2019 წელს საქართველოში სულ 195 ადამიანი დაიკარგა, აქედან 123 იპოვეს, იძებნება – 62 ადამიანი, გარდაცვლილი იპოვეს – 10. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან ისევ ეძებენ 1000 ადამიანს. წინა წლებში გაუჩინარებულებიდან 69 ადამიანი უპოვიათ სამართალდამცველებს.
ყველაზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ 2019 წელს თბილისში დაიკარგა – 59, აჭარაში – 13. ამ დროისთვის თბილისში წინა წლებში გაუჩინარებულების ჩათვლით 363 ადამიანს ეძებენ, ბათუმში – 64-ს.
ნაპოვნ ადამიანებს შორის ყველაზე მეტი – 30 პირი 16 წლამდე არასრულწლოვანია. დაკარგულების და მოსაძებნი პირების უმრავლესობა 25-დან 44 წლამდე ადამიანია. დაკარგულების 34 პროცენტი ქალია.
დაკარგულებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც: საუდის არაბეთი – 2, ბელგია – 4, აზერბაიჯანი – 1, ყაზახეთი – 1, რუსეთი – 1, იორდანია – 1. შსს-ს ინფორმაციით, ყველა უცხოელი, რომელიც საქართველოში გასულ წელს გაუჩინარდა, უკვე ნაპოვნია ყაზახი მოქალაქის გარდა.
მოსაძებნ პირებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იპოვეს, 35 არასრულწლოვანია.
ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია დაიწყო. ვინც 10 თებერვლიდან 10 მაისამდე საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ ნახევარს დახარჯავს, ავტომატურად ჩაერთება სპეციალურ აქციაში – ყოველ თვე ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ანგარიშზე საჩუქრად 50 ლარამდე თანხას დაუბრუნებს.
ფინკა ბანკის ეს უნიკალური პროდუქტი ბაზარზე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საკრედიტო ლიმიტი არის ბარათზე არსებული წინასწარ დამტკიცებული თანხა. თანხის გამოყენება ნებისმიერი მიზნობრიობით შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე განაღდება ბანკომატიდან; მიმზიდველი და მოსახერხებელია ის, რომ საკრედიტო ლიმიტის ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე – მომხმარებელი ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა.
საკრედიტო ლიმიტი გაიცემა შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებზე (შემოსავლების ოფიციალურად დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო). საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500, ხოლო მაქსიმალური – 4000 ლარია.
აქციის პერიოდში საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია – მარტივად აიღეთ საკრედიტო ლიმიტი, დახარჯეთ თანხის მინიმუმ ნახევარი და სურვილების ასრულებასთან ერთად ანგარიშზე 50 ლარამდე თანხა დაიბრუნეთ.
საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი აქ ან დაგვირეკეთ *4949
„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმათ ნაცვლად, ვისაც საუბარი არ შეუძლია. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ შემაშფოთებელ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ. ვფიქრობ, ზოგჯერ გვგონია ხოლმე, – ან ასე გვაჯერებენ, – რომ სხვადასხვა მიზნისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჩემთვის ეს საერთო მიზნებია. როცა ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, რასიზმზე, ქვიარების უფლებებზე, მკვიდრი მოსახლეობის უფლებებსა თუ ცხოველთა უფლებებზე, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმ რწმენის წინააღმდეგ გალაშქრებაზე, რომლისთვისაც ცალკეული ერი, ცალკეული ხალხი, ცალკეული გენდერი თუ ცალკეული სახეობა უფლებამოსილია, იყოს დომინანტი, მაკონტროლებელი და დაუსჯელად გამოიყენოს სხვები.
მგონია, რომ ძალიან დავშორდით ბუნების წიაღს და ჩვენი დანაშაული ისაა, რომ ეგოცენტრული მსოფლმხედველობა ჩამოგვიყალიბდა – ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრი. ჩვენ ვიჭრებით ბუნებაში და ვიპარავთ მის რესურსებს. საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, ხელოვნურად გავანაყოფიეროთ ძროხა და მშობიარობის შემდეგ შვილი წავართვათ, მიუხედავად იმისა, რომ მის ტკივილში ეჭვს ვერავინ შეიტანს. შემდეგ ხბოს მისთვის განკუთვნილ რძეს ვაცლით და საუზმისთვის ყავაში ან მარცვლეულში ვისხამთ. ჩვენ გვაშინებს პიროვნული ცვლილებები, რადგან ვფიქრობთ, თითქოს მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყოს რაღაცის დასათმობად.
მაგრამ ჩვენ, ადამიანები, ასე კრეატიულები, ჭკვიანები და დიდი გამომგონებლები ვართ და ამის გამო ვფიქრობ, თუ გამოვიყენებთ სიყვარულსა და თანაგრძნობას ჩვენი საქმეების სახელმძღვანელოდ, შევქმნით ცვლილებათა ისეთ ღირებულებით სისტემას, რომელიც სასიკეთო იქნება ყველა მგრძნობიარე არსებისა და გარემოსთვის.
მთელი ცხოვრება არამზადა ვიყავი… ვყოფილვარ ეგოისტი, უმადური, ხანდახან სასტიკიც კი, რთული იყო ჩემთან ერთად მუშაობა, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა ამ დარბაზიდან მეორე შანსი მომცა.
და ვფიქრობ, როდესაც მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ერთმანეთს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო კი არ ვრიყავთ, არამედ ვეხმარებით ზრდაში; როცა ვასწავლით, შეცდომების გამოსწორებაში ვეხმარებით ერთმანეთს, აი, მაშინ ვქმნით საუკეთესო საზოგადოებას.
17 წლის ასაკში ჩემმა ძმამ ასეთი სიტყვები დაწერა: „თავის გადასარჩენად როცა გაიქცევი, სიყვარული გაიყოლე და მშვიდობაც გამოგყვება“.
ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება, ამიტომაც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგა”.
სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს.
იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ. სახურავებიდან ჩამოვარდნილ თოვლსა და ყინულს შეუძლია მძიმე ტრავმების გამოწვევა.
ატარეთ ტანსაცმელი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ხედვაში და თქვენც უკეთ შესამჩნევს გაგხდით სხვებისთვის. თოვლის სითეთრე ნაკლებად შეგიშლით ხელს, თუ მზის სათვალესაც ატარებთ. მკვეთრი და ამრეკლავი ფერის ტანსაცმელი მძღოლებისთვის უკეთ შესამჩნევს გხდით.
თოვლიან ქალაქში, მოყინულ გზებზე გადაადგილებისას ნუ მოუსმენთ მუსიკას ყურსასმენებში. თოვლში ფეხით მოსიარულეებს უნდა ესმოდეთ მოახლოებული მანქანის ან სხვა ხმები.
იარეთ ნელი ნაბიჯებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კიბეზე ჩასვლისას. დარწმუნდით, რომ მყარად გიკიდიათ ხელი კიბის სახელურზე.
მოერიდეთ შეტყობინებების აკრეფასა და ტელეფონზე ლაპარაკს თოვლში გადაადგილების დროს.
„…ხისჩარჩოიანი სარკის წინ, იატაკზე ყრია ორი ცალი სამზარეულოს დანა, ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე – მუქი ფერის, მოვერცხლისფერო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები, დახეული ათლარიანი კუპიურა…“ – ეს გამომძიებლის ჩანაწერია დათვალიერების ოქმში თბილისში მომხდარი მორიგი ოჯახში ძალადობის შემდეგ.
შემთხვევის ადგილზე შუაღამისას მისულ სამართალდამცველებს მეზობლის ოჯახში მყოფმა ქალმა უთხრა, რომ ფეხმძიმედაა და ქმარმა 2 წლის ბავშვის თვალწინ სცემა, დანის ტარი კეფაში ურტყა და ბინიდან გაქცევა მოახერხა… „კიბეებზე დამეწია და მახრჩობდა, იმდენად ძლიერად მიჭერდა ხელს ყელში, გონება მეკარგებოდა და ბავშვი მივარდებოდა,“ – ჰყვებოდა ქალი.
ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა დაზარალებულმა ქალმაც. ჩვენება დაზარალებული ქალის დამ და სიძემ მისცეს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დაზარალებულის დამ თქვა, რომ დილის 6 საათზე განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი უცხო ნომრიდან.
„…მერე გადავწყვიტე, გადამერეკა. ჩემი დის განწირული ხმა გავიგონე, ბ.-მ დალია, მცემდა, მკლავდა, ძლივს გამოვასწარი და ახლა მეზობელთან ვარო. მითხრა, არ მიხვიდეთ ჩემს სახლში, აგრესიულია და შესაძლოა, ვინმე მოკლასო. პოლიციაში დავრეკე, ჩემი ქმარი წავიდა…“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულის დამ.
დაზარალებულის სიძეს, მეზობლებსა და პოლიციელებს ქალმა უთხრა, რომ ქმარი მას ბავშვის მოკვლითაც ემუქრებოდა… „გვითხრა, რომ ქმრის ნათესავები გვყავდა სტუმრად, იქეიფეს და სტუმრების წასვლის შემდეგ გახდა აგრესიული… სასწრაფოს მანქანა როცა მოვიდა, მერე შევედით ბინაში. სახლი არეული იყო, ხატი იყო დამტვრეული, დანა ეგდო… ბინის დათვალიერებაზე ბ-მ მისცა თანხმობა და დათვალიერების ოქმსაც მოაწერა ხელი…“ – უთხრა დაზარალებულად ცნობილი ქალის სიძემ მოსამართლეს.
ქალმა სამართალდამცველებს აჩვენა საკუთარი მობილური ტელეფონიც, რომელიც მისი თქმით, ქმარმა ჩხუბის დროს გაუტეხა.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მოწმე ამ საქმეში არსებობდა, ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა და დაზარალებულმაც ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის მიღების დროს სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებს დაეყრდნო – მოწმეებს, რომლებიც თვითმხილველები არ იყვნენ.
„მართალია, ზემოაღნიშნული მოწმეები უშუალოდ არ არიან შემსწრე მომხდარი ფაქტისა, თუმცა ისინი უშუალოდ არიან თვითმხილველები ე.-ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგისა. დაზარალებული უშუალოდ მიმართავს დასახმარებლად ხ.-ს, უშუალოდ გ. ესწრებოდა და მოისმინა თუ რა განუცხადა ე.-მ მასთან ერთად მისულ პატრულის თანამშრომლებს, რაც დაზარალებულმა აგრეთვე გაიმეორა გამოკითხვისას გამომძიებელ თ.-სთან, რომელსაც აგრეთვე წარუდგინა დაზიანებული ტელეფონი… დაზარალებული იმავე ინფორმაციას წარუდგენს ექსპერტ გ.-ს, ამასთანავე უჩვენებს დაზიანებებს, რომელთა განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი.
საქმეში იყო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს აღენიშნებოდა „დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები
მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს…“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.
სასამართლომ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოჯახში ძალადობისთვის, 2 წელი – სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ხოლო ერთი წელი – მუქარისთვის. საბოლოოდ, სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ბრალდებულს 2 წელი მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა.
ქობულეთის მერიაში 8 სამუშაო ადგილი დაამატეს. 4 შტატი დაემტა ზედამხედველობის სამსახურს, 4 სოციალური მუშაკი კი ხელშეკრულებით აიყვანეს.
ქობულეთის საკრებულოს ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ შტატების დამატება მომავალ არჩევნებს უკავშირდება.
„ქირურგიულ ოპერაციებზე თანადაფინანსების პროგრამა დაამატეს ჯანდაცვის პროგრამებს და სოციალური სამსახურიდან მიიღეს დელეგირებული უფლება, რომ აწარმოონ იმ ადამიანების აღრიცხვა, რადგან სოციალური მუშაკები ისედაც შედიან ოჯახებში შემოწმებაზე და ამ მონაცემებსაც შეიტანენ.
თუმცა, სოციალური შემწეობის დანიშვნა აქამდეც იყო ვაჭრობის თემა საარჩევნოდ. ხშირია შემთხვევები, როცა ისე უხსნიან ადამიანებს შემწეობას, რომ ამის რეალური საფუძველი არ ჩანს.
ამ შემთხვევაშიც ამ სოციალურ მუშაკებს შესაძლებლობა აქვთ, ყველა ოჯახში შევიდნენ და შემწეობის დანიშვნის საკითხი ვაჭრობის საგნად აქციონ, რადგან სოციალური მუშაკები იქნებიან მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები“,- ამბობს ბონდო თედორაძე.
რას უკავშირდება შტატების დამატება? ამაზე განმარტება ქობულეთის მერიას ვთხოვეთ, რაზეც მერიისგან პასუხი წერილობით მივიღეთ, რომელშიც წერია, რომ ბავშვთა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნებისთვის, „იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.
„აღნიშნული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილებათა მოცულობის გათვალისწინებით, არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებით აყვანილ პირთა რაოდენობის გაზრდა“, – გვწერს მერიის პრესსამსახური.
რაც შეეხება ზედამხედველობას, მერიიდან გვწერენ, რომ თანამშრომლების დამატება, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას ემსახურება.
—
სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საშტატო რიცხოვნობა მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ-ებშიც არაგონივრულადაა გაზრდილი.
„დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა“ – წერს აუდიტი.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 13,647.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, სულ 162,43 გრამი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 13,647.34 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ამ დროისთვის [12:45 სთ.] ბათუმში 300-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც „სოკარის“ რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, ბუნებრივი აირის შეფერხების მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს.
„99 ათასი აბონენტი გვყავს და აქედან დაახლოებით 300 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, რომელსაც დღის განმავლობაში ჩავრთავთ.
არის მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოებიც და ვმუშაობთ აღდგენებზე. ერთი შემთხვევა იყო გუშინ, ხე დაეცა და ამის გამოა დაზიანებული. ყინვის გამოც შეიძლება იყოს გათიშული…“ – ამბობს ბერიშვილი.
ბათუმში 9 თებერვალს თოვლი მოვიდა. სანაპირო რაიონებში ისევ მოსალოდნელია 0-5 გრადუსი ყინვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
სახელფასო ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი
სამუშაო ადგილი: ბათუმის რეგიონული წარმომადგენლობა (ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი / მთავარი იურისტი
ძირითადი მოვალეობები:
მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მათი საჩივრების განხილვა;
მოქალაქეებთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
სასამართლო საქმეების მომზადება და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოება;
მონაწილეობა განცხადებების, ბლოგების და კვლევითი ანგარიშების მომზადების პროცესში;
რეგიონის ფარგლებში მოქალაქეებთან ადგილზე შეხვედრა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში;
იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას;
ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სპეციალიზაციით;
ძლიერი ანალიტიკური უნარები და კომპლექსურ კვლევით პროექტებზე აქცენტის გაკეთების გამოკვეთილი უნარი;
უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისურ ენებზე თავისუფლად წერისა და მეტყველების უნარის მქონე კანდიდატებს.
აპლიკაციის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge
[checklist]
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაცია).
[/checklist]
განცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 17 თებერვალი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype საშუალებით. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი-ბათუმი“.
ჩვენ შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://transparency.ge.
აჭარაში რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა თოვლის საფარის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის ზოგიერთ სოფელში შეფერხებულია გადაადგილება, რის გამოც მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში. მეორე დღეა ინტენსიურად წმენდენ გზებს, შეფერხდა სასწავლო პროცესი.
ქედაში ამ დროისთვის მზიანი ამინდია, თუმცა ტემპერატურა -8 გრადუსია. თოვლის საფარი დაბაში 50 სმ-ია, მაღლობში კი – 1 მეტრი.
ქედაში გზის გასაწმენდად დღეს დილიდან 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს 11 მიმართულებით. ქედის კომუნალსერვისის 2 ერთეული ტექნიკა კი დაბის ქუჩებს წმენდს.
ქედაში, მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი არ შედგა 15 საბავშვო ბაღიდან 13-ში. სასწავლო პროცესი იმავე მიზეზით არ შედგა ასევე N2 საჯარო სკოლაში, დანდალოს N1 და წონიარისის სკოლებში.
შუახევში ღამით 14 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა. გზები მოყინულია. მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრომდე თოვლია. შუა ზონაში – 50-60 სმ, ხოლო დაბაში – 20 სანტიმეტრამდე.
თოვლის საფარისგან გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები და ნაწილობრივ – სოფლების გზები. დილიდან განახლდა გაწმენდის სამუშაოები. მუშაობს აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20-მდე ტექნიკა.
სასწავლო პროცესი მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო არ შედგა შუახევის სამ საჯარო სკოლაში (ნაღვარევში, ცხემლისსა და ჟანივრში) და ხუთ ბაგა-ბაღში (ხიჭაურში, უჩამბაში, ბუთურაულში, ჭალასა და წყაროთაში). შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის ჩასატარებლად სკოლებსა და ბაგა-ბაღებში შესაბამისი პირობები არის, მოსწავლეების გამოუცხადებლობის მიზეზი – მოყინული გზებია.
ხულოს სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა, თუმცა ბავშვები არ გამოცხადებულან დანისპარაულის, ვერნებისა და უჩხოს საბავშვო ბაღებში.
ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებსა და კურორტ გოდერძისთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.
ძლიერი ყინვის გამო ცენტრალურ გზებზე მიმდინარეობს მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. დღეს დილიდან დაიწყო სოფლის ცენტრებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდა.
თიბისის პროგრამა “სტარტაპერისა“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge იქმნება.
ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციის განთავსებას სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ.
სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.
“სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას:
[checklist]
საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
ონლაინ გადახდები და განვადება;
კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;
ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
ბრენდირებული ვებ-გვერდი, პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.
[/checklist]
ახალი ონლაინ სტარტაპ მარკეტი აპრილიდან ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე რეგისტაციას 7 თებერვლიდან შეძლებენ.
პროექტის პრეზენტაცია სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც MY.GE -ს და პროგრამა “სტარტაპერის” წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს.
Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.mystartup.ge/ .
საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმა MY.GE 2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports.
თიბისის პროგრამა “სტარტაპერის” მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს სტარტაპერებისთვის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას.
აჭარის მთის სოფლებში თოვლის გამო რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 10 თებერვლის დღის 12 საათისთვის:
„ელექტრომომარაგება პრაქტიკულად სრულად აღდგენილია მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ყველა აბონენტს მიწოდება ელექტროენერგია.
ქედის მუნუციპალიტეტში კი, მცირე შეზღუდვებია, სოფელ ნამონასტრევში დენი არ მიეწოდება 3 ამბონენტს , სოფელ აგარაში 40 აბონენტს, ასევე მცირე შეზღუდვებია დოლოგნის ადმინისტრაციულ თემში, სადაც სავარაუდოდ ელექტრომომარაგება 1 საათში აღდგება. სოფელ ნამონასტრევსა და აგარაში აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თითქმის სრულად მიეწდოება ელექტროენერგია აბონენტებს, მცირე შეზღუდვებია სოფელ ცხემვანასა და ჩაქვისთავში, სულ 7 აბონენტს მიეწოდება დენი შეზღუდვით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა დღის ბოლომდე აღნიშნულ 7-ვე აბონენტს აღუდგეს ელექტროენერგია“.
აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიური თოვა გუშინ, 9 თებერვალს დაიწყო. ამ დროისთვის, 10 თებერვალს, აჭარაში უნალექო ამინდია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უნალექოდ. 12 და 13 თებერვალს კი, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, მაღალ მთაში ზვავსაშიშროება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო,
მთაში – ღამით 7-12, დღისით 0- 5 გრადუსი ყინვა,
მაღალ მთაში – ღამით 15-20, დღისით 5-10 გრადუსი ყინვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 12 და 13 თებერვალს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. მთაში თოვა, მაღალმთაში ზვავსაშიშროება.
მთავარი ფოტო: ბათუმი, 10.02.2020 / ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წლიური ანგარიშის წარდგენა ასოციაციის წევრების, დონორებისა და არასამთავრობო სექტორისათვის.
კონფერენცია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ გახსნა. მან წლიური ანგარიში წარადგინა, ისაუბრა მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
ფერმერებმა არჩევნების გზით აირჩიეს 5 წევრისგან დაკომლექტებული ასოციაციის მმართველი საბჭო და თავმჯდომარე – მერაბ ჭითანავა. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას კი ისევ გიორგი თოდუა გააგრძელებს.
კონფერენციას ასევე ესწრებოდა ასოციაციის წევრი 1320 ლიდერი ფერმერი, რომლებიც წარმოადგენენ 15,000 მეთხილე ფერმერს თხილის მწარმოებელი სხვადასხვა რეგიონიდან (სამეგრელო, გურია, აჭარა და იმერეთი). მათ საშუალება მიეცათ, თხილის დარგში ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და ა.შ. მიიღეს ინფორმაცია. ღონისძიების დასასრულს წარმატებულ ფერმერებს საჩუქრები გადაეცათ, ნაწილმა კი – ასოციაციის ობიექტებზე, ფასდაკლების ვაუჩერები მიიღო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თავად ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ასევე – თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, თხილის სექტორში მოღვაწე მეცნიერები, ფინანსური ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.
„ეს იყო ასოციაციის წლიური ანგარიშის წარდგენა, სიახლეების გაცნობა ფერმერებისათვის. საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს, ბანკების წარმომადგენლებმა ახალი საბანკო პროდუქტები გააცნეს მონაწილეებს. სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლებმა კი თავიანთი ახალი პროდუქტები წარადგინეს. ამ კონფერენციის გენერალური სპონსორია შხამქიმიკატების იმპორტიორი კომპანია. მათ ახალი პრეპარატებისა და განახლებული ფასების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების შესავალ ნაწილში, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ჩვენი მთავარი დონორების, სახელმწიფოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, USAID-ისა და FERRERO-ს წარმომადგენლებიც. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. პირველი – შხამქიმიკატებსა და სასუქებთან დაკავშირებით. მეორე – ფინანსურ პროდუქტებზე“.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 15,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 1320 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა – მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. 2019 წელს ასოციაციის მიერ განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის
გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან 3 192 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს უკან რეადმისიის ფარგლებში. ყველაზე მეტი მოქალაქე – 1479 გერმანიიდან დაბრუნდა. რეადმისიის პროგრამაში მოქალაქეები მაშინ ერთვებიან, როცა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვ, უარს გეუბნებიან და სახელმწიფო სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკან გაბრუნებს.
გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთიდან დაბრუნდა – 649, ჰოლანდია – 256, ავსტრია – 148, შვეიცარია – 129, საბერძნეთი – 101.
რეადმისიის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შსს აქვეყნებს. ამ მონაცემების მიხედვით, 60 მოქალაქეს უთხრეს უარი რეადმისიაზე, მათ შორის 23 არასრულწლოვანია.
დიდ ოჯახში სულ 11 წევრი ცხოვრობს – დედ-მამა და 9 ბავშვი. ყველაზე პატარა 2 თვისაა, უფროსი – 14-ის.
ხათრიძეების ოჯახი ბაღდათში ცხოვრობს, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 1100-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ამით, როგორც ბავშვების მამა, ნუგზარ ხათრიძე ამბობს, ყველა ბავშვისთვის სეზონზე შესაფერის სამოსსაც კი ვერ ყიდულობს, 1100 ლარიდან 400 ლარი ყოველთვიურად 11 წლის ნინის წამლებისა და მკურნალობისთვის სჭირდება ოჯახს – გოგონა რამდენიმე წლის წინ კოცონთან თამაშისას დაიწვა და ფეხი დაიზიანა. 11 წლის გოგო თავისუფლად ვერ გადაადგილდება, არ დადის სკოლაში და, ჯერჯერობით, არც შშმ პირის სტატუსი აქვს.
ოჯახი ნაქირავები სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს. თითქმის 5 წელია, რაც საცხოვრებლის ქირას მათ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია უხდის. რამდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტმა ოჯახს საცხოვრებლად ძველი სტამბის შენობაში გამოუყო ფართობი, მაგრამ იქ მინიმალური საცხოვრებელი პირობების უქონლობის გამო ვერ დასახლდნენ. ამავე, ძველი სტამბის შენობაში ჰქონდა ფართობი ბაღდათში 3 თებერვალს ხანძრის შედეგად დაღუპულ ოჯახს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ შენობაში, სავარაუდოდ, ასევე საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო ვერ გაჩერდა.
„არ ვიცი, როდის დამიძახებენ ეს სახლი გაიყიდა და წადი შენი ცხრა შვილიანადო”
ოთახებს, სადაც ახლა ხათრიძეები ცხოვრობენ, არ აქვს ფანჯრის მინები, სახლში ყველა მხრიდან უბერავს, ზამთრის ქარში პატარა ღუმელის დანთებაც ჭირს – თუ ანთია, სახლი იჭვარტლება, ამიტომ ხშირად ისევ ჩამქრალ ღუმელთან ჯდომა ურჩევნიათ. სახლში ღუმელი იშვიათად ინთება და ბეტონის იატაკს ვერ ათბობს. სახლის მეპატრონის გაფუჭებულ მაცივარს ოჯახი კარადად იყენებს, ძველი სარეცხი მანქანა გაფუჭდა და უფუნქციოდ დევს, სახლში არ არის წყალი, გაზი, აბაზანა, წყალი მხოლოდ ეზოში, ერთადერთი ონკანიდან მოდის. სახლის ჭერზე ძველი სათამაშოები კიდია. ბავშვების დედა როგორღაც მაინც ახერხებს სარეცხის გარეცხვას და ხელით გარეცხილი 9 ბავშვის სამოსი თოკზე შრება.
,,პრემიერ-მინისტრის, მუნიციპალიტეტის – ვის სახელზე არ მაქვს დაწერილი განცხადება, ერთადერთი, რაც მინდა ის არის, რომ ჩვენი სახლი გვქონდეს, სადაც ადამიანურად ვიცხოვრებთ. ეს სახლი, სადაც ქირით ვცხოვრობთ, იყიდება, პატრონი ყიდის. არ ვიცი, როდის დამიძახებს ახალი მეპატრონე, წადი შენი ცხრა შვილიანადო. არ მინდა ჩემი შვილები უსახლკარობის გამო სულ დარცხვენილები იყვნენ“, – ამბობს ნუგზარ ხათრიძე.
,,არ გადამიღოთ რა, სკოლაში დამცინებენ”
ცხრა ბავშვისგან ორს სკოლაში არასდროს უვლია – გოგოს, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული და მის დასაც – მშობლებმა ის სკოლაში ვერ დაარეგისტრირეს, რადგან ავადმყოფ ბავშვს ზაფხულის ბოლოს თბილისში, ექიმებთან ატარებდნენ. 13 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი, რომლებიც აქამდე სკოლაში სწავლობდნენ, წელს, ბოლო სემესტრში, სკოლაში აღარ წასულან. როგორც ბავშვების მამა ამბობს, იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს სკოლაში უსახლკარობის გამო დასცინეს, რის შემდეგაც მათ სკოლაში სიარული აღარ მოუნდათ.
„ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამხელები არიან და რატომ არ დადიან სკოლაშიო, მაგრამ ასეთი სახლიდან, სიცივეში რომ გაათენებს ბავშვი და დილით კიდევ ეტყვი, ადექი და სკოლაში წადიო…მირჩევნია სახლში მყავდნენ, გზაში მაინც რომ არ გამიცივდნენ.
დიდები დედას ეხმარებიან სახლში, გავა ბავშვი, ფიჩხებს მოძებნის ეზოში, გოგო დედას დაეხმარება პატარასთან. ეს სემესტრი ვერ იარეს.
მასწავლებელი და დირექტორი მოვიდა, ვთხოვე ჩემი საქმე ასეა და ცოტა ხანს მაცალეთ-მეთქი”, – ამბობს ბავშვების მამა.
მისი თქმით, ბავშვებს თავადაც არ სურთ სკოლაში სიარული, რადგან სეზონისთვის შესაფერისი სამოსი თითქმის არასდროს აქვთ.
„მე არ გადამიღოთ რა” – გვეეუბნება უფროსი გოგო, რომელმაც ბოლო სემესტრში სკოლაში სიარული შეწყვიტა. – ,,სკოლაში დამცინებენ, უსახლკარო ხარო”.
ბავშვების მამა – ნუგზარ ხათრიძე
სამი წლის წინ ჩემმა მეუღლემ დაწერა განცხადება შეშის თაობაზე, სამი ზამთარი წყალში და თოვლში ვიარე, შეშა რომ მომეტანა. წელს მომიტანეს 12 კუნძი, სახლში არ ვიყავი და გადმოუყრიათ. ბევრი დამპალი იყო და არ ვიბარებდით, ხელს არ ვაწერდით, მაგრამ ვინც მოგვიტანა გვითხრა, მომხსნიან სამსახურიდა,ნ თუ არ ჩაიბარებთო და რას ვიზამდით. ერთ კვირაში გამოგველია ის შეშა, რაც იმისგან დარჩა, გარეთაა.
სამყოფი შეშისთვის 700 ლარია საჭირო, ბაღდათში ჩემნაირ გაჭირვებულებს ყველას დამპალი შეშა მიუტანეს, ერთი მანქანა 10 ოჯახზე გაანაწილეს. 20 წლის ტყეში ნაგდებ შეშას რომ მიუტან ადამიანს და ამასაც დაამადლი… მითხრეს, 3 კუბური მეტრიაო. ტყეში ვმუშაობდი ბავშვობაში და იქ ვარ გაზრდილი, როგორ უნდა მასწავლონ 3 კუბური მეტრი შეშა რამდენია.
ვმუშაობ სეზონურად, სახლების სახურავებს ვღებავთ მე და ჩემი უფროსი შვილი, რასაც ვშოულობთ, საკვებსა და სამოსში ვხარჯავთ. სოციალურ დახმარებასაც ამაში ვიყენებთ. ზამთარში სახლის სახურავების ღებვა არავის სჭირდება.ზაფხულში ვიმარაგებთ თანხას, რომ ზამთარში კარტოფილი, პურის ფქვილი გვქონდეს.
სამსახური ბაღდათში არარსებული რამეა, ვინმე უნდა გყავდეს. ერთადერთი, რაც ჩვენი გაგვაჩნია, 1000-ლარიანი მანქანაა, ბავშვის საავადმყოფოში წასაყვან-მოსაყვანად ვიყიდე, 200-200 ლარით გადამიხადეო პატრონმა, ააშენოს ღმერთმა.
ბოლო რამდენიმე წელია არ ვიცით რა არის ახალი წელი. სხვის მიწაზე ვცხოვრობ, სხვის სახლში, მაგრამ პომიდორი, მწვანილი, სიმინდი მომყავს. ჩემს საკუთარში ხომ მეტს გავაკეთებ. ქათამს, საქონელს ვიყოლიებ. სოციალურიდან რომ გადავდო 100 ლარი და 10 ფრთა ქათამი ვუყიდო შვილებს, ახლა ეგეც არ შემიძლია, სხვის სახლში და ეზოში არ გამოდის, საკუთარში რაღაცას ვიზამდი“.
„დიდი ოდენობით თოვლი ძალიან სწრაფად მოვიდა. შეფერხება იყო იმიტომ, რომ ავტომანქანები უკან მიყვებოდნენ ტექნიკას, რომელიც გზას წმენდდა,“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების პრესცენტრში ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც დღეს, 9 თებერვალს, მოძრაობა შეფერხდა. მახინჯაურიდან გვირაბის მიმართულებით საცობი იყო. მძღოლების თქმით, გზაზე არც ტექნიკური მარილი იყო დაყრილი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს გზის გაწმენდაზე და ტექნიკური მარილიც დაყრილია. „ჩვენ გავაფრთხილეთ კონტაქტორი კომპანია და დაიმატებენ ტექნიკას,“ – აღნიშნეს გზების დეპარტამენტში.
ქუჩების გაწმენდა დაწყებულია ბათუმის ქუჩებშიც. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქუჩებში 30 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული და სადაც ქუჩას წმენდენ, იქ ტექნიკურ მარილსაც ყრიან. ამ დროისთვის სპეცტენიკა ცენტრალურ ქუჩებზე მუშაობს.
ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა თითქმის დასრულდა. სტადიონზე უკვე დამონტაჟებულია სკამები, ამჟამად კი განათების მონტაჟი სრულდება. წუხელ, 8 თებერვალს, სტადიონის ბალახის საფარი თოვლით დაიფარა. გთავაზობთ ფოტოებს დათოვლილი ბათუმის ახალი სტადიონიდან.
ბათუმის ახალი სტადიონი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბათუმის ახალი სტადიონი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბათუმის ახალი სტადიონი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმში, სამგზავრო მიკროავტობუსში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის ერთი პირი გაასამართლეს. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ერთ შემთხვევაში მიკროავტობუსში Huawei-ის ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა. მეორე დღეს კი, ნინოშვილის ქუჩიდან თბილისის მოედნისკენ მიმავალ მგზავრს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსში, Iphone-ის მოდელის მობილური ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან.
ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა. მან უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლეს მოწმეების ან დაზარალებულების ჩვენებები არ მოუსმენია.
საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, ერთი ტელეფონის საბაზრო ღირებულება 250 ლარი იყო, მეორის – 450.
ბრალდებულს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაუთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
Citygroup Investment Bank-ის ტრეიდერი, პარას შაჰი ხელმძღვანელობდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მაღალშემოსვლიანი ობლიგაციების დეპარტამენტს. მან ხელფასის სახით გასულ წელს ერთ მილიონზე მეტი ფუნტი სტერლინგი მიიღო, პრემიის ჩათვლით. ის თანამდებობიდან გასულ თვეს დაითხოვეს – წერს ევროპული პრესა.
31 წლის მილიონერის მიმართ ბრალდება ასე ჟღერს: მან კომპანიის სათავო ოფისის კორპორატიული სასადილოდან სენდვიჩები აიღო, მაგრამ თანხა არ გადაიხადა. კომპანიაში ჯერ არ დაუდასტურებიათ, ამას ჰქონდა თუ არა რეგულარული სახე.
ბიბისი წერს, რომ შახთან დაკავშირებას ცდილობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მან სოციალური ქსელები წაშალა.
ბანკმა 2014 წელს კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი ერთ-ერთი ფინანსური მენეჯერი ლონდონის მატარებლებით უბილეთოდ მგზავრობდა.
აჭარის მაღალმთიანეთში ისევ ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზები ჯერ გაწმენდილი არ არის. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„შუქი არ მიეწოდება ამ დროისთვის ერგეს, აგარას, სინდიეთს და გვარას, სხვა სოფლებში შეფერხებები იყო და უკვე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება…“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისი თქმით, პრობლემა შეიქმნა სოფელ სალიბაურშიც წყლის მიწოდებაზე.
ხელვაჩაურის მერის თქმით, გზებს წმენდენ თოვლისგან, თუმცა რამდენიმე მაღალმთიან სოფელში გზის გაწმენდას დღის მეორე ნახევარში აპირებენ. „რადგან თოვლის საფარი გაიყინა, დღეს ახალი თოვლი დაემატა და გრეიდერის გავლა ასფალტის საფარს დააზიანებს“, – ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე.
ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის პრობლემა ამ დროისთვის მხოლოდ მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულს აქვს. „7 თემს არ ჰქონდა 4-ში უკვე აღვადგინეთ. ქედის კიდევ 12 სოფელში შეწყდა ასევე ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ პერიოდულად ირთვება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა ლევან გორგილაძემ. მისივე თქმით, დაახლოებით ორ საათში გაიწმინდება სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზები, შემდეგ კი საუბნო გზებს გაწმენდენ.
შუახევის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდაზე ამ დროისთვის 16 ერთეული ტექნიკა მუშაობს, ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება: ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულს, ასევე სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას. აღდგენით სამუშაოებზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური.
ხულოში ელექტროენერგია არ მიწოდება სოფელ დანისპარაულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება. ხულოში საავტომობილო გზების გაწმენდაზე 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები, რამდენიმე სოფლის გზა კი უკვე გაწმენდილია. მირიან ქათამაძის თქმით, თოვლის გამო ელექტროენერგიის გარეშე 1000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი ხუთ სოფელში, თუმცა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით დღის 3 საათზე შუქის მიწოდება სრულად აღდგება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; მაღალ მთაში ზვავსაშიშროება, ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით ზოგან ძლიერი: 20-25 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო,
მთაში – ღამით 7-12, დღისით 0- 5 გრადუსი ყინვა,
მაღალ მთაში – ღამით 15-20, დღისით 5-10 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით ზოგან ძლიერი – 17-22მ/წმ-ში; დროგამოშვებით ნალექი. ხილვადობა 4-10 კმ.
ტალღის სიმაღლე 15-30დმ (4-5ბალი),
ზღვის წყლის ტემპერატურა +7.2 გრადუსი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, აჭარის სანაპირო ზილსა და მთიან რაიონებში 11 თებერვლიდან მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: ბათუმის ბულვარი, 9 თებერვალი, 2020 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში თოვს. თოვა წუხელ, 8 თებერვლის საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ნახეთ, როგორ გამოიყურება თოვლიანი შავი ზღვის სანაპირო.
თოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებითოვა ზღვაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმში მოსული თოვლის გამო მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. პარალელურად, იწმინდებოდა დათოვლილი ხე-მცენარეები.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ასევე, ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.
რა სჯობს იმას, თოვლიანი დღეები დასვენების დღეებს რომ ემთხვევა? შეგიძლია სახლში დარჩე, არაფერი არ აკეთო, ანდა რამე ცხელი სასმელ-საჭმელი მოიმზადო და იფიქრო, ახლა რამეს წაიკითხავდა ადამიანიო. ჰოდა, ჩვენც ვიფიქრეთ, ისეთ წიგნებზე მოგვეთხრო, რომელიც ოდესღაც საზამთროდ შემოვინახეთ, წავიკითხეთ და მოგვეწონა.
წიგნებს, რომლებსაც სეზონების მიხედვით ვარჩევთ, ის ჯადოსნურობა ახასიათებთ, რომ ზუსტად გვახსენებს, რა გვეცვა, რას ვჭამდით, გარეთ როგორი ამინდი იყო, რა მუსიკა ისმოდა კითხვის დროს. ამიტომაცაა, ალბათ, თოვლიანი წიგნები ერთი-ორად უფრო ჯადოსნური.
“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”
პირველი წიგნი, რომელსაც შემოგთავაზებთ არის ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”. თუ აქამდე არ შეგიღიათ ჯადოსნური სამყაროს კარები, თუ არ იცით რა ამბები და ინტრიგები ტრიალებს ჰოგვორტსის ჯადოქრების სკოლაში, ზამთარი ამისთვის იდეალური დროა. დაიწყეთ კითხვა და ეგებ დანარჩენი ექვსის წაკითხვაც მოასწროთ, სანამ წელი მიიწურება. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კითხულობს საგანგებოდ შობის წინ ჰარი პოტერის თავგადასავალს, უყურებენ ეკრანიზაციებს, ეს ერთგვარი ტრადიციაა “პოტერჰედებისთვის”.
“ლომი, კუდიანი და გარდერობი”
შემდეგი ამბის ავტორიც ბრიტანელია. კლაივ ლუისის ნარნიას ქრონიკებიდან უნდა გირჩიოთ ერთ-ერთი წიგნი. რიგითობის მიხედვით “ლომი, კუდიანი და გარდერობი” მეორეა შვიდნაწილიანი ქრონიკიდან. არ ვიცი, თქვენ რა განცდა გაქვთ, როცა ძველ გარდერობს ხედავთ საკუჭნაოში, მაგრამ “ნარნიელებმა” ვიცით, რომ ეს გარდერობი შეიძლება იყოს პორტალი ჯადოსნურ, თოვლით სავსე სამყაროში, რომელსაც ხანდახან შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეს.
წიგნი სავსეა ბიბლიური, ისტორიული და მითოლოგიური ალუზიებით, ასე რომ მისი კითხვა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის სასიამოვნოა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კლაივ ლუისის თხრობის სტილია თავად ჯადოსნური. ის ხანდახან არღვევს ჩვენსა და ავტორს შორის არსებულ ე.წ. “მეოთხე კედელს” და პირადად გვესაუბრება. ასე რომ, ზამთრის არდადეგებისთვის ბებიასა და ბაბუასთან სტუმრობისას ნუ შეგეშინდებათ თუ კარადაში, დათბილული ქურთუკების მიღმა, გადათეთრებულ ნაძვნარს აღმოაჩენთ, ეგება და თქვენ ხართ მთავარი გმირი მერვე წიგნისა, რომელიც ჯერ არ დაწერილა.
“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”
ბავშვობაში ისე განვიცდით შოკოლადის ქონა-არქონას, ისე გვახარებს ნაირ-ნაირი ტკბილეულის დანახვა მაღაზიებში, რომ ეს დამოკიდებულება დიდობაშიც არ გვტოვებს და ვინ იცის, რამდენი რთული დღე გადაგვიტანია ტკბილეულის დახმარებით. როალ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” ის წიგნია, რომელიც ნებისმიერ მკითხველს დააბრუნებს ბავშვობაში, იმ განცდების სიახლოვეს, როცა ვნატრობდით, ნეტა სახლში მოსულმა მშობელმა თან ტკბილეული მოგვიტანოსო.
წიგნი ჩარლიზეა, რომელიც ოჯახთან ერთად ერთ პაწია სახლუკაში ცხოვრობს და იმის ფულიც კი არ აქვს, რომ ჩვეულებრვი შოკოლადი შეიძინოს. სრულიად შემთხვევით კი მომგებიანი შოკოლადის ფილა შეხვდება ოქროს ბილეთით ვილი ვონკას უდიდეს და ჯადოსნურ შოკოლადის ქარხანაში, რომელიც სავსეა ათასნაირი კანფეტით. ამ ამბით როალ დალი კვლავაც ეცდება დაგვანახოს სისადავის მშვენიერება, როგორი შეიძლება იყო კეთილი გამარჯვებული. ეკრანიზაცია, ალბათ, უკვე შეგხვედრიათ საახალწლო გადაცემების ბადეში, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილი წიგნის ჭია, ჩვენც ვფიქრობთ, რომ წიგნი უკეთესია. ასე რომ, ნუ გაატარებთ ზამთარს ვილი ვონკას ოინების გარეშე.
“შენი სახელი დამიძახე”
“შენი სახელი დამიძახე” ანდრე ასიმანის წიგნია, უნატიფესი ამბავია სიყვარულზე, რომელიც ახალგაზრდა ელიოსა და ფილოსოფიის სტუდენტს ოლივერს შორის იბადება შუაგულ ზაფხულში, ჭალასა და ზღვის ნაპირებზე იტალიის პატარა ქალაქში. ეს წიგნი ამ სიაში იმიტომ ჩავსვით, რომ ხანდახან ზამთრის დღეებში ძალიან რთულია წარმოიდგინო, როგორ ანათებს და ათბობს მზე სამყაროს, შენ კი წევხარ ნებიერად მწვანე ბალახზე და საერთოდ არანაირი გეგმა არ გაქვს შესასრულებელი. უბრალოდ უსმენ იმ პეპლების ფრთების მოქნევის ხმას, რომელიც სიყვარულმა ააშრიალა შენს გულ-მუცელში.
კი ხანდახან ცხვირგაყინულებს, ნამდვილად გვჭირდება ასეთი წიგნების კითხვა.
“უცხო”
მეორე “ცხელ” წიგნად ალბერ კამიუს “უცხოს” შემოგთავაზებთ. კამიუ გამორჩეული ავტორი ბევრი რამის გამოა, ერთ-ერთი ღირსება კი ისაა, რომ მის წიგნებს ხშირად კლდისპირამდე მივყავართ, თუმცა კამიუმ ისიც იცის, უკან როგორ მოგვაბრუნოს. უცხოს მოქმედება გავარვარებულ ალჟირში მიმდინარეობს. მთავარი გმირის, მერსოს, გაუცხოება იმ გარემოსადმი, სადაც ცხოვრობს და მისი ამბავი დაგვეხმარება კიდევ ერთხელ გადავიაზროთ ის ნორმები, რასაც ადამიანად ყოფნას ვაწერთ ხოლმე.
ბევრი ლიტერატურული გამოცემა უცხოს დასაწყისს ერთ-ერთ საუკეთესო დასაწყისად მიიჩნევს: “დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ-გუშინ”. ამ წინადადებიდანვე ხვდება გამოცდილი მკითხველი, რომ რაღაც განსაკუთრებულ ამბავთან აქვს საქმე.
მოკლედ, მეტად აღარ შეგაწყენთ თავს და დაგტოვებთ ზემოთ ჩამოთვლილ წიგნებთან მარტოებს.
უკრაინელმა ექიმმა ალენა ფედჩენკომ 4 თებერვალს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ახალშობილის ფოტოები და დაწერა, რომ სადღაც ინდოეთის ცაზე მშობიარობა მიიღო.
ღამის სამ საათზე, მაშინ, როცა ბორტზე თითქმის ყველას ეძინა, ალენა ფედჩენკომ გაიგონა, როგორ გამოაცხადეს თვითმფრინავში, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ექიმი. ალენა უკვე 27 წელია ოტოლარინგოლოგად [ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი] მუშაობს, მაგრამ მას ამჯერად ინდოეთის ცაზე, კატარის ავიახაზების ბოინგში მშობიარობის მიღება მოუხდა. ალენა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ბანგკოკში შვებულების გასატარებლად მიფრინავდა.
ალენას თქმით, როცა გამოაცხადეს ექიმის შესახებ, „ვიფიქრე, რომ ვიღაცას ალბათ წნევამ აუწიაო“. მაგრამ ეკიპაჟის სალონში შესულს იატაკზე მშობიარე ქალი დახვდა, მის გვერდით კი იდგა ბორტის გამცილებელი, რომელიც მშობიარეს ჟანგბადს აწვდიდა.
„მათ მკითხეს მქონდა თუ არა ექიმის ლიცენზია. სამწუხაროდ, საკუთარი ნომერი არ მახსოვდა, ამიტომ კიევში დავურეკე შვილს და გამოვაგზავნინე დოკუმენტები“, – უთხრა ალენამ ბიბისის. – წამებში გამახსენდა ყველაფერი, რაც ოდესღაც ვისწავლე და დავიწყე საქმის კეთება. ჩავიცვი ხელთათმანები და ქალი მოვამზადე მშობიარობისთვის. ბავშვი წუთი-წუთზე უნდა მოვლენოდა სამყაროს“.
ალინა ბიბისისთან სხვა დეტალებსაც იხსენებს: მშობიარობა სწრაფად დასრულდა, გართულებების გარეშე. ქალი საერთოდ არ ყვიროდა. მე მას ხშირად ვუმეორებდი, რომ საიმედო ხელშია, რომ მე ექიმი ვარ და ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, მე ვშფოთავდი, რა იქნებოდა გართულების შემთხვევაში, მაგრამ ამაზე ვდუმდი. 15-20 წუთში, გართულებების გარეშე დაიბადა ბიჭი. მე გადავჭერი ჭიპლარი და პატარა დედას დავუწვინე მკერდზე.
ექიმი ამბობს, რომ სტიუარდესები მის დავალებას ზედმიწევნით ასრულებდნენ, ბორტზე კი იყო ბევრი მედიკამენტი და ინსტრუმენტი.
„მგონი მგზავრებს არაფერი უგრძნიათ. ჩემმა ქმარმა და მეგობრებმა არ იცოდნენ მე რას ვაკეთებდი. ცოტა მოგვიანებით თვითმფრინავში გამოაცხადეს, რომ ეს-ესაა ბორტზე დაიბადა ბიჭი, რასაც მოჰყვა აპლოდისმენტები“, – მოუყვა ალენა ბიბისის.
ექიმის თქმით, კატარის ავიახაზების ბოინგის მეთაურმა გადაწყვიტა თვითმფრინავი დაესვა კალკუტაში. მშობიარე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც აიღო გეზი თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილისკენ – ტაილანდისკენ.
ახალშობილი და ალენა ფედჩენკო. ფოტო ალენა ფედჩენკოს ფეისბუკგვერდიდან
ამ ფაქტის შემდეგ ალენა ფედჩენკომ არაერთი გამოხმაურება მიიღო, რის შესახებაც ის საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს: „მე არ ვარ გმირი. მე ის გავაკეთე, რაც მასწავლეს… ექიმები ყოველ დღეს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში იღებენ მშობიარობას, მათ შორის მძიმე შემთხვევებს. მათ არ აჩვენებენ ახალ ამბებში, ზოგჯერ ლანძღავენ, უჩივიან. მოდით მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მედდებს, სანიტრებს მათი ყოველდღიური გმირობისთვის. მე შემთხვევით აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას და არ დავიბენი. ეს არ არის ჩემი დამსახურება. ეს მე მასწავლეს“.
____
როგორც წესი, ავიაკომპანიები ფეხმძიმე ქალებს მეცხრე თვეში არ აძლევენ თვითმფრინავით ფრენის უფლებას.
ბათუმის მერი, მომდევნო კვირის ბოლომდე [15 თებერვლამდე] გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
აღნიშნული ბრძანება მერმა, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ უნდა გამოსცეს. მერიის ინფორმაციით, ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადების მიღების პროცედურები, თუ რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მოქალაქეებმა.
უკვე ცნობილია ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის მონაწილე. ასევე ცნობილია იმ ბინების ფასები, რომლებიც ამჟამად უნდა განაწილდეს. ბინის საფასური მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
მშენებარე [წინა ხედი] და უკვე აშენებული „იაფი სახლები“ ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმში. აქ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ასეთი კორპუსი აშენდება / ფოტო: „ბათუმელები“ / 8.02.2020ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსებში, ყველა ბინა გარემონტებულია. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.
იმავე მისამართზე კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ხელშეკრულება 2 317 747 ლარზეა გაფორმებული. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.
შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან ორ დღეში მ.ბ. ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა. ღამის საათებში ბრალდებული ყოფილ ცოლს ტელეფონზე ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა. მ.ბ.-ს ამის უფლება შემაკავებელი ორდერის მიხედვით არ ჰქონდა.
განაჩენის მიხედვით, პოლიციელებმა მ.ბ.-ს წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი მაშინ გამოსცეს, როცა ის ცოლთან უკვე განქორწინებული იყო. ამ ორდერის მიხედვით, ბრალდებულს არ ჰქონდა ყოფილ ცოლთან ფიზიკურად მიახლოვების უფლება. მას ერთი თვით აკრძალული ჰქონდა სატელეფონო, ან სხვა სახის კომუნიკაციაც.
ორდერის გამოწერიდან ორ დღეში ქალმა ღამით პოლიციას მიმართა და უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმარი ურეკავს და sms-ებს წერს. პოლიციელებმა კაცი დააკავეს. ბრალდებულს გამოძიება მიედავა „ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის“ მუხლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ.ბ.-ს 230 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული ორი დღე წინასწარ პატიმრობაში იყო, მას სასჯელი 10 საათით შეუმცირეს.
მარიხუანას შენახვისთვის ქობულეთში მცხოვრები რ.ც. სისხლის სამართლის წესით – 1000 ლარით დააჯარიმეს. პირადი ჩხრეკის დროს მას 79,78 გრამი გამომშრალი მარიხუანა ამოუღეს.
განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ მიუჩნევია. ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად გასამართლა, რაც გულისხმობს „მცენარე კანაფის, ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას“.
გამოძიებას არ დაუდგენია, რა ვითარებაში შეიძინა მარიხუანა რ.ც.-მ.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს ასევე ჩამოართვა 5 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში მუშაობის, პასიური საარჩევო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის უფლებები. რ.ც.-ს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის წესით აღარ ისჯება. სისხლისსამართლებრივად არც მარიხუანას შენახვაა დასჯადი, თუ მისი რაოდენობა 70 გრამზე მეტი არ არის. ამ შემთხვევაში კი, ბრალდებულს – 79,78 გრამი მარიხუანა ამოუღეს.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ქურდობისთვის მოსამართლემ ბათუმში მცხოვრებ გ.ვ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაუთვალა გამოსაცდელი ვადით. ბრალდებულმა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ ანგარიშზე ორჯერ მოახერხა შესვლა.
განაჩენის მიხედვით, ორივე შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში მოხდა – დაზარალებულად ცნობილი ლ.კ. ერთ-ერთი კომპიუტერიდან ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ საკუთარ ანგარიშზე შევიდა.
„…დაათვალიერა მის მიერ სისტემურ ელექტრონული ფორმით განთავსებული ფსონი, რომლის სავარაუდო მოგება შეადგენდა 499 ლარს. შერჩეული მატჩების დასრულებამდე სისტემა მომხმარებელს სთავაზობდა მის მიერ უკვე გამოცნობილი პოზიციების შესაბამისი კოეფიციენტების პროპორციულად 245 ლარის გატანას [ე.წ. „ქეშაუტი“].“ – აღნიშნულია განაჩენში.
რამდენიმე წუთში ინტერნეტ კაფეში მყოფმა გ.ვ. დაზარალებულის „ბეთლაივის“ ანგარიშზე შევიდა, ისარგებლა „ქეშაუტის“ სისტემით და „Georgian Card“-ზე გადარიცხა სისტემის მიერ შეთავაზებული 245 ლარი, საიდანაც 240 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა.
რამდენიმე დღეში იგივე ინტერნეტ კაფეში გ.ვ. ისევ შევიდა ლ.კ.-ს კუთვნილ „ბეთლაივის“ ანგარიშზე. ამჯერად ბრალდებულმა 298 ლარის მითვისება შეძლო.
ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო. მას სადავოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმისთვის შეაგროვეს გამომძიებლებმა. მოსამართლეს მოწმეებისთვის აღარ მოუსმენია და არც ბრალდებულისთვის, რომელსაც არ განუმარტავს, როგორ მოახერხა სხვის ანგარიშზე შესვლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყო ამ თანხის ათვისება, „მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას“.
„2018 წელს მუნიციპალიტეტმა პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმა ისე, რომ ნათლად არ არის განსაზღვრული მიზნები, შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი გაზომვის/შეფასების ინდიკატორები. აღნიშნული გარემოება ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მათ მართვას, კონტროლსა და შეფასებას იმასთან დაკავშირებით, მიღწეულ იქნა თუ არა პროგრამის მიზნები და განხორციელდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა პროდუქტიულად და ეფექტიანად“ – აცხადებს აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შეისწავლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები, ჯამში 32 497 800 ლარი და აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
[toggle title=”აუდიტის მიგნებები სრულად ნახეთ აქ”]
[crosslist]
მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრების ეფექტიანად გამოყენება არ ხდება.
ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომელთა ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები.
მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია, რაც მიანიშნებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე. გარდა ამისა, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.
გარე განათების სისტემის საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი წარიმართა ისე, რომ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს. დაგეგმვის, შესრულების და კონტროლის პროცესში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია ის, რომ საბიუჯეტო თანხები გახარჯულია არაეფექტიანად.
ტექნიკური ზედამხედველები სათანადოდ არ ასრულებდნენ სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული ტექნიკური ზედამხედველის მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, როდესაც ისინი რაიმე სახის განსაკუთრებულ სამუშაოებს არ ასრულებდნენ, რისი შესრულებაც არ შეეძლო მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და ინსპექტირების ჯგუფს. ამდენად, მერიის მიერ ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების შესყიდვისთვის გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს. ქალაქში წყლის გადასახადის ადმინისტრირება ხდება სულადობის მიხედვით, ხოლო სოფლებში საერთოდ არ ხორციელდება. აღნიშნული აუარესებს წყალმომარაგებას და ზრდის მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას.
დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსნილი იყო „აგაი“ სისტემა. აღნიშნული წარმოშობს არაავტორიზირებულ ავტომანქანაში როგორც საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს. შესაბამისად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.
შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
[/crosslist][/toggle]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, სადაც საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, 2019 წლის დეკემბერში წარმოადგინა.
აღნიშნულ საკითხზე მაშინ ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა მერის, მირიან ქათამაძის კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ რადგან აუდიტის დოკუმენტი ჯერ ოფიციალურად არ იყო გამოქვეყნებული, საბოლოო შეფასებას ვერ გააკეთებდა:
თუმცა, 2020 წლის 7 თებერვალს, აუდიტის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ანგარიშში, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და ის ნაკლოვანებები და შენიშვნები მეორდება, რაც სამუშაო დოკუმენტში იყო ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ – აცხადებს შსს.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ეთერ (მეხფულე) გერძაძე ბათუმთან ახლოს, სალიბაურში ცხოვრობს. 71 წლის ქალი მარტოხელაა. ამბობს, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა მხოლოდ პენსიის იმედზეა დარჩენილი. სჭირდება საკვები და ჰიგიენის საშუალებები. სახლში ქურთუკით დაგვხვდა, ცეცხლს მხოლოდ საღამოობით ანთებს, შეშას ზოგავს. ყველაზე მეტად ხელებზე სცივა, ამიტომ ხელებს პატარა გაზის ბალონზე ითბობს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბალონში შევსებულია.
ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რადგან სასადილოები მხოლოდ ქალაქებშია. სალიბაურიდან ბათუმში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, დღეში ერთი ლარი სჭირდება. ამბობს, რომ დიდად სიარულიც აღარ შეუძლია, ამიტომ ურჩევნია პური იყიდოს და ჭამოს.
“ლობიო მომიტანეს, მაგრამ ვერ შევჭამე. პური ვიყიდე და იმის ჭამის თავიც არ მქონდა დღეს. მგონი წნევა მქონდა, მაგრამ წნევის აპარატი არ მაქვს, რომც მქონდეს, არავინ მყავს, რომ წნევა გამიზომოს,” – ამბობს ეთერ გერძაძე.
ეთერ გერძაძემ დამშვიდობებისას ეს გვითხრა, „ერთი 50 ლარით რომ დამეხმაროს ვინმეო“.
რედაქციისგან:
თუ ეთერ გერძაძის დახმარებას გადაწყვეტთ, უყვარს ხილი, განსაკუთრებით ვაშლი. ასევე ყველი, ხორცი, საქონლის კონსერვი და ბრინჯი. სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, განსაკუთრებით სველი სალფეთქი. მისი თქმით, დაბანას ვერ ახერხებს და სველი სალფეთქით იწმენდს ტანს.