNFPA-ს კვლევების მიხედვით, თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები 650 მილიონი ქალი ნაადრევად, 18 წლამდე დაქორწინდა. ნაადრევი ქორწინების დიდი წილი ეკონომიკურად საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებს განვითარებულ ქვეყნებშიც ვხვდებით.
ამ საკითხით მთელ მსოფლიოში ადვოკატებიც ინტერესდებიან, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიაში არასამთავრობო ორგანიზაციამ Nesime Salioska ჩაშალა ასაკოვანი კაცისა და 16 წლის გოგოს ქორწინება, რომელმაც ამ კაცისგან შვილი გააჩინა. ადვოკატებს დიდი ძალისხმევის გაღება მოუხდათ, რადგან ადგილობრივი ჩინოვნიკები უარს ამბობდნენ რაიმე ტიპის ჩარევაზე.
გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ გლობალური სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები იკლებს. 2000 წელს 20-24 წლამდე ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში, ბავშვობაში დაქორწინდა, 2017 წელს კი ამავე ასაკობრივი კატეგორიის ყოველი მეხუთე ქალი იყო ბავშვობაში დაქორწინებული.
სამხრეთ აზიაშიც კი, სადაც მთელ მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები თანდათან მცირდება.
18 წელს მიუღწეველი გოგოების დაქორწინების რისკი ამ რეგიონში შემცირდა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად.
მაგრამ ეს ბავშვთა ქორწინების თვალსაზრისით მხოლოდ ერთი პრობლემური რეგიონის წარმატებული მაგალითია. თუ მსგავსი ძალისხმევა მსოფლიოს სხვა რეგიონებში არ დაჩქარდება, UNFPA-ს კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი გაიზრდება.
დღესდღეობით მოსახლეობა ყველაზე სწრაფად იზრდება იქ, სადაც არასრულწლოვანთა ქორწინება ჩვეულებრივი მოცემულობაა, მაგალითად დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებშიც ბავშვთა ქორწინების მაღალი მაჩვენებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ შემცირებულა.
2019 წლის ნოემბერში გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჯონ ჰოპკინსის, ვიქტორიას, ვაშინგტონის უნივერსიტეტებსა და ორგანიზაცია Avenir Health-თან ერთად ჩატარებული ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს 68 ქვეყნის მაგალითზე დაითვალეს რა ფინანსური რესურსია საჭირო ნაადრევი ქორწინების შესამცირებლად. კვლევის მიხედვით, პრობლემურ ქვეყნებში 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების კლებადი მაჩვენებლის მისაღებად 35 მილიარდი დოლარია საჭირო, რაც დღევანდელ მსოფლიოში თითო დაქორწინებულ ბავშვზე 600 დოლარი გამოდის – მაღალი კლასის სასტუმროში გატარებული ერთი ღამის საფასური.
35 მილიარდიანი ინვესტიციაში მკვლევარებმა მოიაზრეს საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებების, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროგრამები. კვლევის მიხედვით, ამ ფინანსური რესურსით 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების თითქმის 58 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.
ნაადრევ ქორწინებაში არიან როგორც გოგოები ასევე ბიჭები, თუმცა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, დაბალი და საშუალო ეკონომიკური განვითარების 82 ქვეყანაში ყოველი 25 ბიჭიდან ერთია 18 წლამდე დაქორწინებული.
ნაადრევი ქორწინება ბიჭებისთვისაც ტვირთია, რასაც ხშირად ვერ უმკლავდებიან, თუმცა ბავშვთა ქორწინებისას გოგოებს გაცილებით დიდი ზიანი ადგებათ ბიჭებთან შედარებით. კვლევებით დასტურდება, რომ ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგოები უფრო ხშირად ხდებიან მეუღლის, ნათესავების და საკუთარი მშობლების ოჯახიდანაც კი სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი. ამას ემატება ნაადრევი მშობიარობის რისკები, როცა სხეული ჯერ კიდევ არ არის მზად ორსულობისა და შემდგომი გართულებებისთვის.
მთელ მსოფლიოში არასრულწლოვანი გოგოების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორსულობისა და მშობიარობის გართულებებია.
დაქორწინების გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგოები ხშირად ნაადრევი ორსულობის გამო წყვეტენ, თუნდაც მოძალადეზე, რომ საკუთარი ოჯახები ქორწინების გარეშე დაორსულებასთან დაკავშირებული სტიგმისგან იხსნან.
ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების, განათლების ხელშეწყობა მთავარი ფაქტორებია ბავშვთა ქორწინების პრობლემის დასაძლევად.
Unisef – ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში 20- 24 წლის ასაკის ქალების 14% დაქორწინებული იყო 18 წლამდე. ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა საქართველოში თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, მისი გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის.
20-24 წლის ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში 18 წლის ასაკამდე, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4% -ს შეადგენს. 20-49 წლის ასაკის ქალების წილი, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან 18 წლის ასაკამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში (12%).
მთავარი ფოტო გვერდიდან – Humman Trafficking search
სანაპიროსთვის დეკორატიული საპარკე სკამების შესაძენად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. 214 სკამის შესაძენად 209 ათას 934 ლარია გამოყოფილი.
გამარჯვებულმა საპარკე სკამები უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 11 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს შეწყდება.
საპარკე სკამისთვის გამოყენებული მასალები და მახასიათებლები:
გრანიტის ქვის გრანულების, სამშენებლო ინგრედიენტების, პლასტიფიკატორების, არმირების გამოყენებით დამზადებული ქვის სკამი; ზედაპირი: წყალმედეგი, ყინვამედეგი, გაპრიალებული, გალაქული, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით ქობულეთის სანაპიროზე არსებული სკამების იდენტური ზედაპირი. სხმული უნდა შედგებოდეს ერთგვაროვანი მასისაგან, არ უნდა იყოს შებათქაშებული და სხვა მასით მოპირკეთებული.
სკამის ესკიზი ტენდერიდან
რაც შეეხება ქობულეთის ზღვისპირა პარკს, მის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 6,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
პარკის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2 276 066 ლარზე 2019 წლის მარტში გააფორმა.
მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას კი, მუნიციპალიტეტს 4 200 000 ათას ლარად სთავაზობს ტენდერში მონაწილე კომპანია AWARD-ი. ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარეობს და მონაწილეობს თუ არა მასში სხვა პრეტენდენტი, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.
ეს ტენდერი, 4 733 769 ლარით, მუნიციპალიტეტმა 2020 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა:
6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 33 წლის ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის და წელიწად-ნახევარი იყო ციხეში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გიორგიმ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა…
ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, ვისზეც ბრალდებულმა ასევე იძალადა – მეზობელი. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
პოლიციელებმა პედოფილიის ამ შემთხვევის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა მეზობელი დანაშაულის თვითმხილველი გახდა. პოლიციელებს და მოსამართლესაც მოწმემ უთხრა, რომ ბრალდებული მისი ბიძაშვილია და პოლიციას თავად მიმართა.
პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ დაზარალებულად ცნობილი 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, გიორგი მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.
აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 ჰექტარზე მეტ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 2045 წლამდე ასხვისებს. მიწის ნაკვეთზე, რომლის მისამართადაც დოკუმენტებში სოფელი ალამბარია მითითებული, მოწყობილია სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ქონების საწყისი ფასი 280 000 ლარია, ხოლო ბიჯი 7000 ლარი. შეძენის ფასი, ამ შემთხვევაში, მოიჯარის წლიური სარგებლობის საფასური იქნება.
აუქციონის პირობის მიხედვით, მოიჯარემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, გადაცემულ ტერიტორიაზე, აგროპარკი უნდა აამოქმედოს, მანვე უნდა იზრუნოს აქ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებაზე და პროფილი სარგებლობის ვადაში უნდა შეინარჩუნოს. პირობების ჩამონათვალშია ასევე საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმება.
მოთხოვნის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება უზრუნველყოს აგროტურისტული ჯგუფებისა და პრაქტიკული სწავლების მიზნით სტუდენტების დაშვება.
აუქციონის პირობაა, ასევე, საიჯარო პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება; სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შემდგომკი პერიოდულად ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის წარდგენა.
აუქციონი 2020 წლის 3 თებერვალს გამოცხადდა და 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.
„რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის მუშაობდა აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ… დრომ მხოლოდ ფორმები შეცვალა. ახლა ინფორმაციებით ვიბრძვით. ჩვენ საქართველოში თავად გვაქვს ინფორმაციული ვაკუუმი ქართველი მუსლიმების შესახებ და ამ ვაკუუმის შევსებას რუსეთი იმის თქმით ცდილობს, რომ თითქოს თურქეთს აჭარის დაბრუნება სურს და თურმე, რა კარგი იყო სტალინი…“ – ეს მოსაზრება ბათუმელმა სტუდენტმა ლია დეკანაძემ გაგვიზიარა, როცა მას და ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე შეკრებილ მუსლიმებს ვკითხეთ: არის თუ არა რუსეთი ჩართული ისლამის და, მათ შორის, ბათუმში ახალი მეჩეთის საფრთხედ წარმოჩენის პროცესში?
რუსული მედია თუ პრორუსული პოლიტიკური პარტიები საქართველოში რუსული ოკუპაციის გვერდის ავლით ხშირად ცდილობენ თურქეთის მხრიდან საქართველოს და კონკრეტულად აჭარის ექსპანსიის მოლოდინი გააჩინონ. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო არხის მიერ მომზადებულ გადაცემას ასეთი სათაური აქვს: „აჭარა თურქეთის რეგიონად ყალიბდება“. 10-წუთიანი გადაცემის ძირითადი გზავნილია, რომ აჭარაში მეჩეთებს თურქული ფულით აშენებენ და თურქეთი თავის დამპყრობლურ გეგმაზე უარს არ ამბობს.
რუსული პროპაგანდა მუშაობს სხვა თემებზეც, მაგალითად, იმაზე, რომ თითქოს ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს. ამ ყალბ ინფორმაციას აქტიურად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტთა ალიანსი“ ავრცელებდა. მითები ვრცელდება ამ დრომდე „ყარსის ხელშეკრულების“ შესახებ.
ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, იმ ადგილას, სადაც მუსლიმ თემს უკვე წლებია მეჩეთის აშენების უფლებას სახელმწიფო არ აძლევს, მუსლიმებს რუსეთზე და რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც მათ და მეჩეთის აგების წინააღმდეგაც მუშაობს, საუბარი უჭირთ. ზოგიერთი ბათუმელი მუსლიმი რუსეთის ხელს ამ ამბავში გამორიცხავს, ზოგიერთიც პირიქით – რუსული პროპაგანდის პათოსს იზიარებს და ამბობს, რომ „თურქეთია საქართველოსთვის საფრთხე და არა რუსეთი“.
[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ მეჩეთის მშენებლობაზე დაპირებების გაცემის ქრონოლოგია”]
[checklist]
მუსლიმები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ითხოვდნენ ბათუმში მეჩეთის აშენების უფლებას. მათ ამ უფლების რეალიზებას ყველა ხელისუფალი ჰპირდებოდა. ბოლო რვა წლის მონაცემები კი ასე გამოიყურება:
2012 წელი, ოქტომბერი. არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, მაშინდელი ხელისუფლების მთავარმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას თავად დააფინანსებდა.
2013 წელი, თებერვალი. ივანიშვილმა პრემიერის რანგში დაადასტურა, რომ „მეჩეთისთვის ადგილს ეძებს აჭარის მთავრობის მეთაური ხაბაძე“.
2013 წელი, მარტი. აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ და დღეს მოქმედმა პარლამენტარმა არჩილ ხაბაძემ თქვა, რომ “მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით“.
2014 წელი. ვითარება რადიკალურად იცვლება – მუსლიმმა თემმა მოიპოვა სასულიერო პირების ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი მიმართვა მთავრობისადმი, რომელშიც წერია, რომ მეჩეთის საჭიროება არ არსებობს. თემი მიიჩნევს, რომ მუფთებს სპეცსამსახურმა აიძულა ამ დოკუმენტის შექმნა.
2015 წელი. მთავრობამ სამუფთო სამმართველოს 4 მილიონი ლარის ქონება გადასცა და განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
2016 წელი. მუსლიმ მოქალაქეებს მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფომ მიწის გამოყოფაზე უარი უთხრა. თემმა თავად იყიდა მიწა მეჩეთის ასაშენებლად.
2020 წელი. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს. საჩივარი შეიტანა როგორც მერიამ, ისე მუსლიმმა თემმა.
[/checklist]
[/toggle]
„რუსულ პროპაგანდას გავლენა აქვს თავად მუსლიმ თემზეც,“ – მიიჩნევს მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი ზაზა მიქელაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „სამოქალაქო დარბაზი“
ბათუმში მცხოვრები მუსლიმი: „რუსეთის ინტერესია, რომ აქ იყოს ანტითურქული განწყობა“
„მე უფრო ის მაწუხებს, როცა მიყურებენ, როგორც უცხოს,“ – გვითხრა ახალ მეჩეთში ერთ-ერთმა მუსლიმმა. აჭარელ მუსლიმებს ახსოვთ კონკრეტული სატელევიზიო სიუჟეტები ან, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები იმის შესახებ, რომ მაგალითად, „ყარსის ხელშეკრულებას“ თითქოს ვადა გასდის და „თურქეთი აჭარას დაიბრუნებს“, მაგრამ არ უფიქრიათ იმ კუთხით, რომ ამის უკან შესაძლოა რუსეთი დგას.
„დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია,“ – გვიყვება მოქალაქე დავით ბოლქვაძე. – „ზოგჯერ უთქვამთ, წადით, თქვენ უცხო ქვეყანაში უნდა იცხოვროთ, წადით თქვენს თურქეთში, თუ მუსლიმობა გინდათო. არის სხვა დამოკიდებულებაც, რომ ერთმანეთის ძმები ვართ… რას გაიგებ, ზოგი ფანატიკოსია. არ ვიცი, რუსეთი იყენებს თუ არა ამ თემას, არ მიფიქრია.“
„რუსეთი საერთოდ მსოფლიოს იპყრობს, მსოფლიო ბატონობა უნდა… არ უნდა ეხებოდნენ რელიგიას. მე თუ აქ მოვედი და ვილოცე, ვის რაში ეშლება ხელი?“ – კითხულობს თამაზ ვანაძე.
დისკუსიაში მეჩეთში მყოფი სერგო დუმბაძე ჩაერთო: „არა მგონია, რომ რუსეთი იყოს ჩარეული. რუსეთი, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი პატრონია. თურქეთს, არაა გამორიცხული, რომ ისევ უნდოდეს აჭარის დაბრუნება. მსოფლიოს ყველა კუთხეშია სალოცავი, ეკლესიაც და მეჩეთიც. რა შუაშია აქ რუსეთი და თურქეთი?“
„მუსლიმი თემი მუდმივად საკუთარი იდენტობისთვის იბრძვის… ჩვენ მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ქართველები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ, როცა უნდა ამტკიცო, რომ ჩამორჩენილი არ ხარ და არც ოსმალური მემკვიდრეობის ნაშთი“, – გვითხრა ლია დეკანაძემ.
ლია დეკანაძე დარწმუნებულია, რომ დომინანტური ჯგუფების მიერ მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს. ლია ყურადღებას ამახვილებს აჭარაში ისლამის ხელოვნურად წაშლის კვალსა და ინფორმაციულ ვაკუუმზე, რომელიც მუსლიმი თემის მიმართ არსებობს.
7 თებერვალი. ლია დეკანაძე ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.
„რუსეთის ინტერესი მუდმივად იყო ისლამოფობიის და თურქოფობიის გაძლიერება. ადრე ეს გამოიხატა მუჰაჯირობაში, ახლა რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები პატრიოტული გამოსვლებით. მათ საუბრის ვექტორი გადააქვთ იმაზე, რომ აი, რუსეთი რა კარგი იყო, შემოგვიერთა მიწები, ხოლო თურქეთი, რომელიც დღეს ნატოს წევრია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ოკუპანტია. რუსეთი ხშირად ცდილობს ასევე იმას, რომ რელიგიურ ერთობას გაუსვას ხაზი, რომ ქართველი ავტომატურად ნიშნავს ქრისტიანს და რუსებიც ქრისტიანები არიან. სამწუხაროა, რომ რუსეთი ამ ყალბ მეთოდებს და სიცრუეს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ და ეს ჯერ კიდევ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში…“ – მიიჩნევს ლია დეკანაძე.
პანკისში მცხოვრები მუსლიმი: „პანკისშიც მუშაობს რუსეთი, რომ თითქოს ტერორისტები ვართ“
ის, რომ საქართველოს ბევრი საფრთხე აქვს და რუსეთის დახმარება გვჭირდება – ამ მოსაზრების პოპულარიზაციას საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც ხედავენ. მაგალითად, პანკისში მცხოვრები რამზან გორგიშვილი, რომელიც 7 იანვარს ბათუმის ახალ მეჩეთში დისკუსიას დაესწრო, გვიყვება, რომ რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი ერთ სიტყვაში ერთიანდება – „საფრთხე“.
„რუსული პროპაგანდა ცდილობს, პანკისი წარმოაჩინოს, როგორც საფრთხე… სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაც ხშირად ამ სტერეოტიპს აღრმავებს. ეს პროცესი დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული, როცა პანკისში გადმოვიდნენ ლტოლვილები. ჩვენ პერიოდულად გვესმის რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ პანკისში თითქოს არის იარაღის ქარხნები, რომ ჩვენთან არის ტერორისტული ბაზები და მზადდებიან ტერორისტები“, – ამბობს რამზან გორგიშვილი.
7 თებერვალი. რამზან გორგიშვილი ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.
„რუსეთი არის საქართველოს მტერი და ის ყოველთვის უსამართლობას აკეთებს… ავის მოსურნეა და ის შეეცდება იმ უსამართლობის გამოყენებას, რაც საქართველოში მუსლიმების მიმართ არსებობს. ამიტომაც, მე არ მაინტერესებს რას აკეთებს რუსეთი. მე მაინტერესებს, რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო,“ – გვითხრა მცხეთაში მცხოვრებმა აქტივისტმა, ქამრან მამედოვმა. ის „უნიკალურს“ უწოდებს აჭარელი მუსლიმების შემთხვევას, როცა ეთნიკური ქართველობის მიუხედავად, ისინი მაინც გრძნობენ გარიყულობას.
7 თებერვალი. ქამრან მამედოვი ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.
„ჩემთან და ქვემო ქართლში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ორმაგი გამოწვევა გვაქვს. აჭარაში კი ეს შემთხვევა უნიკალურია – ეთნიკურად ქართველები არიან და მაინც გარიყულად გრძნობენ თავს, მათი ადგილი მაინც არ იძებნება,“ – გვითხრა ქამრან მამედოვმა.
რამზან გორგიშვილი: „ზოგადად, ისლამი განიხილება, როგორც მტრის რელიგია და სკოლებშიც ახალგაზრდები სწავლობენ ისლამს, როგორც მტრის რელიგიას… ჩვენ გვიწევს მუდმივად მტკიცების რეჟიმში ყოფნა, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას…“
ზაზა მიქელაძე: „აჭარა ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესის სფერო“
ზაზა მიქელაძე, „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდაში ქართველ მუსლიმებზე, ან ისლამზე აქცენტირებაში ახალი არაფერია და „აჭარა ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესის სფერო“.
„იცვლება მხოლოდ თემები. უკვე აღარ მუშაობს „ყარსის ხელშეკრულების“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, ან ცრუ ინფორმაცია იმაზე, რომ ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს, ამაზე საკმაოდ ბევრი დაიწერა და ითქვა. ახლა რუსეთი ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ თურქეთს ოსმალური იმპერიის აღდგენა სურს და ისლამი მის ხელში იარაღია. ახალი მეჩეთის გარშემო რაც ხდება, ესეც ამ თემას უკავშირდება. ყოველთვის ჩანს, რომ ისლამოფობიური განცხადებების უკან რუსეთი დგას,“ – მიიჩნევს ზაზა მიქელაძე.
ზაზა მიქელაძე
„იმპერიალისტური ცნობიერების“ გავლენებზე საუბრობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ დიდი საინფორმაციო ნაკადის პირობებში, რუსეთი ახერხებს თურქეთის იმპერიალისტურ ზრახვებში დაარწმუნოს საზოგადოების ნაწილი.
„აჭარა ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე ორ იმპერიას შორის მოსაზღვრე ტერიტორია იყო და ის ყოველთვის იყო ამ იმპერიების ინტერესების გადაკვეთის საგანი. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური კლასებიც, ასევე ეკლესია, ამ იმპერიალისტური წარმოდგენებისგან გათავისუფლებული ისევ არ არის. როგორც არის დღეს დანახული ქართველი მუსლიმი დომინანტურ მზერაში, აქ იმპერიალისტური ცნობიერების გავლენა ისევ ძალიან მაღალია. ამ თემას პერიოდულად ააქტიურებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ, რომ თურქეთის ინტერესები აჭარაში არის ისევ ძლიერი და საფრთხეები არსებობს,“ – გვიყვება თამთა მიქელაძე.
თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ რაციონალურად უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება. ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და თურქეთი, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, „თუმცა უნდა გვესმოდეს ისიც, რომ თურქეთში ავტორიტარული მმართველობაა… ამ რეალობაში ქართველი მუსლიმების თურქეთთან დაკავშირება, პრობლემაა. ქართველ მუსლიმებს აქვთ მაღალი ინტერესი და მცდელობა ქართულ ნაციონალიზმში ჩაწერის და ყველა საუბარი სრულდება იმაზე ლაპარაკით, რომ ისინი ქართველები არიან,“ – დასძენს თამთა მიქელაძე.
7 თებერვალი. თამთა მიქელაძე ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.
„თუ ვინმე მაჩვენებს, მეც გამაცნონ, როცა რომელიმე ქართველი მუსლიმი ატარებს თურქეთის ინტერესებს და აგენტია. ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა,“ – ამბობს „სამოქალაქო დარბაზის თანადამფუძნებელი, ზაზა მიქელაძე. მისი აზრით, უსაფუძვლოა და შეთქმულების თეორიაა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს შესაძლოა მართლაც ჰქონდეს აჭარაში გავლენების დაბრუნების სურვილი და ამის საშუალებად ისლამს იყენებდეს.
„ცარიზმის რუსეთიდან დღემდე რუსეთი ყოველთვის ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ მუსლიმი ქართველი არის თურქეთის ინტერესების გამტარებელი, თუმცა დღემდე არ არსებობს ამის დამადასტურებელი ერთი პრეცედენტი. დღეს უკვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთი საქართველოს პარტნიორია და რუსული რბილი ძალა კიდევ უფრო მეტად ცდილობს საფრთხის განცდა შექმნას.
აჭარაში თუ მეჩეთი შენდება, ეს სჭირდება მრევლს და არაფერ შუაშია აქ თურქეთის ინტერესები,“ – მიიჩნევს ზაზა მიქელაძე.
ზაზა მიქელაძეს გავუზიარეთ ბათუმელი მუსლიმების დამოკიდებულებაც, როცა მათი უმეტესობა რუსეთს ამ პროცესში ვერ ხედავს, ან პირიქით – თურქეთს მართლაც განიხილავს საფრთხედ.
„რუსულ რბილ ძალას აქვს გავლენა მუსლიმ თემზეც… ეს დაკავშირებულია თვითგამართლების კომპლექსთან, რომელიც მუდმივად უხდება ქართველ მუსლიმს. ეს ერთგვარი დემონსტრირებაა, გაჩვენონ, რომ არ არიან კეთილგანწყობილი თურქეთის მიმართ. არსებობს თაობათა შორის სხვაობები. მუსლიმებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც მართლაც ფიქრობს, რომ თურქეთი საფრთხეა და რუსეთი დაგვეხმარება ისევე, როგორც საზოგადოების სხვა ნაწილშიც მოისმენთ მსგავს პოზიციებს,“ – განმარტავს ზაზა მიქელაძე.
რა შეუძლია რუსულ „რბილ ძალას“?
„რეალურად საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს აგრესია ახალი მეჩეთის აშენებაზე. ეს ხელისუფლების ტროლების მიერ გამოგონილი თემაა,“ – ასე უყურებს მიმდინარე პროცესს ტარიელ ნაკაიძე, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი. მისი აზრით, შესაძლოა, რუსული პროპაგანდა კონკრეტულ თემას სათავისოდ იყენებს, მაგრამ ეს რეალობაზე ვერ აისახება.
„ამ თემებს იყენებენ კონკრეტული პრორუსული პოლიტიკური ძალები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, რომ ამომრჩეველი შეინარჩუნონ… სინამდვილეში ეს თემა ხალხს არ აღელვებს. ხელისუფლების ტროლები ცდილობენ შექმნან ეს განწყობები. ხელისუფლება ამას აკეთებს იმიტომ, რომ საპატრიარქოს გავლენის ქვეშაა,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ.
7 თებერვალი. ტარიელ ნაკაიძე ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.
ისლამოფობიით პოლიტიკური ელიტების დაინტერესების ზრდის ტენდენციას ამჩნევს თამთა მიქელაძე, EMC-ის ხელმძღვანელი.
„ჩვენ ისევ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, რაც ხშირად იწვევს კულტურულ კონფლიქტებს. ამ ველში ხშირად ჩნდებიან „კულტურული მტრები“: ჩინელები, თურქები, მუსლიმები, მიგრანტები, რომლებზეც პოპულისტი პოლიტიკური ელიტები ამ ბრაზს გადაართვევინებენ. მეორეა, რომ ჩვენს პოლიტიკურ კლასს არ აქვს ინკლუზიური პოლიტიკური იდეა და პროექტი, რომელიც მოქალაქეებს რელიგიური თუ ეთნიკური სხვაობის მიუხედავად თანასწორ შესაძლებლობებს მისცემს. ეს მოცემულობა ნოყიერი ნიადაგია რუსული პროპაგანდისთვის,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე.
„სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებლის, ზაზა მიქელაძის დაკვირვებით კი, რუსეთის მიზანია არსებული პროპაგანდის გზით მუდმივად არასტაბილურობის განცდა არსებობდეს ქვეყანაში.
„სადაც უფრო მეტი შანსია, საკუთარი ინტერესების გატარებისთვის და სადაც უსაფრთხოების მზერით უყურებენ თანამოქალაქეებს…“ – დასძინა მან.
კომპანია „ლამინი“ 49 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ათას ლარს გადაიხდის ყოველწლიურად. აქედან, 50 ათას ლარს – შპს „დინამო ბათუმის“ წილის მართვის უფლებისთვის, ხოლო 50 ათასს – ბათუმში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობისთვის.
შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. წილის მართვის უფლება კი „ლამინს“ 2020 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებით გადაეცა. ამავე კომპანიას სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაეცა 58 566 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, ჯამში 3 661 კვ.მ. [ანგისის საფეხბურთო ბაზა].
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ლამინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 2020 წლის 6 მარტამდე უნდა წარმოადგინოს 200 000-ლარიანი საბანკო გარანტია, ხოლო 6 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს კონცეფცია, რომელიც მოიცავს: ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმისთვის“ არანაკლებ 1250 კვ.მ შენობას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურას, საბავშვო მოედნებს და სხვა.
2020 წლის 6 ივლისამდე „ლამინმა“ უნდა შეიმუშაოს ანგისაში გადაცემული მიწის ნაკვეთის განვითარების გენერალური გეგმა [გრგ], სამინისტროსთან შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისად. 2023 წლის 6 იანვრამდე კი, უნდა აამოქმედოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები.
მართვის პერიოდში „ლამინმა“ საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად უნდა განახორციელოს არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია.
[toggle title=”ხელშეკრულების დეტალები ნახეთ აქ”] რამდენიმე პუნქტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ლამინს“ შორის 2020 წლის 6 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან:
[/toggle]
აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიას „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილის საკუთრებაში გადაცემა, კლუბის გასხვისების მიზნით, 2019 წელს სთხოვა. ბათუმის მერია და საკრებულო მთავრობის წინადადებას დათანხმდა. აჭარას გადაეცა „დინამო ბათუმის“ საკუთრებაში არსებული 72 626 კვ/მ მიწის ფართობიც, თუმცა საბოლოოდ „ლამინს“ კლუბის განვითარებისთვის მხოლოდ 58 566 კვ/მ გადასცეს იჯარით სარგებლობაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის დარჩენილ ნაწილს სხვა საინვესტიციო პირობებით განკარგავს.
თანამაშრომლობის მემორანდუმი აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და „ლამინს“ შორის კლუბისა და ქონების გადაცემაზე 2019 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა.