მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

12.02.2020 • 4137
ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება.

აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები.

ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, ბათუმის ბულვარის დირექტორი, განათლების მინისტრი და მისი მოადგილე.

როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, პარიზში გამოფენაზე უმაღლეს საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე იმყოფებიან. ორივე დეპუტატი გამოფენაზე მიუწვევიათ, თუმცა ბიუჯეტის ფულით. უმაღლეს საბჭოს ვკითხეთ, რა თანხა გამოიყო ამ მოგზაურობისთვის ბიუჯეტიდან, რაზეც გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

როგორც „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში გვეუბნებიან, პარიზში მიწვევით იმყოფება ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძეც. „ელისო ბოლქვაძემ მიიწვია როგორც ვიცი“, – გვითხრეს პრესსამსახურში. ბულვარში მოგვიანებით დააზუსტეს ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე ნამდვილად მიწვევით იმყოფება პარიზში, თუმცა არა გამოფენაზე, არამედ „მიშელ სონის ფონდის მიერ, რადგან 2020 წელს ბათუმში იმართება შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი და ამასთან დაკავშირებით. ხარჯები გაღებულია სამივლინებოდან“, – გვეუბნებიან პრესსამსახურში.

პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაზე წასული საკრებულოს წევრი და სხვა პირები

პარიზში მივლინებით იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. „საფრანგეთის ხელოვანთა საზოგადოების პრეზიდენტის მიერ არის მიწვეული, მივლინებით“, – გვითხრეს მერიაში. უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვეუბნებიან, სამინისტროს დაფინანსებით ანუ სამივლინებო ხარჯებით პარიზში იმყოფებიან მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე. „აკაკი ძნელაძეზე ნაწილობრივ გაცემულია სამივლინებო თანხა, რადგან ის, როგორც მხატვარი, ისე მონაწილეობს ამ გამოფენაში“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.

გამოფენის ამსახველი ფოტოების მიხედვით, პარიზში იმყოფება ბათუმის საკრებულოს წევრი ნერიმან ცინცაძეც, თუმცა როგორც საკრებულოში გვითხრეს, ნერიმან ცინცაძე პარიზში პირადი ხარჯით წავიდა. გამოფენაზეა ასევე მწერალი ბელა ქებურია და მმართველი პარტიის მხარდამჭერი მაია სურმანიძე. ისინი პირადი ხარჯით არიან წასული პარიზში, თუ რომელიმე საბიუჯეტო უწყების მხარდაჭერით, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ. თუმცა მაია სურმანიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლობას უხდის აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ გუდავას – „მადლობა გოგოებო ამ შესანიშნავი ტურისთვის“.

 

ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ბულვარის დირექტორი გამოფენაზე პარიზში

თამარ გუდავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს გამოფენის მნიშვნელობაზე: „ქართველ ხელოვანთა დელეგაცია აჭარის რეგიონიდან წელს პირველად იქნება წარმოდგენილი პარიზში, არტკაპიტალზე, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტუმარი… ეს მნიშვნელოვანი პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ქ-ნ მაია ხაჯიშვილის უშუალო მხარდაჭერით და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ბ-ნ აკაკი ძნელაძის უშუალო მხარდაჭერით და კოორდინაციით ხორციელდება. საფრანგეთის მხრიდან ამ მეგა პროექტის ხელშემწყობი და ინიციატორი გახლავთ იუნესკოს მშვიდობის არტისტი, სახელოვანი ქართველი მუსიკოსი ქ-ნი ელისო ბოლქვაძე“.

_________________

მთავარი ფოტო: მერი, უმაღლესი საბჭოს წევრები და მინისტრი პარიზში გამოფენაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: