მთავარი,სიახლეები

ბათუმის ახალი მეჩეთი და აჭარის თურქეთის რეგიონად წარმოჩენის მცდელობა [ვიდეო]

10.02.2020 • 4124
ბათუმის ახალი მეჩეთი და აჭარის თურქეთის რეგიონად წარმოჩენის მცდელობა [ვიდეო]

„რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის მუშაობდა აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ… დრომ მხოლოდ ფორმები შეცვალა. ახლა ინფორმაციებით ვიბრძვით. ჩვენ საქართველოში თავად გვაქვს ინფორმაციული ვაკუუმი ქართველი მუსლიმების შესახებ და ამ ვაკუუმის შევსებას რუსეთი იმის თქმით ცდილობს, რომ თითქოს თურქეთს აჭარის დაბრუნება სურს და თურმე, რა კარგი იყო სტალინი…“ – ეს მოსაზრება ბათუმელმა სტუდენტმა ლია დეკანაძემ გაგვიზიარა, როცა მას და ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე შეკრებილ მუსლიმებს ვკითხეთ: არის თუ არა რუსეთი ჩართული ისლამის და, მათ შორის, ბათუმში ახალი მეჩეთის საფრთხედ წარმოჩენის პროცესში?

რუსული მედია თუ პრორუსული პოლიტიკური პარტიები საქართველოში რუსული ოკუპაციის გვერდის ავლით ხშირად ცდილობენ თურქეთის მხრიდან საქართველოს და კონკრეტულად აჭარის ექსპანსიის მოლოდინი გააჩინონ. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო არხის მიერ მომზადებულ გადაცემას ასეთი სათაური აქვს: „აჭარა თურქეთის რეგიონად ყალიბდება“. 10-წუთიანი გადაცემის ძირითადი გზავნილია, რომ აჭარაში მეჩეთებს თურქული ფულით აშენებენ და თურქეთი თავის დამპყრობლურ გეგმაზე უარს არ ამბობს.

რუსული პროპაგანდა მუშაობს სხვა თემებზეც, მაგალითად, იმაზე, რომ თითქოს ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს. ამ ყალბ ინფორმაციას აქტიურად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტთა ალიანსი“ ავრცელებდა. მითები ვრცელდება ამ დრომდე „ყარსის ხელშეკრულების“ შესახებ.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, იმ ადგილას, სადაც მუსლიმ თემს უკვე წლებია მეჩეთის აშენების უფლებას სახელმწიფო არ აძლევს, მუსლიმებს რუსეთზე და რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც მათ და მეჩეთის აგების წინააღმდეგაც მუშაობს, საუბარი უჭირთ. ზოგიერთი ბათუმელი მუსლიმი რუსეთის ხელს ამ ამბავში გამორიცხავს, ზოგიერთიც პირიქით – რუსული პროპაგანდის პათოსს იზიარებს და ამბობს, რომ „თურქეთია საქართველოსთვის საფრთხე და არა რუსეთი“.

„რუსულ პროპაგანდას გავლენა აქვს თავად მუსლიმ თემზეც,“ – მიიჩნევს მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი ზაზა მიქელაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „სამოქალაქო დარბაზი“

ბათუმში მცხოვრები მუსლიმი: „რუსეთის ინტერესია, რომ აქ იყოს ანტითურქული განწყობა“

„მე უფრო ის მაწუხებს, როცა მიყურებენ, როგორც უცხოს,“ – გვითხრა ახალ მეჩეთში ერთ-ერთმა მუსლიმმა. აჭარელ მუსლიმებს ახსოვთ კონკრეტული სატელევიზიო სიუჟეტები ან, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები იმის შესახებ, რომ მაგალითად, „ყარსის ხელშეკრულებას“ თითქოს ვადა გასდის და „თურქეთი აჭარას დაიბრუნებს“, მაგრამ არ უფიქრიათ იმ კუთხით, რომ ამის უკან შესაძლოა რუსეთი დგას.

„დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია,“ – გვიყვება მოქალაქე დავით ბოლქვაძე. – „ზოგჯერ უთქვამთ, წადით, თქვენ უცხო ქვეყანაში უნდა იცხოვროთ, წადით თქვენს თურქეთში, თუ მუსლიმობა გინდათო. არის სხვა დამოკიდებულებაც, რომ ერთმანეთის ძმები ვართ… რას გაიგებ, ზოგი ფანატიკოსია. არ ვიცი, რუსეთი იყენებს თუ არა ამ თემას, არ მიფიქრია.“

„რუსეთი საერთოდ მსოფლიოს იპყრობს, მსოფლიო ბატონობა უნდა… არ უნდა ეხებოდნენ რელიგიას. მე თუ აქ მოვედი და ვილოცე, ვის რაში ეშლება ხელი?“ – კითხულობს თამაზ ვანაძე.

დისკუსიაში მეჩეთში მყოფი სერგო დუმბაძე ჩაერთო: „არა მგონია, რომ რუსეთი იყოს ჩარეული. რუსეთი, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი პატრონია. თურქეთს, არაა გამორიცხული, რომ ისევ უნდოდეს აჭარის დაბრუნება. მსოფლიოს ყველა კუთხეშია სალოცავი, ეკლესიაც და მეჩეთიც. რა შუაშია აქ რუსეთი და თურქეთი?“

„მუსლიმი თემი მუდმივად საკუთარი იდენტობისთვის იბრძვის… ჩვენ მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ქართველები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ, როცა უნდა ამტკიცო, რომ ჩამორჩენილი არ ხარ და არც ოსმალური მემკვიდრეობის ნაშთი“, – გვითხრა ლია დეკანაძემ.

ლია დეკანაძე დარწმუნებულია, რომ დომინანტური ჯგუფების მიერ მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს. ლია ყურადღებას ამახვილებს აჭარაში ისლამის ხელოვნურად წაშლის კვალსა და ინფორმაციულ ვაკუუმზე, რომელიც მუსლიმი თემის მიმართ არსებობს.

7 თებერვალი. ლია დეკანაძე ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.

„რუსეთის ინტერესი მუდმივად იყო ისლამოფობიის და თურქოფობიის გაძლიერება. ადრე ეს გამოიხატა მუჰაჯირობაში, ახლა რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები პატრიოტული გამოსვლებით. მათ საუბრის ვექტორი გადააქვთ იმაზე, რომ აი, რუსეთი რა კარგი იყო, შემოგვიერთა მიწები, ხოლო თურქეთი, რომელიც დღეს ნატოს წევრია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ოკუპანტია. რუსეთი ხშირად ცდილობს ასევე იმას, რომ რელიგიურ ერთობას გაუსვას ხაზი, რომ ქართველი ავტომატურად ნიშნავს ქრისტიანს და რუსებიც ქრისტიანები არიან. სამწუხაროა, რომ რუსეთი ამ ყალბ მეთოდებს და სიცრუეს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ და ეს ჯერ კიდევ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში…“ – მიიჩნევს ლია დეკანაძე.

პანკისში მცხოვრები მუსლიმი: „პანკისშიც მუშაობს რუსეთი, რომ თითქოს ტერორისტები ვართ“ 

ის, რომ საქართველოს ბევრი საფრთხე აქვს და რუსეთის დახმარება გვჭირდება – ამ მოსაზრების პოპულარიზაციას საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც ხედავენ. მაგალითად, პანკისში მცხოვრები რამზან გორგიშვილი, რომელიც 7 იანვარს ბათუმის ახალ მეჩეთში დისკუსიას დაესწრო, გვიყვება, რომ რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი ერთ სიტყვაში ერთიანდება – „საფრთხე“.

„რუსული პროპაგანდა ცდილობს, პანკისი წარმოაჩინოს, როგორც საფრთხე… სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაც ხშირად ამ სტერეოტიპს აღრმავებს. ეს პროცესი დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული, როცა პანკისში გადმოვიდნენ ლტოლვილები. ჩვენ პერიოდულად გვესმის რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ პანკისში თითქოს არის იარაღის ქარხნები, რომ ჩვენთან არის ტერორისტული ბაზები და მზადდებიან ტერორისტები“, – ამბობს რამზან გორგიშვილი.

7 თებერვალი. რამზან გორგიშვილი ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.

„რუსეთი არის საქართველოს მტერი და ის ყოველთვის უსამართლობას აკეთებს… ავის მოსურნეა და ის შეეცდება იმ უსამართლობის გამოყენებას, რაც საქართველოში მუსლიმების მიმართ არსებობს. ამიტომაც, მე არ მაინტერესებს რას აკეთებს რუსეთი. მე მაინტერესებს, რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო,“ – გვითხრა მცხეთაში მცხოვრებმა აქტივისტმა, ქამრან მამედოვმა. ის „უნიკალურს“ უწოდებს აჭარელი მუსლიმების შემთხვევას, როცა ეთნიკური ქართველობის მიუხედავად, ისინი მაინც გრძნობენ გარიყულობას.

7 თებერვალი. ქამრან მამედოვი ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.

„ჩემთან და ქვემო ქართლში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ორმაგი გამოწვევა გვაქვს. აჭარაში კი ეს შემთხვევა უნიკალურია – ეთნიკურად ქართველები არიან და მაინც გარიყულად გრძნობენ თავს, მათი ადგილი მაინც არ იძებნება,“ – გვითხრა ქამრან მამედოვმა.

რამზან გორგიშვილი: „ზოგადად, ისლამი განიხილება, როგორც მტრის რელიგია და სკოლებშიც ახალგაზრდები სწავლობენ ისლამს, როგორც მტრის რელიგიას… ჩვენ გვიწევს მუდმივად მტკიცების რეჟიმში ყოფნა, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას…“

ზაზა მიქელაძე: „აჭარა ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესის სფერო“

ზაზა მიქელაძე, „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდაში ქართველ მუსლიმებზე, ან ისლამზე აქცენტირებაში ახალი არაფერია და „აჭარა ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესის სფერო“.

„იცვლება მხოლოდ თემები. უკვე აღარ მუშაობს „ყარსის ხელშეკრულების“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, ან ცრუ ინფორმაცია იმაზე, რომ ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს, ამაზე საკმაოდ ბევრი დაიწერა და ითქვა. ახლა რუსეთი ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ თურქეთს ოსმალური იმპერიის აღდგენა სურს და ისლამი მის ხელში იარაღია. ახალი მეჩეთის გარშემო რაც ხდება, ესეც ამ თემას უკავშირდება. ყოველთვის ჩანს, რომ ისლამოფობიური განცხადებების უკან რუსეთი დგას,“ – მიიჩნევს ზაზა მიქელაძე.

ზაზა მიქელაძე

„იმპერიალისტური ცნობიერების“ გავლენებზე საუბრობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ დიდი საინფორმაციო ნაკადის პირობებში, რუსეთი ახერხებს თურქეთის იმპერიალისტურ ზრახვებში დაარწმუნოს საზოგადოების ნაწილი.

„აჭარა ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე ორ იმპერიას შორის მოსაზღვრე ტერიტორია იყო და ის ყოველთვის იყო ამ იმპერიების ინტერესების გადაკვეთის საგანი. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური კლასებიც, ასევე ეკლესია, ამ იმპერიალისტური წარმოდგენებისგან გათავისუფლებული ისევ არ არის. როგორც არის დღეს დანახული ქართველი მუსლიმი დომინანტურ მზერაში, აქ იმპერიალისტური ცნობიერების გავლენა ისევ ძალიან მაღალია. ამ თემას პერიოდულად ააქტიურებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ, რომ თურქეთის ინტერესები აჭარაში არის ისევ ძლიერი და საფრთხეები არსებობს,“ – გვიყვება თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ რაციონალურად უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება. ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და თურქეთი, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, „თუმცა უნდა გვესმოდეს ისიც, რომ თურქეთში ავტორიტარული მმართველობაა… ამ რეალობაში ქართველი მუსლიმების თურქეთთან დაკავშირება, პრობლემაა. ქართველ მუსლიმებს აქვთ მაღალი ინტერესი და მცდელობა ქართულ ნაციონალიზმში ჩაწერის და ყველა საუბარი სრულდება იმაზე ლაპარაკით, რომ ისინი ქართველები არიან,“ – დასძენს თამთა მიქელაძე.

7 თებერვალი. თამთა მიქელაძე ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.

„თუ ვინმე მაჩვენებს, მეც გამაცნონ, როცა რომელიმე ქართველი მუსლიმი ატარებს თურქეთის ინტერესებს და აგენტია. ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა,“ – ამბობს „სამოქალაქო დარბაზის თანადამფუძნებელი, ზაზა მიქელაძე. მისი აზრით, უსაფუძვლოა და შეთქმულების თეორიაა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს შესაძლოა მართლაც ჰქონდეს აჭარაში გავლენების დაბრუნების სურვილი და ამის საშუალებად ისლამს იყენებდეს.

„ცარიზმის რუსეთიდან დღემდე  რუსეთი ყოველთვის ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ მუსლიმი ქართველი არის თურქეთის ინტერესების გამტარებელი, თუმცა დღემდე არ არსებობს ამის დამადასტურებელი ერთი პრეცედენტი. დღეს უკვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთი საქართველოს პარტნიორია და რუსული რბილი ძალა კიდევ უფრო მეტად ცდილობს საფრთხის განცდა შექმნას.

აჭარაში თუ მეჩეთი შენდება, ეს სჭირდება მრევლს და არაფერ შუაშია აქ თურქეთის ინტერესები,“ – მიიჩნევს ზაზა მიქელაძე.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/609667613097564/

ზაზა მიქელაძეს გავუზიარეთ ბათუმელი მუსლიმების დამოკიდებულებაც, როცა მათი უმეტესობა რუსეთს ამ პროცესში ვერ ხედავს, ან პირიქით – თურქეთს მართლაც განიხილავს საფრთხედ.

„რუსულ რბილ ძალას აქვს გავლენა მუსლიმ თემზეც… ეს დაკავშირებულია თვითგამართლების კომპლექსთან, რომელიც მუდმივად უხდება ქართველ მუსლიმს. ეს ერთგვარი დემონსტრირებაა, გაჩვენონ, რომ არ არიან კეთილგანწყობილი თურქეთის მიმართ. არსებობს თაობათა შორის სხვაობები. მუსლიმებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც მართლაც ფიქრობს, რომ თურქეთი საფრთხეა და რუსეთი დაგვეხმარება ისევე, როგორც საზოგადოების სხვა ნაწილშიც მოისმენთ მსგავს პოზიციებს,“ – განმარტავს ზაზა მიქელაძე.

რა შეუძლია რუსულ „რბილ ძალას“? 

„რეალურად საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს აგრესია ახალი მეჩეთის აშენებაზე. ეს ხელისუფლების ტროლების მიერ გამოგონილი თემაა,“ – ასე უყურებს მიმდინარე პროცესს ტარიელ ნაკაიძე, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი. მისი აზრით, შესაძლოა, რუსული პროპაგანდა კონკრეტულ თემას სათავისოდ იყენებს, მაგრამ ეს რეალობაზე ვერ აისახება.

„ამ თემებს იყენებენ კონკრეტული პრორუსული პოლიტიკური ძალები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, რომ ამომრჩეველი შეინარჩუნონ… სინამდვილეში ეს თემა ხალხს არ აღელვებს. ხელისუფლების ტროლები ცდილობენ შექმნან ეს განწყობები. ხელისუფლება ამას აკეთებს იმიტომ, რომ საპატრიარქოს გავლენის ქვეშაა,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ.

7 თებერვალი. ტარიელ ნაკაიძე ბათუმის „ახალ მეჩეთში“. მუსლიმები ცდილობენ სახელმწიფოსგან ნებართვა მიიღონ სწორედ ამ ადგილას ააშენონ მეჩეთი.

ისლამოფობიით პოლიტიკური ელიტების დაინტერესების ზრდის ტენდენციას ამჩნევს თამთა მიქელაძე, EMC-ის ხელმძღვანელი.

„ჩვენ ისევ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, რაც ხშირად იწვევს კულტურულ კონფლიქტებს. ამ ველში ხშირად ჩნდებიან „კულტურული მტრები“: ჩინელები, თურქები, მუსლიმები, მიგრანტები, რომლებზეც პოპულისტი პოლიტიკური ელიტები ამ ბრაზს გადაართვევინებენ. მეორეა, რომ ჩვენს პოლიტიკურ კლასს არ აქვს ინკლუზიური პოლიტიკური იდეა და პროექტი, რომელიც მოქალაქეებს რელიგიური თუ ეთნიკური სხვაობის მიუხედავად თანასწორ შესაძლებლობებს მისცემს. ეს მოცემულობა ნოყიერი ნიადაგია რუსული პროპაგანდისთვის,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე.

„სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებლის, ზაზა მიქელაძის დაკვირვებით კი, რუსეთის მიზანია არსებული პროპაგანდის გზით მუდმივად არასტაბილურობის განცდა არსებობდეს ქვეყანაში.

„სადაც უფრო მეტი შანსია, საკუთარი ინტერესების გატარებისთვის და სადაც უსაფრთხოების მზერით უყურებენ თანამოქალაქეებს…“ – დასძინა მან.

ლოცვა ახალი მეჩეთისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: