განათლება,მთავარი,სიახლეები

რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები

11.02.2020
რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით – „წინსვლა“ საჯარო სკოლებში ხუთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ჩათვლით, რამდენიმე ეტაპად  განხორციელდება.

განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე, თუმცა წერილობით განმარტებებში აღნიშნულია, რომ „პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები“.

USAID-ისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული, მდგრადი და ინკლუზიური განათლების რეფორმის განხორციელებას დაწყებით განათლებაში.

ორგანიზაცია გვწერს, რომ პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას, ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, „რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარები“.

ახალი პროგრამის ფარგლებში პედაგოგებს, მენტორებსა და სკოლის ადმინისტრაციას ჩაუტარდებათ ტრენინგები.

„შეიქმნება პედაგოგების გადასამზადებელი მასალები, მოხდება მასწავლებლების საკლასო დაკვირვება, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალების მხარდაჭერა. მოსწავლეებისთვის კი, შეიქმნება სასწავლო რესურსები,“ – მოგვწერეს USAID-დან.

პროექტით გათვალისწინებულია მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში. USAID-ის ინფორმაციით, შეიქმნება კითხვის და მათემატიკის კლუბები, „რომლებიც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სწავლის პროცესს“.

ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კი, პროექტი ითვალისწინებს „საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდების“ დანერგვას. ეთნიკური უმცირესობებისთვის I-II კლასებში პრიორიტეტული იქნება მშობლიურ ენაზე კითხვის უნარების განვითარება, III-VI კლასებში კი – ქართულს ისწავლიან, როგორც მეორე ენას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა შექმნის ისეთ სასწავლო რესურსებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოსწავლისთვის“.

როგორც „ბათუმელებს“ მოგვწერეს, პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის კუთხით გადამზადდება დაწყებითი სკოლებისა და სპეციალური განათლების ყველა მასწავლებელი.

USAID-ის ინფორმაციით, ზოგადი განათლების პროგრამა ამ ორგანიზაციის, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება.

USAID-ის პროგრამასთან ითანამშრომლებს რვა უნივერსიტეტი, მათ შორის რეგიონებიდან და პედაგოგებს უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგებით. „USAID-ის პრიორიტეტია ამ ორგანიზაციების გაძლიერება ისე, რომ მომავალში თავად შეძლონ პედაგოგების გადამზადება“.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს ყველა საჯარო სკოლას ექნება შესაძლებლობა, განივითაროს წიგნიერების, მათემატიკური, ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: