ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან

11.02.2020 • 5429
859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან

ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას წიაღის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი – 5 მილიონი ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა კი – 1 მილიონ 200 ლარი. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 30 წელია, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნება მოიპოვოს 859 კილოგრამი ოქრო და სხვა წიაღისეული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის იანვარში დაანონსა, რომ პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდებოდა და უძრავი ქონების პრივატიზების გარდა, შეთავაზებების ნუსხას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები დაემატებოდა.

„პროექტის ფარგლებში წიაღის ეროვნული სააგენტო არანაკლებ 100 საბადოს ელექტრონულ აუქციონზე განათავსებს. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება,“ – აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC). ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება აგრძელებს პრივატიზაციისა და აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემის პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში, ჭიათურასა და სხვა რეგიონებში დაგროვებული გამოცდილება ამ პოლიტიკის სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო  2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული „წიაღის სექტორის სტრატეგია“ სამთო-მოპოვებით სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩავარდნებზე მიუთითებს, რომელთა აღმოუფხვრელად მოპოვების ლიცენზიების გაცემის მასშტაბური ტალღის წამოწყება უკიდურესად საფრთხისშემცველია,“ – აცხადებს EMC-ი.

მიუხედავად ამისა, წიაღის ეროვნულ სააგენტოს ათობით აუქციონი აქვს გამოცხადებული, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე. მათ შორისაა „მერისის საბადოც“.

აუქციონის მიხედვით, „მერისის ოქროს საბადოს“ ლიცენზიის მფლობელს ექნება უფლება, 30 წლის განმავლობაში მოიპოვოს სხვადასხვა კატეგორიის:

[checklist]

  • ოქრო – 859 კილოგრამი,
  • ვერცხლი – 18,3 ტონა,
  • სპილენძი – 130 746 ტონა,
  • ტყვია – 16 800 ტონა,
  • თუთია – 14 200 ტონა.

[/checklist]

ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 11 მარტს დღის 12 საათზე დაიწყება და იმავე დღის 18:00 საათზე დასრულდება. აუქციონის პირობის თანახმად, საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელსაც.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის ვადაში სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია, აქედან, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილი ჩატარების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია;

ასევე, ლიცენზიის მიღებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მუდმივად საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება, ხოლო შემდეგ, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მუდმივად საქართველოს არანაკლებ 500 მოქალაქის დასაქმება.

„მერისის საბადოზე“ ლიცენზია 2007 წელსაც იყო გაცემული, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა. საბოლოოდ კი ეს ლიცენზია გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა.

2019 წლის ბოლოს სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერისის საბადოზე შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე ხელახლა გატანას, სავარაუდოდ, 40 წლით და 2,5 მილიონ აშშ დოლარად [საწყისი ფასი] აპირებდნენ. მერისის საბადო წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში იყო:

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: