ბათუმი,მთავარი,სიახლეები,სპორტი

რა პირობით გასხვისდა „დინამო ბათუმი“

10.02.2020
რა პირობით გასხვისდა „დინამო ბათუმი“

კომპანია „ლამინი“ 49 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ათას ლარს გადაიხდის ყოველწლიურად. აქედან, 50 ათას ლარს – შპს „დინამო ბათუმის“ წილის მართვის უფლებისთვის, ხოლო 50 ათასს – ბათუმში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობისთვის.

შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. წილის მართვის უფლება კი „ლამინს“ 2020 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებით გადაეცა. ამავე კომპანიას სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაეცა 58 566 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, ჯამში 3 661 კვ.მ. [ანგისის საფეხბურთო ბაზა].

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ლამინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 2020 წლის 6 მარტამდე უნდა წარმოადგინოს 200 000-ლარიანი საბანკო გარანტია, ხოლო 6 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს კონცეფცია, რომელიც მოიცავს: ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმისთვის“ არანაკლებ 1250 კვ.მ შენობას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურას, საბავშვო მოედნებს და სხვა.

2020 წლის 6 ივლისამდე „ლამინმა“ უნდა შეიმუშაოს ანგისაში გადაცემული მიწის ნაკვეთის განვითარების გენერალური გეგმა [გრგ], სამინისტროსთან შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისად. 2023 წლის 6 იანვრამდე კი, უნდა აამოქმედოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები.

მართვის პერიოდში „ლამინმა“ საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად უნდა განახორციელოს არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია.

აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიას „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილის საკუთრებაში გადაცემა, კლუბის გასხვისების მიზნით, 2019 წელს სთხოვა. ბათუმის მერია და საკრებულო მთავრობის წინადადებას დათანხმდა. აჭარას გადაეცა „დინამო ბათუმის“ საკუთრებაში არსებული 72 626 კვ/მ მიწის ფართობიც, თუმცა საბოლოოდ „ლამინს“ კლუბის განვითარებისთვის მხოლოდ 58 566 კვ/მ გადასცეს იჯარით სარგებლობაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის დარჩენილ ნაწილს სხვა საინვესტიციო პირობებით განკარგავს.

თანამაშრომლობის მემორანდუმი აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და „ლამინს“ შორის კლუბისა და ქონების გადაცემაზე 2019 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: