ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ამჯერად 4,7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება 


ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ტენდერი ამჯერად 4 733 769 ლარით გამოაცხადა. როგორც მითითებულია, ეს ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოების II ეტაპი იქნება. I ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, 2 276 066 ლარზე, 2019 წლის მარტში გაფორმდა.

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სასტუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, მინისტადიონი, ადაპტირებული ბორდიურები, დამონტაჟდება სკამები, სხვადასხვა ატრაქციონი; დაიგება დეკორატიული ფილები.

„ვინაიდან წინამდებარე პროექტი წარმოადგენს I ეტაპის გაგრძელებას, პროექტში გამოსაყენებელი მასალები [ფილები, ბორდიურები, სკამები და ა.შ.] უნდა იყოს I ეტაპის პროექტის ანალოგიური“ – აღნიშნულია ტენდერში.

მეორე ეტაპის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.

მხარეთა შეთანხმებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 01 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შესაძლებელია შეჩერდეს გარკვეული სამუშაოების მიმდინარეობა და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.

____________

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე [პირველი ეტაპი] ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი პირველად 3 011 440 ლარით, 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ეს ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ მოგვიანებით შეწყვიტა [კომისიას ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა].

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი [2019 წლის იანვარში] სატენდერო თანხა შემცირდა და 2 929 454 ლარი იყო.

ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯორჯიან სტოუნი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2 276 066 ლარზე გაფორმდა.

ქობულეთის ზღვისპირა პარკი / ფოტომონტაჟი / სატენდერო დოკუმენტებიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com