რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება

კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ჟურნალისტის – მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლება მაუწყებელმა ასეთი სათაურით გააშუქა: –მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციის და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“. მაუწყებელმა ეს სათაური გამოიყენა მაშინ, როცა გათავისუფლებულ ჟურნალისტს და ტელევიზიის მენეჯმენტს შორის სასამართლო დავა არათუ დასრულდა, არამედ ჯერ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ ინსტანციას არ დაუდგენია ის, რაც აჭარის ტელევიზიამ ფაქტის სახით უთხრა 11 მაისს მაყურებელს, როგორც ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან, ასევე მაუწყებლის ოფიციალური ვებგვერდიდან.

მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი „ცილისწამება და დისკრედიტაციაა“, ასე წერია ბრძანებაში, რომელსაც ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს. მაუწყებლიდან ჟურნალისტების ჩამოშორების წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, აჭარის ტელევიზიის ნიუსრუმმა ამჯერად ტელევიზიის მენეჯმენტის პოზიცია პირდაპირ გაიზიარა და მენეჯმენტის გადაწყვეტილება გაასაღა, როგორც უტყუარი სიმართლე.

ასე არ მომხდარა სხვა დროს. ტელევიზიიდან თეონა ბაკურიძის გათავისუფლების შემთხვევაში, მაგალითად, მაუწყებელმა სათაურში დაწერა: თეონა ბაკურიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ეს ამბავი 13 მარტს მოხდა. მაშინ ტელევიზიას სათაურში არ გამოუტანია ამონარიდი ბრძანებიდან, სადაც იგივე გიორგი კოხრეიძემ დაწერა, რომ „დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი“.

გამოჩნდა თუ არა, რომ ნიუსრუმმა, რომელმაც მალხაზ რეხვიაშვილის ტელევიზიიდან გაშვების შესახებ სიუჟეტი მოამზადა, ტელევიზიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება არჩია? – ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი, ფირუზ ბოლქვაძე არ ფიქრობს, რომ რაიმე სახის შეცდომა დაუშვა. მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ მალხაზ რეხვიაშვილი ახლაც ცდილობს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას, რადგან რეხვიაშვილმა საკითხის შესწავლა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ სთხოვა.

„მალხაზ რეხვიაშვილი ცდილობს ქარტიის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით… მისი საჩივარი არის უსაფუძვლო და ემსახურება მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას,“ – გვიპასუხა ფირუზ ბოლქვაძემ. ის განმარტავს, რომ მის მიერ შერჩეული სათაური ოფიციალურ დოკუმენტს – ბრძანებას ეფუძნებოდა, „რომელშიც ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ეწერა ის საფუძვლები, რის გამოც გათავისუფლდა [რეხვიაშვილი]“.

დირექტორის ბრძანების პირდაპირ გაზიარება, სათაურში იმის არ მითითება, რომ „ცილისწამება და დისკრედიტაცია“ ბრძანებიდან ამოღებული ტერმინებია და ის არ არის დადგენილი სიმართლე, არის თუ არა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა? რატომ გაასაღა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა ფაქტად ის, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის? – ვკითხეთ ტელევიზიის რედაქტორს, ფირუზ ბოლქვაძე.

„…ეს იყო ფაქტობრივად დამდგარი, გადაწყვეტილება [დირექტორის მიერ] უკვე მიღებული იყო და ეს არ იყო მოკვლევის პროცესი, ეს პროცესი იყო მანამდე. როცა მოხდა გადაწყვეტილების მიღება, დადგა კონკრეტული შედეგი ამ გადაწყვეტილებიდან და ჩვენ ეს გავაშუქეთ,“ – აღნიშნავს ფირუზ ბოლქვაძე.

ფირუზ ბოლქვაძე საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მას შემდეგ გახდა, როცა ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, საინფორმაციო გამოშვების წინა რედაქტორს – მაია მერკვილაძეს არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა შესთავაზა და რადიოში გადაიყვანა. ტელევიზიის დირექტორის ამ გადაწყვეტილებას მაია მერკვილაძეც სასამართლოში ასაჩივრებს. 

რატომ არჩია ახალი ამბების ახალმა რედაქტორმა, ფირუზ ბოლქვაძემ მაუწყებლის მენეჯმენტის მხარეს დამდგარიყო? – ამ კითხვამ რედაქტორი გააღიზიანა, დამშვიდობება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე მოკლედ ესეც გვითხრა:

„ჩვენ არავის მხარე არ გვიჭირავს, ჟურნალისტები ფაქტებს აშუქებენ მიუკერძოებლად და ობიექტურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად იყო გაშუქებული მაგ ინფორმაციაში ყველაფერი, დანარჩენი გადაწყვიტოს ქარტიამ,“ – დაასრულა საუბარი „ბათუმელებთან“ ფირუზ ბოლქვაძემ.

იყო თუ არა მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შესახებ მომზადებული ახალი ამბის სათაური პრობლემა? – ეს კითხვა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილსაც დავუსვით, რომელმაც პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

„მე მოსამართლე არა ვარ, ვერ ჩავერევი ვერც ფირუზის სასარგებლოდ და ვერც მალხაზის სასარგებლოდ. დაველოდოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რას იტყვის. თუ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ რამე დავარღვიეთ, ბოდიშის მოხდაც არ არის სირცხვილი, მანამდე კი, თავს შევიკავებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახო ხუზმიაშვილმა.

მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე მომზადებული სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი თამარ ხოზრევანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში სათაურებს რედაქტორები არჩევენ:

„რედაქტორი არჩევს სათაურს და ამ შემთხვევაშიც ასე იყო… მე ეს სიუჟეტი და ინტერნეტგვერდზე მასალაც გამოქვეყნების შემდეგ ვნახე. ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ყველა მხარიდან დაცლილი პოზიცია, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მხოლოდ ეს ყოფილიყო და დანარჩენი პოზიციები ტექსტში იქნებოდა… ვფიქრობ, რომ სათაური ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რედაქტორები იღებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – ამბობს თამარ ხოზრევანიძე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ  ეთერში გასვლის შემდეგ ამ საკითხზე ნიუსრუმშიც იმსჯელეს.

„…არ მომითხოვია შეცვლა, სხვა სიუჟეტზე ვმუშაობდი და არ გვიფიქრია შეცვლა. ვისაუბრეთ, იყო თუ არა ეს სწორი. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ტექსტზე, დანარჩენს მე ვერ შევაფასებ…“ – აღნიშნა თამარ ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.

„შეიძლება მე ემოციურად აღვიქვამ ამ ფაქტს, რადგან ეს ჩემი ამბავია,“ – გვიყვება მალხაზ რეხვიაშვილი, რომელსაც ასევე ვკითხეთ, უკვე ხომ არ არის შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა, რისი მოლოდინიც ახალი დირექტორის პირობებში იმ ჟურნალისტებს ჰქონდათ, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე ჩამოაშორეს რედაქციას.

„მე სრულიად ვენდობი ქარტიას. თუ აღმოჩნდება, რომ ფაქტი განზრახ დაამახინჯეს, გამოვა, რომ ნიუსრუმში ვიღაცები კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ატარებენ. მანამდე არ მინდა ჟურნალისტებს რამე ისეთი დავაბრალო, რაც მათ პატივს და ღირსებას შელახავს,“ – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

მალხაზ რეხვიაშვილი არ მიიჩნევს, რომ სათაურში მისი პოზიციაც უნდა დაფიქსირებულიყო,  „მაგრამ ფაქტად იყო გამოტანილი ის, რასაც ემზარ პაქსაძე [მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი] ამტკიცებს და რასაც მე ვასაჩივრებ. ეს ვერ იქნებოდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რადგან ეს გარემოება დაადგინა ერთმა კონკრეტულმა  სამსახურმა… ფირუზ ბოლქვაძემ ეს ფაქტად გამოიტანა, ეს ხომ სასამართლო არ ყოფილა? პაქსაძე ხომ არ არის მოსამართლე?“ – კითხულობს მალხაზ რეხვიაშვილი.

სასამართლომდე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების ჩამოშორება და, მათ შორის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გაშვება შეაფასა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რეხვიაშვილის გათავისუფლების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“, თუმცა აჭარის ტელევიზიის ვეგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბოლო განცხადება, რომელიც აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე იძებნება, 14 მარტით თარიღდება. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ – წერია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში. მაშინ აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი იყო, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 14 აპრილს ჩამოაშორეს ონლაინსამსახურს.

პირველად საფრანგეთში 55 წლის ტრანსგენდერი ქალი მერად აირჩიეს

55 წლის მარი კო პირველი ტრანსგენდერი ქალია საფრანგეთში, რომელიც ჩრდილოეთით მდებარე ტილუა-ლე-მარშენის  მერად აირჩიეს 15 მარტს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე. როგორც მარი კო ამბობს, ხმათა უმრავლესობა მან პატარა დასახლების განვითარების ხედვის გამო მოაგროვა, რაც სრულად იყო ასახული საარჩევნო პროგრამაში.

მარი კოს თქმით, ტილუა-ლე-მარშენი პატარა დასახლებაა, სადაც სოციალური ურთიერთობებიც კი გართულებულია. ახალი მერი პროფესიით ინჟინერია და სასოფლო სამეურნეო ტექნიკოსისა და მებაღის დიპლომი აქვს, უფრო კი მარი კო საკუთარ თავს სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სფეროსთან დაკავშირებულ ბიზნესმენეჯერად მოიაზრებს.

მისი თქმით, ამ პატარა დასახლებისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

მარი კო 20 წელია ცხოვრობს ტილუა-ლე-მარშენში და როგორც თავად ამბობს, ეს იშვიათი ადგილია, სადაც ის დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გამხდარა. „იშვიათია, როცა ადამიანები ასე კეთილები არიან, როგორც აქ, მიუხედავად რამდენიმე უხეში შეცდომისა,“ – ამბობს მარი კო.

მისი ოცნებაა ტილუა-ლე-მარშინი განვითარებულ დასახლებად აქციოს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ ამ დასახლების მცხოვრებლებს თავად შეუძლიათ აქციონ სოფელი ისეთად, როგორადაც ხელისუფლება მას ვერ აქცევდა.

„ჰეშთეგი“ ეთერში დაბრუნდა, რადიოში იუბილე აღნიშნეს, რედაქტორი კი პოლიციაშია

„ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ ახლაც გვგონია, რომ ეს დაბრუნება დროებითია… „ჰეშთეგის“ გუნდი დაასუსტეს, მაგრამ გაძლიერდა წინააღმდეგობის მუხტი“, – ამ სიტყვებით მიმართეს დღეს აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანებმა მაყურებელს – ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს, 25 მაისს, „ჰეშთეგი“ ეთერში დაბრუნდა. აჭარის რადიოში კი, 90 წლის იუბილე აღნიშნეს, საიუბილეო ტორტი ტელევიზიის დირექტორს – გიორგი კოხრეიძეს გააჭრევინეს. ამ დროს რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი პოლიციას აძლევდა ჩვენებას – დირექტორის, „გიორგი კოხრეიძისგან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნის საქმეზე“.

გადაცემა „ჰეშთეგი“ 23 მარტის შემდეგ არ გასულა ეთერში. გადაცემის წამყვანებმა დღევანდელ ეთერში სტუმრებთან საუბრის დაწყებამდე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პანდემიის პირობებში მოდიფიცირებული ფორმატით შესაძლებელი იყო მუშაობა, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„ვვარაუდობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტს არ სურდა გვესაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანებს არათუ სახლში დარჩენა, არამედ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ, რომ ათასობით მოქალაქის დასაცავად აქამდე სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია და მათი უდიდესი ნაწილი სახლში უბრალოდ იმის გამო ვერ დარჩებოდა, რომ სახლი ფიზიკურად არ აქვს… ყოველი მეხუთე ბავშვი კორონამდე შიმშილობდა და არავინ იცის, კორნავირუსის დროს მათ რა ბედი ეწიათ,“ – აღნიშნა „ჰეშთეგის“ წამყვანმა, მარიამ ტაკიძემ.

გადაცემა პირველი ჰეშთეგი დღეს ასეთი იყო – „მალხაზისთვის“. საუბარია მალხაზ რეხვიაშვილზე, რომელიც 11 მაისამდე გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანი და მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე იყო და ის ფეისბუქპოსტის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან გიორგი კოხრეიძემ.

„…ბევრი ვიფიქრეთ, ღირდა თუ არა საერთოდ ამ უსამართლობის შემდეგ ეთერში დაბრუნება, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა გრძელდება,“ – თქვა გადაცემის წამყვანმა, ივანე ბაკურაძემ.

გადაცემის წამყვანებმა თქვეს ისიც, რომ მალხაზ რეხვიაშვილი „ჰეშთეგის“ გუნდის წევრად რჩება და მას ხშირად ვნახავთ ეთერში. „შრომითი კონტრაქტის გაწყვეტა არ ნიშნავს გუნდიდან ვინმეს გარიცხვას“, – დასძინა მარიამ ტაკიძემ.

რაც შეეხება რადიოს იუბილეს – 90 წლის საიუბილეო შეხვედრისა და ტორტის გაჭრის ამსახველი ფოტოები პირად ფეისბუქგვერდზე თამილა დოლიძე გამოაქვეყნა. თამილა დოლიძე მრჩეველთა საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

____

მთავარი ფოტო: სელფი „ჰეშთეგში“ მალხაზ რეხვიაშვილთან ერთად. კადრი გადაცემის ვიდეომასალიდან

როცა ზღვასთან სახელმწიფო მიწაზე რესტორანი გაქვს და პლაჟიც გჭირდება

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ზღვის პირას მიწის ნაკვეთს პირდაპირი განკარგვის წესით შპს „უტევანი“ ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ნაკვეთის განკარგვაზე უფლება აუქციონისა და კონკურენციის პირობების გარეშე უნდა მიიღოს. მოთხოვნილი ტერიტორიის გვერდით, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  ნაკვეთზე რესტორანი „რივიერა“ ფუნქციონირებს.

მერია თანახმაა კომპანიას 478 კვადრატული მეტრი ტერიტორია მოთხოვნილი პირობებით – წელიწადში 15 000 ლარად გადასცეს კომპანიას, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 31,38 ლარია. განკარგულების პროექტის მიხედვით ფასი აუდიტმა დაადგინა.

მერიის ინფორმაციით, სწორედ ამ ნაკვეთის მართვის უფლებაზე, სადაც  რესტორანი ფუნქციონირებს, იმავე კომპანიას მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება 2010 წელს, 29-წლიანი მართვის უფლებით, 2551 კვ.მ აქვს გაფორმებული. მაშინ მერიამ საიჯარო ხელშეკრულებით მხოლოდ ნაკვეთი გაასხვისა, შენობა მოიჯარის აშენებულია. მიწის ნაკვეთს კომპანია ამჯერად 2039 წლის ჩათვლით ითხოვს.

შპს „უტევანი“ ბათუმის მერიას ჰპირდება, რომ თუ მიწის ნაკვეთს იჯარით გადასცემენ, მას „კეთილმოაწყობს და მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.“

კომპანიის მეპატრონე ამჯერად მერიას ჰპირდება, რომ თუ დამატებით მოთხოვნილ ტერიტორიას 2039 წლამდე იჯარის წესით მიიღებს, მასზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, კონკრეტულად, რას გააკეთებს, პირობების შესახებ განკარგულების პროექტში აღნიშნული არ არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2010 წელს, როდესაც კომპანიამ მერიასთან პირველი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, შპს „უტევანის“ ერთპიროვნული მფლობელი მერაბ წერეთელი იყო.

დოკუმენტების მიხედვით, მერაბ წერეთელმა კომპანიის 100 პროცენტი 700 ათას დოლარად გაყიდა და 2017 წლიდან კომპანიის მფლობელი ჯემალ ბათაძე გახდა. მერაბ წერეთელი კი, კრედიტორად დაფიქსირდა. რეესტრშივე აისახა ამ თანხის ეტაპობრივად დაფარვის პირობები.

2019 წლის იანვარში კი, ჯემალ ქათამაძემ კომპანია ჯემალ ბათაძისგან იმავე პირობით და იმავე ფასად შეისყიდა, მერაბ წერეთელი ისევ კრედიტორად დარჩა. ჯემალ ქათამაძე „უტევანის“ ასივე პროცენტის მფლობელი  და დირექტორია.

მიწის იჯარით გაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ 29 მაისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა განიხილოს.

მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა

მოზარდმა ბიჭებმა დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებელი მშობლების მხარდაჭერისა და მათთან ურთიერთობისა, მაშინ როცა გოგონები მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათ მეგობრები უწევენ – ამის შესახებ მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევის ანგარიშში წერია, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ინფორმაციას 11, 13 და 15 წლის მოზარდების ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. კვლევის ფარგლებში 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევა 2018 წლის შედეგებს ასახავს.

გარდა კონკრეტული რიცხვობრივი მაჩვენებლებისა, რომლებიც შეეხება არაჯანსაღ კვებას, არასათანადო ფიზიკურ აქტივობებს, თამბაქოს, მარიხუანისა და ალკოჰოლის მოხმარებას მოზარდებში, კვლევის ანგარიშში ნაჩვენებია, თუ როგორ განსხვავდება მოზარდების სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელი სქესისა და მოზარდის ოჯახის შემოსავლების მიხედვით.

კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ ბიჭებმა და მოზარდებმა უფრო შეძლებული ოჯახებიდან დააფიქსირეს ცხოვრებით კმაყოფილებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, თუმცა „ასაკის მატებასთან ერთად ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი მცირდება: მაღალი ასაკის მოზარდები ნაკლებად არიან კმაყოფილები ცხოვრებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილებიც მეტად აწუხებთ”.

ამავდროულად კვლევის ანგარიშში წერია, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, 15 წლის ასაკის გოგონები აფიქსირებენ ფსიქიკური კეთილდღეობის უფრო დაბალ მაჩვენებელს, ვიდრე ბიჭები. 2014 წლის კვლევის შემდეგ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილები გაზრდილია. ყველაზე ხშირად ჩივილები ეხებოდა ნევროზს, გაღიზიანებას და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს” – წერია კვლევაში.

ყოველი სამი მოზარდიდან ორი მშობლებს თავის ძლიერ მხარდამჭერად მიიჩნევს და ასახელებს, რომ მათთან საუბარი მარტივია, მაგრამ მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ეს ორივე პოზიტიური ასპექტი, ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება.

ბიჭები აფიქსირებენ მშობლების მხარდაჭერისა და მათთან კომუნიკაციის მაღალ მაჩვენებელს, მაშინ როცა გოგონები უფრო მეტ თანაგრძნობას გრძნობენ მათი მეგობრებისგან. “მთლიანობაში, გოგონები უფრო ხშირად აფიქსირებდნენ თანატოლების მხრიდან მხარდაჭერას. გენდერული სხვაობა სტაბილური რჩება ასაკის მატებასთან ერთად” – აღნიშნულია კვლევაში.

 

გამოკითხული მოზრდებიდან ბიჭები უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ოჯახის მხარდაჭერა აქვთ (73% – ბიჭების, 70% – გოგოების), მაშინ როცა გოგონები აღნიშნავენ, რომ ისინი ძალიან დიდ მხარდაჭერას იღებენ მეგობრებისგან (54% – ბიჭები, 65% – გოგონები)

კვლევის ანგარიშში ჩანს, რომ სოციალური კეთილდღეობა  სქესის გარდა, განსხვავდება სოციალური ფენის მიხედვითაც. მოზარდები უფრო მდიდარი ოჯახებიდან აფიქსირებენ მშობლებთან უკეთეს კომუნიკაციას და ოჯახისა თუ თანატოლების მხრიდან მხარდაჭერის ასევე მაღალ მაჩვენებელს. “მოზარდები უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებიდან, მიიჩნევდნენ, რომ მათ უფრო უმარტივდებათ მშობლებთან იმ საკითხების განხილვა, რაც მათ აწუხებთ” – ვკითხულობთ კვლევაში.

სოციალური უთანასწორობა თანატოლთა მხარდაჭერის მაჩვენებელში (ორივე სქესისთვის), დაფიქსირდა საკვლევი ქვეყნების ნახევარზე მეტში. მოზარდები მდიდარი ოჯახებიდან უფრო ხშირად აფიქსირებდნენ თანატოლებისგან მხარდაჭერას – 64%, ვიდრე მოზარდები ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან – 56%.

კვლევა: მხარდაჭერას ოჯახისა და ნათესავების მხრიდან პრინციპული მნიშვნელობა აქვს მოზარდების განვითარების, სოციალიზაციის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.  ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო კარგ მაჩვენებლებს და სარისკო ქცევის დაბალ მაჩვენებელთან მოზარდებში.

კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებებია:

  • როგორც წესი, მოზარდებისთვის დედასთან ურთიერთობა უფრო ადვილია, ვიდრე მამასთან.
  • 15 წლის გოგონების მხოლოდ 57% -ს შეუძლია მამასთან მარტივად ისაუბროს მამასთან იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებს.
  • ოჯახის მხარდაჭერისა და მშობლებთან კარგი კომუნიკაციის მაჩვენებელი ასაკთან ერთად ქვეითდება.
  • ბიჭების ნახევარზე მეტი და გოგონათა დაახლოებით ორი მესამედი მნიშვნელოვან მხარდამჭერად ასახელებს თანატოლებს.
  • 2014 წლის კვლევის შემდეგ, მოზარდების რაოდენობა, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებდნენ თანატოლებისგან, შემცირდა ( 63% -დან 60%-მდე).
  • სოციალური კეთილდღეობის ხარისხი, როგორც წესი, უფრო მაღალია მაღალი შემოსავლის მქონე ბიჭების და გოგონების ჯგუფში.

რუსეთში 2 მედდა იზოლაციაში მორგის გვერდით მოათავსეს

ბაშკირეთის პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მასმედიის ადგილობრივმა საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია არხანგელსკის საავადმყოფოს ორი მედდის შესახებ, რომლებიც კორონავირუსის გამო ღამით იზოლაციისთვის ჩაკეტეს მორგში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მედდები მართლაც პათანატომიის განყოფილებაში იყვნენ იზოლატორში, თუმცა განმარტავენ, რომ განყოფილებაში ამ დროს გვამები არ იყო.

როგორც BBC წერს, უწყებაში ამბობენ, რომ საავადმყოფოს ერთ შენობაში ორი განყოფილებაა: პათანატომიის, სადაც გვამებს ინახავენ, გვერდით კი ლაბორატორია, რომელიც Covid 19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მედიკოსების საიზოლაციო სივრცედ გამოიყენებოდა.

ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაცია აცხადებს, რომ იზოლატორში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პირობაა შექმნილი: არის შხაპი, ტუალეტი და საწოლი. მათივე განცხადებით, ამბის გახმაურება მედდების სტრესმა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ დაწესებულების გასაღები და შეეძლოთ დაეტოვებინათ შენობა, როცა სურდათ.

თუმცა როგორც გამოცემა Proufu.ru წერს, თავად მედდები ამბობენ, რომ მათ სისხლის სამართლებრივი დევნითა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. გამოცემისთვის მედდების მიერ მიცეული ინტერვიუს მიხედვით, მათ ორი მცველი მეთვალყურეობდა, შენობა რომ არ დაეტოვებინათ.

_____________

ფოტო: proufu.ru

23 წლის ქალს მეორე სართულის აივანზე ფეხი მოუცურდა, გადავარდა და ხერხემალი დაუზიანდა

23 წლის მეგი 4 თვეა საწოლსაა მიჯაჭვული. სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით, მას სპინალური შოკი აქვს. ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი ქმედუუნარო გახადა, 2020 წლის 12 თებერვალს ბათუმში მოხდა. მეგობართან სტუმრად მყოფ მეგის მეორე სართულის აივანზე ფეხი მოუცურდა, გადავარდა და ხერხემალი დაუზიანდა.

ჩვენ ქუთაისიდან ვართ. ჩემი შვილი მეგი, ორი თვის გათხოვილი იყო ბათუმში, როდესაც ეს ამბავი მოხდა. 12 თებერვალს მეგობარ გოგოსთან იყო სტუმრად. მოყინული იყო იმ დღეს, აივანზე ფეხი მოუსრიალდა, თავი ვერ შეიმაგრა და გადავარდა. შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე ე.წ. „ორბის ბინებში“ მოხდა. ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი ოპერაცია. როგორც ექიმები ამბობენ, ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული, სპინალური შოკი აქვს მიღებულიო მითხრეს,“ – გვიყვება მეგის დედა ნათია ბაღდავაძე.

მეგი გონჩაროვას ოპერაცია ბათუმში ჩაუტარდა. თუმცა ოპერაციის მიუხედავად სიარული ვერ შეძლო. როგორც მეგის დედა ამბობს, სჭირდება განმეორებითი ოპერაცია, რომელიც რისკებს შეიცავს.

„ექიმებმა გადაჭრით ვერ მითხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ სიარულს შესძლებდა. გვინდოდა თურქეთში სამკურნალოდ წაყვანა, მაგრამ კორონავირუსმა მოგვისწრო და ვეღარ წავიყვანეთ. ეტაპობრივად სხეულის სხვადასხვა ნაწილში უბრუნდება მგრძნობელობა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ თერაპიის ჩატარება მისთვის. თუმცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლის გაღების საშუალებაც არ გვაქვს,“ – ამბობს ნათია ბაღდავაძე.

ნათია სტილისტია, კორონავირუსამდე სალონში მუშაობდა, მისი მეუღლე თურქეთში იყო დასაქმებული. ახლა ორივე უმუშევარია. ოთხი შვილი ჰყავთ. ფული, რომელიც მეგის მკურნალობისთვისაა საჭირო, არ აქვთ. რამდენიმე დღის წინ მეგი ბათუმიდან ქუთაისში  დედამ სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად წაიყვანა.

მეგის ჯერ შშმ პირის სტატუსი არ აქვს. ამის გამო სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ იღებს. არც სარეაბილიტაციო კურსი უფინანსდება. მეგის დედა ამბობს, რომ მეგის ჯერ არც ეტლი ეკუთვნის, მისი საყიდელი ფული კი ოჯახს არ აქვს.

„ერთადერთი ორგანიზაცია დაგვეხმარა, საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“, რომელმაც 720 ლარი ჩაურიცხა მასაჟისტს, ვინც მეგის რეაბილიტაციაში გვეხმარება.

ერთადერთ რამეს ვითხოვ, თუ ვინმეს აქვს საშუალება ფინანსური დახმარების გაწევის, დაგვეხმაროს. რეაბილიტაციისათვის მეგი ქუთაისიდან წყალტუბოში უნდა ვატაროთ. ტრანსპორტირებას თანხა სჭირდება. ასევე რეაბილიტაციასაც, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს,“ – ამბობს ნათია ბაღდავაძე.

[checklist]

  • მეგის დასახმარებლად დედას გახსნილი აქვს ანგარიში. მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ. 

[/checklist]

ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში: GE15TB7895536010100007

ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკში: GE67BG0000000161533704

მიმღები: ნათია ბაღდავაძე

ლიდერობის კონკურსის 10 ფინალისტი სკოლის დირექტორი

განათლების კოალიციამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დაასახელეს. სულ ათი ფინალისტია გამოვლენილი. ესენი არიან:

  • ინა ბიწაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მარინა ისკაკოვა – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მამუკა ხამხაძე – რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • შორენა ხუხუა – მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

ფინალისტებიდან სექტემბერში გამოვლინდება გრანპრის მფლობელი დირექტორი, რომელსაც ჯილდოს სახით 5 ათასი ლარი გადაეცემა, მისი სკოლა კი 30 ათას ლარს მიიღებს.

ფინალში გადასული ორი სკოლის დირექტორი 2000-2000 ლარს მიიღებს საჩუქრად, მათი სკოლა კი 25-25 ათას ლარს.

სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

ფინკა ბანკი – ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) – ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) – ROA 2.43%.

კოვიდ19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან დროულ და შეუფერხებლად გამკლავებას სწორედ 2019 წლის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკის მენეჯმენტის ნათელი ხედვა და კრიზისის ეფექტურად მართვის სტრატეგია განაპირობებს – სწრაფად მოვერგეთ ახალ საოპერაციო რეალობასა და გარემოს: ფილიალები, ისევე როგორც სათავო ოფისი, უზრუნველვყავით ყველა საჭირო რესურსით, რომ საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა მითითების დაცვით ბიზნეს პროცესები შეუფერხებლად გვემართა.

დადებითი ფინანსური მაჩვენებლებისა და 2020 წლის პირველ კვარტალში არსებული ბიზნესის განვითარების ტენდენციების ფონზე უკვე აპრილში ბანკმა ისეთი ფინანსური პარტნიორების მხარდაჭერა მიიღო, როგორიცაა BlueOrchard-ი (4 მილიონი ლარი) და Symbiotics-ი (15 მილიონი ლარი). საერთაშორისო ფინანსურმა პარტნიორებმა გამოხატეს სრული მზაობა მხარი დაგვიჭირონ, რათა უწყვეტად წარვმართოთ ჩვენი კლიენტების მომსახურება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, ვისი ბიზნესიც კოვიდ 19-მა ძლიერ დააზარალა. ჩვენი მიზანია მივწვდეთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს და ხელი შევუწყოთ მათ ფინანსურ ჩართულობას. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მობილიზებულ ფულად რესურსებს მივმართავთ სესხის გაცემის პროცესის სრულ გაციფრულებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებისათვის, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ამ მხარდაჭერით ვქმნით გაყიდვების დამატებით არხებს, რათა კლიენტებისთვის მეტად  ხელმისაწვდომი ვიყოთ. ინტენსიურად ვავითარებთ ახალ საბანკო სერვისებს რომ მომხმარებელმა მიიღოს მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქტი, განურჩევლად ფინკა ბანკის ოპერირების გეოგრაფიული არეალისა.

ძლიერი და სტაბილური ფინანსური მაჩვენებლებით, ფინკა ბანკი საქართველო აგრძელებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას თანამშრომლების, დეპოზიტარების, აქციონერებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წინაშე. ბანკის 2020 წლის სტრატეგიის მიხედვით ყველა მთავარი ინიციატივა ორი მიმართულებით განვითარდება: საქართველოს ბაზარზე კონკურენტული პოზიციის გამყარება და გაციფრულების პროცესების მაღალი ხარისხით შესრულება.

„სამი ცოცხალი, სამი მკვდარი“ – იტალიაში გაზრდილი ქართველი მწერლის ახალი წიგნი

„სამი ცოცხალი, სამი მკვდარი“ – ეს რუსკა ჟორჟოლიანის ახალი წიგნია. რუსკა იტალიურენოვანი ქართველი მწერალია. ის გალიდან დევნილია და იტალიაში გაიზარდა. მისი, როგორც მწერლის დებიუტიც, იტალიურ ენაზე შედგა, როდესაც 2016 წელს პირველი წიგნი გამოსცა.

ახლახან გამოცემულ წიგნში მოქმედება 30-50-იანი წლების იტალიაში ვითარდება. ეპოქაში, როდესაც იტალიამ გამოიარა ფაშიზმი, მეორე მსოფლიო ომი და შემდეგ უკვე ეკონომიკურმა ბუმმა მოუსწრო.

„სამი ცოცხალი, სამი მკვდარი“ არის ამბავი ადამიანზე, რომელმაც ისე წარმართა თავისი ცხოვრება და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომ ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდა.

წიგნი არის იმ ეპოქაზე, რომლის გახსენებაც დიდად არ ხიბლავთ იტალიელებს – ფაშიზმსა და ადამიანებზე, რომლებიც ამ პერიოდის იტალიაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომ, ავტორისთვის, რომელიც არ არის იტალიელი, მსგავსი შინაარსის ტექსტი ერთგვარი რისკი იყო. თან წიგნი იტალიაში მარტის თვეში იმ დროს გამოვიდა, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

„ვერ შეაჩერებდნენ დაბეჭდვას, ვერც გადადებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მაინც გამოექვეყნებინათ. საკმაოდ რთული ბედი აქვს ამ წიგნს. ჯერ რთულ პერიოდში მოუწია გამოსვლა და მერე გზის გაკვალვა თავის მკითხველამდე.

„კრიტიკას ჰქონდა ასეთი რეაქცია, კი, კარგი ნაწარმოებია, კარგად ჯდება მეოცე საუკუნის იტალიური ლიტერატურის გამოცდილებაში. როგორი დამოკიდებულება აქვთ იცი? საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ეს უცხოელის თვალით დანახული ჩვენი ისტორიის ეპიზოდებია. ამბობენ, რომ არის დიასპორული. აქცენტს აკეთებენ, რომ მე უცხოელი ვარ და ეს უცხოელის მიერ დაწერილი ნაწარმოებია. სინამდვილეში ჩემი მიზანი იყო, ეს არ ყოფილიყო დიასპორული ნაწარმოები,“ –  ამბობს წიგნის ავტორი რუსკა ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, არ იყო ადვილი გამომცემლობის მოძებნა, რომელიც წიგნს დაბეჭდავდა.

„თავიდან რამდენიმე გამომცემლობაში გავაგზავნე და უარი მივიღე. მიზეზს არ მეუბნებოდნენ, მაგრამ ვხვდებოდი. ჯერ ისევ სათუთია ეს თემა იტალიაში. საბოლოოდ წიგნის გამოცემაზე გამომცემლობა „Voland-ი” დათანხმდა. ჩემი გამომცემელი ისეთი ადამიანია, ვისაც გარისკვა არ ეუცხოება,  პირიქით, უფრო ექსპერიმენტულ ნაწარმოებებს ეძებს და არ აქვს გაყიდვებზე ორიენტირებული პოლიტიკა. ამიტომ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა დაინტერესებულიყვნენ. ახლა წიგნი ერთ-ერთ კონკურსზეა წარდგენილი. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ ვნახოთ რა შედეგით დასრულდება,“ – ამბობს რუსკა ჟორჟოლიანი.

„სამი ცოცხალი, სამი მკვდარი“ რუსკა ჟორჟლიანის მეორე წიგნია. პირველი წიგნი „შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“ 2016 წლის ნოემბერში გამოიცა და ის  იტალიურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ კარგად მიიღო. გამოცემებმა  „ლა სტამპამ“ და „ლა რეპუბლიკამ“ რუსკას წიგნს დადებითი რეცენზიები მიუძღვნეს.

2016 წელსვე რომანი – „შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“, ჰერმან გეიგერის პრემიაზე წარადგინეს. წიგნმა “ნაწარმოების სიღრმის და მნიშვნელობისთვის” ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა [Menzione speciale] დაიმსახურა. საქართველოს წიგნის ცენტრის ნაწილობრივი დაფინანსებით კი რომანი გერმანულ ენაზე ითარგმნა.

წიგნის “სამი ცოცხალი, სამი მკვდარი” ყდა

_______

ამავე თემაზე:

როგორ გახდა ქართველი დევნილი გოგო იტალიელი მწერალი – წარმატების ისტორია 

როდის უნდა აანაზღაუროს პანდემიის გამო გაუქმებული ავიარეისის ბილეთის ფასი კომპანიამ

COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვონ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით,“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიებს არ დაეკისრებათ მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ფრენებზე, რომელთა გაუქმება გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო და არა თავად ავიაგადამზიდავების მიზეზით.

„საშეღავათო ზომების დაწესებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა მრავალი ქვეყნის პრაქტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ე.წ. ვაუჩერების მექანიზმის დაშვებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ მიმდინარე წლის აპრილშიც დაამტკიცა. სააგენტომ დროებით, 2021 წლის პირველ ივლისამდე შეაჩერა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის“ ერთ-ერთი ნორმის მოქმედება, კერძოდ სააგენტოს უფლებამოსილება შეაჩეროს ან გააუქმოს ოპერატორის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველის მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ავიასპეციალისტების და ავიასაწარმოების მიმართ დაწესებული იყო საშეღავათო ზომები, რომლებიც ძირითადად ითვალისწინებდა გარკვეული დოკუმენტების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას და მოთხოვნების შემსუბუქებას საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების სრულად შენარჩუნებით,“ – აღნიშნავს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის გეგმის თანახმად, პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარი გაიხსნება და ეტაპობრივად აღგება ავიამომისვლაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა წესები იმოქმედებს მოგზუარებისთვის საზღვრის კვეთისას.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს.

გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში უკუღმა დანომრეს

გზის მონაკვეთს, რომელიც ახალ ბულვარის გაგრძელებაზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან იწყება და აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი 2018 წლის თებერვალში მიანიჭეს. საქართველოს რუკის ფორმის აბრების გაკვრა კი შარშან აგვისტოში დაიწყო მერიამ. პროცესში ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც მონაწილეობდნენ.

როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, ეს ერთადერთი ქუჩაა ბათუმში, რომელიც საპირისპირო მიმართულებით დანომრეს.

ბათუმში ქუჩები, რომლებიც ვერტიკალურადაა განლაგებული ბულვართან მიმართებაში, ზღვიდან მთის მიმართულებით არის დანომრილი, ხოლო ბულვარის პარალელური ქუჩები – პორტის სანაპიროდან აეროპორტის მიმართულებით. გამონაკლისია ანწუხელიძის ქუჩა, რომელიც ვერტიკალური ქუჩების საპირისპიროდ დანომრეს.

მაგალითად, იგივე ანწუხელიძის ქუჩის პარალელური ქუჩები ზღვის მხრიდან [კაჩინსკების ქუჩიდან] აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით არის დანომრილი [ადლიის ქუჩა, ზღვისპირის ქუჩა, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა]. ზღვის მხრიდან არის დანომრილი კობალაძის ქუჩაც.

რატომ დანომრეს ანწუხელიძის ქუჩა უკუღმა [აეროპორტის გზატკეცილიდან ზღვის მიმართულებით], უბრალოდ, ტექნიკური შეცდომა იყო თუ რაიმე პრინციპით განისაზღვრა? – ვიკითხეთ მერიაში. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, ქუჩა ნამდვილად საპირისპირო მიმართულებითაა დანომრილი, თუმცა რატომ, ზუსტი პასუხი არ აქვთ.

„საჯარო რეესტრი ანიჭებს ქუჩებს ნომრებს, მერე მოდის წერილი გამგეობიდან, ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს აბრებზე. სხვა, ჩვენ არ გვეხება“, – გვითხრა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, სულხან ტყეშელიაძემ.

მან საუბარში ასევე დასძინა, რომ გაუგებრობის მიზეზი შესაძლოა  იყოს ის, რომ აღნიშნულ უბანში „რაღაც არეულობაა“.

„ეგ მონაკვეთი როცა გაიჭრა, ადრე მანდ ყანები თუ რაღაც იყო, მაგ უბანში ერთ-ერთი მისასვლელი გზა იყო მხოლოდ ინასარიძის ქუჩიდან. ანწუხელიძის ქუჩისთვის აბრები რომ გავამზადეთ და მივედით დასანომრად, აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრს ჰქონია დარეგისტრირებული სარფიდან. ანუ ნუმერაცია არა ზღვიდან, არამედ სარფის მხრიდან იწყებოდა. ავუხსენით მერსაც, მაგრამ… რაღაც არეულობაა მანდ ქუჩების“, – ამბობს სულხან ტყეშელიაძე.

მისი თქმით, ანწუხელიძის სახელის მინიჭებამდეც  გაურკვეველი იყო ამ ქუჩაზე არსებული სახლების ნუმერაცია.

„თვითონ მოსახლეობამაც კი არ იცოდა მისი სახლის მისამართი რა იყო. ბერა ივანიშვილი აპირებდა ადრე მანდ კლიპის გადაღებას და ტაქსის რომ იძახებდნენ, გზას ვერ იკვლევდა, ვერ აგნებდა, სად უნდა მისულიყო. ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ისე არეულ-დარეული იყო მისამართები“, – ამბობს ტყეშელიაძე.

აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერი, სულიკო გოგოლიშვილი ამბობს, რომ ქუჩების ნუმერაციის საკითხში გამგეობა არ ერევა, ამიტომ არ იცის, რა პრინციპით იხელმძღვანელა იუსტიციის სახლმა ანწუხელიძის ქუჩის დანომვრისას.

„ნუმერაციას თვითონ აკეთებს და შეიძლება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ იქ ქუჩები ცოტა არეულია“, – ამბობს გოგოლიშვილი.

____

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, 9 აგვისტოს დაიღუპა. ის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე 24 წლის ასაკში დაიღუპა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ანწუხელიძის ქუჩაზე საქართველოს რუკის ფორმის აბრებია გაკრული.

 

ამავე თემაზე:

საქართველოს რუკის ფორმის აბრები ანწუხელიძის ქუჩაზე

თამბაქოს რეკლამაზე 8 მლრდ დაიხარჯა, თამბაქოს გამო კი 8 მლნ ადამიანი დავკარგეთ – ჯანმო

31 მაისს თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] თამბაქოს მარკეტინგთან ბრძოლის კამპანიას აანონსებს.

ჯანმოს განცხადებით, თამბაქოს მარკეტინგის კამპანია მიმართულია მომხმარებელთა ახალი თაობის აღზრდისკენ.

ჯანმო: თამბაქოს კომპანიები გამუდმებით ეძებენ ახალ მომხმარებლებს, რომ ჩაანაცვლონ ამ პროდუქტის მოხმარების გამო გარდაცვლილი მომხმარებლები

თამბაქოს მოხმარების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 8 000 000 ადამიანი იღუპება. ჯანმოს განცხადებით, შემოსავლების შესანარჩუნებლად თამბაქოს მწარმოებელი და მისი მონათესავე მრეწველობები იძულებულნი არიან გამუდმებით ეძებონ ახალი მომხმარებლები, რომლებიც ჩაანაცვლებენ მათ, ვინც ამ პროდუქციის მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

„თამბაქოს კომპანიებმა დახარჯეს 8 მილიარდი აშშ დოლარი მარკეტინგსა და რეკლამაზე, ხოლო მსოფლიომ თამბაქოს მოხმარების შედეგად და პასიური მწეველობის ზეგავლენის გამო დაკარგა 8 მილიონი ადამიანი,“ – წერს ჯანმო და თამბაქოს საწინააღმდეგო წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ასაჯაროებს თამბაქოსა და მისი მონათესავე მრეწველობების მიერ მოზარდების მოსაზიდად გამოყენებულ რამდენიმე ტაქტიკას. 

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელ ბოლო გლობალური კვლევაში წერია, რომ მოზარდებში ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების შემცირებულია, მაგრამ ამჟამინდელი მომხმარებლების მაჩვენებელი 15 წლის მოზარდებში კვლავ მაღალია. 45 ქვეყანაში გამოკითხული 15 წლის მოზარდების 15% -ს მოუწევია სიგარეტი ბოლო 30 დღის განმავლობაში, 7%-ს კი – კანაფი.

სიგარეტი ერთხელ მაინც მოუწევია საქართველოში გამოკითხული  15 წლის მოზარდი ბიჭების 23%-ს და გოგოების- 9%-ს. კითხვაზე, მოგიწევიათ თუ არა სიგარეტი ბოლო 30 დღის განმავლობაში, დადებითი პასუხი გასცა საქართველოში გამოკითხული 11 წლის ბიჭების 3%-მა და გოგონების 3%-მა; ასევე, 13 წლის ასაკის ბიჭების 4%-მა და გოგონების 2%-მა.

ჯანმო აქვეყნებს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებისა და მათთან დაკავშირებული პროდუქტების მარკეტინგის მაგალითებს, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებზეა გათვლილი:

  • 15000-ზე მეტი დასახელების არომატიზატორის გამოყენება, რომელთა უმეტესობა შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებისა და მოზარდებისთვის პროდუქცია უფრო მიმზიდველი გახდეს;
  • თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისთვის, სოციალური ქსელებისა და ქსელების ავტორიტეტული მომხმარებლების გამოყენება;
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებების სპონსორობა;
  • სასწავლო გრანტების უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის მიმზიდველი და თანამედროვე დიზაინი;
  • ფარული რეკლამა ახალი ამბების/საინფორმაციო და გასართობ ინდუსტრიებში;
  • პროდუქტის უფასო ნიმუშების დარიგება;
  • თაროებზე პროდუქტების განთავსება ბავშვის თვალის დონეზე;
  • სკოლების მახლობლად პროდუქციის დემონსტრირება და რეკლამირება;

ბოლო წლებში საქართველოში ელექტრონული სიგარეტები ძალიან პოპულარული გახდა, მას ხშირად ნამდვილი სიგარეტის მოწევისთვის თავის დასანებებლადაც იყენებენ, თუმცა, ჯანმო იუწყება, რომ ნიკოტინი, რომელსაც ელექტრონული სიგარეტის სითხეები შეიცავს, იწვევს ძალიან ძლიერ შეჩვევას, დამოკიდებულებას და შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის თავის ტვინს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ფორმირებული.  ამასთანავე, იმ მოზარდებს, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარენ, მოგვიანებით ასაკში ორჯერ უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ ნამდვილი სიგარეტის მომხმარებლები გახდებიან, ვიდრე დანარჩენ მათ თანატოლებს.

ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საშუალება ჯანმრთელობისთვის არ არის საზიანო, თუმცა, ჯანმოს ცნობით, ეს ასე არ არის. ჯანმო იუწყება, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებების განვითარების რისკს.

  • თამბაქოს მოხმარება, მსოფლიო მასშტაბით, კიბოთი გარდაცვალების მიზეზების 25% -ს შეადგენს. ნიკოტინის შემცველი და თამბაქოს ნაწარმის გამოყენება ზრდის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებების განვითარების რისკს.
  • ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მეორადი კვამლისგან.
  • ჩილიმის მოწევა ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქოს მოხმარების სხვა გზები. ჩილიმის კვამლი ტოქსიკურია, იგი კარცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს.
თამბაქოს მოხმარება განსაკუთრებით საშიშია პანდემიის დროს, რადგან გარდა იმისა, რომ იგი ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას ფილტვებზე ზემოქმედებით, თამბაქო ზრდის COVID19-ით ინფიცირების რისკებს, რადგან ტუჩებთან მიტანილ თითებზე შესაძლოა იყოს ვირუსი. ასევე, სარისკოა სხვის მიერ გაზიარებული ჩილიმი ან/და მოწევისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა საზიარო ჭურჭელი.

მახინჯაურში დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

მახინჯაურში 23 მაისს დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 25 მაისს, გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პოლიციელი მამუკა დიასამიძეა, იგი პოლიციის მახინჯაურის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.

„დააკავეს ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე, ბრალდებული არ აღიარებს და არ ეთანხმება ბრალს, ჩვენ აღკვეთის ღონისძიებას გავასაჩივრებთ,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად მარკოიძე. ის ბრალდებულის გათავისუფლებას 20 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ითხოვდა.

არც ადვოკატი და არც ბრალდების მხარე არ ასაჯაროვებენ ბრალის შესახებ დადგენილებას, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი, რას ედავებიან პოლიციელს. დისტანციურად ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ გვითხრა, რომ ბრალის მიხედვით არ ირკვევა, რის გამო ითხოვდა პოლიციელი ფულს და რამდენს.

ადვოკატის, ზვიად მარკოიძის ინფორმაციით, ბათუმში მცხოვრებ ქალს, რომელსაც ბრალდებული პოლიციელი შორიდან იცნობდა, ფეისბუქის ყალბი გვერდიდან მიუვიდა შეტყობინება, რომ ფული უნდა გადაეხადა.

„… თუ არადა, ცუდად იქნება შენი საქმეო. ამ ქალმა მიმართა პოლიციას დახმარებისთვის. გამოძიებამ დაადგინა, თუმცა არაფერი დადასტურებული არ არის, რომ ამ ყალბი ფეისბუქგვერდის უკან პოლიციელი იდგა. არ შეესაბამება რეალობას ის, რომ პირადი ცხოვრების გახმაურებას ჰქონდა ადგილი…“ – ამბობს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს ელოდება დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება.

სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი.

თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 ათასი ევროთი [ექვივალენტი ლარში].

სამუშაოების დასრულება ალიანსს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს დაგეგმილი, დღევანდელი მონაცემებით კი, საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტში ჯერ გამოყოფილი არ არის.

პროგრამით, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი აჭარის ყველა სოფელში უნდა მოეწყოს, თუმცა, შესაბამისი ფინანსები ჯერ მოძიებული არ არის [ალიანსის ინფორმაციით, 50 მილიონი ევრო 300-მდე სოფლისთვის ცოტაა. 2014 წლის აღწერით, აჭარაში სულ 328 დაბა და სოფელია].

ეს სამი სოფელი კი პროგრამის პირველი ეტაპი იქნება. წყლისა და კანალიზაციის თითქმის ანალოგიური სისტემები იქნება იმ სოფლებში, სადაც პროგრამა განხორციელდება.

წყლისა და კანალიზაციით სარგებლობა სოფლის მოსახლეობისთვის საბოლოოდ ფასიანი იქნება. რამდენის გადახდა მოუწევს ერთ ოჯახს, როგორც ალიანსში გვითხრეს, ჯერ გათვლილი არ არის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, აღნიშნულ სოფელში დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება თუ არა სკოპინგის პროცედურას [რის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს, საჭირო იქნება თუ არა გზშ-ს მომზადება].

„აჭარის წყლის ალიანსმა“ სამინისტროს უკვე მიმართა სკრინინგის განცხადებით. „ამ პროცედურების გავლა საჭიროა წყალარინების შემთხვევაში და არა წყალმომარაგებისთვის“, – გვითხრეს ალიანსში.

დიოკნისში, ტიბეთასა და მუხაესტატეში წყალმომარაგების ქსელთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია მცირე საკანალიზაციო ქსელისა და რკინა-ბეტონის სეპტიკური ავზების მოწყობა:

„დაგეგმილია ინდივიდუალური და კომუნალური ტიპის სეპტიკური ავზების მშენებლობა. ქსელი მომხმარებლის სახლებიდან კომუნალურ სეპტიკებამდე გულისხმობს სახლის დაერთების, სათვალთვალო ჭებისა და პოლიპროპილენის მილების [დიამეტრით 110 მმ] მონტაჟს [სათვალთვალო ჭასა და საკანალიზაციო ქსელს ან ჭას შორის], ასევე შემკრები ქსელის პოლიპროპილენის მილების [დიამეტრით 150 მმ] და რკინა-ბეტონის ჭების მოწყობას. აღნიშნული სათვალთვალო ჭები გათვალისწინებულია ოპერირების ფაზაში სეპტიკური ავზების გამართული მუშაობისთვის. შემკრები ქსელი ჩაედინება ინდივიდუალურ და კომუნალურ სეპტიკურ ავზებში“.

„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით, სეპტიკური ავზები ძირითადად განთავსებული იქნება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში.

[toggle title=”ავზების მუშაობის პრინციპი და ოპერირება ნახეთ აქ:“] სეპტიკური ავზები შედგება 2 ან 3 განყოფილებისაგან. ერთ/ორ ოჯახზე გათვლილი სეპტიკური ავზები შედგება ორი განყოფილებისგან, ხოლო მეტ ოჯახზე გათვლილი სეპტიკური ავზები – სამი განყოფილებისაგან.

განყოფილებები ერთმანეთისაგან გამოყოფილია რკინა-ბეტონის კედლით. კედელში მოწყობილი იქნება ღიობები, რომელთა მეშვეობით ავზში დალექილი ფეკალური მასა გადანაწილდება ყველა განყოფილებაში. მყარი ნაწილაკები დაილექება სეპტიკური ავზის ძირზე, ხოლო წინარე გაწმენდილი წყალი სეპტიკური ავზიდან გადაედინება და პერფორირებული მილების მეშვეობით ჩაეშვება ფილტრაციის ფენაში.

ჩამდინარე წყალი საფილტრავ ფენაში გაივლის ფილტრაციას და საბოლოოდ სათანადოდ გაფილტრული ჩაედინება მიწისქვეშა გრუნტში.

აღნიშნული გამწმენდი პროცესი სრულ შესაბამისობაშია სასოფლო წყალარინების სისტემის საუკეთესო პრაქტიკასთან და გაწმენდილი ჩამდინარე წყლის საბოლოო ხარისხი წყალჩაშვების სტანდარტების შესაბამისი იქნება.

სეპტიკურ ავზებში დალექილი შლამის მოცულობა გამოითვლება წლიური მოცულობითი დაგროვების მაჩვენებლით. დაგროვებული შლამის 85% ამოიტუმბება და გატანილი იქნება სასენიზაციო მანქანების მეშვეობით. დარჩენილი შლამის 15% კი დაილექება სეპტიკურ ავზებში ბაქტერიული გარემოს შესანარჩუნებლად და ფეკალური მასის დასაშლელად.

ყოველ ორ წელიწადში შლამი ამოიტუმბება და გადაიტანება შემდგომი დამუშავებისთვის.

წყალარინების პროექტის დასრულების შემდგომ გაგრძელდება ოპერირების ფაზა, რაც ითვალისწინებს არსებული ინფრასტრუქტურის (სეპტიკური ავზები, ჭები, შემაერთებელი მილები, სათვალთვალო ჭები) მოვლა-პატრონობას. აღნიშნული საქმიანობა უკავშირდება დაზიანებული მილების აღდგენას, სეპტიკური ავზების გაწმენდას დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ, გამწმენდი ნაგებობის პერიოდულ მონიტორინგს და სხვა თანმდევ სამუშაოებს. [/toggle]

პროექტის მიხედვით, სეპტიკური ავზებიდან ამოღებული შლამი დასაწყობდება შესაბამის გამწმენდ ნაგებობებზე გადასამუშავებლად, რომელიც შემდგომში გამოიყენება როგორც სასუქი [შემცველობა: N აზოტის, P ფოსფორი, K კალიუმი].

„როგორც ცნობილია, აჭარის რეგიონი მცირე ფერმერული საქმიანობით ხასიათდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსავლიანობა ძირითადად დამოკიდებულია მიწების სათანადოდ დამუშავებასა და განოყიერებაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, იმისა, რომ გადამუშავებულ შლამზე ფერმერების მხრიდან გაჩნდება მაღალი მოთხოვნილება“, – მიაჩნიათ „აჭარის წყლის ალიანსში“.

სკრინინგის ანგარიშენბის მიხედვით:

[highlight color=”red”]ხულოს სოფელ დიოკნისში[/highlight] გათვალისწინებულია 56 ინდივიდუალური და 6 კომუნალური სეპტიკური ავზის მშენებლობა. აქედან 41 ინდივიდუალური სეპტიკური ავზი გათვლილია ერთ ოჯახზე, 15  ინდივიდუალური – ორ ოჯახზე, 5 კომუნალური – 16 ოჯახზე და 1 კომუნალური – სკოლასა და საბავშვო ბაღზე.

შლამის დასაწყობების უახლოეს ადგილად შერჩეულია ხულოს გამწმენდი ნაგებობა, რომელიც საპროექტო არეალიდან დაშორებულია 10კმ-ით.

სოფელ დიოკნისში შერჩეული არეალი / სკრინინგის ანგარიშიდან

[highlight color=”red”]ქედის სოფელ ტიბეთაში[/highlight] პროექტით გათვალისწინებულია 28 ინდივიდუალური და ორი კომუნალური სეპტიკური ავზის მშენებლობა. აქედან 22 ინდივიდუალური სეპტიკური ავზი გათვლილია ერთ ოჯახზე, 6 ინდივიდუალური სეპტიკური ავზი –  ორ ოჯახზე, ხოლო 2 კომუნალური სეპტიკური ავზი – სამ ოჯახზე.

შლამის დასაწყობების უახლოეს ადგილად შერჩეულია ქედის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც საპროექტო არეალიდან დაშორებულია 6 კმ-ით.

სოფელ ტიბეთაში შერჩეული არეალი / სკრინინგის ანგარიშიდან

[highlight color=”red”]ქობულეთის დაბა მუხაესტატეში[/highlight] წყალარინების სისტემის მოწყობა ამ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ ე.წ.  მუხაესტატეს მეურნეობაში. პროექტით გათვალისწინებულია 1 ინდივიდუალური და 4 კომუნალური სეპტიკური ავზის მშენებლობა. აქედან 1  კომუნალური სეპტიკური ავზი გათვლილია ორ ოჯახზე, 2 – ექვს ოჯახზე და 1 – 23 ოჯახზე.

შლამის დასაწყობების უახლოეს ადგილად შერჩეულია ქობულეთის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც საპროექტო არეალიდან დაშორებულია 7კმ-ით.

დაბა მუხაესტატეში შერჩეული არეალი / მუხაესტატეს მეურნეობა / სკრინინგის ანგარიშიდან

„აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გამწმენდი ნაგებობების/სეპტიკური ავზების მოწყობა ცალსახად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. გარემოს ხარისხი გაუმჯობესდება ნიადაგში, მიწისქვეშა წყლებსა და ზედაპირულ წყლებში მოხვედრილი დამაბინძურებლების შემცირებით. ბიომრავალფეროვნების  მაჩვენებლების გაუმჯობესება პირდაპირ იქნება დამოკიდებული გარემოში უკონტროლო ჩაღვრებსა და გაუწმენდავი წყალჩაშვებების შემცირებასთან. პოტენციური უარყოფითი ზეგავლენა ფიქსირდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც გამოსწორებული იქნება სათანადო დონეზე,“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშებში.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთია დაფინანსებული. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტი. პროგრამა 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.

ამ თემაზე: 

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

მთავარი ფოტო: სოფელი აჭარაში / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს – გახარია

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

„ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი სოფლებში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება,“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ საქართველოში კვლავ აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ვადაც 15 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.

ამავე თემაზე: 

როგორ დარეგულირდება მიმოსვლა 23 მაისიდან – მთავრობის დადგენილება

Covid19-ის გავრცელებით ბრაზილია მეორე ადგილზეა, გარდაცვლილია 22 666 პირი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 25 მაისის მონაცემებით, ბრაზილია მეორე ადგილზეა ახალი კორონავირუსის გავრცელებით. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში ინფიცირებულია 363 211 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 22 666 და განიკურნა – 149 911.

ამ ინფორმაციით, ბრაზილიის მონაცემები აღემატება რუსეთის მონაცემებს, სადაც, დღეის მონაცემებით, ინფიცირებულია 353 427 ადამიანი, მათგან, ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 633 ადამიანი, განიკურნა – 118 798.

Covid19-ის გავრცელებით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 1 643 499 ადამიანი. მათგან გარდაიცვალა 97 722 პირი, განიკურნა –  366 736.

მსოფლიოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 5 411 498 შემთხვევა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 345 223 ადამიანი, განიკურნა – 2 169 958.

___________________

ფოტოზე: კოვიდინფიცირებულთა სასაფლაო რიო დე ჟანეიროსთან. ფოტო გადაღებულია დრონით, 2020 წლის 8 მაისს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ANTONIO LACERDA

საია საგანგებოს გარეშე ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

რამდენად კონსტიტუციურია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა 22 მაისს მიიღო და რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეუძლია კონკრეტული შეზღუდვების დაწესება – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. სარჩელით დღეს, 25 მაისს, მიმართა სასამართლოს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ.

საია-ს შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ მიმოსვლის და შრომის თავისუფლების უფლებას. სარჩელის ავტორი, იურისტი პაატა დიასამიძემ მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კონსტიტუციით დაუშვებელი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა მთავრობაზე.

„…ყველაზე პრობლემური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში არის ის, რომ მთავრობას შეუძლია შრომისა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა ისეთი წესით, რაც არ არის გათვალისწინებული კანონით ან უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესს. ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის არაორაზროვანი გადაწყვეტა არის ის, რომ ეს უფლებები მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით იყოს გადაწყვეტილი და არა მთავრობის ან რომელიმე სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით,“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ დარღვეულია „უფლების შეზღუდვის ფორმალური კანონიერება“.

სადავო ნორმებს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ლეგიტიმური მიზანი, გასაჩივრებული ნორმებით შერჩეული საშუალება იყოს გამოსადეგი, ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული. ამის მიუხედავად, პრობლემა არის ის, რომ შეზღუდვები წესდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მაშინ, როდესაც შრომის და გადაადგილების თავისუფლება, არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, არამედ კანონით უნდა იზღუდებოდეს,“ – წერია კონსტიტუციურ სარჩელში.

ჯერ უცნობია, საკონსტიტუციო განიხილავს თუ არა ამ სარჩელის არსებითად.

რა მიუსაჯეს პირს, რომელიც მოქალაქეებს აშშ-სა და ავსტრალიაში დასაქმებას ჰპირდებოდა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, ო.გ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველ თერთმეტ პირს არწმუნებდა, თითქოსდა შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველყოფდნენ.

„ნდობის მოპოვების მიზნით ო.გ.-მ და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ ო.გ., რომელიც მათ „გიორგის“ სახელით გაეცნო, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და როგორც სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელი პირადად იძლეოდა გარანტიას, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფდა. დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით -12 800.66 ლარს,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ო.გ. 2020 წლის 29 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პეტიციით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“ პრემიერ გიორგი გახარიას და თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით და პეტიციას ავრცელებს ,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენის მოთხოვნით”,  წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს გეგმავს.

„23 მაისის საქართველოს მთავრობის #322 დადგენილება, ისევე, როგორც დ.ხუნდაძის აწ უკვე მიღებული ცვლილება “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონი თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა ადამიანის უფლება თავისუფლად გადაადგილების შესახებ.

საერთაშორისო გამოცდილების და მაგალითების გათვალისწინებით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად

  1. 15 ივნისს იხსნება შიდა ტურიზმი;
  2. 1-ელ ივლისს იხსნება გარე / საერთაშორისო ტურიზმი;

ჩნდება კითხვა – როგორ გადავაადგილდეთ ქალაქებს შორის? აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით?“ – წერია „ახალგაზრდა თაობის” მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ საქართველოში კვლავ აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ვადაც 15 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე: 

როგორ დარეგულირდება მიმოსვლა 23 მაისიდან – მთავრობის დადგენილება

 

ხვალ ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 მაისის ღამეს, აჭარაში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 26 მაისს კი გამოიდარებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18-23 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 მაისს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დოკუმენტების გაყალბებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით.

ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით.

ქართველ მეზღვაურებს დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება შეეძლებათ

დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს უფლება ექნებათ, დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს.

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის: საკრუინგო კომპანიებსა და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებაში, რომელიც სააგენტოს პრესსამსახურმა გაავრცელა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი დროშები, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები.

„ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია (Deadweight tonnage basis), რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს. 2018 წლის ბოლოს დროშის საერთო ტევადობა (Gross Tonnage) 16 მილიონი იყო.

რა მოეთხოვებათ სკოლებს მინისტრის ახალი ბრძანებით

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 22 მაისის ბრძანების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შემდეგი წესით უნდა განხორციელდეს:

[checklist]

  • სასწავლო პროცესი წარიმართოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;
  • თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური, ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ ან ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება.
  •  სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის,საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი;
  • სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი, ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან.

[/checklist]

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში,  უკავშირდება მოსწავლის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს. საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან, მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით.  ამ მიზნით:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება, წევრის არჩევა 2020 წლის 23 მაისიდან მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა სხვა პირებმა გააგრძელონ  საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის, თანამდებობის პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა ან გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის, თანამდებობის სპეციფიკასთან.

ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სასწავლო პროცესი მოგვიანებით დისტანციური ფორმით განახლდა. მთავრობის ბრძანებით, სკოლებში მე-12 კლასელებისთვის სწავლა 20 მაისს დასრულდა, სხვა კლასებისთვის სასწავლო პროცესი 15 ივნისამდე გაგრძელდება დისტანციურად.

ამავე თემაზე:

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

ბათუმში ჩატარებული 268 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 268  კვლევის შედეგი უარყოფითია.

ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს, 25 მაისს, სულ 22 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 041 პირს.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე აჭარაში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. აქედან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად აჭარაში გარდაიცვალა 2 ადამიანი.

25 მაისის მონაცემებით კარანტინში 1142 პირია. კარანტინი დატოვა 6796-მა პირმა.

არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს

„შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალიდან წყალი ჟონავს. ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ამბობს, რომ „ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა“ და კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„შუახევი ჰესის“ მონიტორინგზე მინიმუმ ორი სახელმწიფო  უწყებაა პასუხისმგებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „ბათუმელებმა“ საჯარო  ინფორმაცია გამოითხოვა ორივე სამინისტროდან და ორივე უწყებას თითქმის იდენტური კითხვები გაუგზავნა.

მთავარი კითხვა, რაც გვაინტერესებდა იყო, „შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალზე, ქვედა ბიეფის მხრიდან კედელზე გამომავალი წყალი ქმნიდა თუ არა საფრთხეს. სამინისტროებისგან ვითხოვდით კომისიურ დასკვნას ან განმარტებას, თუ რამდენად იყო საიმედო კაშხლის ასეთ პირობებში ექსპლუატაცია.

დიდაჭარის კაშხლის ერთ-ერთი მონაკვეთი, საიდანაც წყალი ჟონავს

„შუახევი ჰესის“ პროექტის მფლობელი კომპანია – შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, ახორციელებს დიდაჭარის კაშხლის  მრავალმხრივ მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საფრთხის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება ექსპლოატაციის რეჟიმის სათანადოდ შეცვლა,“ – მოგვწერეს პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.

„2013 წლის გზშ-ის ანგარიშის თანახმად, დიდაჭარის კაშხალი მიეკუთვნება დიდი კაშხლების კატეგორიას. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში განხილულია კაშხლის მდგრადობის საკითხები, აგრეთვე ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების და შერბილების ღონისძიებები. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოცემული კვლევები იმ დროისათვის განხილული იქნა შესაბამისი დარგობრივი ექსპერტების მიერ კომისიური წესით და გაცემული იქნა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა შესაბამისი პირობებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა ჰესის მშენებელი კომპანიის მხრიდან, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ხოლო აღნიშნულის კონტროლს უზრუნველყოფს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,“ –  მოგვწერეს პასუხად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც  ორივე უწყებას დავუსვით, დიდაჭარის კაშხლის მდგრადობას უკავშირდებოდა. დავინტერესდით, იგეგმებოდა თუ არა ობიექტის ტექნიკური შემოწმება.

„შუახევი ჰესის“ პროექტის ობიექტების ტექნიკური შემოწმება განხორციელდა და განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი წესით,“ – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან.

გარემოს დაცვის სამინისტრომ კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში, ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში გადაგვამისამართა, რომელსაც კაშხლის მდგრადობისა და ობიექტის ტექნიკური შემოწმების პრეროგატივა აქვს. „ბათუმელებმა“ სააგენტოს წერილობით უკვე  მიმართა. თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

სამინისტროებს ასევე ვკითხეთ,  რა დასკვნების საფუძველზე მისცა სახელმწიფომ აღნიშნულ ჰესს გვირაბების რეაბილიტაციის შემდგომ ექსპლუატაციის უფლება.

თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ ამ კითხვის პასუხად მოგწერეს არა ის, თუ რის საფუძველზე მიიღო „შუახევი ჰესმა“ რეაბილიტაციის შემდგომ ექსპლუატაციის უფლება, არამედ ის, თუ რის საფუძველზე ჩაუტარდა ჰესის ჩამონგრეულ გვირაბებს რეაბილიტაცია.

[toggle title=”პასუხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან”]

კითხვა: რა დასკვნების საფუძველზე მისცა სახელმწიფომ აღნიშნულ ჰესს რეაბილიტაციის შემდგომ  ექსპლუატაციის უფლება?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2018 წლის 30 მაისს სამინისტროში წარმოადგინა წერილი შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ მდინარე აჭარისწყალზე, ჰიდროელექტროსადგურების კასკადის სხალთა-დიდაჭარის სადაწნეო გვირაბის რეკონსტრუქციის საკითხთან დაკავშირებით. სააგენტოს ეცნობა, რომ სხალთა-დიდაჭარის სადერივაციო გვირაბის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს „მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (9,8 მგვტ სხალთა ჰესი და 175 მგვტ შუახევი ჰესი) პროექტში განხორციელებული ცვლილებების (9,0 მგვტ სხალთაჰესი, 178,7 მგვტ შუახევი ჰესი და 145 კვტ დიდაჭარა მიკროჰესი) და შუახევი ჰესის 220 კვ ძაბვის ქვესადგურის განთავსების“ პროექტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის 15 მაისს გაცემული N33 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, შეიცვლებოდა გვირაბის ტექნიკური პარამეტრები, აღნიშნული საქმიანობა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაექვემდებარებოდა კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურის გავლას. დამატებით გაცნობებთ, რომ კომპანიას არ მოუმართავს სამინისტროსთვის სკრინინგის განცხადებით და არ წარმოუდგენია დამატებითი ინფორმაცია გვირაბის რეაბილიტაციის თაობაზე“.

[/toggle]

დიდაჭარის კაშხალი სამი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული.  ეს ინსტიტუტებია  – საერთაშორის საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

„ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა აზიის განვითარების ბანკს, ასევე საერთაშორის საფინანსო კორპორაციას. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ ჰქონდა საფინანსო ინსტიტუტებს მოკვლევა დაწყებული დიდაჭარის კაშხალთან დაკავშირებით და რამდენად აკმაყოფილებდა კაშხლის ამჟამინდელი მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს.

გამომდინარე იქიდან, რომ აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი დამფინანსებელი პროექტის, ხომ არ მომხდარა ბანკის მხრიდან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი? თუ კი, რა გაირკვა შესწავლის შედეგად? თუ მოკვლევა ჯერ არ დაგიწყიათ, როდის აპირებთ და რა ტიპის მონიტორინგს განახორციელებთ?  შეუძლია თუ არა აზიის განვითარების ბანკს თქვას, რომ მის მიერ დაფინანსებული „შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალი  არის აგებული საერთაშორისო სტანდარტებით? – ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლითაც აზიის განვითარების ბანკს მივმართეთ.

„უსაფრთხოება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მოცემულ შემთხვევაზე რეაგირება ხდება სარემონტო სამუშაოებით,“ – მოგვწერეს აზიის განვითარების ბანკიდან.

რაც შეეხება საერთაშორის საფინანსო კორპორაცია IFC-ს, გამოცემა პასუხს მათგან ისევ ელოდება.

“შუახევი ჰესის” მშენებლობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. “შუახევი ჰესის” დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატს შეადგენს (178 მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9,8-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავთან მდებარეობს. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998 000 კუბ.მ-ია, ზედაპირის ფართობი კი – 152 500 კვ.მ. ოფიციალური ინფორმაციით “შუახევი ჰესმა” ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.

[red_box]„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები[/red_box]

[red_box]„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ[/red_box]

 

139 ათასამდე უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებული კომპენსაციის მოლოდინში – პანდემია

შემოსავლების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 22 000 დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949  დაქირავებით დასაქმებულზე, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ.

დამსაქმებლებს ასეთი თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით – „გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან“.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020  წლის 1-ელ ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამასთან, კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა  პირის მითითებულ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ანუ, 20 მაისამდე წარდგენილი მონაცემების მიხედვით დასაქმებული აპრილის თვის კომპენსაციას – 200 ლარს მიიღებს 31 მაისამდე.

მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით კი, კომპენსაცია გაიცემა 11 ივნისამდე.

ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

ბსუ 29 ათას ლარად სადეზინფექციო მოწყობილობას იყიდის – რეკომენდაციები უმაღლეს სასწავლებლებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბსუ 8 ცალი თაღოვანი ტიპის სადეზინფექციო მოწყობილობის და 16 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის [დენზოტეკის კონცენტრატის] შეძენას 29 280 ლარად, ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ ღირებულებაში შედის მოწყობილობის ტრანსპორტირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება.

„ბსუ-ში 2020 წლის ივნისის მესამე დეკადიდან იგეგმება სასწავლო პროცესების განახლება და სტუდენტთა ლაბორატორიული პრაქტიკები, რომლებზეც სტუდენტთა დასწრება განხორციელდება ფიზიკურად. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია სადეზინფექციო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რისთვისაც საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებული იქნას შესაბამისი თანხმობა.“ – აღნიშნულია ბსუ-ს განაცხადში.

სასწავლებლის ინფორმაციით, „შესყიდვის დაგეგმვის მიზნით ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობაზე შეტყობინებები დაეგზავნა 26 კომპანიას. ყველაზე დაბალი ფასი წარმოდგენილი იქნა შპს „აირონ ტექ20“-ის მიერ, რომლის მიხედვითაც სულ 8 ცალი სადიზენფექციო მოწყობილობის ღირებულებამ მისი ტრანსპორტირების, მონტაჟისა და ექსპლოატაციაში გაშვების ხარჯების გათვალისწინებით შეადგინა 29 280 ლარი, ხოლო მოწოდებისა და მონტაჟისათვის კომპანიის მიერ მოთხოვნილია ერთი თვის პერიოდი“.

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 15 მაისის ბრძანებით დამტკიცდა.

[red_box]ამ რეკომენდაციების მიხედვით, საგამოცდო ცენტრებს ევალებათ:[/red_box]

  • გამოცდაზე სტუდენტების მიღება უზრუნველყავით იმგვარად, რომ დაკავებული იყოს სამუშაო ფართის 50%;
  • მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი;
  • არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
  • სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
  • საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
  • ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება;
  • უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი
    ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

სამინისტრომ დაამტკიცა ძირითადი რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისთვის, ასევე, პედაგოგთა და სტუდენტთა ვალდებულებები.

[toggle title=”ეს რეკომენდაციები და ვალდებულებები ნახეთ აქ:“]

ძირითადი რეკომენდაციები:

  • პედაგოგებისა და სტუდენტების მიღება სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყავით წინასწარ განსაზღვრული გეგმის/ცხრილის მიხედვით;
  • წინასწარ განსაზღვრეთ პედაგოგებისა და ცვლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა ისე, რომ უზრუნველყოთ სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება;
  • უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არაუმცირეს 2მ);
  • უზრუნველყავით სტუდენტთა განთავსება სასწავლო მაგიდებთან იმგვარად, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთისა და პედაგოგის პირისპირ;
  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
  • სასწავლო დაწესებულებისა და სასადილოს შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით ინფორმაცია COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყავით პედაგოგთა და სტუდენტთა დაშვება სასწავლო დაწესებულებაში მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღბები, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარები/დამცავი სათვალეები);
  • უზრუნველყავით პედაგოგები და სტუდენტები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);
  • სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყავით მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (შესაბამისი წესების შემუშავება და პედაგოგების/სტუდენტების ინფორმირება/ტრენირება);
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყავით სამუშაო სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი
    ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • უზრუნველყავით საერთო სამუშაო ფართის ყოველდღიური დეზინფექცია;
  • უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარული დამუშავება პერიოდულად (2 საათიანი ინტერვალებით);
  • oუზრუნველყავით სანიტარული წერტილების პერიოდული დეზინფექცია.

ვალდებულებები სასწავლო ლაბორატორიებისთვის:

პედაგოგები სამუშაო ადგილას გამოცხადნენ წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით;

სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი;

პედაგოგები და სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;

გამოიყენეთ პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ცვლებში მუშაობის რეჟიმი;

ინტენსიურად გამოიყენეთ ბუნებრივი ვენტილაცია;

უზრუნველყავით სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პედაგოგები და სტუდენტები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე, მათ შორის: ნიღაბი; ხელთათმანი; სახის დამცავი ფარი; საჭიროების შემთხვევაში, ბახილები; სპეც. ტანსაცმელი/ხალათი;

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი
ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

პედაგოგთა და სტუდენტთა ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო ორგანიზაციის სივრცეში;
  • გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).

[/toggle]

 

„ბათუმი რივიერა“ გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს

შპს „ბათუმი რივიერა“ დამტკიცებულ  გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას უკვე მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და დასამტკიცებლად საკრებულოში გადააგზავნეს. მოთხოვნა დაგეგმილი ხუთი თაუერის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს. კომპანია საცხოვრებლების ნაცვლად სასტუმროებს ააშენებს.

არსებული შეთანხმების თანახმად კომპანიას ხუთი თაუერი უნდა აეშენებინა. ორ თაუერში სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, ხოლო სამი თაუერის ფუნქცია საცხოვრებელი იქნებოდა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე თაუერს სასტუმროს ფუნქცია ექნება.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ე.წ. ჭაჭის თაუერის  მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი თაუერის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ.

2020 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „ბათუმი რივიერას“ მიმართვის საფუძველზე, მრავალფუნქციური, მაღალსართულიანი შენობის გარდა, ხელოვნური ლაგუნას მოწყობის პროექტიც შეითანხმა.

პროექტი „ბათუმი რივიერა“, გენგეგმის მიხედვით,  9 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. აქედან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ [ჭაჭის თაუერი და მიმდებარე ტერიტორია] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

საკრებულომ რივიერას გეგმა დაამტკიცა – ბათუმის საკრებულოს დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ელჭექი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა 25 მაისს:

  • აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 16-21 გრადუსი სითბო;
  • მთაში – ღამით 5-10, დღისით 10-17 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, წვიმა, ელჭექი, ხილვადობა 4-10კმ.
  • ტალღის სიმაღლე: 15-20დმ(4-5 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +19 გრადუსი

სამშაბათს და ოთხშაბათს [26 და 27 მაისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

ლოცვა დისტანციის დაცვით – ბათუმში რამადან ბაირამი აღნიშნეს

მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბაირამი აღნიშნეს ბათუმშიც. ტრადიციული ლოცვა დილის 6:31 საათზე დაიწყო. ბათუმის ორთა ჯამეში მრევლი დისტანციის დაცვით შეიკრიბა. დისტანცია იყო დაცული მეჩეთის გარეთ, ქუჩაში მლოცველებს შორისაც. ყველა მლოცველს ეკეთა პირბადე.

19 მარტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა როცა მუსლიმები სალოცავად შეიკრიბნენ. 24 მაისამდე მეჩეთები დაკეტილი იყო და იქ ლოცვა არ აღევლინებოდა.

„ბაირამი ეს არის ერთთვიანი მარხვის შედეგად მიღწეული სულიერი ამაღლების სიხარული. ბაირამი არის, სიყვარულის, სიხარულის, განაწყენებულთა შერიგების, ახლობლების, ნათესავების, ავადმყოფების მონახულების, ობლების, მიუსაფართა, ღარიბ-ღატაკთა გულების გახარების საზეიმო დღესასწაული. სრულიად მუსლიმ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მივულოცო რამადნის ეს დღესასწაული,“ – თქვა სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ რამადანის ლოცვის დასრულების შემდეგ.

რამადან ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მან ასევე მადლობა გადაუხადა მუსლიმებს მოთმინებისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს დაკეტილი მეჩეთების გამო.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მრევლს, მუსლიმ საზოგადოებას, რომელმაც გამოიჩინა ძალიან დიდი გულისხმიერება და ამით ერთგვარად სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მედიკოსებს. ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა ლოცვები. მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითისკენ არის, ჩვენ შევძელით სრული წესების დაცვით, ნიღბებით, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ბაირამის ლოცვის შესრულება,“ – თქვა ადამ შანთაძემ.

სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე
დისტანციის დაცვით და ნიღბებით ლოცულობდნენ მეჩეთის გარეთაც ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

რას წერს გერმანული შპიგელი აჭარულ ხაჭაპურზე

აჭარული ხაჭაპურის შესახებ გერმანული გამოცემა სტატიას ძველი ლეგენდით იწყებს, როცა ღმერთი დედამიწას ანაწილებდა.

გამოცემა მსოფლიოს განაწილების პროცესში „ქართველების კვლავ დაგვიანებაზე“ და იმაზე წერს, როგორ ახსნეს დაგვიანების მიზეზი ღმერთთან გამოცხადებულმა ქართველებმა: შენს სადიდებელ წვეულებას ვმართავდითო. და ღმერთმაც ქართველებს საკუთარი ბაღი – „საქართველო“ უბოძა.

ამ შესავლის შემდეგ ავტორი აღწერს საქართველოს, როგორც ბავარიის მიწაზე პატარა ქვეყანას, რომელიც კავკასიონსა და შავი ზღვის პალმიან სანაპიროებს შორის არის მოქცეული, სადაც ბევრი მზე და უამრავი სურნელოვანი მცენარე ხარობს.

ავტორი წერს, რომ პირველი ქართული კერძი გასინჯა ლონდონში თავისი რუსი მეგობრის ბინაში. „უნაკლო“ აჭარულ ხაჭაპურს კი ის ასე აღწერს: გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი, სულგუნის ყველის ტბით, რომლის ცენტრში დევს თოხლო კვერცხი.

მის გარშემო კი სურნელოვანი კამისა და ქინძის ფოთლები ალაგია.

სტატიის დასასრულს ავტორი ზუსტ რეცეპტს და აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს სთავაზობს მკითხველს.

____

ტექსტი და ფოტო: Spiegel

როგორ გააგრძელებს კლინიკა „მედალფა“ ბათუმში მუშაობას

კლინიკა „მედალფაში“, რომელიც ბოლო ორი თვეა კოვიდკლინიკად იყო გადაკეთებული, 23 მაისის მდგომარეობით არცერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა. ბოლო ორმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვა.

რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა და მიიღებს თუ არა არაკოვიდ პაციენტებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონულ დირექტორს, ლევან ანთაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა „მედალფა“?

ორი დღის წინ გვქონდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა და ჩამოვყალიბდებით ერთობლივად როგორ ვაპირებთ, რას ვაპირებთ, რა რეჟიმით ვაპირებთ.

სავარაუდოდ ვიქნებით მოცდის რეჟიმში – თუკი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჩნდება აჭარაში და მიმდებარედ გურიაში, ასევე სამეგრელოს გარკვეულ ნაწილში, სხვა კლინიკა არ არსებობს, რომელიც მიიღებს ასეთ პაციენტებს. ალბათ მოცდის რეჟიმში გადავალთ რაღაც პერიოდი. მანამდე სხვა პაციენტებს ვერ მივიღებთ.

  • ექიმები, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდნენ განცალკევებულად ცხოვრობდნენ სასტუმროში. ეს ექიმები სად იქნებიან?

ის მედპერსონალი, ვინც მოცდის რეჟიმში დაგვჭირდება, სასტუმროში დარჩება. დანარჩენი ჩვეულებრივ კარანტინის შემდეგ წავლენ სახლში. რაღაც პერიოდი დაისვენებენ, მერე ჩაენაცვლებიან სხვებს და ა.შ.

შტატები და ხელფასები შეუნარჩუნდება მედპერსონალს?

დიახ, ვინც მუშაობს, ყველას შეუნარჩუნდება სამსახურიც და ხელფასიც.

როგორც ვიცით, კლინიკის მედპერსონალიდან რამდენიმე დაინფიცირდა. როგორ არიან ახლა და თუ დაუბრუნდნენ მუშაობას?

ნაწილი დაუბრუნდა, ნაწილი კარანტინშია. თუმცა ყველა გამოჯანმრთელებულია და კარგადაა.

 

მახინჯაურში გამოძალვის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს – შსს

ბათუმში პოლიციელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში ბოლო 2 პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან – აჭარა მწვანე ზონაა

დღეს, 23 მაისს, ბათუმში კლინიკა „მედალფა“ დატოვა ბოლო ორმა კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია ბრიფინგზე გაავრცელა.

მისი თქმით დღეიდან აჭარა მწვანე ზონა ხდება და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ რეგიონმა ეს სტატუსი შეინარჩუნოს.

აჭარაში 23 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხევა არ დაფიქსირებულა.

ამ დრომდე აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს.

კორონავირუსი დაუდასტურდა 71 ადამიანს, მათგან 69-მ ვირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა, ორი – გარდაიცვალა.

_____________________

ილუსტრაცია: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტულ შესაძლებლობებს იკვლევს.

კვლევა ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს, ჩანჩქერებს, მთებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს მოიცავს.

ასევე დაგეგმილია გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნა. ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიული შესწავლა.

ტურისტული პოტენციალის კვლევას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ატარებს. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით უნდა მომზადეს ახალი ტურისტული მარშრუტები.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, მიზანი, ახალი ტურისტული მიმართულებების აღმოჩენაა. გათვლა კეთდება როგორც 2-3 დღიან მარშრუტებზე, ისე 2-3 საათიანზე. რაც საშუალებას მისცემს ტურისტს აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება და ისე დაგეგმოს მთიან აჭარაში მოგზაურობა.

დღეისათვის აჭარაში 15-მდე მარშრუტია მარკირებული, რომელიც განკუთვნილია ღვინის ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.

Exit mobile version