ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კომპანიას, რომელსაც ბათუმში კარბამიდის საცავის აშენება სურს, დეტალების დაზუსტებას სთხოვენ

16.01.2020 • 3642
კომპანიას, რომელსაც ბათუმში კარბამიდის საცავის აშენება სურს, დეტალების დაზუსტებას სთხოვენ

კომპანია „კარგო პარსელი“ ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქიმიური პროდუქტის [კარბამიდი] საცავის მოწყობას გეგმავს. მშრალი ტვირთის ღია სასაწყობო მეურნეობის პროექტის განხორციელებას დასჭირდება თუ არა გზშ-ის მომზადება, ეს საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს.

კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა სამინისტროს აქვს შენიშვნები, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება განახლდება მას შემდეგ, რაც კომპანია სამინისტროში წარადგენს შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებულ დოკუმენტაციას.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაში დაზუსტება სჭირდება შემდეგ საკითხებს:

[checklist]

  •  „რა ვადით მოხდება ქიმიური პროდუქტის [კარბამიდის] დასაწყობება ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიაზე;
  • დაზუსტებას საჭიროებს კონკრეტულად ქიმიური ნივთიერებისთვის (კარბამიდის) გამოყოფილი საცავის ჯამური მოცულობის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიხედვით 1 000 მ³ ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] და სამინისტროში სკოპინგის ანგარიშის წარმოდგენას;
  • წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებაში დაზუსტებას საჭიროებს კარბამიდის მიღების სრული ტექნოლოგიური სქემა, კერძოდ: შპს „კარგო პარსელის“ ტერიტორიაზე სასაწყობო მეურნეობაში დროებითი განთავსების მიზნით საიდან მოხდება სარკინიგზო ვაგონებით კარბამიდის შემოტანა;
  • სკრინინგის განცხადებაში მითითებულია: „ეკოლოგიური ასპექტები ახალი სარეზერვუარო პარკის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური ოპერაციების დროს“, რაც არ შეესაბამება პროექტით განსაზღვრულ საქმიანობას და საჭიროებს დაზუსტებას“.

[/checklist]

„მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი საქმიანობისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე განხორციელდა არსებული ძველი [6 ცალი] რეზერვუარის და სხვა საწარმოო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ხოლო მიწის ნაკვეთი კონკურსის პირობებით გაიყიდა და გადაეცა შპს „კარგო პარსელს“, სკრინინგის განცხადებაში მითითებული საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს 2009 წლის 30 იანვარის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით [№12] განსაზღვრული სანებართვო უბნების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს [ნავთის უბანი]. აღნიშნულიდან გამომდინარე დაზუსტებას საჭიროებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ კომპლექსში შემავალი უბნების [ე.წ ნავთის უბნის] სანებართვო სტატუსი“, – აღნიშნულია სამინისტროსგან „კარგო პარსელისთვის“  2020 წლის 8 იანვარს გაგზავნილ წერილში.

გარდა ამისა, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასაზუსტებელია საპროექტო უბანზე არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების „ბათუმის ნავთობტერმინალის“ და „კარგო პარსელის“ ფლობის და პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხები: „საერთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკრინინგის განცხადებაში, მათ შორის, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება [ასეთის არსებობის შემთხვევაში].“

ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია „კარგო პარსელი“ თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიის დაბეტონებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, საწყობში წელიწადში დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდს და დაახლოებით 500 000 ტონა არმატურას შეიტანენ.

„სასაწყობო მეურნეობაში შემოტანილი ტვირთები გამიზნულია შემდგომში [მათ შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო] გადაზიდვებისთვის“, – აღნიშნულია „კარგო პარსელის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობაში გაგზავნილ სკრინინგის ანგარიშში.
პარალელურად, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შენდება კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი. ეს მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე მიმდინარეობს.

ვრცლად ნახეთ ბმულზე: 

როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: