მთავარი,სიახლეები

ხათუნა სამნიძე: ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს ფაქტობრივად მიღება ჩაუშალა 

11.02.2020 • 3426
ხათუნა სამნიძე: ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს ფაქტობრივად მიღება ჩაუშალა 

ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქში ხიდების აფეთქებას ახსენებს გიგი უგულავას ციხეში შებრუნება ბათუმელ ხათუნა სამნიძეს. „რესპუბლიკელების“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის მსგავსი ლიდერების პოლიტიკური ნაბიჯები კრიტიკულ სიტუაციებში იდენტურია. „ივანიშვილი ახლა კედელთანაა,“ – წერდა დღეს ფეისბუქში ხათუნა სამნიძე.

გაგრძელდება თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება [რამდენიმეს წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს] და რა შეიძლება მოიგოს ამით ხელისუფლებამ? – „ბათუმელებმა“ ხათუნა სამნიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ხათუნა, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ ფეისბუქპოსტში წერთ, რომ „არავინ მისცემს ივანიშვილს ქვეყნის დაზიანების უფლებას…“ რა მოლოდინი გაქვთ? 

ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი განცხადება იყო, რომ მათ აინტერესებთ და აღელვებთ ძირითადად სამი საკითხი: სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო რეფორმა და პოლიტიკური რეპრესიები ლიდერების მიმართ. ჩვენი პარტნიორები თვლიან გადამწყვეტად ამ სამ ფაქტორს იმისთვის, რომ პარტნიორობა გაგრძელდეს. ისინი კარგად ხედავენ, რომ ეს საკითხები პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გუშინ, 10 თებერვალს, გიგი უგულავას დაკავებით პირდაპირ უთხრა დასავლეთს, რომ შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამის უფლებას არავინ არ მისცემს, ამას მოჰყვება კონკრეტული ქმედებები.

  • რა შეიძლება ამას მოჰყვეს განცხადებების გარდა? 

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი იყო ივანიშვილთან სტუმრად და ზუსტად იმ დროს, როცა ელჩი ეცნობოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ივანიშვილმა დააპატიმრა გიგი უგულავა. ფაქტობრივად, მან ჩაუშალა ელჩს ეს მიღება. ივანიშვილმა ამ ნაბიჯით პირდაპირ უთხრა ამერიკას და დასავლელ პარტნიორებს, რომ მას ადარდებს მხოლოდ პირადი უსაფრთხოება და ძალაუფლების შენარჩუნება, აინტერესებს რუსეთის კეთილგანწყობა. ამიტომაც, საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის მისი გადაწყვეტილებები. ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება დასავლეთის მხრიდან, სანქციები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ივანიშვილის ძალაუფლებასაც დაუკავშირდება.

  • ხომ არ ჩანს, რომ ხელისუფლებას დასავლეთის რეაქცია არ აინტერესებს? 

ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პირადი უსაფრთხოება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ის თავს იცავს ამ მეთოდებით. საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც არ დაუტოვებენ ქვეყანას ასე ერთ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით.

  • საზოგადოებისგან რა რეაქციას ელით? 

ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ახსნა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება: როცა რვა წლის შემდეგ დაუბრუნდნენ საქმეს [მოიხადა პატიმრობა] და ისევ ციხეში უშვებ. აქამდე ვინც მკაცრი შეფასებებისგან თავს იკავებდა, მათაც თქვეს დღეს, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. ამ თემას ახსნა არ სჭირდება და არავის სჯერა იმის, რომ დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება. ივანიშვილს ეშინია ახლა ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მუშაობის.

  • უშვებთ, რომ ლიდერების დაკავებით შესაძლოა მან ოპოზიციის განეიტრალება შეძლოს? 

ივანიშვილის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ლიდერი დააკავოს. მისი მიზანია, ლიდერების დევნით დაძაბოს მუხტი წინასაარჩევნოდ, რადგან მშვიდ და სამართლიან არჩევნებში მას მოგების შესაძლებლობა არ აქვს. მეორე მიზანია, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, რომ აი, აქტიურ ადამიანებს აკავებენ და რა აზრი აქვს ბრძოლას, არაფერი იცვლება. ივანიშვილს ასევე სურს, რომ ჩვენ, ოპოზიცია, გადავიდეთ სამართლებრივი რელსებიდან, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრ შეხვედრას ხალხთან, მათ შორის, რეგიონებში, რომ ვუთხრათ ადამიანებს, რა არის ივანიშვილის მიზანი, რომ ვერ გაგვაჩუმებენ…

ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რასაც ახლა ივანიშვილი გადის. ყველაზე კრიტიკულ მომენტში აბაშიძემ ააფეთქა ხიდები, ივანიშვილი ხიდებს წვავს დასავლელ პარტნიორებთან. ის ზურგით დგება საზოგადოებასთან და ფიქრობს, რომ მას შეაშინებს ან გააჩუმებს. ეს არ არის ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერისგან პირველი შემთხვევა, როცა ასე იქცევა და გვინახავს და ვიცით, როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი. ივანიშვილი აგონიაშია.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა. რას უნდა ველოდოთ ამ პროცესში რუსეთისგან? 

იგივე საინფორმაციო ომი, რომელიც ახლაც აქტიურად მუშაობს, ეკონომიკური ინტერესები, დახურული ხელშეკრულებები, როგორც, მაგალითად, „გაზპრომის“ ხელშეკრულება ამ დრომდე არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი აძლევს ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიებს…

გამოსავალი, ვფიქრობ, ამ ყველაფრიდან არის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება. ჩვენი ამომრჩეველი აჩვენებს მზადყოფნას, რომ მან საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს ბიულეტენზე, თუმცა „გავრილოვის ღამემ“ და შემდეგმა პროცესებმა აჩვენეს, რომ საზოგადოება საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. ნებისმიერი გამოკითხვიდან ჩანს, რომ „ოცნების“ მიმართ ნდობა დღითიდღე იკლებს და ივანიშვილმაც კარგად იცის ეს. ის ხედავს, რომ არათუ პროპორციული საარჩევნო სისტემით, არამედ არსებული უსამართლო სისტემითაც ის ვერ რჩება ხელისუფლებაში, თუ არ გამოიწვია დაპირისპირება და ნიჰილიზმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: