მთავარი,სიახლეები

მერია: გორგილაძის #94-ში სახლის მდგრადობას სამხარაულის ბიურო შეისწავლის

11.02.2020 • 3765
მერია: გორგილაძის #94-ში სახლის მდგრადობას სამხარაულის ბიურო შეისწავლის

გორგილაძის #94-ში, ახალაშენებულ მრავალბინიან სახლში, დღეს სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ დახმარება ადგილზე გაჩენილი ბზარების გამო ითხოვა. „ჩვენი კომპეტენცია არ იყო და საკითხი შესასწავლად მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადავაბარეთ“, – განმარტეს სამაშველო სამსახურში.

გორგილაძის #94-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. სახლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ის მერიას ექსპლუატაციაში მიღებული აქვს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მერია აპირებს ამ სახლის მდგრადობის შესწავლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთოს. შემდეგ კი მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

უსაფრთხოა თუ არა სახლი ამ კორპუსში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვიდრე მისი მდგრადობის შესახებ დასკვნას სპეციალისტები მოამზადებენ? – ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, მერიის პასუხი არ გვაქვს.

შპს „დარ ბილდინგის“ იურისტის ირაკლი სურმანიძის თქმით, თავადაც ამ სახლში ცხოვრობს და შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ სახლი საცხოვრებლად უსაფრთხოა. მისივე ინფორმაციით, გამოძახება უკავშირდებოდა იმას, რომ სახლის კომერციულ ფართობში ამოცვივდა ე.წ. გრანიტი, რამაც სპეციფიკური ხმაური გამოიწვია:

„იმის გამო ამოცვივდა, რომ არასწორადაა დაგებული, მათ შორის დაშორება არის და გრანიტს სცოდნია ასე. მე თვითონ ვიყავი ჩასული სარდაფში და ბზარის კვალი არსებობს, ასევე მოსული იყო კონსტრუქტორიც. არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ, რატომ გადაწყვიტა მერიამ სამხარაულს დაუკვეთოს დასკვნის მომზადება, ეს მათი გადაწყვეტილებაა. აქ ორი კორპუსია ა და ბ ბლოკი. შეიძლება მათ შორის რაიმე ბზარიც არსებობდეს, რაც გამოწვეულია სიცივით [ ეს ბზარიც არ არის], თუმცა  დარწმუნებული ვარ, რომ სახლი უსაფრთხოა“, – განაცხადა კომპანიის იურისტმა ირაკლი სურმანიძემ.

ამ სახლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები აქ მცხოვრებლებს ადრეც ჰქონდათ. 2017 წელს სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს.

ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: