კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

კმდს-ს საბჭომ „რივიერა ბათუმის“ ახალი იახტკლუბის პროექტი განიხილა

11.02.2020
კმდს-ს საბჭომ „რივიერა ბათუმის“ ახალი იახტკლუბის პროექტი განიხილა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში, გოგებაშვილის #1-ში, სანაპირო კლუბისა და იახტკლუბის სამშენებლო პროექტი განიხილა. დაგეგმილ პროექტთან ახლოს [სამშენებლო ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურა მდებარეობს. შესაბამისად, კომპანიამ პროექტის შეთანხმებაზე სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. პროექტი პლაჟთან ახლოს ორსართულიანი შენობისა და საცურაო აუზის მოწყობას ითვალისწინებს.

საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, მშენებლობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი 0.5, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე კი – 12,64 მეტრი, აქედან 1.6 მიწის ქვეშ [ნულს ქვემოთ] იქნება.

ახალი იახტკლუბის პროექტი – საბჭოს სხდომაზე წარდგენილი რენდერი

ჯერჯერობით არ ვიცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოს წევრებმა.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ ახალი იახტკლუბის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს.

ბათუმის იახტკლუბი შპს „რივიერას“ აჭარის მთავრობამ 20-წლიანი იჯარით და გარკვეული ვალდებულებებით 2017 წლის დეკემბერში 1 ლარად  გადასცა. იახტკლუბის განვითარებასთან ერთად, საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „რივიერას“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობა იახტკლუბის მიმდებარე ნაკვეთებზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაეწყო. „რივიერას“ მიმართ ეს და სხვა მოთხოვნები ხელშეკრულებაში, 2019 წლის 18 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით შეიცვალა.

რენდერი

ახალი შეთანხმების მიხედვით, ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება.

ახალი შეთანხმებით „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს:

„2020 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემული ქონების მომიჯნავედ თავისსავე [ამჟამად შპს „ბათუმი რივიერას“] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.

 

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: