მთავარი,სიახლეები

გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა

12.02.2020 • 2639
გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც ერთ-ერთ ბანკს  20 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დავის საგანი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს ბანკმა სესხის – 20 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა. ეს სესხის ნაშთია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსესხებელთან ბანკმა ორი ხელშეკრულება გააფორმა 2016 წლის 25 აპრილს [28 ათას აშშ დოლარზე] და მეორედ ამავე წლის 7 სექტემბერს [12 877 აშშ დოლარზე]. მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა სესხთან ერთად სიცოცხლის დაზღვევის საფასურს – 8 აშშ დოლარს. მსესხებელი 2018 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვალების შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ სესხის ნაწილი აანაზღაურა, თუმცა დარჩენილი ვალის – 20 ათასი ლარის შესახებ შეტყობინება მემკვიდრეს მიუვიდა.

მოქალაქის საპასუხოდ ბანკმა სასამართლოში განაცხადა, რომ დაზღვევა ლიმიტირებული იყო და ამის შესახებ მოქალაქეს ხელშეკრულების გაფორმების დროს აცნობეს.

„მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე სესხის ხელშკრულება იყო დაზღვეული სს ,,სა.-ში”, 2018 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებით. სადაზღვევო კომპანიამ განიხილა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი და აანაზღაურა ორივე სესხი ავტომატური დაზღვევის ლიმიტის ფარგლებში…“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსესხებლის მემკვიდრემ მოსამართლე ირმა ტოგონიძეს უთხრა, რომ მსესხებელმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა დაზღვევის ხელშეკრულების ზუსტი შინაარსი, ვინაიდან იგი მხოლოდ ინტერნეტგვერდზე იყო განთავსებული.

„ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ერთ შემთხვევაში, სადავოდ ხდიდა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების ელექტრონულ მატარებელზე-ბანკის ვებგვერდზე განთავსების სახელშეკრულებო დათქმას, მეორე მხრივ – სადავო მუხლის საფუძველზე მიღებული ანაზღაურება მართლზომიერად მიაჩნდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ეს დათქმა (მითითება ხელშეკრულების დრაფტის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსების შესახებ) შეესაბამება სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპს (სკ-ის მ. 319.1) და ჯდება სამართალურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერების სტანდარტში…

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავდა მსესხებლის მთლიან საკრედიტო პორტფელს. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა არა საკრედიტო ხელშეკრულებები, არამედ საკრედიტო დავალიანება,“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: