დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის დინამო მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩის დაწყებამდე გაფორმდა.
ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ბათუმში, ანგისის ბაზაზე, ამ წუთებში [20:37] მიმდინარეობს.
ბათუმის დინამოს „ლამინი ჯგუფისთვის“ გადაცემაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას“.
_ _ _
ბათუმის საკრებულომ „დინამო ბათუმი“ აჭარის მთავრობას მიმდინარე წელს გადასცა. გადაწყვეტილება 2019 წლის 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
შპს „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილი იყო, რომ მთავრობა კლუბის პირდაპირი წესით 49-წლიანი მართვის უფლებით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებდა.
მოგვიანებით აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვდა შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა და საკრებულომაც მიიღო გადაწყვეტილება წილებისა და ქონების ამ კომპანიაზე გადაცემის შესახებ.
დოკუმენტების მიხედვით, შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა, შპს Lamini-G-ს მესაკუთრე კი – ქეთინო ბერიძე, ხოლო დირექტორი – არჩილ ბერიძე.
მთავარი ფოტო: მემორანდუმის გაფორმების ცერემონია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
ამ თემაზე: