ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რამდენი ოქროა მერისში – წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია თავისუფალია

14.10.2019 • 4707
რამდენი ოქროა მერისში – წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია თავისუფალია

ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ოქროს საბადოს მოპოვების ლიცენზიას დღეს არც ერთი კომპანია არ ფლობს. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბადო არ არის ლიცენზირებული, 2007 წელს გაცემული ლიცენზია კი, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა, გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა. წინასწარი პროგნოზით, მერისში 800 კილოგრამზე მეტი ოქროსა და 18 ტონამდე ვერცხლის მოპოვებაა შესაძლებელი.

მერისის საბადოზე შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე ხელახლა გატანას სააგენტო, სავარაუდოდ, 40 წლით და 2,5 მილიონ აშშ დოლარად [საწყისი ფასი] აპირებს. მერისის საბადო ამჯერად წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.

„მერისის სპილენძ-პოლიმეტალური საბადო [სპილენძი, ტყვია, თუთია, ოქრო, ვერცხლი და ა.შ.]:
გამოყენების სფერო: საიუველირო, ფერადი მეტალურგია, მძიმე მრეწველობა;
ადგილმდებარეობა: აჭარა, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქედიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ-ში;
ლიცენზიის ტიპი: შესწავლა-მოპოვება;
შესწავლის ვადა: მაქსიმუმ 5 წელი;
ლიცენზიის სავარაუდო ვადა: 40 წელი;
სავარაუდო საინვესტიციო ვალდებულება: 10 მილიონი ლარი;
აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი: 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი;
სამიზნე ბაზარი: საექსპორტო პროდუქცია“ – აღნიშნულია წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პაკეტში.

ჯამური სავარაუდო მარაგები მერისის საბადოზე – პროგნოზული ხასიათისაა, საჭიროებს დამატებით შესწავლას  [მონაცემები ამავე პაკეტიდან]:

  • ოქრო: მადანი – 1 152 000 ტონა; ოქრო – 859 კგ.
  • ვერცხლი: მადანი – 1 152 000 ტონა; ვერცხლი – 18,3 ტონა.
  • სპილენძი: მადანი – 3 128 000 ტონა; სპილენძი – 77 800 ტონა.
  • ტყვია:  მადანი – 2 157 000 ტონა; ტყვია – 16 800 ტონა.
  • თუთია: მადანი – 2 157 000 ტონა; თუთია – 14 200 ტონა.

მერისის ხეობა / „ბათუმელების“ არქივიდან /ფოტო: მანანა ქველიაშვილი

2011 წელს Kinland Georgia Mining-ზე გადაცემული ლიცენზია [მერისის მადნიან კვანძზე ტყვიის, სპილენძის, თუთიის, ოქროსა და ვერცხლის მოპოვება, ჯამური მოპოვება: სპილენძი-74 800ტ, ტყვია-15 000 ტ, თუთია-11 000ტ, ოქრო-0,652ტ, ვერცხლი-15,1ტ] წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის დეკემბერში გააუქმა.

 

ლიცენზიის გაუქმების მთავარ მიზეზად სააგენტო „კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობას“ ასახელებს.

ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად ასევე მითითებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგი შინაარსის პუნქტიც: „სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია“.

„ბათუმელები“ Kinland Georgia Mining-ს ვერ დაუკავშირდა.

[yellow_box]კომპანია Kinland Georgia Mining-ის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: მერისის ოქრო[/yellow_box]

ქედაში აკავრეთა ჰესის მშენებლობაზე, რომელმაც 23 მეგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს, 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

ჰესის აშენებას ჩინურ-ქართული კომპანია Georgian  Shenke Power Investment-ი აპირებს, თუმცა, მშენებლობას კომპანია მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ იწყებდა – იმავე ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ჰქონდა ლიცენზია Kinland Georgia Mining-ს წიაღისეულის, მათ შორის ოქროს მოპოვებაზე. ჰესის მშენებლობის დაწყებაზე სწორედ ეს ლიცენზიანტი კომპანია არ თანხმდებოდა.

ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე არც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულა. „ჯერ მხოლოდ მონახაზი არის. მიმდინარეობდა გეოლოგიური შესწავლა“, – გვითხრეს მერიაში.

აჭარაში ოქროს მოპოვების ლიცენზია ამ ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიცა, სოფელ ხალას მიმდებარედ, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების მიზნით, 25-წლიანი ლიცენზია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 788 305 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 11 150 ლარი იყო. სალიცენზიო ფართობი 2 225 100 კვ.მ-ია.

ამ თემაზე:

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: