მთავარი,სიახლეები

ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

24.10.2017 • 6440
ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

ბათუმში, გორგილაძის #94-ში მცხოვრებლების ინფორმაციით, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს. მათივე ინფორმაციით, ნავთობი მათი სახლის სარდაფში სახლის წინ მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის რეზერვუარიდან მოხვდა. ამბობენ, რომ ამის გარკვევა მათ სარდაფიდან აღებული სინჯით შეძლეს: „სინჯი ექსპერტიზაზე წაიღეს. აქ ამბობენ, რომ „სოკარის“ რეზერვუარიდან ბენზინი ამ დრომდე ჟონავს.

„…ზაფხულში ჩვენს ბინაში ნავთობის მკვეთრი სუნი დადგა, ბავშვებს გულისრევის შეგრძნება დაეწყოთ. თავდაპირველად გვეგონა სუნი გვერდით მდებარე ბენზინგასამართი სადგურებიდან მოდიოდა. ჩვენს სახლთან ორი ბენზინგასამართი სადგურია – „სოკარი“ და „რომპეტროლი“.  თანდათან სუნი გაძლიერდა და მაღალ სართულზეც ავიდა. დავრეკეთ მერიაში და 122-ში, მოვიდნენ გადაამოწმეს – აღმოჩნდა, რომ სარდაფში ნავთობი იდგა. მოვიდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვიც, თვითონ იყო სარდაფში შესული, თავისი ტელეფონით მიანათა და თავის თვალით ნახა ყველაფერი. იმ ღამეს სახლი დავცალეთ. შემდეგ სამი ღამე იდგნენ სახანძროს მანქანები ადგილზე, სინჯები აიღეს და აღმოჩნდა, რომ ჩვენს სარდაფში „ სოკარის“ საწვავი იყო. სერიოზული საფრთხე გვემუქრებოდა, არავინ იცის, რა მოხდებოდა, ვინმეს ერთი ასანთის ღერი რომ აენთო“, – ამბობს გორგილაძის #94-ში მცხოვრები.

ახალაშენებული სახლის სარდაფში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ „სოკარს“ სახლსა და ბენზინგასამართ სადგურს შორის წყალშემკრები ჭა გაუთხრიათ. გორგილაძის #94-ში  მცხოვრებლების ინფორმაციით, „ამ ჭიდან 16 ტონა ნავთობი ამოიღეს“.

ნავთობის სუნი გორგილაძის 94-ის ეზოში, განსაკუთრებით სარდაფის მხრიდან ისევ იგრძნობა. აქ მცოვრებლების თქმით, ისინი პრევენციის მიზნით ისევ დაუკავშირდნენ მერიას და 112-შიც დარეკეს, თუმცა ამჯერად რეაგირება არავინ მოახდინა. „112-ში გვითხრეს – ჩვენ არ გვეხებაო. არც მერია მოდის შესამოწმებლად“, – ამბობობენ აქ მაცხოვრებლები.

რატომ არ რეაგირებს მერია შეტყობინებაზე და ვინ უზრუნველყოფს გორგილაძის #94 მცხოვრებთა უსაფრთხოებას? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხზე განმარტების გაკეთება არ ისურვეს და „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს.

შპს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ბათუმის წყალმა“ ამ ბინის სარდაფიდან გრუნტის წყლები ამოტუმბვა, იმ მიზნით რომ ნავთობი კანალიზაციაში არ ჩაღვრილიყო და მომავალში სანიაღვრე სისტემის მუშაობას პრობლემები არ შექმნოდა“.

„სხვა კომპეტენცია ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს ელენე ნოღაიდელი, ბათუმის წყლის პრესსამსახურის თანამშრომელი.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გორგილაძის #94-ში მრავალბინიანი სახლის სარდაფში, სადაც პარკინგის ადგილია, ნავთობის შემცველი სითხე ნამდვილად დაგროვდა, მაგრამ ეს „სოკარის“ ნავთობი არ ყოფილა:

„…სარდაფში ნავთობი იყო, სხვანაირად წყლის და ნავთობის კონცენტრაცია ერთმანეთს არ დაემთხვეოდა. „სოკარმა“ წარმოგვიდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ავზები დახურული აქვს.  გარდა ამისა, ამ სახლიდან აღებული სინჯი „სოკარის“ სინჯს არ დაემთხვა.  ჩვენი ინფორმაციით, სხვა მშენებლობის დროსაც იყო მსგავსი შემთხვევა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ რაღაც ძველი ნარჩენებია. აქ არის მშენებლობის ნორმების პრობლემა. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტმა მშენებელს უნდა დაავალდებულოს ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ არ გვაძლევს კანონმდებლობა საშუალებას, მშენებელს დავაკისროთ გამოასწოროს  ეს ნორმები“, –  გვითხრეს ბათუმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სახლი, რომელსაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით საკანალიზაციო სისტემა გამართული არ აქვს, ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში ორი წლის წინ ჩაიბარა.

„ბათუმელები“ ზედამხედველობის სამსახურისგან ინფორმაციის დამადასტურებელ  ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება.

თავად კომპანია „სოკარში“ გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და დაგვიკავშირდებიან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: