მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

14.09.2018 • 7222
როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა.

კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო ვერსია და პროექტის საბოლოო ვარიანტი სამინისტროსთან შეთანხმდება.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „რივიერას“ 1 ლარად  20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებულია 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

პირობების შესრულებას, ანუ იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავს:

შპს „რივიერამ“ იახტკლუბი განსაკარგავად სხვას – ახალდაფუძნებულ შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა:

შპს „ბათუმი რივიერას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ დამფუძნებელი „იუ ჯი თი ჯგუფი“ ფლობს იახტმშენებელ ქარხანას თურქეთში [ქარხანა კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა], ამიტომ იახტებთან დაკავშირებული ნაწილი მათ გადასცეს ქვეიჯარით. ამ კომპანიას იახტკლუბების სფეროში დაქირავებული ჰყავს ამერიკელი ექსპერტი. სწორედ ამ ექსპერტის, ინგლისური კომპანიისა და ასევე ქართველი არქიტექტორების თანამშრომლობით შეიქმნა კონცეფცია, ეს არ არის საბოლოო პროექტი“.

[red_box]მიწის ნაკვეთი, სადაც ტრამპ თაუერი უნდა აშენებულიყო [/red_box]

წლების წინ, ბათუმში, იახტკლუბის გერდით, „სლქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია – „რივიერა“ ტრამპ თაუერის მშენებლობას აპირებდა. მაგრამ 2018 წლის მაისში კომპანიას გეგმები შეეცვალა: შექმნა ახალი კომპანია – შპს „ბათუმი რივიერა“, სადაც წილების 99%-ს ისევ თავად ფლობს, ხოლო 1%-ი გადასცა კომპანიას, რომლის მესაკუთრე „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტია“, რომელმაც სახელწოდება 2018 წლის ივნისში შეიცვალა და დღეს „ბათუმი თაუერ ჰოლდინგი“ ჰქვია. თავის მხრივ ამ კომპანიის მფლობელი ლუქსემბურგში რეგისტრირებული შპს „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. უცნობია, ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები.

დოკუმენტებით არ ჩანს არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ უცხოური კომპანიის დამფუძნებლები, მაგრამ ჩანს ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი], ლევან ვასაძემ [ბიზნესმენი] და უჩა მამაცაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ერთად დააფუძნეს კომპანია – „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია – „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“ დააფუძნა. სწორედ ეს კომპანია მიყიდეს მფლობელებმა 500 დოლარად „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“ 2014 წელს.

მიწა, სადაც „ტრამპ თაუერი“ უნდა აშენებულიყო, დღეს „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მუშავდება ახალი გეგმა-პროექტი, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ აშენებას და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობასაც ითვალისწინებს.

[red_box]რა იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიაზე[/red_box]

იახტკლუბის განვითარების პროექტში აღნიშნულია, რომ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე „აშენდება საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმ კლასის იახტკლუბი, რაც მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ტურიზმის და საწყლოსნო სპორტის განვითარებას რეგიონში. ამისათვის, მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის უზრუნველყოფა საჭირო ინფრასტრუქტურით, მომსახურებით და ტექნიკით“.

აქედან გამომდინარე, იახტკლუბის განვითარების დღეს არსებული გეგმა ითვალისწინებს ნავმისადგომის ტერიტორიის კეთილმოწყობას, დაზიანებული კედლის გამაგრებას და ახალი, ოთხსართულიანი შენობის აშენებას. ტერიტორია კი, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, მოიცავს უშუალოდ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიის ნაწილს – 1736 კვ/მ-ს, რომელიც საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 2017 წლის 5 ოქტომბერს გადასცა.

ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ერთგვარი ხიდი დააკავშირებს. ფასადი იქნება როგორც ბეტონის, ასევე გამჭვირვალე მინის. ბეტონის ფასადი გამოყენებული იქნება შენობის ჩრდილოეთით, საიდანაც „არსებობს ზღვის შტორმის საშიშროება“.

გეგმის მიხედვით იახტკლუბის ტერიტორია შემოიღობება და ირგვლივ დააყენებენ სათვალთვალო კამერებს. ნავსაყუდელის ფსკერი გაიწმინდება დაგროვილი ბალასტური მასებისგან, „რაც უზრუნველყოფს მაღალი კლასის 25 მეტრამდე იახტების უსაფრთხოდ გადაადგილებას“.

ახალ შენობაში განთავსდება მცურავი საშუალებების მოვლა-შეკეთებისთვის გამოყოფილი სივრცე, მშრალი დოკი [Dry Storage]), იახტკლუბის თანამშრომლების ოფისები, იახტების მეპატრონეებისთვის განკუთვნილი შეხვედრების ოთახი და ტერასა, იახტების და სხვა მცურავი საშუალებების აქსესუარების მაღაზია, შოურუმი, შოურუმის თანამშრომლების ოფისები, გამოსაცვლელი ოთახები, საპირფარეშოები, საშხაპეები; კლუბი [„ქლაბ ჰაუსი“], რესტორანი და აუზი.

იგეგმება ასევე: იახტკლუბის აუცილებელი ტექნიკით აღჭურვა, იახტებთან დაკავშირებული მომსახურებით უზრუნვლეყოფა და ბოუთ შოუს მასპინძლობა.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

პროექტში აღნიშნულია, რომ „შოურუმში გასაყიდად განთავსებული იქნება რამდენიმე იახტა და მცირე ზომის მცურავი საშუალება. მომხმარებლებს ადგილზე შეეძლებათ შეისყიდონ და/ან შეუკვეთონ მსოფლიოში სხვადასხვა წამყვანი მწარმოებელი კომპანიების იახტები“.

კლუბი – „ქლაბ ჰაუსი“ კი იქნება „სივრცე, სადაც შეიკრიბებიან კლუბის დამფუძნებლები და წევრები, ასევე დაინტერესებული მსურველები, სხვადასხვა ღონისძიების [პრეზენტაციები, გამოფენები, შოუები, შეჯიბრებები] დასაგეგმად“.

რაც შეეხება რესტორანს და აუზს, დეტალები პროექტირების შემდგომ ეტაპზე დაზუსტდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. პროექტში აღნიშნულია, რომ ღია აუზი იქნება გაფილტრული ზღვის წყლით, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოხვედრა.

აუზთან და ზღვის სანაპიროსთან ახლოს კი, მოეწყობა როგორც საბავშვო, ასევე ზრდასრულთათვის გასართობი საშუალებები, უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მცურავი საშუალებების სპეციალურ ბენზინგასამართ სადგურს, პროექტში აღნიშნულია, რომ ის „უზრუნველყოფს ბენზინის ავზის შევსებას, ბუნებაზე მიყენებული ზიანის გარეშე. აგრეთვე, ამ სერვისის დახმარებით იახტების მფლობელები თავს აარიდებენ ბენზინის მოძიების და მოტანის რთულ პროცესს. ამისათვის, მიწაში განთავსდება საწვავის ავზი, ხოლო საწვავის შესავსები სპეციალური აპარატურა განთავსდება ნავსაყუდელის ტერიტორიაზე. ბენზინის ჩასასხმელი აპარატურა იქნება დამონტაჟებული საერთაშორისო სტანდარების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. შესაბამისად, აუცილებელია ადგილობრივი მთავრობის დახმარება, რომ უზრუნველყოს იქ მდგომი თევზსაჭერი გემების გაყვანა იახტკლუბის ტერიტორიიდან“.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ინფრასტრუქტურის სწორი მოწყობით იახტკლუბს ერთდროულად შეეძლება მიიღოს 80-მდე მაღალი და საშუალო კლასის, როგორც იალქნიანი, ისე მოტორიანი მცურავი საშუალებები. მათ შორის 25 მეტრი სიგრძის – სამი, 15 მეტრი სიგრძის – შვიდი, 10 მეტრი სიგრძის – 40 და 10 მეტრზე ნაკლები სიგრძის 30 მცურავი საშუალება.

„ეს ტერიტორია პირველი შთაბეჭდილების შემქმნელი იქნება როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისე იახტებით მოსარგებლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ტურიზმის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება განუვითარებელია საქართველოში. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, არამედ მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაც, რისთვისაც, იახტკლუბის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“, – აღნიშნულია პროექტში.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: