Batumelebi | წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ – Batumelebi

წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ

ავტორი: გელა შათირიშვილი. ბათუმი.

ფიზიკა-მათემატიკის [მე-6] საჯარო სკოლა. მე-8 კლასი

გამარჯობა, ნატალია!

სულ რამდენიმე დღეა, რაც შენი ამბავი გავიგე და მას შემდეგ მოსვენება დამეკარგა; ძალიან აღვშფოთდი დედაშენის საქციელის გამო. მოულოდნელობის ეფექტს პირველივე ფრაზით მიაღწია: ,„მიშველე, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი…“ თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ ისეთი გულწრფელი დაჟინებით აგრძელებდა, მივხვდი, ხუმრობისგან შორს რომ იყო.

როგორ შეუძლია დედას, ასე იფიქროს შვილზე: „ქე რომ გადაპრანჭვა და ტუჩის აბზუკვა იცის, თავი დაანებოს, თვარა გლახა საქმეს უზამს თავის თავსაც და დებსაც… თვითონაც ჩარჩება, ჩაბერდება ქალიშვილობაში და იმათაც ჩააბერებს!..“ თავდაპირველმა სიბრაზემ რომ გადამიარა, დავფიქრდი, მარტო შენ კი არა, დედაშენიც – პელაგიაც – მსხვერპლია. მისი აზროვნება, მოვლენების აღქმა და შეფასება ადასტურებს ამას.

ალბათ, არაფრით განუგეშებს იმის გაგება, რომ არც სხვებს ულხინთ. დედაშენივით დაიარება დარისპანიც და ეძებს სასიძოს, რომ მოიშოროს ქალიშვილი – ერთი ზედმეტი სარჩენი. რა მტკივნეულია მამისგან ამისთანა სიტყვების მოსმენა: .. დავათრევ ამ ჩემს ქალბატონს ყველგან – ნათესავებში, კეთილებში, დღეობებში, – ეგებ ვისმეს ან მოეწონოს, ან ვინმემ სხვანაირ გუნებაზე თვალი გადაავლოს და გამანთავისუფლოს მაგისაგან… სად არ ვყოფილვარ, ცის კიდე მაქვს მორებული, – არაფერი იქნა!.. ახლა აგერ ერთმა, ჩემი ცოლის ნათესავმა, შემომითვალა, მომიყვანეო… ვიღაც ყმაწვილი ყოლია სახეში – ვაჩვენებო… მიმყავს იქ…ე შვილი

კიდეც დამიბერდა, დამიუშნოვდა!.. დამახინჯებულსა და დაგლახავებულს რომ შეხვდა საბედო, კი აღარ მოჰკიდა ხელი, ქე დეიწუნა..“  ნუთუ შესაძლებელია, გაჭირვებამ ისე გააუზნეოს ადამიანი, ქალიშვილს მხოლოდ სარჩენ ობიექტად მიიჩნევდეს?

თქვენს ამბებს რომ გვიყვებოდა ქართულის მასწავლებელი, ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო ტექსტი მხოლოდ კონკრეტული ეპოქისა და სიდუხჭირის შესახებ. ეს ტექსტი ლოგიკური გამოხატულებაა ჩვენს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული შეხედულებებისა, რომლებიც ჩაგრავს ქალს, უპირატესობას ანიჭებს მამაკაცს. მალალას ამბავი აღგვაშფოთებს, საკუთარს თვალს ვუხუჭავთ. მარტო შორეულ პაკისტანში უხარიათ ვაჟების დაბადება და სწყინთ – გოგონებისა? ალბათ, თქვენს დროს ექოსკოპიას სქესის დადგენა რომ შესძლებოდა, არ ეყოლებოდა შენს ნაცნობ დარისპანს ოთხი ქალიშვილი ან იქნებ არც შენ დაგჭირდებოდა თქმა იმისა, რომ „სიკვდილი სჯობია თქვენს ხელში ყოფნას, სიკვდილი!“

თქვენი ამბებიდან 120 წლის შემდეგაც არ ადგათ ქალებს უკეთესი დღე: გახშირდა ფემიციდი, 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების ანაზღაურება მამაკაცის ანაზღაურებასთან შედარებით 36%-ით ნაკლებია, მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის მხოლოდ 14-15% არის ქალი…

ყოველთვის გვჭირდებოდა, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ცვლილებები, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი იწყება ცვლილებებით გონებაში.

შენ, ნატალია და ყველა სხვა მსხვერპლმა უპირველესად თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას.

მხოლოდ არსებულის გააზრებითა და სწორად შეფასებითაა შესაძლებელი იმ მოქმედებათა დაგეგმვა, რომლებიც დაგიცავს და გაგაძლიერებს. დაფიქრდი, რატომ უნდათ შენს მშობლებს შენი თავიდან მოშორება? რათა სარჩენი მოიშორონ.

ფინანსური დამოკიდებულება იძულებულს ხდის ადამიანს, ემოციურადაც დამორჩილდეს მარჩენალს. რომ არავისზე იყო დამოკიდებული, უნდა ისწავლო, გქონდეს პროფესია, რომელიც გარჩენს და გადაგარჩენს. ფინანსური დამოუკიდებლობა გაგაძლიერებს, ემოციურ-ფსიქოლოგიური სტრესისგანაც დაგიცავს. შენ უნდა ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების, იპოვო საკუთარ თავში ძალა, აიმაღლო ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.

ხანდახან არაფრის თქმა, პასიური პროტესტი, გაჩუმება დანაშაულია, ამავე უსამართლობის წახალისებაა.

უნდა იმოქმედო, უნდა ისწავლო, როგორ იცხოვრო, რათა არ დარჩეს ფარატინა ფურცლად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.

___________

კონკურსის შესახებ:

წერილი მსხვერპლს გამოქვეყნებულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) მიერ ჩატარებული კონკურსის ფარგლებში. ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე წერილების კონკურსი გასულ წლის ბოლოს გამოაცხადა.

კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ აზრებს გაუზიარებდნენ. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია გელა შათირიშვილი, რომელმაც პირველი ადგილი აიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com