Batumelebi | როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში  როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში  – Batumelebi

როცა მოსამართლე და პროკურორიც ერთი კაცია – თადუმაძის როლი უგულავას დაკავებაში 

„მოსამართლე თადუმაძემ დაადასტურა ბრალმდებელი თადუმაძის საჩივარი, ასე გამოვიდა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მერაბ ქართველიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძის შესახებ, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – გიგი უგულავა ციხეში შეაბრუნა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება დაუდგინეს.

რას ნიშნავს, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე განიხილავს იმ საქმეს, რომელზეც სახელმწიფო ბრალმდებელი თავად იყო და ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, როცა საქმის განმხილველმა მოსამართლემ უნდა შეაფასოს პროკურორის პოზიცია და ეს პროკურორი თავად იყო, ვიდრე იგი მოსამართლე გახდებოდა?

„ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და ჩნდება განცდა, რომ სამართლებრივ მდგენელის გარდა, შესაძლოა, არსებობდა პოლიტიკური გავლენა“, – მიიჩნევს საია-ს იურისტი მერაბ ქართველიშვილი.

შალვა თადუმაძის პოლიტიკასთან კავშირზე, კონკრეტულად კი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილაციაზე ამახვილებს ყურადღებას „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძეც. დამოუკიდებელი იურისტები თანხმდებიან იმაზე, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან სანდოობას ანგარიში არ გაუწია.

„ამას ჰქვია სამართლებრივი უხერხულობა, ეს არის ალბათ ყველაზე კარგი შეფასება შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებაზე,“ – გვითხრა გურამ იმნაძემ. – „პირდაპირი ვალდებულება არ ჰქონდა შალვა თადუმაძეს, რომ საქმის განხილვა აეცილებინა, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მაღალი სანდოობით უნდა სარგებლობდეს და მინიმალურ ეჭვებსაც არ უნდა აჩენდეს. გონივრული იქნებოდა, თუკი შალვა თადუმაძე დააკმაყოფილებდა აცილების შუამდგომლობას, რაც დაცვის მხარემ დააყენა. მოსამართლე შალვა თადუმაძემ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა“.

შალვა თადუმაძეს თვითაცილებაც შეეძლო.

გურამ იმნაძე

„შალვა თადუმაძის არჩევამდეც ვამბობდით, რომ იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტი და ეს პირველი საქმეა, სადაც ეს ცხადად გამოჩნდა,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მერაბ ქართველიშვილი.

საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თავად პროკურატურის სტრუქტურაც, სადაც ვერტიკალური მართვის მოდელია და ძალიან რთულია ვინმემ დაიჯეროს ის ამბავი, რომ საჩივარი გიგი უგულავას წინააღმდეგ შალვა თადუმაძის კურაციის გარეშე შევიდა უზენაეს სასამართლოში.

„გენპროკურორობის დროს შალვა თადუმაძე მხარს უჭერდა იმას, რომ გიგი უგულავა სასამართლოს დამნაშავედ მიეჩნია. შესაბამისად, საქმის განმხილველ მოსამართლე შალვა თადუმაძეს წინასწარი განწყობა უკვე შექმნილი ჰქონდა… მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს, ანუ მოსამართლე თადუმაძემ მხარეებს ზეპირად სხდომათა დარბაზში არც კი მოუსმინა. საუბარია საქმეზე, სადაც თავისუფლების აღკვეთას უფარდებ პირს და აბრუნებ ციხეში,“ – ამბობს მერაბ ქართველიშვილი.

EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ყურადღება უნდა მიექცია საქმის „პოლიტიკური წონისთვისაც“. სასამართლოს სისტემაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით კითხვები უჩნდება საია-ს იურისტს, მერაბ ქართველიშვილსაც.

მერაბ ქართველიშვილი

„ეს სარჩელი წელიწადი და სამი თვე იყო შეტანილი და ახლა განიხილეს, როცა პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო სისტემაზე… ევროსასამართლო იმსჯელებს ალბათ, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება,“ – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი.

ხელისუფლების პოზიციაა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს პრაქტიკა, როცა ყოფილი პროკურორები უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები ხდებიან.

„ასეთი შედარებები არ არის სწორი. შალვა თადუმაძე როცა გახდა გენპროკურორი და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აირჩიეს უზენაეს სასამართლოში, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავდა, რადგან შალვა თადუმაძეს არ განუხორციელებია არც ერთი რეფორმა, რაც დაანონსებული ჰქონდა, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. რა გააკეთა მან ისეთი, რის გამოც დაიმსახურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა?“ – კითხულობს საია-ს იურისტი.

გიგი უგულავას დაკავებაზე დაწერა ჯიმ რიში დაწერა „იმედგაცრუებული ვარ“

თავისი ტვიტერის პოსტზე უგულავას დაკავებას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენი კიზინგერი

სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა 

კონგრესმენს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა:

„სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი