მთავარი,სიახლეები

როგორ ზრუნავს სისტემა გერმანიაში ადამიანზე – წარმატებული მოდელი მსოფლიოში

11.02.2020 • 4327
როგორ ზრუნავს სისტემა გერმანიაში ადამიანზე – წარმატებული მოდელი მსოფლიოში

სოფიო ტატურაშვილი გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტში სოციალური საქმის სპეციალობაზე სწავლობს [Soziale Arbeit] ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე. სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით გეგმავს, რაც ძირითადად ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობას გულისხმობს, რომლებსაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად სხვა ადამიანის დახმარება ესაჭიროებათ. დასაწყისისთვის ქალთა პრობლემებზე მუშაობა სურს, შემდეგ კი მრავალმხრივი გამოცდილების შესაძენად მოქმედების არეალის გაფართოებას გეგმავს. 

სოფიო ტატურაშვილი „ბათუმელებს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გამოცემამ 9 თებერვალს გაავრცელა მასალა ბაღდათში მცხოვრები ცხრაშვილიანი ოჯახის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 1100-ლარიანი სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს, ბავშვები კი მძიმე სოციალური პირობებისა და სკოლაში ბულინგის ფაქტების შემდეგ სკოლაში აღარ დადიან. 

სოციალური საქმის მომავალი სპეციალისტი გერმანიაში მოქმედ სოციალურ სისტემასა და მისი მუშაობის მექანიზმებზე საუბრობს, მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნების სისტემებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითადაა მიჩნეული.  

სოციალურად დაუცველი ოჯახები გერმანიაში

ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკით გერმანია სოციალური [Sozialstaat] ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ დაცულია ყოველი მოქალაქის ღირსება და უფლებები, ეს დაცულობა კი  მუდმივი ყურადღების ქვეშაა. სოციალური სისტემა, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პირველადი სასიცოცხლო საჭიროებების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას: საკვებით, სამოსითა და ადამიანური საცხოვრებლით. დაბალი შემოსავლის მქონედ გერმანიაში მიიჩნევა ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავლის სტაბილური წყარო, ან ადამიანები, რომელთა ფსიქოლოგიური მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სახელმწიფო უზრუნველყოფს ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს. 

გერმანიაში მრავალშვილიანად მიიჩნევა სამ და მეტშვილიანი ოჯახი. გერმანიაში დაბადებული ყოველი ბავშვი 18 წლის ჩათვლით იღებს დახმარებას 202 ევროს ოდენობით ყოველთვიურად. თუ ოჯახში არ მუშაობს რომელიმე მშობელი, ან აქვს მწირი შემოსავალი, ოჯახი უზრუნველყოფილია ბინის საფასურით სოციალური ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა, მაგალითად, „Jobcenter” და „Agentur für Arbeit”.

სადაზღვევო სისტემა

გერმანიაში მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს სახელმწიფო ან კერძო დაზღვევა, რისი საშუალებითაც ნებისმიერი კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, გინეკოლოგთან თუ პედიატრთან უფასოა. ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის ყოველთვიური გადასახადიც ხელმისაწვდომი თანხაა გერმანიის ნებისმიერი მოქალაქისთვის. 

როდესაც ოჯახი იქმნება, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საერთო ოჯახურ დაზღვევაში [Familienversicherung] ჩართვაა, ამ ტიპის სადაზღვევო გადასახადი დაბალია. 

გერმანიაში ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპი სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს, მაღალ, საშუალო თუ მცირეშემოსავლიანს სამედიცინო სერვისებით სარგებლობის თანაბარი პირობა ექმნება. გერმანიაში მცხოვრები ყველა ადამიანი ვალდებულია ჰქონდეს დაზღვევა.

სოფიო ტატურაშვილი, სოციალური საქმის [Soziale Arbeit] სპეციალისტი

ბავშვთა უფლებები და სოციალური სამსახური

სკოლაში სიარული გერმანიაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა. თუ ბავშვი ხშირად აცდენს სკოლას რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო, თუ ეს ჯანმრთელობის პრობლემას არ ეხება,  სკოლა ვალდებულია აცნობოს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დამცველ სოციალურ სამსახურს [Jugendamt].

ეს ორგანიზაცია ადგილზე შეისწავლის შიდაოჯახურ პრობლემებს. არკვევს რა მიზეზით არ დადიან ბავშვები სკოლაში. სოციალური სამსახური პარალელურად მუშაობს მშობლებთან.  

განსხვავებით საქართველოსგან, საკვების, სამოსის და უსახლკარობის გამო არ აცდენენ გერმანიაში ბავშვები სკოლას. პრობლემა ხშირად ბავშვების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაშია, როცა, მაგალითად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა ჰიგიენას, საკვების მომზადებას, აგრესიას იჩენენ შვილების მიმართ ან არ უწილადებენ საკმარისად სიყვარულს. ბავშვთა უფლებები [Kindeswohl] გერმანულ საზოგადოებაში მკაცრადაა დაცული და ეს მუდმივად განვითარებადი პროცესია. 

არანაირი აგრესია ბავშვის მიმართ გამართლებული არ არის. თუკი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მშობლების მხრიდან არ არის გათვალისწინებული და ირღვევა თუნდაც ერთი აუცილებელი პირობა, ოჯახთან ინტენსიურ მუშაობას იწყებს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დამცველი სოციალური სამსახური [Jugendamt].

თავიდან მშობლებთან ინტენსიურ საუბრებს იწყებენ სოციალური ფსიქოლოგები, რომ მშობლებს იმ უნარის განვითარებაში დაეხმარონ, რომლის არარსებობაც ბავშვის განვითარებას უშლის ხელს ან ლახავს მის უფლებებს და ღირსებას. საჭირო უნარების განვითარებაში მშობლებს პროფესიონალთა ჯგუფი ეხმარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ იძენენ საჭირო უნარებს და სკოლას ბავშვი ისევ ხშირად აცდენს, „Jugendamt”-ი იძულებული ხდება, ბავშვი გადასცეს ე.წ. „მზრუნველ ოჯახს“. [Pflegefamilie].

ბულინგი სკოლაში

გერმანიაში ყველა სკოლა ვალდებულია ჰყავდეს სკოლის ფსიქოლოგი, რომელიც ძირითადად ბულინგის საკითხებშია ჩართული. ბულინგის შემთხვევაში სკოლის ფსიქოლოგს მასწავლებელი უკავშირდება, რადგან მიიჩნევა, რომ ეს არის პრობლემა, რასაც მხოლოდ მასწავლებელი ვერ გაუმკლავდება. ბულინგის კონკრეტული შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციაში ჩართულები არიან სკოლის ფსიქოლოგი, კლასის მასწავლებელი, დაბულინგებული და ბულერი ბავშვები. სამწუხაროდ, გერმანულ სკოლებში ბულინგი საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც.  

სოციალური სამსახურის  მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ჯგუფები გერმანიაში

გერმანული სოციალური სისტემა [Sozialstaat] სოცმუშაკებზე, სოცფსიქოლოგებსა და სოცმასწავლებლებზე დგას. პროფესიონალთა ჯგუფები ქვეყანაში ეხმარებიან არა მხოლოდ მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახებს, არამედ ზოგადად მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა დედებს, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს, ქალებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიით. 

ასეთი ქალები სპეციალურ სახლებში [Frauenhaus] ცხოვრობენ, სადაც ისინი სხვადასხვა მიმართულების სოციალური თანამშრომლების მეთვალყურეობისა და მზრუნველობის პირობებში არიან. 

სოცმუშაკები ეხმარებიან ასევე ოჯახებს, რომელთაც რთულად აღსაზრდელი ბავშვები ჰყავთ. ისინი ეხმარებიან ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს თერაპიის სხვადასხვა საშუალებით. 

სოციალური სამსახური ასევე ინტენსიურად მუშაობს ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ეძებენ ახალს. ასეთ შემთხვევებში მუშაობა იწყება უმუშევართა მოტივაციის ამაღლებით, ხოლო შემდეგ ერთობლივი მსჯელობით, ერთად იწყებენ პრობლემის გადაჭრას. 

აუცილებელი პირობაა, ოჯახი ან ინდივიდი მზად იყოს სოციალური სამსახურის დახმარების მისაღებად

ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახი თუ ცალკეული ინდივიდი მზად იყოს სოციალური სამსახურის დახმარების მისაღებად. თუკი სოცმუშაკთა დახმარებას პირი უგულებელყოფს, დაძალებას და იძულებას ადგილი არ აქვს. 

საქართველოსა და გერმანიას შორის ერთი დიდი სხვაობაა. საქართველოში ღარიბები სტიგმატიზებულები არიან. ქართულ საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ სიღარიბე მათი ბრალია და არა სისტემური პრობლემების. თუმცა სახელმწიფო საქართველოში სოციალურად დაუცველებს ხშირად ვერ უზრუნველყოფს ადამიანური საცხოვრებლით, საკვებითა თუ სამოსით, რაც ელემენტარულია. გერმანიაში კი ეს პირველადი საჭიროებები უზრუნველყოფილი აქვთ – თუ ამ პირობებში ვერ ვითარდება ოჯახი, ადამიანი, მართლაც მეტია ამაში მათივე წვლილი, ვიდრე სისტემის. თუმცა ამაზეც უხეშად თითის გაშვერა გერმანულ საზოგადოებაში მიღებული არ არის და ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა. 

გადაბეჭდვის წესი