Batumelebi | მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA – Batumelebi

მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდი UNFPA ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირებას.

ნაადრევი ქორწინება პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და როგორც კვლევები ცხადყოფს, არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირება, გოგოებისთვის სკოლის დამთავრებისა და, ზოგადად, განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ასევე დედობის გადავადება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. 

UNFPA-ს კვლევების მიხედვით, თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები 650 მილიონი ქალი ნაადრევად, 18 წლამდე დაქორწინდა. ნაადრევი ქორწინების დიდი წილი ეკონომიკურად საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებს განვითარებულ ქვეყნებშიც ვხვდებით. 

ამ საკითხით მთელ მსოფლიოში ადვოკატებიც ინტერესდებიან, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიაში არასამთავრობო ორგანიზაციამ Nesime Salioska ჩაშალა ასაკოვანი კაცისა და 16 წლის გოგოს  ქორწინება, რომელმაც ამ კაცისგან შვილი გააჩინა. ადვოკატებს დიდი ძალისხმევის გაღება მოუხდათ, რადგან ადგილობრივი ჩინოვნიკები უარს ამბობდნენ რაიმე ტიპის ჩარევაზე. 

გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ გლობალური სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები იკლებს. 2000 წელს 20-24 წლამდე  ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში, ბავშვობაში დაქორწინდა, 2017 წელს კი ამავე ასაკობრივი კატეგორიის ყოველი მეხუთე ქალი იყო ბავშვობაში დაქორწინებული.

სამხრეთ აზიაშიც კი, სადაც მთელ მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები თანდათან მცირდება. 

18 წელს მიუღწეველი გოგოების დაქორწინების რისკი ამ რეგიონში შემცირდა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად. 

მაგრამ ეს ბავშვთა ქორწინების თვალსაზრისით მხოლოდ ერთი პრობლემური რეგიონის წარმატებული მაგალითია. თუ მსგავსი ძალისხმევა მსოფლიოს სხვა რეგიონებში არ დაჩქარდება, UNFPA-ს კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი გაიზრდება.

დღესდღეობით მოსახლეობა ყველაზე სწრაფად იზრდება იქ, სადაც არასრულწლოვანთა ქორწინება ჩვეულებრივი მოცემულობაა, მაგალითად დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებშიც ბავშვთა ქორწინების მაღალი მაჩვენებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ შემცირებულა.

2019 წლის ნოემბერში გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჯონ ჰოპკინსის, ვიქტორიას, ვაშინგტონის უნივერსიტეტებსა და ორგანიზაცია Avenir Health-თან ერთად ჩატარებული ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს 68 ქვეყნის მაგალითზე დაითვალეს რა ფინანსური რესურსია საჭირო ნაადრევი ქორწინების შესამცირებლად. კვლევის მიხედვით, პრობლემურ ქვეყნებში 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების კლებადი მაჩვენებლის მისაღებად 35 მილიარდი დოლარია საჭირო, რაც დღევანდელ მსოფლიოში თითო დაქორწინებულ ბავშვზე 600 დოლარი გამოდის – მაღალი კლასის სასტუმროში გატარებული ერთი ღამის საფასური.  

35 მილიარდიანი ინვესტიციაში მკვლევარებმა მოიაზრეს საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებების, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროგრამები. კვლევის მიხედვით, ამ ფინანსური რესურსით 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების თითქმის 58 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. 

ნაადრევ ქორწინებაში არიან როგორც გოგოები ასევე ბიჭები, თუმცა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, დაბალი და საშუალო ეკონომიკური განვითარების 82 ქვეყანაში ყოველი 25 ბიჭიდან ერთია 18 წლამდე დაქორწინებული. 

ნაადრევი ქორწინება ბიჭებისთვისაც ტვირთია, რასაც ხშირად ვერ უმკლავდებიან, თუმცა ბავშვთა ქორწინებისას გოგოებს გაცილებით დიდი ზიანი ადგებათ ბიჭებთან შედარებით. კვლევებით დასტურდება, რომ ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგოები უფრო ხშირად ხდებიან მეუღლის, ნათესავების და საკუთარი მშობლების ოჯახიდანაც კი სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი. ამას ემატება ნაადრევი მშობიარობის რისკები, როცა სხეული ჯერ კიდევ არ არის მზად ორსულობისა და შემდგომი გართულებებისთვის. 

მთელ მსოფლიოში არასრულწლოვანი გოგოების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორსულობისა და მშობიარობის გართულებებია. 

დაქორწინების გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგოები ხშირად ნაადრევი ორსულობის გამო წყვეტენ, თუნდაც მოძალადეზე, რომ საკუთარი ოჯახები ქორწინების გარეშე დაორსულებასთან დაკავშირებული სტიგმისგან იხსნან. 

ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების, განათლების ხელშეწყობა მთავარი ფაქტორებია ბავშვთა ქორწინების პრობლემის დასაძლევად.

Unisef – ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში 20- 24 წლის ასაკის ქალების 14% დაქორწინებული იყო 18 წლამდე. ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა საქართველოში თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, მისი გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის.

20-24 წლის ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში 18 წლის ასაკამდე, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4% -ს შეადგენს. 20-49 წლის ასაკის ქალების წილი, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან 18 წლის ასაკამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში (12%). 


მთავარი ფოტო გვერდიდან – Humman Trafficking search

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com