მთავარი,სიახლეები

გიორგი ერმაკოვის ბრძანების დეტალები, რითაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დაიბლოკა

11.05.2017 • 10348
გიორგი ერმაკოვის ბრძანების დეტალები, რითაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დაიბლოკა

ბათუმში გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. სწორედ ასე აქვს გიორგი ერმაკოვს უარი დასაბუთებული, თავისივე ხელმოწერილ ბრძანებაში.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ კვარტალში განაშენიანება უკვე არსებული დომინირებული სახეობით – საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს.

გარდა ამისა, მერიის არგუმენტით მოთხოვნილი საპროექტო ობიექტის გაბარიტებისა და მოცულობის საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, მისი გაჩერების და სხვა თვალსაზრისით. რასაც გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში დარჩენილი ადგილი ვერ უზრუნვეყოფს.

უარის კიდევ ერთ მიზეზად ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევის მომზადებას ასახელებს. მერის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ამ გეგმის ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ზონისთვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებები და სხვა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ უარი უთხრა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

მერის ბრძანება ბათუმში მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 5 მაისით თარიღდება.

არსებული პრაქტიკით, ბათუმში, მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში ათეულობით საკულტო ნაგებობაა, ძირითადად მართლმადიდებლური ეკლესიებია განთავსებული. მათ შორის რამდენიმე სწორედ გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში აშენდა.

„ბათუმელების“ კითხვებზე:

რატომ არ ამბობს მერია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში ეკლესიების მშენებლობაზე უარს იმავე მოტივით?

რატომ არ გახდა უარის თქმის საფუძველი პარკინგისთვის ადგილის გაუთვალისწინებლობა ბათუმში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაში?

რატომ არ უშლის ხელს მერიას გენგეგმის არარსებობა სხვა პროექტებთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვების გაცემისას?

მერიაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

საინიციატივო ჯგუფი – „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს.

 ახალი მეჩეთის პროექტის ერთ-ერთი ვერსია

ახალი მეჩეთის პროექტის ერთ-ერთი ვერსია

1 ბრძანება2 ბრძანება3 ბრძანება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: