ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში, თევზის ბაზართან კარბამიდის საწყობის მშენებელ კომპანიას გზშ მოსთხოვეს

12.02.2020 • 2874
ბათუმში, თევზის ბაზართან კარბამიდის საწყობის მშენებელ კომპანიას გზშ მოსთხოვეს

კომპანია „კარგო პარსელს“, რომელიც ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობას გეგმავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა.

„ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნულია სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.

კომპანიის განცხადებით, ის კარბამიდის შემოტანას აზერბაიჯანიდან გეგმავს; ბათუმში დასაწყობების ვადა კი, არ გადააჭარბებს ერთ თვეს.

ვინაიდან დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებს გზშ-ს მომზადებას, სამინისტრომ, კომპანიის მიერ წარდგენილ სკოპინგის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ შეწყვიტა და კომპანიას მოსთხოვა სკოპინგის პროცედურა გაიაროს.

სკრინინგით დგინდება, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას, საჭიროა თუ არა გზშ-ის ჩატარება; ხოლო სკოპინგი განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა, სამინისტროს ჰქონდა შენიშვნები და „კარგო პარსელს“ გარკვეული დეტალების დაზუსტება მოითხოვა.

კომპანიამ დააზუსტა დეტალები, თუმცა, სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ „კარგო პარსელის“ მიერ სამინისტროში ხელახლა წარდგენილი „სკრინინგის განცხადების ელექტრონული და მატერიალური ვერსიები არ შეესაბამება ერთმანეთს“.

შპს „კარგო პარსელის“ პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, რომ ბათუმის ღია სასაწყობო მეურნეობაში წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, ასევე დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა.

ნახეთ დეტალურად:

როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: