მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში“ – ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა

12.02.2020 • 3289
„პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში“ – ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა

ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ესაუბრა, რომლის ავტორობითაც სულ ახლახან საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შეფასების ანგარიში მომზადდა.

განსაკუთრებით დეფიციტია დაბალ და საშუალო პერსონალზე, ასევე ფსიქოლოგზე, სოცმუშაკსა და ისეთ სპეციალისტებზე, რომელთა საქმიანობაც თანამედროვე ფსიქიატრიაში აუცილებელია, ეს არის ერგოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, შრომითი თერაპევტი, არტთერაპევტი… ხოლო ვინც გვყავს, მათი კვალიფიკაცია არ არის სათანადო,“ – ამბობს ნანა ზავრადაშვილი.

ფონდმა კვლევის ფარგლებში შეისწავლა საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის 11 სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა (მათგან 3 იყო ფსიქიატრიული განყოფილება ზოგადი პროფილის საავადმყოფოში). კვლევა ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

  • ქალბატონო ნანა, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები რა ნაწილში გამოვლინდა?

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ პაციენტებს არ აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები სტაციონარში. ბევრი განყოფილება გასარემონტებელია, აუცილებელია ცვლილებები, რომ გარემო გახდეს თერაპიული და მეგობრული პაციენტისთვის. არ იყოს პაციენტისთვის ღირსების შემლახავი, იყოს მისი პირადი სივრცე დაცული, ჰქონდეს ნივთების შესანახად სათანადო პირობები. კვების სივრცეც და ჰიგიენის დაცვის პირობები იყოს ადეკვატური.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა ის, რომ პაციენტები რეალურად ცხოვრობენ სტაციონარში, მაშინ, როცა მათ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის მიუხედავად, სტაციონარში ყოფნა არ სჭირდებათ. სტაციონარი არის სამკურნალო დაწესებულება და ადამიანი უნდა სარგებლობდეს ამ სერვისით მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით, სანამ  ეს მას სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში, რადგანაც მათთვის სხვა მომსახურება არ არსებობს. ეს სტაციონარებში ადგილების დეფიციტსაც წარმოშობს.

  • რატომ უწევთ ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცხოვრება წლების განმავლობაში?

ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ადამიანებს წასასვლელი არ აქვთ – არ აქვთ სახლი ან ოჯახი/ნათესავები უარს ამბობენ მათ სახლში დაბრუნებაზე, ან აქვთ საცხოვრებელი, მაგრამ მარტოხელები არიან და არ აქვთ საკმარისი უნარები მარტო ცხოვრებისთვის. მათ, რომ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა და სერვისი – ამ ადამიანებს გავწერდით, ასე კი რომ გაწეროს დაწესებულებამ, სად გაუშვას? ქუჩაში ხომ არ გაყრის.

„დღის აქტივობები მწირია, ძირითადად დროს ატარებენ ტელევიზორის ყურებაში. ზოგადი პრობლემაა მობილობაშეზღუდული პაციენტების გადაადგილება და ტუალეტით სარგებლობა, გარემონტებულ დაწესებულებებშიც კი,“ – ამონარიდი კვლევის პრეზენტაციიდან 

  • ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში რა დარღვევები გამოვლინდა?

ბათუმის სამედიცინო დაწესებულების ორი ფსიქიატრიული განყოფილება შევაფასეთ გაზაფხულზე. ამ დროისთვის აქ ერთი განყოფილება გარემონტებული იყო, მეორე – არა. თუმცა ახლა ორივე განყოფილება გარემონტებულია და პაციენტების გარემო ირობებიც გაუმჯობესებულია.

გამოიკვეთა კადრების დეფიციტი (განსაკუთრებით რეგიონებში) და არსებული კადრების ნაკლები პროფესიონალიზმი. არ შეიძლება 30 და მეტ პაციენტს ემსახურებოდეს სამი ადამიანი. უნდა იყოს უფრო მეტი თანამშრომელი, რომ ადეკვატური იყოს მომსახურება, ყურადღებაც მეტი ექცეოდეს ბენეფიციარებს და როცა მათ რაღაც სჭირდებათ, დროულად აღმოუჩინონ დახმარება, დროულად მოემსახურონ.

რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს. მნიშვნელოვანია, რომ ხდებოდეს თანამშრომლების გადამზადება (ჩვენ ამ სასწავლო პროგრამების დეფიციტიც გვაქვს). შეფასებისას გამოვლინდა, რომ ხშირად არ იციან როგორ განმუხტონ დაძაბული სიტუაცია, როგორ მოიქცნენ აგრესიულ სიტუაციებში. პაციენტთა უსაფრთხოების საკითხები ნამდვილად საჭიროებს ამ მხრივ გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროს, როცა პაციენტი არის აგრესიული, აღგზნებული, შტატი მოიქცეს ისე, რომ ნაკლებად გამოიყენოს შემზღუდავი საშუალებები, მათ ნაცვლად კი, გამოიყენოს კონფლიქტის განმუხტვის სხვა ალტერნატიული საშუალებები, ამას სწავლება სჭირდება.

მცირე შტატისა და არაკვალიფიციური კადრების გამო ვლინდება პაციენტების მიმართ უყურადღებობა, პაციენტის თხოვნის უგულებელყოფა, უხეშობა. პაციენტებმა ბათუმში ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ ნაკლებად დააფიქსირეს, თუმცა უყურადღებობა და უხეშობა დაფიქსირდა ყველგან, მათ შორის, ბათუმშიც.

  • როგორია თქვენი ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები?

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს ბაზისური სტანდარტი სტაციონარული მომსახურების. არსებობს სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება, რომ განახორციელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება არ ხდება. ამ კვლევის ინსტრუმენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ დავინახოთ სტაციონარული მომსახურების მოცულობა, შინაარსი, რას სთავაზობენ ბენეფიციარებს, როგორ ემსახურებიან, როგორია გარემოპირობები და პროგრამის ბიუჯეტიც იქითკენ უნდა მივმართოთ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს.

რეგიონებში კადრების დეფიციტის აღმოფხვრა – უნდა მოვიზიდოთ სპეციალისტები ამ დარგში, იქნებ უფრო მაღალი ანაზღაურება შევთავაზოთ, უფრო ხანგრძლივი შვებულება და დავაინტერესოთ ისინი. ასევე ხდებოდეს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენერების მომზადება.

ასევე, ამ ეტაპზე ნარკოლოგია და ფსიქიატრია არის ცალ-ცალკე დარგი, ჩვენი რეკომენდაციაა, მოხდეს მათი ინტეგრაცია, რათა კოორდინირებულად იმუშაონ როდესაც პაციენტს აქვს როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების, ისე ფსიქიკური აშლილობის პრობლემა.

ხელი შევუწყოთ, რომ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში განვითარდეს ფსიქიატრიული განყოფილებები, რომ არ იყოს მხოლოდ მონოპროფილური იზოლირებული საავადმყოფოები, არამედ არსებობდეს ფსიქიატრიული განყოფილებები ჩვეულებრივ მულტიპროფილურ საავადმყოფოებში, სადაც ადამიანს ექნება შასაძლებლობა მიიღოს არამარტო ფსიქიატრიული დახმარება, არამედ საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურ/სომატურ ჯანმრთელობაზეც იზრუნოს.

და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში სოციალური სახლები/საცხოვრისები, სადაც სტაციონარიდან გადავლენ ის ადამიანები, რომელთაც არსად აქვთ წასასვლელი, ან ვერ უვლიან საკუთარ თავს მარტო. აჭარაში 2020 წლის იანვრიდან გაიხსნა პირველი ასეთი სახლი (24-ადგილიანი). საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სახლები, წელს კიდევ ორი დაემატება. ეს არის ოჯახური ტიპის 6-ადგილიანი სახლი. აჭარაში ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისში არის სპეცპერსონალი, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, სადილის მომზადებაში, თავის მოვლაში. ეს არის სოციალური საცხოვრებელი და არა საავადმყოფო, აქ ადამიანები ნაკლებად შეზღუდულები არიან და თავისუფლებაც მეტი აქვთ, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას გარესამყაროსთან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: