მთავარი,სიახლეები

მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა

12.02.2020
მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე  მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს.

მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 ათასი ლარი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 323-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რატომ დახარჯა სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი კონკრეტულ პირებზე, თუკი ასევე ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სეზონი არ ჩავარდნილა, როგორც ამას მაღალჩინოსნები აანონსებდნენ? – კითხვებზე პასუხისთვის ისევ „აწარმოე საქართველოშის“ განმარტება ჯერ არ მიგვიღია.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელწიფო უწყებაა, რომლის მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ასევე კერძო სექტორის განვითარება. ამ უწყებას ჩვენ ასევე ვკითხეთ: რის მიხედვით შეარჩიეს ის მეწარმეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან სუბსიდია მიიღეს, ვინ არიან ისინი და როგორ გადანაწილდა ეს ფული რეგიონების მიხედვით?

შენიშვნა: ორგანიზაციამ „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდა ინფორმაცია გაცემული დაფინანსების შესახებ რეგიონების მიხედვით. ამ მონაცემების მიხედვით,  აჭარის რეგიონში 39 ბენეფიციარი დაფინანსდა, გურიაში – 22, თბილისში – 27, იმერეთში – 20, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 14, შიდა ქართლში – 2.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: