მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე

12.02.2020 • 4236
„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე

ავტორი: ნინო ზვიადაური

7 თებერვალი. რესტორანი „შალე გოდერძი“ ( chalet goderdzi). ამ რესტორანში ფასები ისეთივეა, როგორც ბათუმის ან თბილისის ძვირადღირებულ რესტორანში. საჭმელი – არაფერი განსაკუთრებული, თუმცა არც ცუდი არ არის. მაგალითად, კარბონარა 18 ლარი ღირს, 4 ლარი – ჩაი, 9 ლარი – ფრი.

მეორე ვიზიტზე შეკვეთის მოტანიდან დაახლოებით 30 წუთში შემოდის რესტორნის თანამშრომელი და გვთხოვს რესტორნის დატოვებას იმ მიზეზით, რომ დიდხანს ვაკავებთ „კუპეს“ და რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე არ აქვთ (ჩვენ 3.5 წლის და 11 თვის ბავშვები გვახლდა, რომლებსაც იქ არაფერი დაუზიანებიათ და არავინ შეუწუხებიათ). ამ დროს მთელ “რესტორანში” სულ 1 ან 2 მაგიდაა დაკავებული. ასევე გვითხრეს, რომ წინა დღეს “პატივი გვცეს” – მოგვემსახურნენ, გვაცალეს მშვიდად ჭამა და დღეს დიდხანს არ უნდა შევყოვნდეთ.

ასეთი უტიფარი და უკმეხი დამოკიდებულება კლიენტის მიმართ კვების თუ მომსახურების ობიექტში აქამდე არასდროს მინახავს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მათი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, რაზეც ცალკე უნდა დავაკონკრეტო: ,,ქალბატონმა შავებში” (თანამშრომელი, რომელსაც სხვა დროსაც ასევე მოვიხსენიებ), რომელიც პირველ დღეს პოზიტიური დამოკიდებულებით შეხვდა ჩემს პატარა შვილს, მეორე დღეს თოვლსა და ქარში იგივე ბავშვი გარეთ გამოაგდო.

რესტორნის მეორე თანამშომელმა პირველ დღეს ფოტოსესია გაუმართა ბავშვს (შეთანხმებით) და თავიანთ გვერდზე დადო მისი ფოტო.

მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ სანამ ამ პოსტს დავწერდი, დავუკავშირდი მათ ინსტაგრამის გვერდს, სადაც ჩემი შვილის ფოტო გაავრცელეს და ფოტოს სასწრაფოდ წაშლა მოვითხოვე, დავადანაშაულე ორმაგ სტანდარტებში და ავუხსენი, რომ მინიმუმ სირცხვილია წინა დღეს სტუმარი ბავშვის ფოტო გამოფინო და მეორე დღეს შენმა თანამშრომელმა კარებისკენ მიუთითოს ამავე ბავშვს თანმხლებ სტუმრებთან ერთად.

გვერდის სოციალური მედიის მენეჯერის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ეცადა ამ სამარცხვინო სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვა და ჩვენ შორის გარკვეული კომუნიკაცია შედგა. მომწერა, რომ როგორც გაარკვია ეს „კუპე“ დაჯავშნილი იყო და მათმა თანამშომლებმა სწორედ ამიტომ გვთხოვეს ოპერატიულად გაგვეთავისუფლებინა სივრცე, თუმცა, ცხადია, ეს ასე არ ყოფილა, ჩვენთვის სიტყვა ჯავშანი არავის უხსენებია და აგრესიულად განწყობილი „ქალბატონი შავებში“ ყოველ მეორე სიტყვაში ბავშვებს ახსენებდა: აქ საბავშვო ოთახი კი არ გვაქვს მოწყობილი, არაა ჩვენთან საბავშვო სივრცე – ამგვარი ფორმულირებით.

რესტორნის დატოვების შემდეგ იქ მყოფმა ორმა ადამიანმა, რომლებიც შემდეგ გავიცანი, მითხრეს, რომ ამ კონფლიქტს ესწრებოდა და უემოციოდ ისმენდა რესტორნის მესაკუთრის – ედნარ პაპუნაიშვილის მეუღლე. მე ამ ქალბატონზე და მის მეუღლეზე მანამდე არაფერი მსმენოდა და თავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ის იყო, მაგრამ მყავს ზემოთხსენებული ორი მოწმე, რომლებიც მას იცნობენ და მათი თქმით, იმ მომენტში ეს ქალბატონი იქ იმყოფებოდა.

ყოველ შემთხვევაში, „ქალბატონმა შავებში“ ჩვენთან საუბარი სწორედ იმით დაიწყო, რომ მისი უფროსის გადაწყვეტილებით უნდა დაგვეტოვებინა რესტორანი. ცხადია, მე მას ვთხოვე ,,უფროსთან” შეხვედრა, რომ გამერკვია საქმის ვითარება, მაგრამ „ქალბატონმა შავებში“ არ დააკონკრეტა, ვისგან მიიღო ეს დავალება.

როგორც შემდეგ გავიგე, რესტორნის მფლობელებს აქვთ სასტუმროების, კოტეჯების, სხვადასხვა სპეცტექნიკის, საკვები პუნქტების მთელი მონოპოლია ამ კურორტზე (და არამარტო) და, ცხადია, დიდად თავს არ იღლიან რიგით მომხმარებლებზე ფიქრით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კურორტის ადმინისტრაციას. მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მთავარი ფოტო: ნინო ზვიადაური შვილთან და მეგობრებთან ერთად გოდერძიზე

_______________

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: