მთავარი,სიახლეები

მთავრობა ქობულეთში სასათბურე მეურნეობას 2045 წლამდე ასხვისებს – აუქციონი

10.02.2020 • 2398
მთავრობა ქობულეთში სასათბურე მეურნეობას 2045 წლამდე ასხვისებს – აუქციონი

აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 ჰექტარზე მეტ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 2045 წლამდე ასხვისებს. მიწის ნაკვეთზე, რომლის მისამართადაც დოკუმენტებში სოფელი ალამბარია მითითებული, მოწყობილია სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ქონების საწყისი ფასი 280 000 ლარია, ხოლო ბიჯი 7000 ლარი. შეძენის ფასი, ამ შემთხვევაში, მოიჯარის წლიური სარგებლობის საფასური იქნება.

აუქციონის პირობის მიხედვით, მოიჯარემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, გადაცემულ ტერიტორიაზე, აგროპარკი უნდა აამოქმედოს, მანვე უნდა იზრუნოს აქ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებაზე და პროფილი სარგებლობის ვადაში უნდა შეინარჩუნოს. პირობების ჩამონათვალშია ასევე საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმება.

მოთხოვნის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება უზრუნველყოს აგროტურისტული ჯგუფებისა და პრაქტიკული სწავლების მიზნით სტუდენტების დაშვება.

აუქციონის პირობაა, ასევე, საიჯარო პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება; სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შემდგომკი პერიოდულად ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის წარდგენა.

აუქციონი 2020 წლის 3 თებერვალს გამოცხადდა და 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ფოტო აუქციონიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: